როდის მიაღწევს ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ჯიბეებამდე?! - კვირის პალიტრა

როდის მიაღწევს ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ჯიბეებამდე?!

მიუხედავად იმისა, რომ წლეულს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არა გვაქვს და როგორც პრემიერმა განაცხადა, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი არსებითად ჩამოვრჩებით (რაც ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს), საქართველოს ხელისუფლება მაინც არნახულ წარმატებაზე ლაპარაკობს. ოფიციალური მონაცემებით ეკონომიკა იზრდება, მაგრამ საკმარისია ადამიანებს დაველაპარაკოთ ან მარკეტში შევიდეთ, ეს "ციფრების სამოთხე" სადღაც ქრება. 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა რიგითი მოქალაქის მაცივრამდე ვერ აღწევს, მით უმეტეს, ფასები მატულობს. უკვე ყველამ იცის, რომ საშუალო ნომინალური ხელფასი მცირე ჯგუფის ხელფასების გამო იზრდება და არა იმიტომ, რომ მოსახლეობის ძირითად ნაწილს გაეზარდა შემოსავლები. ამას ემატება მაღალ დონეზე გამოვლენილი კორუფციის არაერთი ფაქტი, ხელისუფლება კი მაინც ამბობს, ხელისუფლებაში კორუფცია არ არისო და დიდ პროექტებზე საუბრობს. რიგითი მოქალაქისთვის ეს შორეული პერსპექტივაა, მას აინტერესებს, რატომ არის წამალი ასეთი ძვირი, რატომ უწევს ყოველთვიურად ფიქრი, გადაიხდის თუ არა კომუნალურ გადასახადებს. რას უნდა ველოდოთ 2026 წელს, ამ თემაზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

- 2025 წელი, ასე თუ ისე, პოზიტიურად უნდა ჩავთვალოთ. სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ ყველა პოზიტიური შედეგი, მოვლენა, პროცესი და მეორეზე - ნეგატიური, არც ერთი პინა არ იქნება ცარიელი, მაგრამ მთლიანობაში პოზიტიური მაინც გადაწონის ეკონომიკური კუთხით. ეს ცალსახად არის ზრდის მაღალი ტემპი, რომელიც არ იყო სარეკორდო, მაგრამ საშუალო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით საკმაოდ დამაჯერებელი იყო. ბოლო სამ თვეში ორი თვე რეკორდული გვქონდა. ექსპორტის მოცულობით მატებამ ნოემბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ოთხჯერ გადააჭარბა იმპორტის მატებას. აქ არის როგორც ადგილობრივი წარმოების, რეალური სექტორის ზრდა, ისე სატრანზიტო ფუნქციის მასშტაბების გაფართოება. ექსპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ნიშნავს ქვეყნის ცნობადობისა და ავტორიტეტის გაუმჯობესებასაც, რათა საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველო აღიქმებოდეს როგორც აქტიური სუბიექტი.

კითხვები დაისვა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის მშენებლობასთან დაკავშირებით. მინდა დავამშვიდო სკეპტიკოსები, პოლიტიკისგან განსხვავებით, ეკონომიკა გულისხმობს და შესაძლებელია არა ერთი, არამედ რამდენიმე გამარჯვებულის ყოლა. თვით ზანგეზურის დერეფანი, რომლის სრულმასშტაბიანი ამოქმედება ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მყარდება. ეს სამხრეთ კავკასიისა და მათ შორის საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობას გაზრდის.

- ხელისუფლების მიმართ მუდმივად ისმის საყვედური, რომ პროდასავლური კურსიდან გადაუხვია. რამდენად ჩანს ეს ეკონომიკაში.

- მაღალი განვითარების ტემპს სწორედ ის ქვეყნები აჩვენებენ, რომლებიც აღმოსავლეთით მდებარეობენ. სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეკონომიკაც ვითარდება და ცხოვრების დონეც საკმაოდ მაღალია. თითქმის ფუტურისტული პროექტების რეალიზაციით არიან დაკავებული ერთ-ერთ კონსერვატიულ სახელმწიფოში, როგორიც არის საუდის არაბეთი. 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 300 მეტრის სიმაღლეზე აპირებენ სტადიონის მშენებლობას. ამიტომ ამას რამდენიმე ასპექტით უნდა შევხედოთ - როგორია ეკონომიკის განვითარება, დემოკრატიული არსებობის რესურსი და მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. საქართველო არსად არ მიდის, არის თავის ისტორიულ ჩარჩოებში და ცდილობს ამ ჩარჩოების ფარგლებში, პერიმეტრზე აღადგინოს თავისი სუვერენული სახელმწიფოებრივი უფლება და ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ამ მიმართულებით - მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის განვითარებით მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. ამ ძირითადი ალგორითმით უნდა ხელმძღვანელობდეს ხელისუფლება.

- დემოკრატიული არსებობა ახსენეთ და ამ მხრივ საქმე საკმაოდ ცუდად გვაქვს, თუნდაც "ფრიდომ ჰაუსის" მონაცემების მიხედვით.

