"რაც ხალხი ვართ, ის ლიდერი გვყავს"
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, გუშინდელ და ხვალინდელ დღეზე, ქურხულების ოჯახის საახალწლო გეგმებზე "კვირის პალიტრას" მწერალი ბექა ქურხული ესაუბრა:
- 2026 წელს როგორი მოლოდინი გაქვთ და რა სცენარით წარმოგიდგენიათ არსებული პროცესების დასრულება?
- 2026 წელს პირველ რიგში მაქვს მშვიდობის მოლოდინი, მშვიდობისთვის კი აუცილებელია უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის სრული და უპირობო გამარჯვება და შესაბამისად, კრემლის რეჟიმის დამარცხება. ჩვენ ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას, ნათელსა და ბნელს, ომსა და მშვიდობას შორის. ღმერთმა დაიფაროს და, თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ჩათვალეთ, რომ მშვიდობას კარგა ხნით უნდა დავუქნიოთ ხელი, რადგან გამარჯვებით გულმოცემული რუსი მონსტრი აუცილებლად მიმართავს თავის მომაკვდინებელ მზერას მოლდოვისკენ, საქართველოსკენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ ან იქნებ პოლონეთისკენაც. აქვე უნდა ვუთხრა მათ, ვისაც საქართველოში ჯერ კიდევ ენატრება "საბჭოთა კავშირი", "რა გინდათ, ომს ყველაფერი სჯობს" და "ამერიკა და ევროპა შორს არის...", იმედი უნდა გავუცრუო!.. ჯერ ერთი, თანამედროვე სამყაროში პლანეტა დედამიწა ისე დაპატარავდა, რომ შორს არავინ და აღარაფერია, აღარც ამერიკა და ევროპა და აღარც ახალი ზელანდია და არქტიკა!.. მეორეც, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ აღარ აღმოვჩნდებით საბჭოთა კავშირში, სადაც დე იურე, კონსტიტუციის დონეზე გვქონდა გარანტირებული უფლებები, მათ შორის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის და სრული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. არა, აღარ იქნება "ოი, კაკიე სიმპაწიჩნიე გრუზინი..." და "მიმინო". ამიტომ არც უკრაინას, არც ჩვენ, არც დანარჩენ ევროპას და კოლექტიურ დასავლეთს სხვა გზა არა აქვს, რუსეთის დამარცხების გარდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფიზიკურადაც ვერ გადავრჩეთ.
ამავე დროს, არანაირი ილუზია არა მაქვს, რომ რაიმე იოლად გამოვა თუნდაც ახალ 2026 წელს. სამწუხაროდ, მომავალ წელსაც თავგანწირული და სისხლისმღვრელი ბრძოლა გველოდება რუსეთის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ.\
მახსოვს, პირველად რომ დავბრუნდი უკრაინის ომიდან 2022 წლის ივნისში, სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს, სადაც სამხედრო ექსპერტები სერიოზულად მსჯელობდნენ, 2022 წლის ზაფხულშივე დამთავრდებოდა ეს ომი თუ შემოდგომაზე. ამაზე ახლაც მწარედ მეცინება. მაშინ ვთქვი, 2023 წელს მაინც თუ დამთავრდა, ღმერთის მადლობელი ვიქნები-მეთქი... სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი, თანაც გადაჭარბებით... ასე რომ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც და საპროტესტო აქციებიც პირდაპირ არის დაკავშირებული მსოფლიოში განვითარებულ გლობალურ მოვლენებთან და პირველ რიგში უკრაინის ომთან. მოკლედ, ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით...
- ქუჩის პროტესტმა იკლო?..
- ფაქტია, იკლო. მეორე მხრივ, მიუხედავად უსასტიკესი რეპრესიებისა, დარბევებისა, "ტიტუშკების" ამაზრზენი და არაკაცური პროვოკაციებისა, პროსახელისუფლებო მასმედიის უბინძურესი პროპაგანდისა, უამრავი იმედგაცრუებისა, ნიჰილიზმისა და სიბრაზისა, საპროტესტო აქციები საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდხანს, წელიწადზე მეტხანს გრძელდება და ეს ფაქტი უდავოდ შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ისევე როგორც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქციები 1988 წლის შემოდგომაზე და 1989 წლის გაზაფხულზე, რომელიც 9 აპრილის ღამით დამთავრდა.
- ხშირად ადანაშაულებენ ოპოზიციას, ის რომ ერთიანი და მტკიცე იყოს, უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა ქვეყანაშიო.
- ოპოზიციის ლიდერები რომ უფრო ერთიანი და მტკიცე იყვნენ, ახლა არა მარტო უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით, არამედ ამ მახინჯ რეჟიმს დიდი ხანია თავიდან მოვიშორებდით. თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, "რაც ერი, ის ბერიო", რაც ხალხი ვართ, ის ლიდერები გვყავს... უბრალოდ, შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი მართლა ვერ აცნობიერებს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ მთელი ქვეყანა, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო!.. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული ამდენი რამე გადავიტანეთ, ამდენი ომი, სისხლის ღვრა, ტრაგედია და მარცხი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ მძიმე დღეში არ ვყოფილვართ და არც ერთ წინა ხელისუფლებას არ გაუბედავს ამდენი საკუთარი მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არავისზე ნაკლები ნაძირლები და ჩათლახები არ ყოფილან!..
- ბი-ბი-სის კვლევაზე რას ფიქრობთ?... ინგა გრიგოლიამ ერთ-ერთი რესპონდენტის განცხადებაზე (თუთიყუშს ბუმბული გასცვივდაო) ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეგ სულაც არ არის სასაცილო, ჩემთან სტუმრად იყო ბექა ქურხული და თქვა, ამ ამბების შემდეგ ორი კვირა ძაღლი აღარ მეკარებოდაო..." ამას შემდეგში ვოლსკი გამოეხმაურა, ყველაფერს ფოტოებს უღებენ და იმ თუთიყუშისთვისაც გადაეღოთ ან ძაღლისთვის, პატრონს რომ ვერ ცნობდაო.
- თუ ამხანაგ ვოლსკის მაინცდამაინც კადრები სჭირდება, მისი პატრონის, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულების დამადასტურებლად უამრავი ვიდეოჩანაწერი არსებობს - პოლიციის ჯავშნოსანი მანქანები, დეკემბრის ყინვაში მიშვებული წყლის ნაკადი, მერე ქუჩაში წამოსული მწვანე შხამიანი წყლის ნიაღვარი, მეცნიერებათა აკადემიასთან უგონოდ მყოფ ზვიად მაისაშვილს გამეტებით რომ ურტყამენ სახეში წიხლს და სასიკვდილოდ იმეტებენ, დედას ხელიდან რომ სტაცებენ შშმ პირ შვილს, ამხანაგ ვოლსკიზე რაღა ჩემი ყურპარტყუნა ლაბრადორი "როკის" ფოტო მოახდენდა დიდ ეგზისტენციალურ ძვრებს...
ბი-ბი-სი არც "ტვ ნადეჟდაა" და არც "პოსტ-ტვ", რომ პატრონის გადმოგდებული ლუკმის იმედად ასე საცოდავად, უნიჭოდ და უმწეოდ იწრიპინოს. ისინი ძალიან ღრმა, დეტალური და საგნობრივი გამოკვლევის გარეშე ასეთ ინფორმაციას არ გაახმაურებდნენ. და ბოლოს, ქართველ ხალხს არც ბი-ბი-სი, არც სი-ენ-ენი, არც "ევრონიუსი" და არც "ალ-ჯაზირა" არ სჭირდება იმის გასარკვევად, რაც ხდება ჩვენს სამშობლოში, სადაც ძალაუფლება პირდაპირ ჩაიგდეს ხელში სუს-ის "ნამესტნიკებმა" და პუტინის ხელის ბიჭებმა, რომლებიც ოღონდ სალაფავს არ მოაშორო და, თათრის ყმობასაც ასეთივე სიამოვნებით იკისრებდნენ და ჩალმასაც დაიკოსებდნენ თავზე.
- შარშან ამ დროს რა მოლოდინი გქონდათ და როგორ გაილია 2025 წელი?
- 2024 წლის 26 ოქტომბერს დავბრუნდი უკრაინის ომიდან, სადაც სექტემბრის დასაწყისიდან ვიყავი!.. პირველად უკრაინის ომში მე და ჩემი მეგობარი, ცნობილი რეჟისორი, პოეტი და ოპერატორი, აფხაზეთის და უკრაინის ომების ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი გოგა ჭყონია 2022 წლის მაის-ივნისში ვიყავით, მეორედ - 2023 წლის ზაფხულში.
გამომცემლობა "ინტელექტმა" უკვე გამოაქვეყნა ორი წიგნი: "უკრაინული დღეები 2022" და "უკრაინული დღეები 2023!" სტამბაშია და უახლოეს დღეებში გამოვა "უკრაინული დღეები 2024!". "უკრაინული დღეები 2022" უკვე ითარგმნა ინგლისურად ლონდონში. მთარგმნელი ქალბატონი ნატალია ბუკია-პეტერსი გახლავთ. ასე რომ, ამ გაგანია ბრძოლაში მაინც ვახერხებთ საქმის გაკეთებასაც.
თუმცა საქართველოში დამყარებული სამარცხვინო რეჟიმი ძალიან გვიშლის ხელს ყველაფერში. დააკვირდით, ვის აპატიმრებენ: მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ლექტორებს, სტუდენტებს!.. თითქოს დაუჯერებელ დროის მანქანაში აღმოვჩნდით და კვლავ 1937 წლების რეპრესიებში მოვყევით, ჰენრიხ იაგოდას და ნიკალაი ეჟოვის "ეჟოვი რუკავიცაში!.." თუმცა ვერც ერთი ადამიანი ვერ გატეხეს - ქალბატონი მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს იდევნებოდა და ამათი რეჟიმის დროს აბსურდული ბრალდებით დაკავებულმა თითქმის მთლიანად დაკარგა თვალისჩინი ციხეში, პოეტი ზვიად რატიანი, რეჟისორი გიორგი სავანელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, პოეტი პაატა შამუგია, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია და კიდევ უამრავი!.. და ამ ადამიანებისგან არც ერთს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან!.. ასე რომ, ამ წელს და მომავალ წელსაც კვლავ გაუტეხელი ბრძოლისა და დიდი საერთო გამარჯვების იმედი მაქვს!
წელი გაილია ისე, როგორც საბრძოლო წელს შეეფერება. უამრავი ხალხი დავკარგეთ როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით!.. სამწუხაროდ, უკრაინაში დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი, უმაგრესი ქართველი მებრძოლი და პროფესიონალი სამხედრო ვანო ნადირაძე. ღმერთმა სული გაუნათლოს!.. დავკარგე რამდენიმე უახლოესი მეგობარი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ბინძური რეჟიმის მხარეს აღმოჩნდნენ, როგორც ლიტერატურული წრეებიდან, ისე ქუჩის ჯეელობის ძმაკაცებიდან... ძალიან მწყდება გული, ბევრსაც ვეცადე, ალბათ, ისინიც ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისე წავიდა ჩვენი საქმე, რომ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით და როცა საქმე ჩვენი სამშობლოს მოსისხლე მტრის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, კომპრომისი აღარ გამოდის!.. სხვა ყველაფერთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმს არც ამას ვაპატიებ, ჩემი უახლოესი ძმაკაცების დაკარგვას, ვის გამოც დანას ვეფარებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ ვარ იმ ასაკში, რომ ან რამე გამიკვირდეს, ან ფუჭი იმედებით ვინუგეშო თავი!.. ამავე დროს შევიძინე უამრავი საინტერესო და მაგარი ადამიანი, პირველ რიგში გაგრელი ბაჩო კუცია, კონსტანტინე მიქაია, რომლებთან ერთადაც ვიჯექი მცხეთის იზოლატორის მე-6 საკანში... ძალიან ვამაყობ ჩემი კოლეგების, მწერლების, პოეტების და ლიტერატორების ერთიანობითა და გაუტეხლობით: იგივე ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, გვანცა ჯობავა, გაგა ნახუცრიშვილი, რუსუდან რუხაძე, ბესო სოლომონაშვილი, ეკა ტოგონიძე, ზურა პაპიაშვილი, მიუხედავად დიდი განსაცდელისა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უბრალოდ, სხვა გზა არც გვაქვს, არც სხვა გამოსავალი და არც უკან დასახევი დაგვრჩა!
გამარჯვებით, ქართველებო, ღვთის წყალობა, გვფარავდეს წმინდა გიორგი, გილოცავთ ქრისტეშობას და ახალ წელს!.. დიდება საქართველოს!.. Сла́ва Украї́ні! სიკვდილი რუსეთის იმპერიას!.. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!.. საქართველო, ბოლომდე!..