2025 წლის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები
მიილია 2025 წელიც, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ჩაიწერება როგორც დიდი დაპირისპირებისა და ომების წელი, რომელიც შეიძლება ერთგვარი შუა, გავლილი პერიოდი აღმოჩნდეს იმისკენ, რასაც ყველა ნორმალური ადამიანი უფრთხის - მესამე, ამჯერად ბირთვული ომის გაჩაღებას პლანეტა დედამიწაზე. ამის თქმის უფლებას კი ის ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია გვაძლევს, რაც შეიქმნა ევროპაში რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომის გამო. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომები სწორედ ევროპაში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტებიდან განვითარდა.
რუსეთ-უკრაინის დაუმთავრებელი ომი...
პირველი მსოფლიო ომი 1914 წლის 28 ივლისს დაიწყო და 1918 წლის 11 ნოემბერს დამთავრდა - ის 1 568 დღე-ღამე გაგრძელდა.
მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1945 წლის 2 სექტემბრამდე ანუ ექვსი წელი მიმდინარეობდა.
2025 წლის 31 დეკემბერს შესრულდება 1 406 დღე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიდის და ის თავისი ხანგრძლივობით სახიფათოდ უახლოვდება მსოფლიო ომებს. მაგრამ, გარდა გახანგრძლივებული ომისა, ყოველდღიურად იმატებს დაღუპულების, დაჭრილებისა და დასახიჩრებულების რიცხვიც, როგორც უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ისე ზურგში გახშირებული საჰაერო თავდასხმების შედეგად და ამ ომს დასასრული არ უჩანს.
რუსეთ-უკრაინის მეოთხე წელში გადასული ომი პირობითად შეიძლება რამდენიმე ეტაპად დაიყოს:
პირველი - რუსეთის ფართომასშტაბიანი და მრავალმხრივი მიმართულებიდან თავდასხმა უკრაინაზე;
მეორე - რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდაპირველი ტაქტიკური წარმატება (განსაკუთრებით სამხრეთ ფლანგზე მანამდე ანექსირებული ყირიმიდან შეჭრის შემდეგ) უკრაინის რიგი რაიონების სწრაფი დაპყრობის სახით და დედაქალაქ კიევთან საიერიშო პოზიციებზე გასვლა;
მესამე - უკრაინის სამხედრო ძალების მობილიზება, გამოსვლა თავდაპირველი დაბნეულობიდან და დაჩქარებულად მიწოდებული დასავლური ახლო მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო მართვადი რაკეტების მასობრივად გამოყენების შედეგად რუსეთის საოკუაპციო ძალების ჯავშანკოლონებისთვის, ლოგისტიკური მომარაგებისა და საფრონტო ავიაციისთვის მტკივნეული დარტყმების მიყენება, რამაც საბოლოოდ ჩაშალა რუსეთის გენშტაბის თავდაპირველი სტრატეგიული გეგმა, ბლიცკრიგით მოეპოვებინათ სწრაფი საბრძოლო უპირატესობა, კიევის დაპყრობის ჩათვლით;
მეოთხე - რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჩერება და მათი საბრძოლო ინიციატივის დაკარგვა, რასაც თან სდევდა უკრაინული დანაყოფების ნახევრად პარტიზანული მოქმედების წარმატებული ტაქტიკა;
მეხუთე - 2022 წლის სექტემბერში ურთიერთკოორდინირებული უკრაინული კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება ჩრდილოეთში, ხარკოვიდან აღმოსავლეთით, ლუგანსკისკენ და სამხრეთში - ხერსონიდან მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროდან რუსი ოკუპანტების განდევნა;
მეექვსე - 2022 წლის შემოდგომის მიწურულს შეიქმნა აზრი, რომ თუკი უკრაინის არმია ხარკოვისა და ხერსონის წარმატებულ კონტრშეტევით ოპერაციებს გააგრძელებდა, მაშინ ის იმავე წლის მიწურულს შეძლებდა კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, რადგან უკუქცეული პუტინის არმია დეზორგანიზებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა;
