პროტესტის ანატომია - ანუ „დანევროზებული“ 2025 წელი
2026 წელს საქართველო ხვდება სტაბილურად მძიმე კრიზისით, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველია. საზოგადოების დიდი ნაწილი "დანევროზებულია". სიძულვილისა და აბსურდის ნიაღვარი მოედინება "აქეთა მხრიდანაც" და "იქითა მხრიდანაც". ერთმანეთთან მისასვლელი გზები ავაფეთქეთ და მხოლოდ ისღა დაგვრჩა გამოსაცნობი, ამ გიჟურ რეჟიმში ცხოვრებას სადამდე გაუძლებს ქვეყანა.
ხდება რაღაც და ვამბობთ, მეტმა რაღამ უნდა გაგვაკვირვოსო, თუმცა თენდება მეორე დღე და... აგერ ზურა "გირჩი" ჯაფარიძე ციხიდან გამოუშვეს დილის რვა საათზე და ურჩევენ, სასამართლოში იჩივლე, ადრე რატომ გაგათავისუფლესო.
კარგი, თავი დავანებოთ აბსურდის თეატრს და მოდი, შევაჯამოთ ეს ერთი წელი კონკრეტული კუთხით - რატომ ვერ მიაღწია პროტესტმა მიზანს?
მოდი, ჯერ ის ვთქვათ, თუ როდის მიაღწევდა პროტესტი მიზანს: 1) თუნდაც 2-3 თვის განმავლობაში ისეთი ხალხმრავლობის შენარჩუნება, როგორც ეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო; 2) ამ ხალხმრავალი აქციებით ხელისუფლების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მას უნდოდა თუ არა, უკან დაეხია - რა თქმა უნდა, მშვიდობიან და კანონიერ მეთოდებს ვგულისხმობთ. უკან დახევა კი ის იქნებოდა, რომ ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუნდაც ისევ "ოცნებას" რომ მოეგო (და, სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა), პოლიტიკური კრიზისი დიდწილად მაინც განიმუხტებოდა. ამ პროტესტით შეშინებული ხელისუფლება შვიდჯერ გაზომავდა და ერთხელ გაჭრიდა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა. კანონმდებლობა ამდენი ამკრძალავი რეგულაციებით დახუნძლული არ იქნებოდა.
გახსოვთ, ალბათ, 2023 წლის მარტის მოვლენები, როდესაც ხელისუფლებამ უკან დაიხია და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი (რომელსაც ოპოზიცია რუსულ კანონს უწოდებს) უკან დახია. აი, 2024 წელს კი პროტესტის მოგერიებაზე გადავიდა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დაინახა პროტესტის "სუსტი წერტილი".

ზემოხსენებული ორი პუნქტი რომ განხორციელებულიყო, ამისთვის საჭირო იყო ორგანიზატორი და რაც მთავარია, პოლიტიკური ლიდერები/ლიდერი - ანუ ის ადამიანი ან/და ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს აქციების ფორმისა და შინაარსის შესახებ (რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო იყო მომიტინგეებს ეღიარებინათ ისინი თავიანთ ლიდერებად) და ამ პროტესტის სახელით იქნებოდნენ მომლაპარაკებლები ბრიუსელთანაც, ვაშინგტონთანაც და "ოცნებასთანაც". ოპოზიციური პარტიები ჩართული იყვნენ აქციებში თავიანთი აქტივისტების მეშვეობით, რომელთაც ამარაგებდნენ პიროტექნიკით, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიდნენ. რუსთაველზე მყოფთა დიდ ნაწილს კი პარტიების გაგონებაც არ უნდოდა და ასე შეიქმნა მოჯადოებული წრე. აქციის ორგანიზაცია "დაიტოვეს", "დაფიონისა" და მსგავს აქტივისტთა გაერთიანებებზე იყო დამოკიდებული, რომელთაც, ერთი მხრივ, ამის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და მეორეც, ვერ იქცნენ ახალ პოლიტიკოსებად.
