„მარტო ჩვენ არა ვართ გიჟები, მთელი მსოფლიო საგიჟეთია“ - რატომ იგრძნო თავი ლენინად ლევან წულაძემ ჩინეთში?!
"კვირის პალიტრასთან" გასული წლის შეფასებითა და მომავალი წლის მოლოდინით ყველასათვის საყვარელი რეჟისორი ლევან წულაძე ისაუბრებს:…

- რა გახსენდებათ ახალ წელთან დაკავშირებით?
- პირველ რიგში, საცივი, საახალწლო სამზადისი. ნაძვის ხის თემაში ნაკლებად ვარ ჩართული. უფრო საცივი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, გარდა ამისა, საცივი და საახალწლო ფუსფუსი სამზარეულოში ბავშვობიდან მთავარი მოვლენა იყო ჩემთვის. ჩაიკეტებოდნენ ქალები, არავის უშვებდნენ სამზარეულოში. მთელ ღამეს იქ ათენებდნენ და მეც მათთან ვიყავი, უფლება მქონდა არ დამეძინა და თვალი მედევნებინა ამ ჯადოსნური მომენტისთვის. მიდიოდა გოზინაყის ჭრა, კერძებს მასინჯებდნენ, აბა, როგორია, მარილი ხომ არ აკლიაო...
- ახლანდელ საახალწლო სამზადისში თუ მონაწილეობთ?
- არა, მაგრამ ისევ სამზარეულოში შეკეტილებთან ერთად ვარ და ვნერვიულობ, ვაიმე, არ დავიღუპოთ, წიწაკა მეტი არ მოგივიდეთ, აბა, ნიგოზი-მეთქი, და არის ერთი ამბავი. წლებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ და რაღაცას რომ ვყვები, ვამბობ ხოლმე, აი, გახსოვს, საცივი ცოტა მარილიანი რომ მოგვივიდა, ან ორი ინდაურისგან რომ საცივი გავაკეთეთ, იმ წელს იყო ეს ამბავი-მეთქი.
შარშან საცივი ჩემმა ქალიშვილმა მოამზადა. ეს მისი პირველი რიტუალი იყო. მანანა, ჩემი მეუღლე, გერმანიაში იყო და ვდარდობდი, დავიღუპეთ ოჯახი, დავკარგეთ ესტაფეტა-მეთქი, მაგრამ თინათინმა ეს არ დაუშვა და თვითონ მოამზადა; გასულ წელს ქუჩაში რომ ახალ წელს ხვდებოდნენ, თინათინის საცივი ქვაბით წავიღე. ძალიან პროზაულად მიუდგნენ, მოვიდოდნენ, მიირთმევდნენ, მერე სხვა მოვიდოდა, მეც მინდაო, მერე კიდევ ვიღაც. მე ვუთხარი, ეგრე როგორ შეიძლება, შეაქე რა, ამ კერძის შემოქმედი აქ არის, აქეთ მე, მომზადებისას როგორ ვნერვიულობდი, მერე კიდევ ქვაბში გადმომიღია, მომიტანია, თქვენ კი ჩუმად მიირთმევთ და ერთი საქებარი სიტყვა არ დაგცდებათ-მეთქი. ეს ხუმრობით, საერთოდ კი კარგი იდეა იყო ქუჩაში ახალი წლის შეხვედრა.
- გასული წელი როგორი იყო?
- ძალიან რთული. თეატრისთვისაც მძიმე და ახლა ნელ-ნელა გამოვდივართ. იმედია, ახალ წელს რაღაცას მოვიფიქრებთ, გვინდა მხოლოდ ჩვენთვის კოსტიუმირებული მასკარადი გავაკეთოთ...
ქვეყანაშიც რთული წელიწადია. ასეთი პოლარიზებული ქვეყანა არც მახსოვს. კი, როგორ არა, იყო დაძაბულობა, პოლიტიკური სირთულეები, მაგრამ ასე, ყოფით დონეზე რომ დასულიყო და ადამიანებს შორის გაფუჭებულიყო ურთიერთობა, არ მახსენდება. ოჯახებიც კი დაინგრა...
პატარა ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ადამიანი ეჩვევა, რომ რაღაც პოლიტიკური განრიგით ცხოვრობს და ჰგონია, ახალი პოლიტიკური ძალა აუცილებლად ახალს, კარგს მოიტანს. აი, შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნებაო! სამწუხაროდ, როგორც წესი, პოლიტიკოსები ამ პროგნოზებს არ ამართლებენ და ამიტომ ისადგურებს გულგატეხილობა. ეს ძნელია ჩვენნაირი ხალხისთვის, რომელმაც იცის ცხოვრების გემო.
- ბოლო პერიოდში თეატრი როგორ შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი, რა გათანამედროვდა?
- ქართული თეატრი ყოველთვის თანამედროვე და თამამი იყო, საბჭოთა კავშირის დროსაც კი. მაინც ირონიული ქვეყანა ვიყავით და კომუნისტებიც ირონიით უყურებდნენ საკუთარ თავს. სხვაგან აკრძალული სპექტაკლები აქ ჩამოჰქონდათ. ბოლო დროის თეატრი ძალიან საინტერესო და გაცილებით მაგარი გახდა, იმიტომ, რომ მეტი სოციალური მიმართულება აქვს, შესაძლოა მეტისმეტადაც. თეატრს აქვს უნარი გამოიცვალოს ხოლმე პროფილი, ზოგჯერ თეატრი ხდება ექიმი, ადამიანებს ეხმარება გაუძლოს მძიმე დროს, ზოგჯერ ჯამბაზია, ზოგჯერ განგსტერი, ზოგჯერ ფსიქოლოგი. ახლა, ჩემი აზრით, უფრო ექიმის როლი უნდა მოირგოს.
