„ჩვენი ქვეყანა ისე უნდა მოვაწყოთ, რომ სხვაც იყოს შენთან კარგად...“
"ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება" - ილია მეორე. 47 წლის წინ, როდესაც, ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, კრძალავდა რელიგიას. იხურებოდა ეკლესიები, სასულიერო პირებს აძევებდნენ მონასტრებიდან. ადამიანებს, ვისაც ღმერთის სწამდა, ლოცვა მალულად უწევდათ. ილია მეორემ ეტაპობრივად დაიწყო პრობლემების მოგვარება...
დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარი: - ილია მეორემ 1978 წლიდანვე დაიწყო მოგზაურობა საქართველოს ყველა კუთხეში. მე მახსოვს მისი ჩასვლა სოხუმში, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა. ხალხი ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებოდა. ყველა გრძნობდა, რომ ერის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეპოქა. უწმინდესის ავტორიტეტი ნელ-ნელა იზრდებოდა. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალგაზრდების მიმართ. წირვის დასრულების შემდეგ თავისივე ხელით ფურცელზე დაწერილ "მამაო ჩვენოს" არიგებდა. სულ ახალგაზრდებს აცმევდა სტიქარს, მათ შორის, მეც შემომთავაზა და ეს დიდი სიხარული იყო. უწმინდესი მტკიცე და შეუპოვარი იყო ეპარქიების აღორძინებისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საქმეში და არასოდეს არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების ე.წ. რეკომენდაციებს.
მახსოვს, ალავერდობა დღეა და პატრიარქი ტაძარში მიდის, რომ წირვა ჩაატაროს. მთავრობამ უცებ გადაკეტა შლაგბაუმი. უამრავი ხალხი ვართ უკან - მრევლი, სტიქაროსნები... ყველა გადავედით და მოვხსენით ეს შლაგბაუმი. ასე შევიყვანეთ პატრიარქი ტაძარში. მთავრობა ხვდებოდა, რომ მის უკან ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ...
იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი), ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი: - უწმინდესმა ნელ-ნელა დაიწყო ეპარქიების შესწავლა და მოადგა ჯავახეთის მხარესაც. ეს ის პერიოდია, ჯავახეთი სასაზღვრო ზონად რომ ითვლებოდა, რადგნ თურქეთთან ახლოს იყო და ორივე მხარეს ჯარი იდგა. აი, ამ პირობებში, უწმინდესმა გადაწყვიტა ფარავნის ტბაზე ჩამოსულიყო და მოენახულებინა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილი, რომელიც არავის არ ახსოვდა და სრულიად მიტოვებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი იყო, ისე შეამოწმეს, როგორც რიგითი ადამიანი... როცა ეს დანგრეული ტაძარი მოინახულა, ილოცა და დაიწყო ფიქრი, როგორ დაეარსებინა მონასტერი და გაეცოცხლებინა ჯავახეთი. 1988 წელს უწმინდესმა სახლი შეიძინა და დააარსა წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაული, რომელიც პირველად 1989 წლის პირველ ივნისს აღინიშნა. სახლთან ერთად, მაშინდელ მთავრობას სთხოვა მიწის ნაკვეთი ტბასთან, სადაც დაასახლა რამდენიმე მორჩილი, რომლებიც გმირულად უძლებდნენ მკაცრ პირობებს, გასაკუთრებით, ზამთარში. ასე ნელ-ნელა გახსნა პატრიარქმა გზა ჯავახეთისაკენ... არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად დავესწარი წირვას უწმინდესთან ერთად. მას მერე, სანამ შეეძლო, ყოველ პირველ ივნისს მობრძანდებოდა აქ და წირავდა...