თუმცა იყო ერთი ადამიანი, რომლის მიმღებლობაც პროტესტს ჰქონდა - სალომე ზურაბიშვილი. მას ჰქონდა ერთი დიდი პლუსი - დიდი და პირადი კონტაქტები დასავლეთში. თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, სალომე ზურაბიშვილი უშუალოდ უნდა ჩართულიყო აქციების დაგეგმვაში, ორგანიზებაში... ამისთვის უნდა შეექმნა სტრუქტურა. ერთი ვარიანტია, რომ დაჰყრდნობოდა ოპოზიციურ პარტიებს "ნაცმოძრაობის" გარდა (რატომ? იმიტომ, რომ რუსთაველზე შეკრებილთა დიდი ნაწილი ვერ იგუებდა ერთ-ერთ ლიდერად სააკაშვილის პარტიას, "ოცნებას" ქვეყანაში საჯაროდ გამათრახებაც რომ შემოეღო). თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური პარტიების ერთ მაგიდასთან დასმა ხშირად მიუღწეველი ამოცანაა, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო თავად ჩამოეყალიბებინა თავისი გუნდი. დიდი ალბათობით, ფინანსური რესურსები გამოჩნდებოდა. რატომ არ მოხდა ეს, ალბათ, პასუხი თავად სალომე ზურაბიშვილმა იცის. პრეზიდენტის "ობრაზში" დარჩენით ქუჩაში ბრძოლას ვერ მოიგებ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც კი რომელიმე აქციაზე ის ცენტრალურ ფიგურად იქცეოდა ხოლმე, გავეშებულები თავს ესხმოდნენ, ძირითადად, მიშისტური ფლანგის პოლიტიკოსები და აქტივისტები და რას აღარ აბრალებდნენ - ხელისუფლებასთან ალიანსში ყოფნით დაწყებული და კონკრეტული გეგმის არწარდგენით დამთავრებული. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სააკაშვილის გადმოსახედიდან, თუ ის არ იქნება ლიდერი, წყალსაც წაუღია ყველაფერი.
როდესაც არ გყავს პოლიტიკური ლიდერი, თვითორგანიზებით შორს ვერ წახვალ. მას შეუძლია მოგცეს გამარჯვების რწმენა, რომ ქუჩაში ტყუილად არ დგახარ. ეს არის პოლიტიკის ანაბანა. შესაბამისად, ამ გამარჯვების რწმენას ბზარი გაუჩნდა და იკლო აქციის მონაწილეთა რაოდენობამ. უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ქუჩაში დგომაში უკვე აზრს ვერ ვხედავო, იფიქრა ბევრმა. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ ოჯახი, სამსახური, ვალდებულებები და პირადი პრობლემები...

ამ რწმენაში ბზარის გაჩენა კარგად იგრძნო მმართველმა გუნდმა და კონტრშეტევაზე გადავიდა. 5.000-ლარიანი ჯარიმები დააწესეს გზის გადაკეტვისთვის. აქციის მონაწილეებმა შენიღბვა (პოლიციელებს იდენტიფიკაცია რომ არ მოეხდინათ და ჯარიმები არ მისვლოდათ) პირბადეებითა და თავსაბურავებით სცადეს; პარლამენტმა აქციაზე პირბადის გაკეთება აკრძალა. დაიწყო 5.000-ლარიანი ჯარიმების დარიგების კასკადი. შეიქმნა ფონდები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში უნდა დახმარებოდა; პროკურატურამ ფონდების დიდი ნაწილი დააყადაღა. გავიდა დრო და, გზის გადაკეტისთვის დაწესდა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მეორე ჯერზე საქმე უკვე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით აღიძვრებოდა. ამ ყველაფერმა აქციის ინტენსივობის კლებაში დიდი როლი შეასრულა. ამას მალევე წამოეწია რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაბრკოლება არც ტროტუარზე არ უნდა შექმნან.
პროტესტი რომ პოლიტიკურ პროცესში გადაზრდილიყო, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ამის ყველაზე კარგი შანსი იყო 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუ ოპოზიცია გადაწყვეტდა, რომ ერთიანი ძალებით ებრძოლათ თბილისისთვის და მერობის კანდიდატი ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი. დიახ, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, რომ ოპოზიციას კონტროლი დაემყარებინა თბილისზე, რომელიც რეალურად სახელმწიფოა სახელმწიფოში თავისი 2,5-მილიარდიანი ბიუჯეტით, უზარმაზარი ინფრასტრუქტურით და ა.შ. თუ ოპოზიციური კოალიცია შეძლებდა რესურსების მობილიზებას (ეს შეეძლოთ, რადგან მდიდარი ოპოზიციონერებიც გვყავს) და დედაქალაქის მოგებას, ეს ისეთ რყევას გამოიწვევდა მმართველ გუნდში, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო. თუმცა ამის მაგივრად ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა გაურკვეველი და ბუნდოვანი მიზნით, ნაწილი კი არჩევნებში შევიდა (შესთავაზეს სალომე ზურაბიშვილს კენჭისყრა, მაგრამ უარი მიიღეს). ეს გადაიზარდა ურთიერთლანძღვაში - ორი ოპოზიციური ბანაკი ერთმანეთს აბრალებდა ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას. საბოლოოდ, ბოიკოტმა გაიმარჯვა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერებზე, მაგრამ დაარტყა პროტესტს. "ამათ ხელში არანაირ ბრძოლას აზრი არა აქვს", - აი, ასეთი იყო ბევრის განწყობა.
