„ომში სიცოცხლესაც უფრო მეტად აფასებ და სიკვდილსაც“
მეთორმეტე წელია, რაც ახალ წელს ფრონტის ხაზზე ხვდება. პირველად 14 წლის იყო, როდესაც შობა-ახალი წლის აღნიშვნამ სანგარში, ტყვიების წვიმაში მოუწია. საახალწლო სურვილიც ადგილისა და ვითარების შესაფერისი ჰქონდა - აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოდან რუსების განდევნა. მას შემდეგ 33 წელი გავიდა, მამუკა მამულაშვილი ისევ ომშია და ისევ რუსულ ოკუპაციას ებრძვის, ამჯერად უკრაინის მიწაზე. ახლა ოცნებების ასრულების აღარ სჯერა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს და საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის, რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დასამარებაში წვლილს შეიტანს. როგორ ხვდებიან მებრძოლები ახალ წელს, როგორი იყო უკრაინისთვის 2025 წელი და რას ელიან 2026 წლისგან, ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი გვიამბობს.
- 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა უკრაინისთვის. პარტნიორმა ქვეყნებმა თავიდანვე ვერ უზრუნველყვეს ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც უკრაინას არა მხოლოდ აქტიური თავდაცვის, არამედ სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობას მისცემდა. შეიარაღება მხოლოდ იმ მოცულობით მივიღეთ, რაც მტრის შეჩერებისთვის იყო საჭირო, ისიც არასრულფასოვნად და ნაწილობრივ. შეერთებული შტატების პოლიტიკა, ფაქტობრივად, შეცვლილია, თავად ამერიკული დემოკრატია მძიმე მდგომარეობაშია და ტრამპის შემდეგ ქვეყანას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი დასჭირდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზედმეტია იმის მოლოდინი, რომ უკრაინას შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. ევროპაც არ არის ისეთი აქტიური, როგორც ვითარება მოითხოვს. ევროკავშირის ქვეყნებს ეშინიათ, რუსეთი მათ საზღვრებს არ მიუახლოვდეს. სწორედ ამ ლოგიკით ეხმარებიან უკრაინას - იმდენად, რომ საფრთხე შეაკავოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ომის მსვლელობა რადიკალურად შეიცვალოს. ასე რომ, უკრაინელები, მათ შორის ქართველებიც, ძირითადად, საკუთარი მოტივაციისა და თავგანწირვის იმედად ვართ დარჩენილი. მდგომარეობა უკიდურესად რთულია, მაგრამ არა უიმედო. მთავარი მოლოდინი მაინც ევროპის ქვეყნების გააქტიურებას უკავშირდება. სწორედ ევროპული პოლიტიკური ნების გამყარება შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელმაც მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. მჯერა, ახალი წლისთვის შესაძლებელი იქნება მტრის გარკვეული ტერიტორიებიდან უკან დახევა და ნაწილობრივი დეოკუპაციაც.
- ტრამპმა ადრეც არაერთხელ აღნიშნა და ახლაც გაიმეორა, რომ აუცილებელია უკრაინაში ჩატარდეს არჩევნები, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა სამი თვის განმავლობაში არჩევნები ჩაატაროს, თუ აშშ და ევროპა კიევის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
- ზელენსკი კი არის მზად არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა დარწმუნებული ვარ, შეერთებული შტატები ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების სრულად უზრუნველსაყოფად. როდესაც ქვეყანას ამდენი ლტოლვილი ჰყავს, არ არსებობს სტაბილური გარემო და პირობები, არჩევნების ჩატარება უკიდურესად რთული იქნება.
- ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დაიწყო "საპსაანის" რაკეტების გამოყენება. რა ტიპის რაკეტებზეა საუბარი და რამდენად შეუძლია მათ ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლა?
