„ჩვენ თვითონ­ დავუშვით შეცდომაში შეცდომა“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ თვითონ­ დავუშვით შეცდომაში შეცდომა“

ის არის კაცი, რომელიც მხოლოდ თავის თავს ჰგავს. თავისი ცხოვრებით, ყოველდღიურობითა და ფიქრით ყველასაგან გამორჩეულია. როდესაც მისგან მოდიხარ, ხვდები, რომ იმაზე ცოტა უკეთესი ხარ, ვიდრე მასთან შეხვედრამდე იყავი. თავისი ცხოვრების ტრაგედიით კი მაგალითი მოგვცა, თუ როგორი მიმტევებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ... ქართული პოეზიის უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს, ბატონ ტარიელ ხარხელაურს 80 წელი შეუსრულდა. ჩვენი გაზეთის საშუალებით ვულოცავთ იუბილეს, ვუსურვებთ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს!

- მერწმუნეთ, ახლა მთელი­ საქართველოს სიყვარული მოგიტანეთ, რაც კარგად აჩვენა რუსთაველის თეატრში თქვენს იუბილეზე გადაჭედილმა დარბაზმაც...

- მადლობა. აშკარად ჩანდა დარბაზის დამოკიდებულება, თუმცა მაინც დამწყდა გული, ვიცი, გარეთ კიდევ უამრავი ადამიანი ელოდება შემოსვლას. ვერ შევძლებდით­ ყველას დატევას, ვისაც ჩემი პოეზიის მოსმენა სურდა. თქვენი გაზეთის საშუალებით, შენდობას ვთხოვ მათ. აქვე მინდა ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისეთი დეტალები ჩანდა სცენაზე ჩემი ცხოვრებიდან, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ამ 80 წლის გადმოსახედიდან, ვგრძნობ, რაც კი ემოცია დამიხარჯავს, რაც კი დამიწერია, თანხვედრაშია მკითხველთან.

- დრო რას ნიშნავს თქვენთვის?

- ჩემთვის ეს არის ერთწლიანი ციკლი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ასეა ადამიანის ცხოვრებაშიც. გაზაფხულიდან იწყებ და მიდიხარ ზამთრამდე. მე ახლა ზამთრის პერიოდს გავდივარ...

- თქვენ 12 წელი იყავით ცხვარში...

- ეს იყო უნივერსიტეტის მერე. თუმცა­ მეცხვარეების ტრადიციული ოჯახიდან ვიყავი... ეს არის სირთულეებთან ბრძოლა. 27 დღე მიდიხარ გზაში. ამ სირთულეებმა­ კაცის, ადამიანის ამოცნობა მასწავლა, ბუნებასთან უფრო მჭიდრო კავშირი შემაძლე­ბინა. ხასიათის განმტკიცებაში დამეხმარა და რაც მთავარია, საკუთარი თავის­ ამოცნობა მასწავლა. ადამიანი ცალკე უნდა დაინახო, სირთულეებთან ბრძოლაში. ჩვენ რომ გვგონია, ვიღაცა გაგვიღიმებს და კარგ სიტყვა-პასუხს მოგვცემს, მეორე დღეს მას მეგობარს­ ვუწოდებთ - არაა ასე. მე ვასახელებ მხოლოდ სამ მეგობარს: თამაზ მეჭიაურს, ზურა ქაფიანიძეს და თენგიზ არჩვაძეს. ვენაცვალე მათ სულებს.

- ცხვარში ყოფნისას გყავდათ ოჯახი?

- კი, მყავდა, მაგრამ როდესაც პოეზიას ემსახურები, ოჯახი უკანა პლანზეა. ოჯახს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ არა პოეზიაზე მაღლა. პოეზიაა შენი ოჯახი. ამიტომ ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ სხვა ყოფით პრობლემებზე ფიქრის საშუალება არ მომცა. მე არც ერთი რედაქციის კარები არ ვიცი, ყველაფერი მარინა იყო.

- რას ვერ აპატიებდით საკუთარ თავს?

- პოეზიის ღალატს.

- ბოდიშს ვის მოუხდიდით?

- უფალს, თუ ისე ვერ ვიცხოვრე, როგორც უფალი მკარნახობდა.

- და იცხოვრეთ ისე...