მეშვიდე - უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევების გასაგრძელებლად საჭირო გახლდათ ევროპისა და აშშ-ის უფრო მეტი და დროული სამხედრო დახმარების გადაცემა კიევისთვის, რაც შეგნებულად არ გააკეთეს დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა, რისი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაიმუქრა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუკი მისი საოკუპაციო ძალები კიდევ ახალ მარცხს განიცდიდნენ უკრაინაში და ამაში უკრაინელებს დასავლური შეიარაღება დაეხმარებოდათ. კრემლის ამ ბირთვულმა შანტაჟმა იმუშავა და შეფიქრიანებულმა დასავლეთმა არათუ არ მიაწოდა უკრაინელებს იმ სახისა და რაოდენობის შეიარაღება, რომელიც 2022 წლის ბოლომდე უზრუნველყოფდა უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევების გაგრძელებას, არამედ პოლიტიკურ კულუარებში კიევს პირდაპირ აუკრძალა კონტრშეტევების გაგრძელებაც კი;
მერვე - 2023 წლის გაზაფხულიდან იგეგმებოდა უკრაინის არმიის ძლიერი კონტრშეტევა, ძირითადად, ზაპოროჟიედან სამხრეთით აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად და ანექსირებული ყირიმიდან რუსი ოკუპანტების მოსამარაგებელი გზების ჩასაკეტად, რომლის წარმატების შემთხვევაში, რისი არცთუ ცოტა წინა პირობა არსებობდა, ამ ომში ძალიან ბევრი რამ შეიცვლებოდა უკრაინის სასარგებლოდ. მაგრამ ამ კონტრშეტევის დაწყება 2023 წლის ზაფხულამდე გაიწელა, მათ შორის იმიტომაც, რომ დასავლეთმა დაუგვიანა სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინას, ოკუპანტებმა მოასწრეს ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების აგება ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში და შესაბამისად, უკრაინული კონტრშეტევები უშედეგო გამოდგა, რამაც ძალიან დააზარალა უკრაინის არმია, მათ შორის მორალურადაც;
მეცხრე - 2024 წელი იქცა ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო ინიციტივის გაბატონების ხანად, როდესაც რუსი ოკუპანტები, ფაქტობრივად, სულ შეტევაზე გადადიოდნენ და უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად, მაინც იპყრობენ უკრაინის ახალ და ახალ დასახლებულ პუნქტებს;
მეათე - უკრაინის შეიარაღებული ძალების საექსპედიციო კორპუსის მოულოდნელი შეჭრა კურსკის ოლქში 2024 წლის ზაფხულში, შეიძლება გამხდარიყო მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ომში, იმის გათვალისწინებით, რომ აგრესორ ქვეყანას ომი საკუთარ ტერიტორიაზე დაუბრუნდა და კრემლი შეიძლება დათანხმებულიყო მოლაპარაკებას „ოკუპირებული ტერიტორიების“ გაცვლისთვის, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო უკრაინული საექსპედიციო კორპუსის უფრო ღრმად შეჭრა კურსკის ოლქში და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების დაკავება, რაც უკრაინის მხარემ ვერ შეძლო და თანდათანობით ჩაერთო პოზიციურ ბრძოლებში, რის გამოც რვა თვის შემდეგ მოუწია რუსეთს კურსკის ოლქის დატოვებამ, ისე, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გაცვლის თემამ ვერ იმუშავა;
მეთერთმეტი - 2025 წლის დამდეგიდან კრემლის დავალებით რუსეთის გენშტაბმა შეტევების მთავარი ვექტორი აღმოსავლეთ ფრონტზე გადაიტანა პუტინის იდე-ფიქსის - დონბასის რაც შეიძლება სწრაფად და სრულად ასაღებად - შესასრულებლად. რუსეთის საკუპაციო არმიამ მართლაც შეძლო უკრაინის დონბასის 80%-მდე აღება, მაგრამ უკრაინელების განკარგულებაში კვლავ არის დონბასის ორი ბოლო, ყველაზე დიდი არაოკუპირებული ქალაქი - კრამატორსკი და სლოვიანსკი, რაც მოსვენებას უკარგავს კრემლს, მაგრამ მათი დაკავება 2025 წლის ბოლომდე წარმოუდგენელია და სავარაუდოდ, ვერც 2026 წელს შეძლებენ, თუკი ეს საშინელი ომი გაგრძელდა. არადა, მისი შეჩერების არავითარი წინა პირობა ჯერ არ ჩანს.
„ომების შემაჩერებელი“ ტრამპი, რომელიც პუტინის თანამოაზრედ უფრო ყალიბდება...
2025 წლის უმთავრესი, მსოფლიო დონის მოვლენა გახლდათ დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის რანგში.