მახსენდება 2002 წლის პირველი ივნისი. იმ წელს უამრავი ხალხი ჩამოვიდა ჯავახეთში. ასევე იყვნენ ადგილობრივებიც. მამათა მონასტერში, ზედ ამ ტბასთან გაშლილია ღია ტრაპეზი. დაიწყო მსახურება. ადილობრივი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი არ იქცეოდა კარგად - კენჭებს ისროდნენ ქალბატონებისკენ. ჩამოსული სტუმრებიდან ერთმა ვერ მოითმინა და ატყდა ჩხუბი. დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ერთს თავი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა... უცბად ვხედავთ, მთელი სოფელი ფეხზე დადგა და ჩვენკენ მორბიან. ამ დროს უწმინდესს მიჰყავს მსახურება, რომელიც არ შეუწყვეტია. ეს ადამიანები, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა, შემოიყვანა სტიქაროსნების შუაში და ამ სტიქაროსნებს გარედან სამღვდელობა დაუყენა. უკან ვდგავართ დედები და მრევლი. ამასობაში სოფლის ხალხი მოგვიახლოვდა და ელოდება მსახურების დამთავრებას, რომ დავიშალოთ, მოძებნონ ის ბიჭები და დასაჯონ. უწმინდესმა აუღელვებლად, დინჯად, როგორც სჩვევია ხოლმე, წირვა ჩაატარა, გვაზიარა ყველა და ბოლოს მოგვმართა: მოდი, ახლა გადავინაცვლოთ სახლის ეკლესიაში და იქ ჩავატაროთ პარაკლისიო. აი, როგორც ვიყავით შეკრულები, ზუსტად ისევე დავიძარით. გავიარეთ ამ გაშმაგებულ ხალხში, შევედით ტაძარში და უწმინდესმა გადაიხადა პარაკლისი - ილოცა ხანგრძლივად. ამასობაში წვიმა წამოვიდა, სოფლის ხალხს მოჰბეზრდა გარეთ დგომა, გაბრაზებამაც გადაუარა და მშვიდად გაეცალნენ იქაურობას. მერე ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა ტრაპეზი და უწმინდესმა აქაც გვითხრა, მოდი, ტრაპეზზეც ყველა ერთად წავიდეთო და მართლაც ისე ჩავსხედით მანქანებში და დავიძარით, არაფერი მომხდარა...
მეუფე დანიელი (დათუაშვილი), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი: - 47 წლის წინ უწმინდესმა ჩაიბარა სულიერად ძალიან დამძიმებული საზოგადოება. მისი მოღვაწეობის პირველივე დღიდან გასაგები გახდა, რომ ის ბოლომდე იტვირთავდა ამ ჯვარს. უწმინდესი ზრუნავდა არა მარტო ეკლესია-მონასტერების აღდგენაზე, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. იქნებოდა ეს მეცნიერება, კულტურა, მედიცინა თუ პოლიტიკური პროცესები. ყველგან გამოხატავდა თავის აზრს. მოსახლეობაში გაჩნდა დიდი ნდობა. პირადად მე მასში ვხედავდი დიდ ძალას, მისი იმედით გადავდგი ეს ნაბიჯი და დღემდე ვგრძნობ, რომ ღვთის მსახურის მოვალეობის შესრულებაში პატრიარქი მეხმარება. მისი დახმარების გარეშე ჩემი ერთი დღეც კი ვერ წამომიდგენია. ის შენს შინაგან სამყაროს ხედავს, თანაგიგრძნობს, გეხმარება, ზუსტად იმ რჩევას გაძლევს, რაც გჭირდება და სანამ კითხვას დაუსვამ, მანამდე გპასუხობს. პატრიარქი განიცდის ყველაფერს და თანაუგრძნობს ყველა ადამიანს, არა მარტო იმას, ვინც მასთან ახლოსაა, უცხოსაც. საპატრიარქოში სადილის დროს გვეძახის და გვეუბნება: ჩადით კარიბჭესთან და ნახეთ, ვიღაც უნდა იყოს. მართლაც, იქ მდგომ გაჭირვებულ ადამიანს დააპურებენ დედები, საჩუქარს მისცემენ და ისე ისტუმრებენ. იყო შემთხვევები, როცა უწმინდესი ტრაპეზზეც გვერდით სვამდა ასეთ უცხო ადამიანებს. უწმინდესი ხედავს ყველაფერს, მათ შორის, ჩვენს გულებსაც. არის ჩვენთან და იმავდროულად, არის მუდმივად ღმერთთან. ეს ისეთი ფენომენია, ძნელია აღწერო.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი): - პატრიარქს მაშინ შევხვდი, როდესაც მეუფე იობის რეკომენდაციით, ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. ამის შემდეგ სინოდის სხდომაზე წარმადგინა... უწმინდესისგან იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, ზემო სვანეთი ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია. განსაკუთრებით, იმ დროისთვის. მახსოვს სვეტიცხოველში მისი სიტყვები: შენ მიდიხარ იმ კუთხეში, სადაც ძლიერია ქართული სული, სადაც ძლიერია მართლმადიდებლური სარწმუნოება, შენ მხოლოდ უნდა ასწავლო მათ ეკლესიურობა. ეს რომ ასწავლო, უნდა გქონდეს დიდი თავმდაბლობა, დიდი მორჩილება, დიდი რწმენა, სიყვარული და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეპარქია იქნება ერთ-ერთი სამაგალითო. ისე ახდა ყველაფერი ჩვენს ეპარქიაში და ეს მხოლოდ მისი ლოცვა-კურთხევის შედეგია. დღეს პატრიარქთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, ძირითადად, სინოდალურ შეკრებაზე ვხვდები.