- ამ ბოლო ხანს ჩინეთში იყავით გასტროლზე, ჩინეთის კულტურა რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან, მაინტერესებს, როგორ მიიღეს ქართული სპექტაკლი?
- ჩინეთი შესანიშნავი ქვეყანაა, ავტორიტარიზმიც არაჩვეულებრივი აქვთ, რა კარგია! პატარა ქალაქში ვიყავით, რამდენიმემილიონიანში... ფესტივალის მომწყობი ძალიან ნერვიულობდა. თურმე ჩამოდის ვიღაც მთავარი ბოსი, არა თეატრალური, არამედ უფრო დიდი - პოლიტიკური. ის კაცი (ბოსი) რომ მოვიდა, კარგ ხასიათზე იყო, გადაკოცნა ყველა, ჩვენს გოგოებს დაუჩოქა, ხელი ჩამომართვა და ამის შემდეგ მივხვდი, რომ უცებ ლენინი გავხდი. ყველა შეკითხვა მოისპო თეატრზე, სპექტაკლის ნახვა საჭირო აღარ იყო, ბეჭედი დარტყმული ჰქონდათ, ღრუბლებზე დადიოდა ყველა. სპექტაკლი ოვაციით მიიღეს, ყველა გვიღიმოდა... ან შესაძლოა ყველას ასე უღიმიან.
- ათასობით თეატრის სცენაზე მდგარხართ. გამორჩეული, დასამახსოვრებელი მაყურებელი რომელ ქვეყანაში დაგვხვდათ?
- დაახლოებით ერთნაირი მაყურებელია ყველგან, მხოლოდ ტემპერამენტია განსხვავებული. მაგალითად, ყველაზე მაგარი იყო ტუნისელი მაყურებელი. ტუნისში თვითმფრინავიდან ტრაპზე რომ გამოვედი, მფრინავმა სიგარეტი მომიკიდა და მივხვდი, რომ ეს ჩემი ქვეყანა იყო. თეატრშიც ეწეოდა მაყურებელი. ახალგაზრდული ფესტივალი იყო და "ფაუსტი" გვქონდა წაღებული, თოჯინური სპექტაკლი. დარბაზს არაბული ქარვასლის სურნელი ასდიოდა. დედები ბავშვებთან ერთად ფორთოხლებს ფცქვნიდნენ... ერთ მომენტში თოჯინებმა აკოცეს ერთმანეთს და უცებ დედა-შვილები დარბაზიდან აორთქლდნენ. ბოლოს შემოვიდნენ, მხოლოდ ტაშის დროს...
- ქართველ მაყურებელზე რას მეტყვით?
- ქართველი მაყურებელი ძალიან მომთხოვნია, ის, რაც გუშინ ახალი იყო, ხვალ დილას ძველია მისთვის - ეს აღარ მინდა... "კოვიდის" მერე ვიგრძენი, რომ მაყურებელი აღარ მოდის თეატრში იმისთვის, რომ საღამო გაატაროს, დაისვენოს, არამედ მოდის იმისთვის, რომ რაღაც წაიღოს. მოთხოვნით მოდის! ეს ერთგვარი ჟანგბადი იყო, რომ უფრო რთული და კარგი პიესები დაგვედგა, რასაც ადრე ვერ გავბედავდით.
- ბაბუა ლევანზე მიამბეთ.
- დასაწყისში ძალიან მეშინოდა, არც მოფერება ვიცოდი და ახლაც არ ვიცი მაინცდამაინც. თვითონ ჩემმა შვილიშვილმა შემქმნა როგორც ბაბუა. თავისით იპოვა გზები. ახლა ერთი ამბავი გვაქვს, ეს არის მისი გასართობი - მე ვწევარ, ის კი ჩემზე დახტის - სახეზე, ხელზე, თავზე...
- ზღაპრებს უყვებით?
- ვინ მომაყოლებს ზღაპრებს, თვითონ აქვს მონოლოგი, ძალიან ინდივიდუალისტი ბავშვია. ჯერ ერთი, სადღაა ზღაპრები, ბავშვები მულტფილმებს უყურებენ. ეს ცუდია. ზღაპრის მოყოლის დროს ბავშვი თვითონ წარმოიდგენდა რაღაცას და ახლა გამზადებულ სურათებს ხედავს. თუმცა როგორ უნდა შეზღუდო? მულტფილმი მინდაო, და მორჩა.
- საჩუქრები უყვარს?
- რას ამბობთ, ყოველდღე რაღაც უნდა მივუტანო, თორემ... კი არ მეუბნება, რატომ არ მომიტანეო, მაგრამ რომ შევდივარ, ჩემი ჩანთისკენ იყურება.
- როგორ 2026 წელს უსურვებთ ჩვენს მკითხველს?
- "კვირის პალიტრის" მკითხველს ვუსურვებ, რომ ამოისუნთქოს, მარტო ჩვენთან არ არის გასაჭირი. მთელი პლანეტა გადარეულია. ყველაფერი ამოტრიალდა, იცვლება და ეს თუ გვანუგეშებს, რომ მარტო ჩვენ არა ვართ გიჟები, მთელი მსოფლიო საგიჟეთია. იმედია, გაისად ნელ-ნელა სისხლის ღვრა მაინც შეწყდება, დაწყნარდება პლანეტაც და ჩვენც მოვტრიალდებით ერთმანეთისკენ.