"თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება­“ - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება­“

9 დეკემბერს პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იარაღის შესახებ კანონებში ცვლილებები შეიტანა... ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა 2026 წლის 1-ლ მარტამდე შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. მონაცემები მოიპოვოს­ შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან და შეიტანოს ერთიან საინფორმაციო ბაზაში. ბაზის შექმნაში აქტიურად იქნება ჩართული შს სამინისტრო.

ამ ცვლილებებს ფსიქიატრები, ნარკოლოგები და პაციენტები არ ეთანხმებიან, რადგან ასეთი ბაზის შექმნა სერიოზულ რისკებს შეუქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მათი აზრით, ეს არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი.

ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქიატრი: "რას ნიშნავს რეესტრი? ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: ის ადამიანს არა მკურნალობის­ საჭიროების მიხედვით, არამედ სტატ­უსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს. თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება­, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად ითვლება. საერთაშორისო­ გამოცდილება გვაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს: 1. სამხრეთ კორეაში­ სადაზღვევო კომპანიამ ფსიქიატრიული მონაცემები არალეგალურად გამოიყენა და ადამიანებს დაზღვევაზე უარი უთხრა; 2. აშშ-ში 1950-იან წლებში ფსიქიატრიული ისტორიით შავ სიებში შეჰყავდათ ადამიანები და მუშაობის უფლებას უკრძალავდნენ; 3. რუსეთში "ზედამხედველობის რეესტრში" მოხვედრა ნიშნავს პროფესიული უფლებების დაკარგვას და სახელმწიფო ზედამხედველობას; 4. ბელარუსში ასეთი რეესტრი გამოიყენება კონკრეტულ პოზიციებზე კანდიდატების გასარიცხად; 5. ჩინეთში მსგავსმა სისტემამ პოლიტიკური ოპონენტები ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის­ ობიექტებად აქცია; 6. მონაცემთა გაჟონვა­ მოხდა ფინეთში, სადაც 30 000 ფსიქოთერაპიული ჩანაწერი მოიპარეს და ხალხს შანტაჟით ემუქრებოდნენ.

პასუხგაუცემელი რჩება ეთიკური კითხვა: ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის "რისკი" და ვინ ჩაითვლება "საფრთხედ"? ასეთი რეესტრები ადვილად იქცევა პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად. ევროპასა­ და დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს ერთი ძირითადი პრინციპი: კი - მკაცრად კონფიდენციალურ სამედიცინო ჩანაწერებს; არა - სახელმწიფო ან საჯარო იდენტიფიცირებად რეესტრს. სამედიცინო ჩანაწერებზე წვდომა აქვთ მხოლოდ მკურნალ ექიმებს, მკურნალობის პროცესში ჩართულ პროფესიონალებს და თავად პაციენტს და არა სახელმწიფო უწყებებს, დამსაქმებლებს, სასამართლოს ან პოლიტიკურ ჯგუფებს"

საინტერესოა ახალგაზრდა ქალის, ოლგა კალინას სოცქსელში გამოქვეყნებული სტატუსი: "მე ვარ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში რეგისტრირებული პირი და უნდა მოვხვდე იმ რეესტრში,­ რაც უნდა შეიქმნას 2026 წლის მარტამდე. ამ გზით შსს ნახავს ჩემს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსს და ვერ მივიღებ მართვის მოწმობას და იარაღის ტარების უფლებას, ჩემზე გავრცელდება "სხვა" შეზღუდვებიც... ყველაზე მეტად მაწუხებს ის პერსპექტივა, რომ ოდესმე პოლიციის გამოძახება თუ იქნება საჭირო, შესაძლოა ჩემს სიტყვებს არ დაუჯერონ, რადგან ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ეცოდინებათ. ან გამიშვებენ სასამართლო ფსიქიატრიულ (არანებაყოფლობით) ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, რომ მაქვს უნარი მივცე ჩვენება, ან თუ ოდესმე იქნება საკითხი ჩემი დასჯის შესახებ, ციხის ნაცვლად მივიღებ იძულებით მკურნალობას ხონში (ისე, ციხე ჯობია, იქ არის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ შენი შინაგანი სამყარო და ემოციები შენ გეკუთვნის და არ იცვლება ინიექციებით)... შედეგად, ხალხი პრობლემებს დამალავს, სანამ ვერ შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას. ეს მისაღები შედეგია? თან სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს ხალხი, ვისაც უჭირს კერძო ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციების საფასურის გადახდა...

ფსიქიკური პრობლემა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, მათ შორის შფოთვა, დეპრესია და ა.შ. და თითოეული დიაგნოზის პირობებშიც კი ადამიანის კონკრეტული ქცევა, უნარები და თავისებურებები მერყეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე დროში. მე 14 წელია ვახერხებ მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას, მოგზაურობას და მაინც, ჩემი პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი არსად გაქრება, მუდმივია. უკვე დავიწყოთ იარლიყების მიწებება ტანსაცმელზე, როგორც ებრაელებს ევალებოდათ თუ ეს შემდეგი საფეხურია?".

ხელისუფლებას კანონის ამოქმედებამდე ორ თვეზე მეტი აქვს დარჩენილი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.