მახსოვს, ჩემი მღვდელმთავრობის პერიოდში, 2013 წლის სექტემბერში, აღდგომის საკათედრო ტაძარი ვაკურთხეთ. ჩვენს პროგრამაში უშგულის მოლოცვაც შედიოდა და ვერტმფრენით უნდა გადავფრენილიყავით, მაგრამ მეორე დღეს ძალიან ცუდი ამინდი გათენდა. საშინლად დამწყდა გული. მაგრამ დილის 7 საათზე გამოიდარა, მოიწმინდა ცა, მზეც გამოვიდა და ძალიან გამიხარდა, ახლა ჩავაბრძანებთ მის უწმინდესობას-მეთქი. მართლაც ერთად გადავფრინდით უშგულის ლამარიის სახელობის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე): +- პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ამ დიდ თარიღს. ნიჭი და წყალობა ღვთისა უწმინდესს არ აკლია, პირიქით, მისგან ვიღებთ დალოცვას და ვუსურვებ, სიმხნევეს, ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ ჩვენი ერის სულიერ წინამძღვრობას! უწმინდესი სულ სხვა სულიერი სიბრტყიდან ხედავს ერის მდგომარეობას და ეს მაჯისცემა ერისა მის გულთან არის, ამიტომაც უყვართ ასე ძალიან. ის არის სახალხო მამა, ერის სულიერი წინამძღვარი. ხშირად მომისმენია საპატრიარქოში მყოფი მამებისა და დედებისაგან, როდის იძინებს ან როდის იღვიძებს ჩვენ არ ვიცითო. გასაოცარია, მიუხედავად მისი ასაკისა, დაავადებისა, როგორი მხნე და როგორი მოშურნეა...
2012 წელია და უწმინდესი მოულოდნელად ჩამობრძანდა ჩვენთან. მთელი ხალხი სახლებიდან, სამსახურებიდან გარეთ გამოვიდა. ბოლნისის სიონის ტაძარი ხომ ვერ იტევდა ხალხს და ეზოც ისე გადაივსო, ხალხი ტროტუარზე გადავიდა... დაგვლოცა მისმა უწმინდესობამ, მოგვეფერა, გვანუგეშა, რჩევები მოგვცა. ის დღე მართლა სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენ იქვე შევიმუშავეთ გეგმა, რომელი ტაძრები უნდა მოელოცა. როდესაც ერთად ვმგზავრობდით, უცებ მეუბნება: ჩვენ უნდა ვნახოთ სოფლები, გლეხებს მინდა შევხვდე. ამას არ ველოდი და მართლაც ორ სოფელში ისე ჩავედით, ადგილობრივებმა არაფერი იცოდნენ. როდესაც დავრეკეთ, რომ შეგვეტყობინებინა, ბევრი არ გამოვიდა. მერე მითხრეს, მეუფე, არ დავიჯერეთ, რომ უწმინდესი მართლა ჩვენს სანახავად მოდიოდაო და ახლა ძალიან ვნანობთ, რომ ამხელა მადლს დავაკლდითო.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა): - პირველად პატრიარქს რომ შევხვდი, მძიმე დრო იყო - აფხაზეთის კონფლიქტი ახალი დაწყებული იყო. მე და ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი, ივნისის დასაწყისში, სანამ შეტაკებები დაიწყებოდა აფხაზეთში, ოპტის უდაბნოში გავემგზავრეთ. სიწმინდის მოლოცვაც გვინდოდა და თან ჩამოყალიბებული სურვილი გვქონდა სამონაზვნო ცხოვრებისა. იქ დავყავით გარკვეული პერიოდი და ზუსტად ამ დროს გავიგეთ, რომ აფხაზეთში დაიწყო ომი. უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდა, გადაკეტილი იყო სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმებული იყო თვითფრინავები და ფაქტობრივად, სოხუმში ვეღარ ჩავიდოდით. მოგვიწია იქ დარჩენამ და როდესაც გვითხრეს, რომ თბილისში შევძლებდით გამგზავრებს, ოპტის უდაბნოს წინამძღვარმა მთხოვა, პატრიარქისთვის და მამა ვიტალისთვის (სიდორენკო) მისგან ნობათი გადამეცა. ეს იყო 1992 წელი, ოქტობრის თვე. უწმინდესი უკვე ახალ რეზიდენციაში იყო გადმოსული. ორნი ვიყავით. მიგვიღო პატრიარქმა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვერკვეოდი, როგორ დიდ პიროვნებასთან მქონდა შეხვედრა. გამოგკვითხა, საიდან ვიყავით, რას ვფიქრობდით სასულიერო თემაზე? მე ვუთხარი, ვფიქრობ, მონასტერში წავიდე-მეთქი. სად ფიქრობო? ოპტის უდაბნოში მინდა-მეთქი (ოპტის მონასტერი მდებარეობს რუსეთშIი, კალუგის გუბერნიაში - ავტ.I). მოკლე პაუზის შემდეგ უწმინდესი მეუბნება, მონასტრები ჩვენთანაც არისო. მე გავუთამამდი და შევეპასუხე, არა უწმინდესო, უკვე გადაწყვეტილი მაქვს იქ წასვლა-მეთქი. კარგი, ღმერთი გამოაჩენსო... მერე უკვე აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა აღარ დამეტოვებინა სოხუმი და სამშობლო.
