პლასტიკურ ოპერაციებს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს?! - კვირის პალიტრა

პლასტიკურ ოპერაციებს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს?!

ესთეტიკურ მედიცინაში 2026 წელი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური იქნება. ეს სფერო იმდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, რომ მომავალ წელს სილამაზის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობას წინასწარმეტყველებენ. 2026 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი და 3D ვიზუალიზაცია ესთეტიკურ მედიცინაში კონსულტაციისა და მკურნალობის დაგეგმვის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. AI-ზე დაფუძნებული ანალიზი საშუალებას იძლევა კანის მდგომარეობა შეფასდეს უფრო ზუსტად - ნაოჭები, პიგმენტაცია, ელასტიკურობა და კანის ბიოლოგიური ასაკი განისაზღვრება­ ობიექტური მონაცემების საფუძველზე. ეს ამარტივებს დიაგნოსტიკას და ზრდის მკურნალობის სიზუსტეს. პერსონალიზებული სამკურნალო გეგმები იქმნება პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების, ცხოვრების სტილისა და წარსული პროცედურების გათვალისწინებით, რაც შედეგებს უფრო ეფექტურსა და უსაფრთხოს ხდის. 3D ვიზუალიზაცია პაციენტს აძლევს შესაძლებლობას პროცედურამდე დაინახოს მოსალოდნელი შედეგი. ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობაზე ესთეტიკურ მედიცინაში და მის როლზე ესთეტიკოსი სოფიო თოიძე მოგვითხრობს.

AI და 3D ტექნოლოგიები

ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში 2025 წელი ორიენტირებული იყო მინი­მალიზმსა­ და ბუნებრივ, უსაფრთხო პროცედურებზე. ძირითადი ტენდენციები ნაკლები აგრესია და გონივრული მიდგომა იყო. ყველა პროდუქცია იყო სუფთა და ჰიპოალერგიული. 2026 წელი კი იქნება გენების აქტივაციის, ნეიროესთეტიკისა და "ხანგრძლივი სილამაზის" წელი. ნეიროესთეტიკა სწავლობს,­ თუ როგორ აღიქვამს ტვინი სილამაზეს, რაც გახდება პერსონალიზებული, AI-სა და ტვინის რეაქციების ანალიზზე დაფუძნებული მკურნალობისა და კანის მოვლის საფუძველი. კანი თავად აირჩევს, რა სჭირდება - დავუშვათ, უჯრედული რეგენერაციის სტიმულირება, რაც დაბერების შენელებას გულისხმობს. ახალი ტექნოლოგიები მოიცავს­ ინდივიდუალური რუკის შექმნას კანისთვის, პროცედურებს სტრესის კონტროლისთვის. ანუ 2026 წელს სილამაზე ხდება პროგნოზირებადი და უფრო პერსონალური. თუ 2025 წელს აქტუალური იყო ბუნებრივი მიდგომა, 2026-ში იქნება ბუნებრივი და ბიოინტელექტუალური. თუ 2025 წელს აქტიურად იყენებდნენ­ პეპტიდებს (ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის რეგენერაციასა და დაბერების კონტროლში), 2026-ში გაჩნდებიან გენაქტივატორები. თუ 2025 წელს იყო ღF-ლიფტინგი (არაქირურგიული, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც იყენებს რადიოტალღურ ენერგიას კანის ლიფტინგის ეფექტის მისაღებად), 2026 წელს იქნება ნეიროლიფტინგი - თანამედროვე ესთეტიკური კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ნეირომეცნიერებას, ესთეტიკურ მედიცინასა და სმარტტექნოლოგიებს. 2026 არის წელი, როდესაც­ კოსმეტოლოგია აღარ არის მხოლოდ პროცედურა - ეს არის ტვინის, კანის, გენეტიკის, ტექნოლოგიის ერთობა. 2026 წელი არის ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში ახალი­ ერა - ყველა პროცედურა იქნება­ "ჭკვიანი",­ ანუ ხელოვნური ინტელექტი "კითხულობს" კანს, ახდენს გენების აღდგენის სტიმულაციას, 3D ვიზუალიზაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას, პროცედურამდე დავინახოთ მოსალოდნელი შედეგი, რაც ტვინს აძლევს საშუალებას წინასწარ აღიქვას სილამაზე და გამორიცხოს მოულოდნელობით გამოწვეული სტრესი...

ჯანმრთელი იერის წელი

დაემშვიდობეთ ფილერს და აირჩიეთ ის პროცედურები, რომლებიც თქვენს ბუნებრიობას გამოკვეთენ - ეს არის 2026 წლის მოდური ტენდენტია ინვაზიურ კოსმეტოლოგიაში. კონკრეტულად რომელი პროცედურები იქნება ყველაზე პოპულარული? - ექიმი-კოსმეტოლოგი ენრიკე სიმონიანი­ "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც 2026 წელს იქნება ტრენდული.

- 2025 წელს ტრენდული და შეუცვლელი პროცედურა ბოტულინოთერაპია იყო, რაც მიმიკური ნაოჭებისთვის მართლაც იდეალურია. ეს არის უსაფრთხო და შედეგიანი­ პროცედურა, თუმცა 2025 წელს ბუმი მოახდინა ეგზოსომებმა და კოლაგენო­სტიმულაციამ, ასევე პოლირძემჟავის პროცედურამაც. ეგზოსომები არის ღეროვანი უჯრედების პროცედურა, რომელიც კოლაგენის და ელასტინის მეტად წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აქამდე არსებული სხვა პროცედურები. პოლირძემჟავა არის კოლაგენის სტიმულატორი. ამჟამად კოლაგენოსტიმულატორების ბუმია, რომელიც მონოძაფებით კეთდება - გაწოვადი ძაფები კანში შესვლის შემდეგ ქმნიან კოლაგენის კარკასს და ხდება სახის ლიფტინგი.

აღარ არის ტრენდული ფილერებით სახის მოცულობის შევსება. აღარავის უნდა დიდი ტუჩი, ყველა ითხოვს ბუნებრივთან მიახლოებულ მოცულობას. ფილერების შედეგად ყველა ქალი ერთმანეთს დაემსგავსა და თანდათან მოდური ხდება ბუნებრივი სახე, რომელიც არ არის ფილერისგან დასივებული. გარდა ვიზუალური მხარისა, ამას ემატება გართულებები პრეპარატების ზედოზირებისგან. ის, ვინც ადრე პროცედურებზე უარს ვერ ამბობდა, თანდათან შეჩერდა და ბუნებრიობისკენ წავიდა. ასე რომ, 2026 წელი არის ბუნებრივი სილამაზისა და ჯანმრთელი იერის წელი.