"ეჭვები ყოველთვის იარსებებს, თუ ამ ბაზასთან შსს-ს ექნება წვდომა“
ექიმ-ნარკოლოგს, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელ ზურაბ ვადაჭკორიას ჩვენთან არაერთ ინტერვიუში გამოუთქვამს ეჭვი ქვეყანაში იატაკქვეშა ლაბორატორიების არსებობის შესახებ და მისი ეჭვი გამართლდა... სამართალდამცავებმა ასეთი ლაბორატორიები გამოავლინეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ცოტა ხნის წინ ძალოვნებმა ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანს წაუყენეს უმძიმესი ბრალდება - მას სახლის მახლობლად მდებარე ნაკვეთში, მიწის სიღრმეში ჰქონდა მოწყობილი სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე მოჰყავდა. ძალოვნებმა მანამდე დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე. მათი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი კოკაინი და 40 გრამი კოკაინის კრისტალები ამოიღეს. მათაც თბილისში, დროებით ბინაში ჰქონდათ მოწყობილი ლაბორატორია, სადაც თხევადი კოკაინის გამოყენებით ნარკოტიკს ამზადებდნენ... გახშირდა ნარკორეალიზატორების დაკავება. სპეციალისტების აზრით, ბოლო ორი წელია სულ უფრო იმატებს კოკაინის მოხმარება, რაც შავმა ონლაინბაზარმა გაამარტივა. მაგალითად, შეიძლება შემოიტანონ ერთი ჭიქა კონკრეტული ნივთიერება და მისგან კილოგრამამდე კოკაინი დაამზადონ. პარლამენტი ცვლილებებს ამზადებს. როგორც ჩანს, კერძო კლინიკებს აეკრძალებათ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები.
- მას შემდეგ, რაც შსს-ს ხელმძღვანელობა შეიცვალა, უფრო გახშირდა ნარკორეალიზატორებისა და მომხმარებლების დაკავება. გასახარია, რომ ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა შემცირდა, თითქმის ყველა პაციენტი ამბობს, რომ ნარკოტიკების შოვნა გაძნელდა. წელს კერძო პროგრამებიც დახურეს. ვგულისხმობ ჩანაცვლებით პროგრამებს, რამაც რაღაც დადებითი კი მოიტანა, მაგრამ უფრო მეტი - უარყოფითი. მართალია, კერძო პროგრამებიდან შემცირდა ჩანაცვლებითი პრეპარატის გადინება, მაგრამ შავ ბაზარზე ის მაინც ფიქსირდება. ამასთან, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კერძო პროგრამებში იყვნენ ჩართული, ერთ-ერთი ხიბლი ის იყო, რომ კერძო კლინიკები ანონიმურობას ინარჩუნებდნენ. მას შემდეგ, რაც ეს პრეპარატები სახელმწიფო პროგრამებში გადავიდა, ამ ადამიანების 40%-მა უარი თქვა სახელმწიფო პროგრამებში გადასვლაზე და ქუჩის ნარკოტიკების მომხმარებლები გახდნენ. ეს უარყოფითი მომენტია. უარყოფითია ისიც, რომ კერძო პროვაიდერები საბოლოოდ დაიხურა და ბევრი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ საინფორმაციო რეესტრის შექმნაა, რაც ძალიან გვაშფოთებს. ამ ფაქტმაც შესაძლებელია შეამციროს სერვისების ხელმისაწვდომობა. ამის მსოფლიო გამოცდილებაც არსებობს - დაახლოებით 30-40%-ით შეიძლება შეამციროს ექიმთან ვიზიტები. არადა, ესენი არიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები. მათი მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს. ახალი მიდგომა გამოიწვევს სტიგმის გაძლიერებას, რაც ხელს შეუშლის სერვისების მიწოდებას და დაამძიმებს პაციენტების მდგომარეობას.
- შესაბამის სამინისტროს უკვე დაევალა რეესტრის შექმნა, კანონი მარტიდან ამოქმედდება.
- მსოფლიო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, საერთო ბაზის შექმნამ შეიძლება გარკვეული სერვისები იატაკქვეშეთში გადაიყვანოს. ნარკოტიკებს თავი დავანებოთ, შეიძლება დეპრესიული პრობლემები ჰქონდეს საჯარო მოხელეს და შეეშინდეს ფსიქიატრთან მისვლა თუნდაც სამსახურის დაკარგვის ან იმის შიშით, რომ მისი მდგომარეობის შესახებ სხვები გაიგებენ. ეს ძალიან სენსიტიურია თემაა. პაციენტები მეკითხებიან, რაღაც სიმპტომი რომ განმივითარდეს, თქვენთან მოსვლას უნდა მოვერიდოო? მე კი პასუხი არა მაქვს.
- თქვენს კლინიკაში რეგისტრირებულ პაციენტთა მონაცემები თქვენც უნდა მიაწოდოთ?