- საუკუნის დასაწყისთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში დაახლოებით 4 წლით გაიზარდა. მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკური განვითარების დონით თუ ვიყავით, ვთქვათ, 2012 წელს 70%-ის დონეზე, ანუ საშუალო გლობალურ მაჩვენებელს ჩამოვრჩებოდით 30 პუნქტით, ამჟამად უკვე სადღაც 26 პუნქტით ვუსწრებთ. კიდევ სხვა ინდიკატორების მოშველიება შეიძლება, რომელთა მიხედვითაც არათუ წინ წავედით, არამედ, მგონი, ცოტა გადავამლაშეთ - თუნდაც მოსახლეობის სატრანსპორტო "აღჭურვილობით". ამჟამად საბჭოთა პერიოდთან შედარებით თითქმის ხუთ-ნახევარჯერ მეტი ავტომობილია ყოველ ას ოჯახზე.

ამ მღელვარე საზოგადოებრივი და პირადი ინტერესების ასეთი პალიტრის განსხვავებულობის პირობებშიც კი უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ ერთიანი ეროვნული თვითმყოფადობა, ტოლერანტობა, როგორც საზოგადოების წევრებისა ერთმანეთის მიმართ, ისე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.

- რას აძლევს რიგით ადამიანს რომელიღაც ჯგუფის გამდიდრების ხარჯზე გაზრდილი მაჩვენებლები?

- იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველას მდგომარეობა უმჯობესდება, არ იქნება სწორი, თუმცა მთლიანობაში საზოგადოების კეთილდღეობის დონე იზრდება.

- პრობლემა ის არის, რომ ერთი ჯგუფის ხარჯზეა მაჩვენებლები გაუმჯობესებული?

- საბაზრო ეკონომიკის პრინციპია, "ვიყოთ განსხვავებული სიმდიდრეში და არა თანასწორი სიღარიბეში". აუცილებლად იქნებიან მდიდრები, სუპერმდიდრები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები და შედარებით ნაკლებშემოსავლიანიც. ამას გარდა, როდესაც ადამიანი ინტერნეტით, ტელევიზიით ხედავს, როგორ ცხოვრობს შედარებით წარმატებული ადამიანი, შვეიცარიაში იქნება თუ ბევერლი-ჰილზზე, მას უჩნდება უკმარისობის განცდა და მერე ამის გადმოტანას ახდენს საერთო ყოფაზე. ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაგრამ გვინდა გაცილებით უკეთესი ყოფა გვქონდეს. თუმცა ყველაფერი არის ეკონომიკურ შესაძლებლობაზე დამოკიდებული. ზრდის ამჟამინდელი ტემპის მიხედვით, ეკონომეტრიკული მოდელირება გავაკეთე და საქართველო ეკონომიკური განვითარების დონით სადღაც 2080-იან წლებში იქნება ევროპის მოწინავე ქვეყნების დონეზე. ამ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება და რომ იტყვიან, ორმოს ორი ნახტომით ვერ გადაახტები. ჩვენი ნახტომის ზომა უნდა შეესაბამებოდეს იმ ორმოს სიგანესა და სიღრმეს, რათა მეორე ნაპირზე გადახტომა შევძლოთ.

- მომავალი წლისთვის რას ველოდებით?

- ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ქვეყნის შიდა რესურსების კომბინაციაზე, მათ შორის ადამიანური ფაქტორის გამოყენებასა და გლობალურ პროცესებზე. ჩვენი წარმოება ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობს, მაგრამ მთელი პროდუქცია ხომ არ მიემართება შიდა მოხმარებისთვის? რაც უფრო მაღალია გლობალური მასშტაბით საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა, მით მეტია წარმოება და ეკონომიკური ზრდა.

- რა მოლოდინი გაქვთ, რა მოხდება საქართველოშიც და გლობალური მასშტაბითაც?

- პირველ რიგში, სასურველია, მშვიდობა დამყარდეს რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს საშუალებას შექმნის, რესურსები გადაერთოს სამშვიდობო პროდუქციის წარმოებაზე. დანგრეული ინფრასტრუქტურა გაზრდის მოთხოვნას ასეთი სახის პროდუქციაზე და საქართველო მზად უნდა იყოს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. საქართველოში, ვფიქრობ, მეტი ყურადღება დაეთმობა და პრინციპში, უკვე ეთმობა რეალური სექტორის წარმოებას. რეალური სექტორის ზრდა თავის წონად როლს შეასრულებს საქართველოს არათუ წმინდა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ჰაბის, არამედ ეკონომიკური გზაჯვარედინის როლის შესრულებისთვისაც და გვექნება შესაძლებლობა, რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც სხვა გლობალური მოთამაშეები უყურებენ როგორც სატრანზიტო რესურსს, გამოყენებულ იქნეს უშუალოდ ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მოსახვედრად. მესამე კვარტალში ინვესტიციები რეალური სექტორის ცალკეული დარგების მიხედვით გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე, მაგალითად, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროში. ესეც ნიშნავს, რომ დარგების მიმართ, სადაც კვლავწარმოების პროცესი შედარებით გრძელვადიანი ხასიათისაა, იზრდება ინტერესი, რასაც შიდა რესურსების ეფექტიანობის გამოყენების ამაღლებით უნდა ვუპასუხოთ.

რუსა მაჩაიძე