- მე ვფიქრობ, ვიცხოვრე, იმიტომ, რომ უფალმა 80 წელი მომცა და აქედან უმეტესი ნაწილი კი არ ვიარსებე, ვიცხოვრე. 1976 წლიდან უკვე ვცხოვრობ, მას შემდეგ, რაც მე და მკითხველი შევხვდით ერთმანეთს. 16 წლის ასაკში კი არ შემახვე­დრა მკითხველს, არა, მაშინ როცა ორივენი­ მზად ვიყავით. მე 30 წლის ვიყავი იმ დროს და ზოგს 30 წლისა უკვე დამთავრებული აქვს სიცოცხლე... პოეზია ისეთი რამეა, რასაც ვერც ტარიელ ხარხელაური ამოწურავს, ვერც ვაჟამ ამოწურა, ვერც გალაკტიონმა და ასე შემდეგ. ვერავინ ამოწურავს, სანამ ეს სამყარო იარსებებს...

მე არასოდეს ამინთია სანთელი ჩემთვის. თუ დამინთია, მხოლოდ ჩემი ბექას სულისათვის, მაგრამ არასოდეს მითქვამს უფლისათვის, ღმერთო, მიშველე რამე-მეთქი... მაშინ მე უსინდისო კაცი ვიქნები, რადგან მან მომცა უზარმაზარი მადლი და ნაშველიც მაქვს უკვე. დღეს იქნება თუ ხვალ, უნდა გავიდე ამ წუთისოფლიდან. როცა ჩემს შვილთან წარვდგები, მას რომ აღსარებას­ ჩავაბარებ, თვალებში ხომ უნდა ჩავხედო? შემდეგ უფალთან წარვ­დგები, მაგრამ არ ვიცი, მაქვს კი უფალთან მისასვლელი გზა?.. ჩემი ყოველდღიური­ ცხოვრების წესი ასე­თია:­ რაც შეიძლება­ ნაკლები­ შეცდომა­ დავუშვა, რომ საღამოს, როდე­საც ანალიზს­ გავაკეთებ­ ჩემი დღევა­ნდელი­ ცხოვრების­ას, იმაზე შენდობის უფლება მქონდეს, თუ რაიმე ისეთი ნაბიჯი­ გადამიდგამს, რაც არ უნდა გადამედგა, ან თუ რაიმე ისეთი წამომცდა, რომელიც არ უნდა წარმომეთქვა...

ახალი წელი მოდის და ჩვენ გვაქვს უზარმაზარი იმედი, რომ შემდეგი წელი იქნება უკეთესი. არ იქნება უკეთესი, თუ შენ არ გახდი უკეთესი. როგორ შეიძლება­ წელს დააბრალო, როცა ეს შენი გასაკეთებელია... აი, მოძღვარს რომ ჩავაბარე აღსარება, მივხვდი, რაღაც მაინც უნდა შემემცი­რებინა იმ ცოდვებიდან.­ ის ცოდვები შენგან არ გადის. შენ კი ესაუბრე მოძღვარს, მაგრამ ის ცოდვა­ მაინც შენთან რჩება, იმიტომ, რომ ამის გამოსწორებას­ არ ცდილობ. შენ თვლი, რომ გათავისუფლდი,­ ისევ ცარი­ელი ჭურჭელი ხარ და შეგიძლია ისევ ის გაიმეორო, მაგრამ ის ცოდვა მერე შენი სასჯელი ხდება...

- თქვენს ცნობიერებაში რა შეცვალა პატრიარქთან ურთიერთობამ?

- ძალიან ბევრი რამ. პატრიარქთან საუბრის შემდეგ ჩემი ცხოვრების წესი შევცვალე. მე ეკლესიური არ ვიყავი. მისგან რომ გამოვედი, მივხვდი, რომ ღმერთი არის ყველგან. მე მინდორში რომ მივდივარ, შეიძლება იქ წავიკითხო ლოცვა. იქ უნდა ილოცო, სადაც შენი გული მოგთხოვს. ეკლესიაში რომ შედიხარ, შენ თავს აიძულებ, რომ ლოცვა წაიკითხო, არა, ბატონო, ეს არ არის იმის მაგალითი, რომ შენ ეკლესიური ხარ. აი, მაგალითად, "მამაო ჩვენო" ავიღოთ - უფალს ვთხოვთ, პური ჩვენი­ არსობისა მომეცი და არა მაძღრობისაო. მე ვკმაყოფილდები პური ჩემი არსობისათი,­ მაგრამ ჩვენ არ მოვინდომეთ ამ წესით ცხოვრება და რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება, ყველაფერი ამ წესის დარღვევის ბრალია. მაძღრობამ დაღუპა სამყარო, მაძღრობას გადავაყოლეთ საცოდავი დედამიწა, რომელიც დავკბიჩეთ და შევჭამეთ, იმიტომ, რომ არ გვეყო, ის რაც გვაქვს.