- არსებობს კანონი "კონფიდენციალურობის, პირადი ინფორმაციის დაცულობის შესახებ", მაგრამ ეჭვები ყოველთვის იარსებებს, თუ ამ ბაზასთან შსს-ს ექნება წვდომა - ვინ როგორ გამოიყენებს, არ ვიცით. ამის შიშით ბევრი უარს იტყვის მკურნალობაზე, რასაც მოჰყვება მძიმე სოციალურ-ეკონომიურ პრობლემები, მოიმატებს ძალადობის შემთხვევები. შეიძლება, ვთქვათ, საჯარო მოხელეს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს და ბაზაში შეყვანის და გახმაურების შიშით ექიმთან ვერ მივიდეს. ამიტომ კარგად უნდა განემარტოს საზოგადოებას, რასთან გვაქვს საქმე. ერთმა ჩვენმა პაციენტმა, ომის ვეტერანმა მითხრა, დაახლოებით 60 000 ვეტერანის სახელით ვამბობ, რომ ყველას მეტ-ნაკლებად დეპრესიის პრობლემა გვაქვს, შფოთვითი აშლილობა, ალკოჰოლდამოკიდებულება, სხვა დამოკიდებულებაც და რა ვქნათ, ომმა დაგვიტოვა ეს ტრავმა და 60 000 კაცი შიშით ვერ უნდა მივიდეთ ექიმთანო?
- ბაზასთან წვდომა ექნება შსს-ს, თუმცა მათ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ამ გზით ისინი შეძლებენ მეტად გააკონტროლონ იარაღის ტარების, მართვის მოწმობის გაცემა და ა.შ.
- ამისთვის ბაზები რა საჭიროა? ყველგან სთხოვენ ე.წ. ფორმა 100-ს, მასში იგულისხმება ფსიქიატრის დასკვნა და ცნობა ნარკოლოგიურიდან. აჯობებს, ის გაამკაცრონ. საერთო ბაზის შექმნამ ბევრი რამ შეიძლება გაართულოს.
- ხშირად გამოთქვამდით ეჭვს, რომ საქართველოში არსებობდა იატაქვეშა ლაბორატორიები, სხვაგვარად ასეთი მასშტაბის ნარკოტიკები ვერ შემოაღწევდა ქვეყანაში. გამართლდა თქვენი ეჭვი. ასეთი ადგილები გამოავლინეს ძალოვნებმა თბილისსა და სხვა ქალაქებშიც.
- იმდენად მასშტაბური სახე ჰქონდა სინთეზური ნარკოტიკის გავრცელებას ქვეყანაში, რომ ლაბორატორიების არსებობაზე 7 წლის წინ გამიჩნდა ეჭვი. მეტიც, ინფორმაციაც მივიღე. მაშინ პირველად გავახმაურე ეს, რომ განხილვის საგნად ქცეულიყო. მაშინ ასეთი ადგილების გამოვლენის ერთეული შემთხვევა იყო, ამჟამად კი არაერთი აღმოაჩინეს. გასახარია, რომ სინთეზურ ნარკოტიკებთან ხელმისაწვდომობა შემცირდა, იგივე შეიძლება ითქვას ჰეროინზე. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში ბევრი უცხოეთის მოქალაქე ამ საქმით იყო დაკავებული. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ გააქტიურებულია მუშაობა. ასევე შემცირებულია სააფთიაქო ნარკომანიის მასშტაბიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ სერიოზული პრობლემა იყო. თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერაც გარკვეული დამოკიდებულება აქვს ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი. შესაბამისად, უფრო ინტენსიური მუშაობაა საჭირო, როგორ დავეხმაროთ მათ, როგორ მივცეთ მკურნალობის მოტივაცია და ამაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.
- ბრძანეთ, რომ ნარკოტიკი ადვილად ხელმისაწვდომი აღარ არის, რაიმემ ჩაანაცვლა?
- ხელმისაწვდომი მაინც არის, მაგრამ მიწოდების მასშტაბი შემცირდა. თუმცა სინთეზურ ნარკოტიკს, მეტადონსა და სხვას კვლავ მოიხმარენ. მკვეთრად შემცირდა ამფეტამინის მოხმარება, სამაგიეროდ, მაღალია მარიხუანას მოხმარება. კოკაინისა და ჰეროინის ერთეული შემთხვევებია, ამას ისიც განაპირობებს, რომ ძვირი ღირს. ისევ მასობრივად მოიხმარენ კუსტარულად დამზადებულ მეტადონს, ამფეტამინს, მეფედრონს და ა.შ... გაიზარდა ფასებიც. მთავარია, ეს გარდატეხა მოხდეს, ეს ტენდენცია გაგრძელდეს და ამ საინფორმაციო ბაზამ არ შეგვიშალოს ხელი, რომ უფრო შედეგიანად ვიმუშაოთ ამ ადამიანებთან.
- სახელმწიფო პროგრამები რამდენად ეფექტიანად მუშაობს?
- ამჟამად ოფიციალურად ორი პროგრამაა: მეტადონის ჩანაცვლებითი და სუბოქსინის. სუბოქსინი, ძირითადად, კერძო პროვაიდერების ხელში იყო და სახელმწიფომ მათ აუკრძალა ეს ჩანაცვლებითი თერაპია. კერძო კლინიკებში მომსახურების ფასი ძალზე მაღალი იყო, მაგრამ ერთი ხიბლი ის გახლდათ, რომ პირის ანონიმურობას ინარჩუნებდნენ. ახლა ეს სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა და უნდობლობა გამოიწვია. როგორც მოგახსენეთ, ბევრმა უარი განაცხადა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვაზე და, ფაქტობრივად, შავ ბაზარს დაუბრუნდა. უმეტესობა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა.