„ქალბატონო მედეა, ქალებს რაც გიყვართ, ეგ ქათამს არ აქვს...“ - ანუ თბილისური საახალწლო ამბები - კვირის პალიტრა

„ქალბატონო მედეა, ქალებს რაც გიყვართ, ეგ ქათამს არ აქვს...“ - ანუ თბილისური საახალწლო ამბები

თბილისურ კულტურაზე საუბრისას­ ხშირად ვამბობთ ფრაზას­: "თბილისი იყო ურთიერთობა" და ეს ინტერვიუც ამის დასტურია. რუსა შენგელიამ წლების წინ სოცქსელში ამ დასახელების გვერდი შექმნა­ და ჩვენი ქალაქის მემატიანედ აქცია.

"დღევანდელ ახალგაზრდებს ეს გაუკვირდებათ და..."

- ძველ თბილისში ტრადიცია იყო 12 საათს ყველა საკუთარ სახლში უნდა შეხვედროდა, შემდეგ იწყებოდა მისვლა-მოსვლა, ნობათების გაცვლა, მაშინ მეზობლებს შორის მეტი ურთიერთობა იყო, სახლის კარი არ იკეტებოდა. გოზინაყს, საცივსა და საახალწლო კერძებს თბილისელები შინ ამზადებდნენ, ეს ცალკე რიტუალი იყო, ისევე როგორც ბაზარში სავაჭროდ წასვლა. დიასახლისებს ღამეები არ ეძინათ, მაგრამ ეს ფუსფუსი სავსე იყო დიდი სიახარულით.

თბილისური სამეზობლოს ახალი წელი საოცრება იყო. ერთმანეთთან მეკვლეებად შესვლა რომ მორჩებოდა, მერე საერთო სუფრას შლიდნენ, ყველას თავისი მომზადებული კერძი მიჰქონდა, სუფრასთან ღვინო "ოციანით" იდგა. ახალ წელს თბილისი ხვდებოდა ურთიერთობით, დიდი სიყვარულით, ქალაქური ჩახუტებით.

დღევანდელ ახალგაზრდობას როგორც არ უნდა გაუკვირდეს, დეკემბრის ბოლოს თბილისში ყოველთვის თოვლი მოდიოდა და მამებს ბავშვები მთაწმინდაზე ავყავდით.

საყოველთაო საახალწლო ჟრიამული ქალაქის ქუჩებში 25 დეკემბრიდან იწყებოდა. ქართველი ნაბდიანი თოვლის ბაბუები გვყავდა, მათთან ფოტოგრაფები ფოტოებს გვიღებდნენ. თოვლის ბაბუების ნახვა შეიძლებოდა უნივერსიტეტის, გეპეის, დღევანდელი ილიაუნის ეზოებში, სპორტის სასახლესთან... დასკვნითი დღესასწაული ცირკში ტარდებოდა. ბავშვებს სასაჩუქრე კალათებს გვირიგებდნენ, რომელშიც მანდარინი, ჩურჩხელა, შოკოლადის ოქროსფერი მონეტები და "დათუნია" იდო. საოცარი იცით რა იყო, შინ უკეთესი ტკბილეული გვქონდა, მაგრამ იმ კალათის ნუგბარზე გემრიელი არაფერი იყო, ისე ვიზოგავდით, თითქოს დღესასწაულს ვიხანგრძლივებდით. ახლა იმ ჩურჩხელის გემოც კი გამახსენდა.

ნაძვის ხის მორთვასაც თავისებური სიხარული ახლდა. დღეს შეიძლება ოჯახის ერთმა წევრმა მორთოს, მაშინ ამ რიტულში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა.

იტალიურ ეზოებში მთელი მოსახლეობა ეზოში გამოდიოდა და ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ. ყველა ეზოში იყო დიდი მაგიდა, სადაც საერთო სუფრას შლიდნენ და მხიარულება დილამდე გრძელდებოდა. ზამთრის ცივ დღეებში ადამიანები ერთმანეთს ურთიერთობებით ათბობდნენ.

1-1766348051.jpg

სახალისო ამბები ბუმბერაზთა ცხოვრებიდან...

- სოციალურ ქსელში გვერდი "თბილისი იყო ურთიერთობა" 2012 წელს გავაკეთე, 4 წელი სულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი, ვეცნობოდი თბილსურ ამბებს, ძველ გაზეთებში ვნახულობდი ინტერვიუებს­ და ა.შ. ბევრ საინტერესო მასალას მოვუყარე თავი და იმედია, ვინმეს გამოადგება, მოხარული ვიქნები თუ დასჭირდებათ. თქვენთან კი რამდენიმე საახალწლო ამბავს­ გავიხსენებ.

ჩვენს დიდებულ რამაზ ჩხიკვაძესთან ოჯახში საახალწლო სუფრასთან ნოდარ დუმბაძე, მედეა ჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე, მათი თაობის გამორჩეული ადამიანები ყოფილან შეკრებილი. როგორი დროს ტარება ექნებოდათ, ადვილი წარმოსადგენია. სუფრაზე მედიკოს წინ საცივის თეფში მდგარა, თურმე ქალბატონ მედიკოს კოვზი უჭირავს ხელში და ამ საცივს ურევს, ურევს, ურევს... ნოდარ დუმბაძეს საცივის გადაღება უნდოდა, მაგრამ ჯერ მორიდებია მედიკოსთვის რამე ეთქვა, ბოლოს გათამამებულა და ჩვეული გურული იუმორით უთქვამს, ქალბატონო მედეა, ქალებს რაც გიყვართ, ეგ ქათამს არ აქვსო. მის ამ რეპლიკას სუფრასთან ხარხარი მოჰყოლია...

ერთ-ერთ ახალ წელს დოდო აბაშიძეს, ეროსი მანჯგალაძეს და ჯემალ ღაღანიძეს 31 დეკემბერს ვორონცოვზე მოუწიათ ქეიფმა. სამივე ეშხში ისე ყოფილა შესული, საათისთვის რომ დაუხედავთ, ახალი წლის მოსვლამდე, რამდენიმე წუთიღა ყოფილა დარჩენილი. შინ მისვლას ვერ ასწრებდნენ, მაშინ ტაქსები ასე ხშირად არ დადიოდა. ეროსის უთქვამს, ბოლოს და ბოლოს თბილისია, ვინმეს მივუკაკუნოთ ფანჯარაზე, იქნებ შეგვიპატიჟონ და ახალი წელი გაგვატარებინონო. ერთი სახლის ფანჯარაზე დაუკაკუნებიათ. ვიღაც კაცს გამოუხედავს და თვალები შუბლზე ასვლია. წარმოიდგინეთ, სამი ბუმბერაზი მსახიობი დგას ფანჯარასთან ახალი წლის დადგომამდე 10 წუთით ადრე და გეუბნება, თუ შეიძლება ახალ წელს შენს ოჯახში შევხვდებითო. იმ კაცს დაბნეულობისგან შოკი მიუღია და სიტყვა ვერ მოუბრუნებია. არტისტები მისი დაბნეულობის მიზეზს მიმხვდარან. ე, ბიჭო, გააღე კარი თუ გვიშვებ, რას დაიბენიო? მასპინძელიც აზრზე მოსულა, სტუმრები შინ სიხარულით შეუპატიჟებია და იმ ღამეს ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში დიდი მხიარულება ყოფილა.

4-1766348051.jpg

სამსახიობო წრე მხოლოდ ახალ წელს კი არა, ისედაც ხშირად იკრიბებოდნენ, სულ ერთად იყვნენ, ხან სესილია თაყაიშვილთან, ხან ეროსი მანჯგალაძესთან, სოფიკო ჭიაურელი ხომ მასპინძლობით გამორჩეული ადამიანი იყო.

ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილის ურთიერთობის შესახებ ერთ ამბავს გავიხსენებ. საბჭოთა კავშირის ძლიერების პერიოდში, ანეკდოტის მოყოლა მთავრობის წევრებზე აკრძალული იყო, დაგხვრეტდნენ, უკეთეს შემთხვევაში გაგაციმბირებდნენ. შავ პალტოებში გამოწყობილი თანამშრომლები ხალხში დადიოდნენ, "ვარონკები" ერქვათ, და რეჟიმზე ვინმეს აუგი თუ წამოსცდებოდა, ყველას იჭერდნენ. ერთ დღეს ვერიკო და სესიალია სხვა მსახიობებთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრში გენერალურ რეპეტიციაზე ყოფილან. შესვენებაზე სესილიას აკრძალულ თემაზე ანეკდოტი მოუყოლია. ამბავი შესაბამის ორგანომდე ელვის სისწრაფით მისულა. 10 წუთში 4 შავპალტოიანი კაცი თეატრში მიმდინარე რეპეტიციაზე შესულა და უკითხვთ, აქ ანეკდოტს ვინ მოჰყვაო? მსახიობები სცენაზე გაშეშებულან, სესილიას ფერი დაჰკარგვია, ამ დროს ვერიკო გამოსულა და უთქვამს, მე მოვყევიო. ვერიკოს ხელს ვერავინ ახლებდა, მის ზურგს უკან ხომ მიხეილ ჭიაურელი იდგა. ეს ამბავი ქალაქში გავრცელებულა. ვერიკოსთვის უკითხავთ, ასე რატომ გააკეთეო? სესილიას სახით საქართველოს იმდენად დიდი გენიოსი ჰყავს, მას ვერაფრით გავწირავდიო. ასეთი დიდსულოვნება ხომ ძალიან დასაფასებელია. უცნობია, შემდეგ რა დიალოგი იყო სესილიასა და ვერიკოს შორის... ორივე გენიოსი იყო.