ყველაფერი გინდა კუჭთან დააკავშირო და არა გონებაში მოაქციო. კუჭმა არ უნდა გიკარნახოს, როგორ იცხოვრო. ჩვენ საკუთარ თავთან დიალოგი გვიჭირს, არადა, შენ ხომ სხვაც ხარ? მარტო ის ხომ არა ხარ, რასაც სარკეში ხედავ?

- და ამან მიგვიყვანა დღეს ჩიხამდე?

- ჩვენ ერთმანეთის აზრის მოსმენა­ არ გვინდა.­ ვერც შენი საუბარი იქნება ჭეშმარიტებასთან ახლოს და ვერც ჩემი. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ შეკრულები, რომ ვერა­ვინ გვმართოს. ბაბილონის გოდოლი რა იყო? დღესაც ადამიანი თავის მოსასპობად მიდის. ეს ღმერთთან დაპირისპირებაა, მაგრამ ღმერთი ამის უფლებას არ მოგცემს, გარკვეულ დროს გაცდის. ის ქალბატონე­ბი და მამაკაცებიც, რომლებიც­ დღეს რუსთაველზე დგანან, ისინიც შენი ნაწილები­ არიან, შენი სხეულიდან მოკვეთ­ილი ნაწილები! რატომ არ აირჩია მაცხოვარმა­ წმინდანები და სუფთა­ სულის ადამიანები,­ როცა დედამიწაზე მობრძანდა? პირიქით­, გვერდით დაიყენა ვაჭარი, მეძავი, და ასე შემდეგ და გაჩვენა, ასეთი ადამიანები როგორ უნდა გახადო უკეთესი. ჩვენ თვითონ­ დავუშვით შეცდომაში შეცდომა. ჩვენ თვითონ­ დავყავით ქვეყანა ოპოზიცია-პოზიციად. ჩვენ სხვისა­ სამართავები გავხდით და შევედით ჩიხში, იმიტომ, რომ მაგათ ისინი იყენებენ, ვისაც­ თავიანთი ინტერესები აქვთ. მე ცოდნა არ მყოფნის და ვექცევი სხვისი გავლენის ქვეშ. მწირი ნიადაგია. ამ მწირ ნიადაგს ესენი იყენებენ. მე არასოდეს ვყოფილვარ მეხოტბე და არც ოპოზიციაში ვყოფილვარ. ჩემთვის სამშობლო იდგა მაღლა.

- რომელსაც დღეს ძალიან უჭირს...

- დღეს მთელ სამყაროს­ უჭირს. თუ გადავავლებთ თვალს ისტორიას,­ ყოველი საუკუნე, პირველი ნახევარი, ნგრევით იწყება. მერე გარკვეული სიმშვიდე მოდის, რომელსაც ვერ იღებ, არ გსიამოვნებს. როდესაც ყველაფერი დალაგდება, არ მოგწონს, იმიტომ, რომ აქ შენს თავს ვერ გრძნობ კომფორტულად. განსაკუთრებით ის, ვინც სახელმწიფოებს მართავს. მას ჰგონია, რომ ლიდერია,­ მაგრამ ის გარკვეული დროის განმავლობაშია ლიდერი. სახელმწიფოს უნდა მართავდეს ხალხი, ხელისუფლება კი ხალხის ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა საკუთარი...

- სად ვუშვებთ შეცდომას?

- ურთიერთპატივისცემა დაიკარგა. მშობლებთან დამოკიდებულება შეიცვალა. შვილი დაშორდა მშობელს. ოჯახი ხომ ერთი პატარა სახელმწიფოა. აი, სკოლებში­ ხომ მიწვევენ, მოდის თაობა, რომელიც სრულიად განსხვავებულია ჩემგან; მოდის თაობა, რომელსაც სხვანაირი ინტელექტი აქვს; მოდის თაობა, რომელსაც შეუძლია თქვას, მე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვარო!

არავინ დამარწმუნოს იმაში, რომ ქართველ კაცს რისი პატიებაც შეუძლია, იმას სხვა შეძლებს. ამიტომაა ქართველი კაცი ღვთის რჩეული, მაგრამ ეს კაცები არ ჩანან, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ღირსება, პატიების უნარი და სიყვარული.