- ლაპარაკია შორსმფრენ სარაკეტო სისტემებზე. "საპსაანი" უკრაინაში შექმნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსია. რამდენად აქტიურად გამოიყენება უკვე ფრონტის ხაზზე, დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან ამ სარაკეტო სისტემებთან შეხება არ მქონია. მას დიდი მოქმედების რადიუსი აქვს - ფრენის სიშორე დაახლოებით 500 კილომეტრს აღწევს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ რუსული ლოჯისტიკის განადგურება შეძლოს, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ლოჯისტიკური ცენტრების, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოს არის გადმოტანილი. ომის პარალელურად ვითარდება უკრაინული სამხედრო წარმოება, პარტნიორები უზიარებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინას აქამდე არ ჰქონდა. ამ ტექნოლოგიების შერწყმა უკრაინულ საბრძოლო გამოცდილებასთან ქმნის განსაკუთრებით ეფექტიან და მძიმე შეიარაღებას. უკვე დაწყებულია დრონების, სხვადასხვა ტიპის ლეტალური და არალეტალური შეიარაღების შექმნა. ხორციელდება წარმატებული პროექტები, მათ შორის ისეთი დრონების წარმოება, რომლებიც რუსეთის სიღრმეში ზუსტ დარტყმებს აყენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას. დღეს უკრაინა ფრონტზე გამოყენებული რესურსების 60%-ზე მეტს თავად აწარმოებს.
- ცნობილია, რომ "ქართული ლეგიონის" როლი იმთავითვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უკრაინელები ამას აფასებდნენ, თუმცა წელს განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს და კიევში სკვერს "ქართული ლეგიონის" სახელი მიანიჭეს, იგეგმება მემორიალის დადგმაც.
- "ქართული ლეგიონი" უკრაინელებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის სიმბოლოა. უკრაინელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ ომში მათ გვერდით დადგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ლეგიონის" მებრძოლებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ქართველი საზოგადოება უკრაინაში და სწორედ ამ დამსახურებას ეძღვნება სკვერიც. პირველი შემთხვევაა, რომ სამხედრო ფორმირებას სიცოცხლეშივე მიუძღვნიან მემორიალს. სიმბოლურია, რომ სკვერი, რომელშიც მემორიალი განთავსდება, ბუბა კიკაბიძის ქუჩაზეა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მე და ჩემს ორ მოადგილეს გადმოგვცა ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო უკრაინის დაცვისთვის. ესეც სიმბოლურია, რადგან ქართველები იყვნენ პირველი უცხოელები, რომლებმაც ასეთი ჯილდო მიიღეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი - პრაქტიკულად დასრულებულია "ქართული ლეგიონის" პირველ ქართულ ბატალიონად ფორმირება. ჩვენ დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოხალისეების სტატუსით შევდიოდით, ახლა კი შეიქმნება პირველი ეთნიკური ბატალიონი, რომელსაც ეწოდება "ქართული ეროვნული ლეგიონი".
- უკვე დიდი ხანია ომში ხართ, სამშობლოში ბოლოს როდის იყავით?
- უკვე თორმეტი წელია უკრაინაში ვარ. ადრე ოჯახისა და მეგობრების სანახავად ორი-სამი დღით ჩამოვდიოდი საქართველოში, თუმცა ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციები გაძლიერდა, გადავწყვიტე, ჩემი ჩამოსვლით დამატებითი დაძაბულობა არ შემექმნა. ამიტომ 2022 წლიდან აღარ ჩამოვსულვარ.
- რა არის ამ ყველაფერში თქვენთვის ყველაზე რთული?
- ყველაზე რთული მაინც პირველი წლები იყო, ის პერიოდი, სანამ "ქართული ლეგიონი" სრულფასოვან სტრუქტურად ჩამოყალიბდებოდა. ბევრი სირთულის გადალახვამ მოგვიწია, მათ შორის პოლიტიკური რეალიებისაც, რაც მაშინ უკრაინაში არსებობდა. არაერთხელ აღმოვჩენილვართ პოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ და უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა იძაბებოდა. თქვენ გახსოვთ პრეზიდენტ პოროშენკოს პერიოდთან დაკავშირებული მოვლენებიც. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ხშირად გაუგებრობების მსხვერპლი ვხდებოდით. გარდა ამისა, უკიდურესად რთული იყო თავად სისტემის შექმნა და მისი ჩამოყალიბება, როგორც სრულფასოვანი სამხედრო დანაყოფისა.