ტრამპის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად მოღვაწეობის პერიოდში აშკარა შეიქნა მისი არაორდინარული, მყისიერი, ხშირად გაუთვლელი და ვოლუნტარისტული ქმედებები, მაგრამ ის, რაც მან გასული პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში დააშავა, სრულად „გადაფარა“ ახალი პრეზიდენტის პირველ ათ თვეშივე, იანვრის მიწურულიდან, ინაუგურაციის დღიდან ქმედებებმა... ტრამპის ბობოქრობა“მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ არაერთხელ იწვნია, მაგრამ ეს განსაკუთრებით უკრაინას შეეხო.
რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ შეჩერების, ერთი მხრივ, ძალზე აუცილებელი და საჭირო ინიციატივით გამოსული პრეზიდენტი ტრამპი ამის გაკეთებას ამ ომის ფაქტობრივი მსხვერპლის, უკრაინის ტერიტორიული დათმობების ხარჯზე აპირებს და არა აგრესორი სახელმწიფოს - რუსეთის დამპყრობლური ინტერესების მოსათოკად.
ჩნდება ისეთი განცდა, რომ უკრაინისთვის უკეთესიც იქნებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი... საერთოდ აღარ ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში თავისი "სამშვიდობო გეგმებით", მით უმეტეს, მისი ტრაბახი, რვა ომი შევაჩერეო, საპნის ბუშტივით სკდება: ტაილანდი და კამბოჯა ისევ ომობენ, ღაზის სექტორში დროებით სიმშვიდეს ისევ არღვევს ისრაელის ავიაციის დაბომბვები და „ჰამასის“ პარტიზანთა გამოხდომები, ლიბანში „ჰეზბოლა“ და ისრაელის "ცახალი"“ ახალი შეტაკებებისთვის ემზადებიან და ყოველივე ამის გათვალისწინებით, უფრო არადამაჯერებელია პრეზიდენტ ტრამპის "სამშვიდო მისია" რუსეთ-უკრაინის ომში, თუკი მას ფარულად მართლაც არ სურს ამ ომის... პუტინის გამარჯვებით დასრულება.
ირანი - ისრაელისა და ამერიკისგან დაბომბილი...
2025 წლის უმთავრეს სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენად იქცა 13 ივნისს ისრაელის ფართომასშტაბიანი და მასირებული საჰაერო შეტევების ტალღა ირანის ბირთვულ და სარაკეტო ობიექტებზე.
ისრაელ-ირანის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ათწლეულებს ითვლის, მაგრამ მათი შეტაკებები აქამდე მხოლოდ მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე - სირიასა და ლიბანში თუ ხდებოდა პროირანული „ჰეზბოლას“ მონაწილეობით და წარმოუდგენელი იყო, რომ ათას კილომეტრზე მეტით დაშორებულ ისრაელსა და ირანს ერთმანეთთან უშუალო საბრძოლო დაპირისპირება ექნებოდათ. მაგრამ, წელს სწორედ ეს მოხდა - კარგად მომზადებული დივერსიული და საჰაერო ოპერაციებით ისრაელმა ათასზე მეტი სამიზნე - ბირთვული წარმოებისა და სამხედრო ობიექტები გაანადგურა ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის იმიტომაც, რომ თავიდანვე შეძლო ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებების დიდი ნაწილის ნეიტრალიზაცია.
საპასუხოდ ირანმა ისრაელის ქალაქებისა და სამხედრო აეროდრომებისკენ 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 1 000-ზე მეტი კამიკაძე-დრონი გაუშვა, რომელთა მცირე ნაწილმა მიაღწია მიზნამდე.
22 ივნისს საბრძოლო მოქმედებებში ისრაელის მხარეს თვით აშშ-ც ჩაერთო, რომელმაც 125 თვითმფრინავი გაგზავნა ირანის საჰაერო სივრცისკენ, რომლებიდანაც შვიდმა „"სტელსის"“ სტრატეგიულმა ბომბდამშენმა 14 ბუნკერსაწინააღმდეგო 13-ტონიანი მძლავრი მართვადი ბომბებით სერიოზულად დააზიანეს ირანის ბირთვული მასალების მწარმოებელი მიწისქვეშა ქარხნები.
ისრაელ-აშშ-ის ერთობლივმა საჰაერო ოპერაციამ წლებით უკან დასწია ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის შექმნასაც ითვალისწინებს.
საგულისხმოა, რომ ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში უმაყოფილოებიც დარჩნენ - მათ ამ ომის გაგრძელება მანამდე სურდათ, სანამ არ მიაღწევდნენ ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალისმიერი გზით ჩამოგდებას. ასე რომ, რაც არ მოხდა 2025 წელს, შეიძლება განმეორდეს მომავალ წლებში ისრაელ-ირანის ახალი, კიდევ უფრო სახიფთო ომით.