- უმცირესობაში არიან?

- არა, არ არიან უმცირესობაში. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ხდება რუსთაველზე. ესენი არ არიან ის ხალხი, რომელიც კლიმატს შექმნის. ესენი მსოფლიო ნგრევის ნაფლეთები არიან. ესენიც საბოლოოდ დაიშლებიან, მინელდებიან, ჩაქრებიან. თავიდან რამდენი ხალხი გამოდიოდა? ახლა ნელ-ნელა ქრებიან, იმიტომ, რომ მოსაბეზრებელი ხდება. დიდ გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე პრესა და ტელევიზია. ხალხი იმას კი არ უსმენს, სადაც გონიერი ხალხი ზის. ნახე როგორ ცდილობენ ხალხი გააღიზიანონ? სულ ცუდზე საუბრობენ და ამ დროს კარგიც ხომ ხდება ამ დალოცვილ ქვეყანაში? ჩვენ ვერ შევძელით კარგიც დაგვენახა და ცუდიც.

"რა გითხრათ, რით გაგახაროთო" - ბრძანებდა დიდი ილია. სამწუხაროდ, დიდად გასახარებელს ვერც მე გეტყვით... უკვე რამდენი წელია, უარი ვთქვით სიყვარულის ენით საუბარზე და ნაცვლად ამისა, აღვაზევეთ ზიზღი და სიძულვილი, მიზნის მისაღწევად კი სწორედ ამ უკანასკნელს მივუშვით სადავე. ერთმანეთთან ქვეყნისა და ენის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ქუჩური ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ... შედეგად ვხედავთ თითოეული­ თქვენგანისთვის სალოცავ ხატად ქცეულ სამშობლოს დღევანდელ მდგომარეობას...

ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ჩვენი სამყაროს ჩამოწყვეტილი ნაწილებია - მათხოვარი ხარ, ბრძენი ხარ, გიჟიც ხარ, ყველაფრის მატარებელი ხარ, მაგრამ შენ რომელს აირჩევ? აი, ხომ ჩამოგითვალე, 4 გზა, შენ რომელს აირჩევდი აქედან?

- უფლის გზას!

- კი, ასეა და სწორიცაა, მაგრამ ამათ არჩევანის დროს დაუშვეს შეცდომა. შენ ამ ყველაფერთან ერთად საკუთარი სულის გაწმენდა უნდა შეგეძლოს ზედმეტი ჭუჭყისაგან, იმისაგან, რასაც წუთისოფელი გთავაზობს. რთულია, მაგრამ შესაძლებელია.

- რა ეშველება ჩვენს ქვეყანას?

- ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ვიყავი და 5 სანთელი მეჭირა ხელში. 4 აინთო და შუაში ერთი - არა. ვთხოვე, უფალო, ერთი შანსი კიდევ მოგვეცი-მეთქი. ისე წამოვედი, ის სანთელი არ აინთო.­ მერე მეუფეებს შევეკითხე, რატომ ვერ ვანთებდი-მეთქი და არავინ მიპასუხა. მერე მამა იოანე მჭედლიშვილმა მითხრა, მაგაზე ადვილი ასახსნელი რა არის? გარშემო სამყაროს ცეცხლი უკიდია, საქართველო კი გადარჩებაო!.. ამ წინასაახალწლოდ მინდა ჩვენს მკითხველებს მიმართო, ქართველ ერს...

"აბა დამშვიდდი, გულო, აბა, დაწყნარდი, სულო". თქვენი საკუთარი მე თქვენიდან გამოასახლეთ. გულიდან და გონებიდან გამოასახლეთ - ეს არის მთავარი. ჩვენ გაერთიანებას შეუძლია გადაარჩინოს ერი!

ჩვენ არც ილიას ვუსმენდით, მაგრამ დაგვჭირდა იმისი გზა: "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს". მე არავისი ჭკუის სასწავლებელი არა ვარ. მე თითს არავინ უნდა მიქნევდეს. მე შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ვარ! ევროპას ეძინა, როდესაც მე ვსაუბრობდი ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე. როცა მე ვსაუბრობდი: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად". დღეს ამის შინაარსი არ იციან, არ იციან, რას ნიშნავს "ხამს მოყვარე მოყვრისათვის". დღეს ეს უნდა იყოს მთავარი!

რუსუდან შაიშმელაშვილი