როგორ მოვრთოთ სახლი, ნაძვის ხე და როგორ შევხვდეთ 2026 წელს?
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2026 წლის სტიქია ცეცხლია, ხოლო 2025 წლისგან განსხვავებით, როდესაც „ინ“ (მდედრული) ენერგია დომინირებდა, 2026 წელს აქტიური „იან“ (მამრული) ენერგია იქნება. ცეცხლის სტიქიის სინთეზის შემთხვევაში ეს არის - მზე, სინათლე, ალი და დინამიკა. გარდა ამისა, ეს არის ძლიერი, დაუმორჩილებელი ცხოველის არქეტიპი (ცხენი), რომელიც თავისუფლებასა და სისწრაფეს ესწრაფვის. ეს მიუთითებს, რომ 2026 წელს მნიშვნელოვანი იქნება სითამამე, ლიდერობა და ინიციატივა. ცეცხლის სტიქია ასოცირდება წითელ ფერთან. აქედან გამომდინარე, 2026 წლის ფერები იქნება: წითლის ნებისმიერი კომბინაცია და ტონალობა (ალისფერი, ბორდოსფერი), ასევე ოქროსფერი, ნარინჯისფერი და იისფერი. ცეცხლის სტიქიიდან გამომდინარე, საახალწლო სუფრაზე სასურველია სინათლის ელემენტი დომინირებდეს. შესაძლოა ეს იყოს სანთლები, პრიალა ჭურჭელი ან მკვეთრი განათების აქსესუარები.
აღმოსავლურ ასტროლოგიაში ცეცხლის სტიქიის „მშობლად“ ხე ითვლება, ასე რომ, საახალწლო სუფრაზე ცეცხლის სტიქიასთან ერთად ხის ელემენტიც დადებით ენერგიას გააძლიერებს. შეიძლება ეს იყოს მცენარეები ან ხის დეკორი. „ხე“ და ცეცხლი“ ბუნებრივად თავსებადი სტიქიებია, რადგან ხე კვებავს და აძლიერებს ცეცხლს. ეს ურთიერთობა პროდუქტიულ ენერგიას ქმნის. ყოფით დონეზე კი ეს მიანიშნებს ენთუზიაზმსა და კარიერულ წინსვლაზე ხელის შეწყობას. გარდა ამისა, ეს არის უფრო აქტიური და მიზანმიმართული მიდგომები, რაც 2026 წელს წარმატების მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები იქნება.
საახალწლო საჩუქრები
2026 წლის სიმბოლო ცხენი აღმოსავლურ ფილოსოფიასა და ასტროლოგიაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ და კეთილშობილ ნიშნად, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ადამიანის სოციალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს არის გამარჯვება, სისწრაფე, თავისუფლება, ოპტიმიზმი, მოგზაურობა, პატიოსნება, ერთგულება, ქარიზმა, მიზანსწრაფულობა და დამოუკიდებლობა.
საახალწლო საჩუქრებიდან რეკომენდებული იქნება: განათების საშუალებები და დეკორი (სანთლები, ორიგინალური სანათები), ელექტროტექნიკა და გაჯეტები, რადგან ცეცხლი ტექნოლოგიებთან და ენერგიასთან ასოცირდება.
სიმბოლური ნივთები ცხენის გამოსახულებით (ცხენის სიმბოლიკა წარმატებასა და კარიერულ წინსვლას უკავშირდება, ამიტომ სასიკეთო იქნება საჩუქრები, რომლებსაც ეს სიმბოლო აქვს, — მაგალითად, სტატუეტები, ნახატები).
ხე ცეცხლს აძლიერებს, ამიტომ სასიკეთოა საჩუქრები, რომლებიც მცენარეულ ელემენტებს მოიცავს: ხის ნაკეთობები, ეკოლოგიურად სუფთა ნივთები, ან ცოცხალი მცენარეები ლამაზ ქოთნებში.
ცხენის წელი ასევე ასოცირდება მოძრაობასა და მოგზაურობასთან, ამიტომ ასევე სასურველია სამოგზაურო აქსესუარები, სპორტული ინვენტარი, აბონემენტები ფიტნესზე ან სათავგადასავლო ტურები.
ცხენი ინტელექტისა და კომუნიკაციის სიმბოლოა, ამიტომ შეიძლება ახლობელ ადამიანებს ვაჩუქოთ წიგნები პიროვნულ ზრდაზე, ბილეთები თეატრში ან კონცერტზე, აქსესუარები, რომლებიც თავდაჯერებულობას მატებს (წითელი ან ოქროსფერი სამკაულები). წითელი და ნარინჯისფერი ნივთები (ტანსაცმელი ამ ფერებში), საფულეები ან ჩანთები ცეცხლოვან ტონებში.
ახალი წელი ადამიანთა ფსიქიკაში ახლის საწყისის სიმბოლოა, ამიტომ სასურველია, რომ ამ დროს გქონდეთ მხიარული და დადებითი განწყობა. ხშირად გაიღიმეთ, იცინეთ, ჩაუთქვით და უსურვეთ ახლობელ ადამიანებს კეთილი სურვილები და ახალი 2026 წელი თქვენს ოჯახებში ახალ ენერგიას, წარმატებასა და ბედნიერების განცდას შემოიტანს.
მოამზადა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა
გაზეთი „კვირის პალიტრა“ გილოცავთ დამდეგ 2026 წელს