1212-1766348051.jpg

ახალი წელი რომ მოდიოდა, სად უნდა შეკრებილიყვნენ ბარნოვის 124-ელები თუ არა სესილიასთან? მისი მეკვლე ყოველთვის გიორგი გიგოლაშვილი იყო. სესილია ყველას აფრთხილებდა, ჩემთან თუ მოდიხართ, ან 12 საათამდე მოდით, ან დაელოდეთ, ჯერ გოგი შემოვიდესო. ზარის ხმაზე კარისკენ აღელვებული გარბოდა - სხვა თუ ხარ, ჯერ არ შემოხვიდე, არ გადამრიოო. შემოაბიჯებდა სახლში გოგი და სესილიაც შვებით ამოისუნთქავდა, ახლა ვინც გინდა შემოვიდეს, აღარ ვდარდობო...

ერთ ამბავსაც გავიხსენებ, საახალწლო არ არის, მაგრამ სახალისოა. მიხეილ თუმანიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე და რამდენიმე ქალბატონი რუსეთში მატარებლით მიდიან. როსტოვის სადგური უნდა გაიარონ, რომელიც ცნობილი იყო როსტოველი ქურდებით. თურმე ამ სადგურში შესვლისას, ყველა მგზავრი იღვიძებდა, რომ არ გაექურდათ. ქართველ მსახიობებს საერთო ფული 3.000 მანეთამდე ჰქონიათ, წინასწარ შეგროვებული, რომელიც რამაზ ჩხიკვაძისთვის, როგორც გამოცდილი ადამიანისთვის, უნდა მიებარებინათ, მაგრამ საღარაძეს გაუპროტესტებია, რამაზს რატომ, ახლა მე ჩავიბარებო. მოკლედ, ეს თანხა გურამს მიუბარებია. როსტოვის ამ ცნობილ სადგურში შესვლისას, ბატონ გურამს მკერდგადაღეღილს ჩასძინებია. რამაზს მიშასთვის უთქვამს, შენ არ გამამხილო, ახლა ამას "შტუკა" უნდა გავუკეთოო. თურმე ე.წ. ბულავკით მიმაგრებული ფულიანი პარკი მოხსნა და ის ბულავკა ისევ პიჯაკზე მიუმაგრა. მატარებელი სადგურს გასცდა, გურამმაც გაიღვიძა და მეგობრებს ეკითხება, აბა, როგორა ხართ? რამაზს ჩაულაპარაკია, რაღა როგორ ვართ, კაცო, ყველანი გაგვქურდესო. მეტი დრამატიზებისთვის ფეხსაცმელი გაუხდია და ჩუსტები ჩაუცვამს, აგერ ამხელა კაცმა მოსკოვში ასე ჩუსტით უნდა ვიაროო. გურამს გაახსენდა, ფული რომ ჰქონდა მიბარებული, გულის ჯიბეზე ხელი მოუსვია და რომ ვეღარ უპოვია - ვაიმე! ვაიმე! ვაიმე! რას ამბობ კაცო, აბა, ახლა რაღა უნდა ვქნათო? თურმე ისე ნერვიულობს, ლამის გადაყირავდეს კაცი. მიშას ვეღარ მოუთმენია და რამაზისთვის უთქვამს, მიეცი, ბიჭო, ფული, ხომ ხედავ, კაცი ლამისაა გაგიჟდესო. რამაზ ჩხიკვაძე ჰყვებოდა, ამ ამბის შემდეგ გურამი ძლივს შემოვირიგეო...

ამ ქალაქში კოლორიტებად არ იბადებიან, კოლორიტები ხდებიან, დიდი ხნის გარდაცვლილია ნიაზ დიასამიძე, მაგრამ მისი სახელი თბილისს დღესაც ათბობს თავისი მოგონებებით, ენამოსწრებული სიტყვა-პასუხით, საოცარი მეგობრობით. ასევეა ეროსი მანჯგალაძე, ადამიანი, ვისაც უბის წიგნაკით დაჰქონდა ჩამოწერილი გვარ-სახელები და პლუსებით აღნიშნავდა უკვე გაკეთებულ სიკეთეს - ზოგს ტელევიზორი სჭირდებოდა, ზოგს ტელეფონის სახლში დადგმა, რაც მაშიIნ დიდი პრობლემა იყო და ამაში გამოჩენილი ადამიანები ხალხს უანგაროდ ეხმარებოდნენ.

თამუნა კვინიკაძე