4 ოქტომბერსვე იყო "მშვიდობიანი დამხობა"... დღემდე ოფიციალურად უპასუხოა კითხვები: რა იყო ეს - წინასწარ დაგეგმილი "შეცდომა", გარიგება თუ პროვოკაცია? ორ თვეზე მეტი ხანი გავიდა იმ მოვლენებიდან, თუმცა 4 ოქტომბრის მთავარ ფიგურანტებს არაფერი უთქვამთ ისეთი, რაც მეტ-ნაკლებად გაგვაგებინებდა, ვის თავში, როგორ ან რაზე დაყრდნობით მოიხარშა ის ამბავი, თითქოს "4-ში დაიწყებდნენ და 4-შივე დაამთავრებდნენ". თუმცა არაოფიციალურად უფრო და უფრო მყარდება ეჭვი, რომ ეს იყო სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო პროტესტის დისკრედიტაცია და წელში გატეხა. დიახ, კლასიკაა შემდეგი სცენარის განვითარება - შეიძლება მე არ მოგწონვარ, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც მზად არიან არეულობა მოაწყონ და ქვეყანა ქაოსში გადაჩეხონ. თან ვინ? "ნაცმოძრაობასთან" აფილირებულმა პირებმა, იმ "ნაცმოძრაობასთან", რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღესაც საფრთხობელაა. საკითხავი ის არის, 4 ოქტომბრის "დამხობა-რევოლუციის" მთავარი ფიგურანტები წამოეგნენ თუ "თანამშრომლობდნენ"? ფაქტია, ამან პროტესტი კიდევ უფრო დაასუსტა და ბევრი ადამიანი, რომელიც აჰყვა "რევოლუციონერების" მოწოდებას, გისოსებს მიღმაა.
4 ოქტომბრის ავანტიურამ ჩვენი თანამოქალაქეების დიდ ნაწილს იმედი გაუცრუა. გარდა ამისა, ადამიანები უბრალოდ დაიღალნენ და აღარ სჯერათ. ზოგადად, ადამიანი ისეთი "არსებაა", რომ ყველაფერს ერგება - არ იცვლება მდგომარეობა? მოერგება არსებულს და თავს იმართლებს იმით, რომ "რაც არ გამოდის, არ გამოდის".

რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი სიგიჟე ვნახეთ - ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა.
დღეს ოპოზიციის ერთი ჯგუფი კვლავ ცდილობს სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გარკვეული ერთობის შექმნას და თვეში ერთხელ მსხვილმასშტაბიანი აქციის ჩატარებას. თუმცა საკითხავი ის არის, ეს გამოიღებს თუ არა ნაყოფს? დღევანდელი გადასახედიდან, საეჭვოა... თუმცა, თუ შეძლებენ გრძელვადიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბებას ("ნაცმოძრაობის" გარეშე), სწორი სტრატეგიის დასახვას, იმედის გაჩენას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ მოატყუებენ (არიქა, დღეს-ხვალ დასრულდება ყველაფერიო), კიდევ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს.
ფაქტი ერთია - უკმაყოფილება არის. ქვეყანა მაინც ცხოვრობს ტურბულენტობის რეჟიმში და ბუნდოვანია, როგორ დასრულდება პოლიტიკური კრიზისი. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მთავარი პასუხისმგებელი მაინც ხელისუფლებაა. ერთია, მათი ოფიციალური რიტორიკა და მეორე, რას ფიქრობენ სინამდვილეში. ხელისუფლება პასუხისმგებელია მთელ სახელმწიფოზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე - ოპოზიციურად განწყობილზეც, ნეიტრალურზეც და თავის მომხრეზეც. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა, თუ მმართველი გუნდი მოიფიქრებდა ფორმას (პრეზიდენტის შეწყალება, ამნისტია), რათა გაეთავისუფლებინა პოლიტიკური კრიზისის დროს დაკავებულები, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ეს პირველი ნაბიჯი იქნებოდა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. კომპეტენტური წყაროების ინფორმაციით, ამაზე მართლაც ფიქრობენ მმართველ გუნდში. იმედია, მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას წაადგება, და ამას საზოგადოება აუცილებლად დააფასებს.
გიორგი კვიტაშვილი