საქართველოში კი თავდაცვის ყოფილ მინისტრებს ისევ აპატიმრებენ...
სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებით საქართველო 2025 წელს დიდად დახუნძლული არ ყოფილა, რაც მისასალმებელია - საქართველო არ ერევა რუსეთ-უკრაინის ომში და არც სხვა რეგიონულ თუ სამეზობლო კონფლიქტებში, რაც ცხინვალისა და აფხაზეთის ომებგადატანილი ჩვენი სამშობლოსთვის ამოსუნთქვაა.თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის მნიშვნელოვანი გაძლიერების (იმის ფონზე, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში და ჩვენს სიახლოვეს, როდესაც ყველა მეზობელი კბილებამდე იარაღდება) ნიშნებიც ნაკლებად ჩანს, ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომის გაკვეთილების გააზრება და ქართულ არმიაში გაზიარება, თუნდაც კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენების ტაქტიკის დახვეწისა და ჯავშანტექნიკის დამატებითი დაცვის საშუალებების აღჭურვის სახით.
სამაგიეროდ, 2025 წელს გაგრძელდა ტენდენცია... თავდაცვის ყოფილი მინისტრების დაპატიმრებების.
"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ღ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ.-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვ.მ.-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 ათას 72 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ იქნა 3 მილიონ 940 ათას ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს მიადგა მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
1991 წლიდან მოყოლებული, თავდაცვის მინისტრის პოსტი 20 პირს ეკავა და მათგან ოთხი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს:
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრებიდან პირველად დააპატიმრეს თენგიზ კიტოვანი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1992 წლის მაისიდან 1993 წლის მაისამდე იყო. 1995 წლის 13 იანვარს თენგიზ კიტოვანი დაახლოებით 700 მსუბუქად შეიარაღებული დევნილით დაიძრა მარშით, როგორც ამბობდა, აფხაზეთის დასაბრუნებლად. ზესტაფონთან ისინი შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს და 1996 წლის ოქტომბერში მას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამ წელში შეიწყალა;
ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობაზე 2004 წლის 17 დეკემბრიდან 2006 წლის 10 ნოემბრამდე იყო. 2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. ექსთავდაცვის მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან. 2012 წლის 20 ნოემბერს ოქრუაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის დააპატიმრეს. 2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად ცნეს, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს. თუმცა 2025 წლის მაისში ამჯერად საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
ოქრუაშვილის შემცვლელი დავით კეზერაშვილი სამხედრო უწყებას 2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 9 დეკემბრამდე ედგა სათავეში, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს.
ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. ყოფილი მინისტრი ძებნილად არის გამოცხადებული. 2013 წელს ის საფრანგეთში "ინტერპოლმა" დააკავა, თუმცა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის ექსტრადირებაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა და კეზერაშვილი 2014 წლის თებერვალში ფრანგული ციხიდან გამოუშვეს. 2024 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ახალი ბრალდებები "ქოლცენტრების საქმეზე";
2012 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე თითქმის ათი წელი ციხეში გაატარა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრი 2009 წლის 27 აგვისტოდან 2012 წლის 4 ივლისამდე იყო.
ხუთივე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის წაყენებული ბრალდებების უკან მათი დაცვის მხარეები მოიაზრებდნენ პოლიტიკურ მოტივსაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად იყო უფლებამოსილების გადამეტება და კორუფცია და საქართველოს თავდაცვის ზოგიერთი ყოფილი მინისტრი (მათ შორის, ვინც დაპატიმრებას ასცდა) შეიძლება უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდეს იმისთვის, რაც უცოდინარობით თუ ამბიციებით ქართულ ჯარს, განსაკუთრებით კი ოფიცერთა შემადგენლობას, დააწიეს.
ევროპა პუტინის ბირთვულქობინიანი „ორეშნიკების“ სამიზნეში...
2025 წლის დეკემბრის მიწურულს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე საბრძოლო მორიგეობაზე "დადგა რუსული სარაკეტო კომპლექსი „"ორეშნიკი".
ბელარუსიდან გაშვების შემთხვევაში პუტინის „"ორეშნიკები"“ (რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე 5 500 კმ-ს აღემატება) მისწვდებიან ნატოსა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის ტერიტორიას, მათ დედაქალაქებს და თუკი საქმე მართლაც მივიდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე, რუსული „"ორეშნიკები"“ ევროპისკენ სტარტს აიღებენ ბირთვული ქობინებით და არა მისი მასაგაბარიტული მაკეტებით, როგორც გამოიყენა „"ორეშნიკი"“ პირველად რუსეთმა.