- შტაბში ნაძვის ხეს არ რთავთ ხოლმე?
- კი, როგორა არა, ბიჭები, ვისაც სად მოუხერხდება, ნაძვის ხეს იქ რთავენ, სადაც იმ მომენტში ვართ. ხანდახან სამხედრო ინვენტარითაც კი. ერთხელ ჩურჩხელებიც ამოავლეს და ფრონტის ხაზზე დრონებით ჩაუყარეს თანამებრძოლებს.
- თქვენ არ მონაწილეობთ სამზადისში?
- სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდანვე არ მიყვარდა საახალწლო სამზადისში მონაწილეობა. 90-იანების მძიმე ბავშვობა მაქვს გამოვლილი, თოვლის ბაბუას შუქის მოსვლას ვთხოვდი. მერე იყო და, აფხაზეთის ომში მომიწია ახალი წლის შეხვედრამ. ის წელი ჩემს ბავშვობაში ყველაზე სევდიანი იყო. ერთადერთი, რაც კარგად მახსენდება, ადრეულ ბავშვობაში იყო, მშობლები ბალიშის ქვეშ ოქროსფერ ქაღალდში გახვეულ შოკოლადის მონეტებს მიდებდნენ. ძალიან მიხაროდა. თვალებს დავხუჭავდი და ხელს ისე შევყოფდი ბალიშის ქვეშ, თითქოს ძვირფასი ქვა უნდა გამომეღო. სხვათა შორის, უკრაინაში მაღაზიაში რამდენჯერაც ვნახავ, ყოველთვის ვყიდულობ. როდესაც ეს მონეტები მაქვს, ჩემს ცნობიერებში მყოფი ბავშვი ბედნიერია. მე რელიგიური დღესასწაულები უფრო მიყვარს. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. რამდენიმე წელი მონასტერშიც ვცხოვრობდი, როცა საქართველოში ვიყავი. მამაჩემი ძალიან მორწმუნე იყო და ხშირად დავყავდი საზიარებლად. მოძღვარიც მყავს. ლეგიონის ბიჭები იტყვიან ხოლმე, სანგარში ურწმუნო ადამიანები არ არიანო, და მართალია. რწმენის გარეშე ომში ყოფნა ძალიან რთულია. ომში ბევრად უკეთ ახერხებ შავისა და თეთრის გარჩევას, სიცოცხლესაც უფრო მეტად აფასებ და სიკვდილსაც.
- სიკვდილის არ გეშინიათ?
- როგორ არ მეშინია, მაგრამ არსებობს ღირებულებები, რომელთა გულისთვისაც შეგიძლია სიცოცხლე დათმო. იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის ვარ, ვისაც შეუძლია ღირებულებების გამო საკუთარი სიცოცხლის გაღება.
- გქონიათ მომენტები, როდესაც გიფიქრიათ, რომ ღმერთმა გადაგარჩინათ?
- ჩემი ცხოვრება სულ ასეთი მომენტებისგან შედგება. დღეს რომ ცოცხალი ვარ და თქვენ გელაპარაკებით, ესეც ღვთის წყალობაა, შეიძლება ხვალ-ზეგ აღარ ვიყო და ესეც ღვთის ნება იქნება.
- ახალ წელს გილოცავთ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.
- ახალ წელს გილოცავთ, ქართველებო, ჩვენ აქ თქვენი სახელით ვიბრძვით, პირველ რიგში თავისუფლებას და შემდეგ მშვიდობას გისურვებთ.
ხათუნა ბახტურიძე