დღეს ვითარება რთულია საქართველოში. პატრიარქს შესწევს ძალა, ეს ყველაფერი იტვირთოს და პასუხი გასცეს იმ სულიერი სიმშვიდით, რომელიც მას გააჩნია.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია): - 2014 წლის აპრილში გამომიცხადეს, თუ ახალგორიდან გავიდოდი, იქ არასდროს შემიშვებდნენ და გადავწყვიტე ახალგორის მონასტერში დარჩენა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2016 წლის 25 ნოემბერს გამოვედი ახალგორიდან.
დაბომბვის დღიდან ველოდებოდით ნიქოზში მოწინააღმდეგე ჯარის შემოსვლას, მაგრამ 13 აგვისტომდე არავინ გამოჩენილა. როცა შემოვიდნენ, პირისპირ შეფეთებას მოვერიდეთ და ორი დღე ხეხილის ბაღს ვაფარებდით თავს. იმ დღეებში დიდი ხნის წინ წასაკითხად გადადებულ სქელტანიან წიგნს დავავლე ხელი და ხან რომელი ხის და ხან რომელი ბუჩქის ძირას თითქმის ბოლომდე წავიკითხე. დარჩენილი ნაწილი დღემდე წაუკითხავი მაქვს. სუსტი გულით არ გამოვირჩევი, მაგრამ მახსოვს, ორჯერ ამ დაუმთავრებელი დაბომბვის გამო გული შემიღონდა. ნაღმსატყორცნით სახურავს ესროლეს ერთი ბომბი, ასცდა და ბაღში ჩამოვარდა. მეორე პირდაპირ ტაძარს ესროლეს, მესამე ოთახს მოხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, იმ დროს იქ არავინ იყო. ეს იყო 7-8 აგვისტოს, 9-შიც გაგრძელდა. ბომბი ჩემს მანქანასა და შესასვლელს შორის კიბესთან ჩამოვარდა. დაცხრილული იყო მანქანა, საბურავები, მინები ჩამსხვრეული, შესასვლელი კარი მთლიანად მოწყვეტილი. 10 აგვისტოს ნიქოზში ქართული ჯარი აღარ იყო, 11-ში დილით კი თვითმფრინავმა დაგვბომბა და სასწაულებრივად გადავრჩით. სოფელი სავალალო მდგომარეობაში იყო, მხოლოდ უძლური მოხუცები იყვნენ დარჩენილი. ახალგორში ჩვენებს შევეხმიანე, რომ ჩამოსულიყვნენ და როგორმე ცოტა დაგველაგებინა ის, რასაც შევძლებდით. ამასობაში რუსის არმიაც შემოვიდა - 13-ში. 15 აგვისტოს მეუფე ანდრია ამოვიდა ჩვენთან რუსი კაპიტნის თანხლებით, სხვაგვარად შეუძლებელი იყო მაშინ გადაადგილება. მეუფეს ვუთხარი, ხვალ, 16 აგვისტოს, წმინდა რაჟდენის ხსნების დღეა (ნიქოზშია დაკრძალული) და თუ ოდესმე არ უნდა მივდიოდე ნიქოზიდან, ალბათ, დღეს-მეთქი. ასე გადავწყვიტე დარჩენა. მეუფეს გამოვემშვიდობეთ და როცა მარტო დავრჩით, დავიწყეთ მსჯელობა, საიდან რა დაგვეწყო. უცებ ატყდა სამეუფეო ზარების რეკვა. გარეთ რომ გავიხედეთ, მონასტრის ეზოში მისი უწმინდესობა იდგა. იცით, ეს რა იყო? ძალიან დიდი უამინდობის მერე დიდი მზის გამონათება. ის შეგრძნება დღემდე მომყვება... მასთან ერთად მოვილოცეთ ტაძარი და შემდეგ დავსხედით სასაუბროდ. მაშინ მისმა უწმინდესობამ მითხრა: ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვაბარია და ამაზეა დამოკიდებული, როგორ მოვაწყობთ, როგორი სასურველი გახდება ის არათუ სხვისთვის, არამედ საკუთარი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყანა ისე უნდა მოვაწყოთ, სხვაც იყოს შენთან კარგადო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. მინდა საჯაროდ მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის მიმართ და ხმამაღლა ვთქვა: მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ეს პატრიარქის განუწყვეტელი ლოცვის დამსახურებაა, რომელიც დღესაც თავის ქვეყანას და ერს ღვთისმშობელს ავედრებს! მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ჩვენო დიდო მამა!
რუსუდან შაიშმელაშვილი