თუ რა შეუძლია "ორეშნიკს", პუტინმა მსოფლიოს 2024 წლის 21 ნოემბერს აჩვენა, როდესაც მისი ბრძანებით ასტრახანის ოლქის პოლიგონიდან უკრაინის ქალაქ დნიპროს „იუჟნის“ სარაკეტო ქარხნის მიმართულებით გაუშვეს და საბრძოლო ნათლობა მიაღებინეს პირველ "ორეშნიკს"“ - მართალია მისმა ჰიპერბგერითმა ქობინებმა (რომლებიც, ფაქტობრივად, მაკეტებს წარმოადგენდნენ და არ იყვნენ დამუხტული ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით, მით უმეტეს, ბირთვული ქობინებით) კატასტროფული ზიანი ვერ მიაყენეს უკრაინულ ქარხანას, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ კრემლმა უკრაინასთან ომის მესამე წელს ბრძოლაში ჩართო საშუალო სიშორის მოქმედების ის ძლიერი რაკეტაც, რომელიც ბირთვული ქობინებით ევროპის გასანადგურებლადაა განკუთვნილი...
რით შეუძლია თავის დაცვა ევროპას ბელარუსიდან გაშვებული რუსული "ორეშნიკებისგან"?
ამჟამად ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნების საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფს ამერიკული "პეტრიოტისა"“ და ფრანგულ-იტალიური„"მამბას“ (SAMP/T) ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ მოიგერიონ რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“ და „"კინჟალები", როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომში ჩანს. მაგრამ იმავე „ისკანდერისგან“ განსხვავებით, რომელიც 500 კმ-მდე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსია, „"ორეშნიკი"“ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კლასში გადის და მათი გადაჭერა „"პეტრიოტის"“ მოდერნიზებულ ანტირაკეტას ფრენის ბოლო ეტაპზე თუ შეუძლია და ისიც ძალზე მცირე ალბათობით.
თუმცა ამერიკელებს შეიარაღებაში აქვთ კიდევ ორი ტიპის, „"პეტრიოტზე"“ ბევრად ძლიერი ანტისარაკეტო სისტემაც - THAAD-ი და Aegis-ი, რომლის…ორი სისტემა ამერიკელებმა სტაციონარულად განათავსეს რუმინეთსა და პოლონეთში. მათ მძლავრ ფაზირებულანტენიან ლოკატორებს რამდენიმე ათას კმ-ზე შეუძლიათ დააფიქსირონ რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტი და 2 500 კმ სიშორეზე დააზიანონ-ჩამოაგდონ ისინი RIM-161 Standard Missile 3 ტიპის მოდერნიზებული ანტირაკეტით.
მობილური ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები შედარებით მოკრძალებულია - ამ სისტემის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი ათასი კმ-ის სიშორეზე აფიქსირებს საჰაერო სამიზნეს, ხოლო მისი ანტირაკეტა კი 200 კმ სიშორეზე აგდებს მას.
სამაგიეროდ, THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემები მოძრავია და მათი ოპერატიულად გადასროლა შეიძლება რაკეტსაშიშ მიმართულებებზე, მაშინ, როცა ამერიკული Aegis-ის ორივე სისტემა „გაუნძრევლად“ დგას რუმინეთისა და პოლონეთის ბაზებში. ოღონდ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი - მაშინ როდესაც THAAD-ის ერთი ანტირაკეტის გაშვება ამერიკელებს 12 მლნ დოლარად უღირთ, Aegis-ის ანტირაკეტის ფასი უკვე 24 მლნ-ს "ურტყამს" და გასაგებია, რომ ასეთი ძვირად ღირებული ანტირაკეტების დიდი რაოდენობით განთავსებას ევროპის დასაცავად რუსული "ორეშნიკებისგან"“ ტრამპის ამერიკა, უბრალოდ, არ მოინდომებს.
განვლილ 2025 წელს დაწყებული და გაგრძელებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ მომავალ 2026 წელს უფრო სისხლისმღვრელი გახდება რუსეთ-უკრაინის ომი და რაც კიდევ უფრო საშიშია, ეს გადაიზრდება ევროპასა და რუსეთს შორის უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელსაც შეიძლება დაემატოს სამხედრო ინციდენტები ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეებში „ამოუცნობი“დრონების ფრენების გახშირებისა და ევროპის რკინიგზაზე და საავტომობილო ხიდებზე დივერსიების სახით.