„თეატრალურიდან 12-ჯერ გამრიცხეს“ - კვირის პალიტრა

„თეატრალურიდან 12-ჯერ გამრიცხეს“

"ჩემს პიროვნულ განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბებია-ბაბუამ. ჩემი კულტურის, წესებისა და ტრადიციების პატივისცემა მათ ჩამინერგეს, მაგრამ დღეს რამეს თუ წარმოვადგენ ჩემს პროფესიაში, ეს დათო კობახიძის დამსახურებაა", - ამბობს მსახიობი, მესტიის კულტურისა­ და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გეგი ფალიანი და თავისი ცხოვრების დაუვიწყარ ამბებს იხსენებს.

დათო კობახიძე - ნამდვილი პედაგოგის სახე

- იმ წელს თეატრალურში რომ ვაბარებდი, დეკანი დათო კობახიძე გახლდათ. დიდი კონკურენცია იყო, უფასოზე რომ მოვხვედრილიყავი. ერთი ქულა დამაკლდა, მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნით - ეს ბიჭი აუცილებლად მჭირდებაო, მაინც ამიყვანეს. შემდეგ ჩემი პედაგოგი იყო.

მოგეხსენებათ, 90-იან წლებში როგორი­ ამბები იყო - საძმოები, საქმის გარჩევა, ჯახი, დაჯგუფებები... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, უაზრო შარებს ვიკიდებდი, რის გამოც თეატრალურიდან რამდენჯერაც­ გამრიცხეს, იმდენჯერ დათო კობახიძის თხოვნით აღმადგინეს. სულ თავდებში მედგა, ძალიან მმფარველობდა, ბიძასავით იყო. დღეს ცხოვრებაში რამეს თუ წარმოვადგენ და ჩემი კუთხისთვის რამეს ვაკეთებ, ეს მისი დამსახურებაა. პედაგოგის მოვალეობა მხოლოდ სტუდენტისთვის საგნის სწავლება ხომ არ არის? დათო კობახიძე საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პედაგოგი! მეუბნებოდა, შენგან შეიძლება კარგი კაცი, კარგი არტისტი დადგეს, დამიჯერე, გამომყევიო. ვუჯერებდი, მაგრამ საიდანღაც ისე ამეკიდებოდა შარი, რომ... ჩხუბი, ძირითადად, თეატრალურის სტუდენტების დაცვის გამო მიწევდა, მერე ვხვდებოდი პოლიციაში, პოლიციიდან ინსტიტუტში წერილს გზავნიდნენ და მრიცხავდნენ...

2 წელია, რაც დათო კობახიძე გარდაიცვალა, როგორც შემეძლო პატივი მივაგე, დღემდე ვეფერები და მის სულს ყოველთვის ვიხსენიებ... ბოლოს ჩემით ძალიან ამაყობდა. მის სტუდენტებს, რომლებსაც ჩემ შემდეგ ასწავლიდა, რომ ვხვდები, მეუბნებიან, ყოველი რეპეტიცია შენი ხსენებით იწყებოდაო. მან ჩემ შესახებ ყველაფერი­ იცოდა, ობლობაში გაზრდილი ბიჭი ვიყავი, სვანეთიდან ჩამოსული, თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი. თავადაც გაჭირვებულ ცხოვრებაგამოვლილი კაცი იყო. თეატრალურის დასრულების შემდეგ თბილისში ჩასვლისას ყოველთვის მოვინახულებდი,­ თითო ჭიქასაც დავლევდით, მას ჩემთან დაკავშირებული იმდენი ამბავი ახსოვდა, ზოგიერთი თავად დავიწყებული მქონდა. ერთხელ რაღაც ამბავი გაიხსენა და ვუთხარი, ახლა მაგას იგონებთ-მეთქი. ბლოკნოტი მომცა, აქ წერია, ჩაიხედეო. თურმე ასეთ ამბებს იწერდა. ერთხელ დაბადების დღის მისალოცად რამდენიმე სტუდენტი მივედით, მაშინ მითხრა, იცი, რამდენჯერ ხარ თეატრალურიდან გარიცხულიო? როგორ არ ვიცი, 3-4-ჯერ გამრიცხეს-მეთქი. ისევ ბლოკნოტი მოიტანა და აღმოჩნდა, რომ თეატრალურიდან 12-ჯერ ვყოფილვარ გარიცხული.

gegi-1766350171.jpg

"ლიფაანალ"

- გუშინდელი დღესავით მახსოვს ამბები ჩემი ბავშვობიდან. მაშინ ნანახი და განცდილი ჩემს გულში, გონებაში, სისხლშია ჩარჩენილი. ვაგრძელებ წინაპრების ტრადიციებს და ვცდილობ ყველა რიტუალი ისე ჩავატარო, როგორც ჩემი ბებია-ბაბუა აკეთებდა. ახლა გიამბობთ სულების მასპინძლობის 1-კვირიან რიტუალზე, რომელსაც "ლიფაანალ" ჰქვია.

სვანეთში ერთი კვირა ჩვენი გარდაცვ­ლილი ახლობლების სულებთან ერთად­ ვცხოვრობთ. ეს დღესასწაული აღდგომის მარხვის დაწყების წინა კვირას აღინიშნება. ბებიას სახლში არც ერთი წერტილი დაუსუფთავებელი არ რჩებოდა. სანამ სუფრას გაშლიდნენ, შინ აუცილებლად ჩამოქნიდნენ სანთლებს, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში უნდა ჩამწვარიყო. ერთ სანთელს რამდენჯერმე ანთებდნენ და აქრობდნენ. აუცილებლად ამზადებდნენ სვანურ კერძებს. სულების პატივსაცემად ყველს ხარშავდნენ (კაარზი ჰქვია), წელავდნენ და მთლიან­ სუფრაზე აფარებდნენ. შემდეგ სანთლებს ანთებდნენ. სუფრაზე აუცილებლად იყო სვანური არაყი. დანას, კოვზს და რკინის არანაირ ნაკეთობას არ დებდნენ. ამბობდნენ, სულებს რკინის ეშინიათო.

მახსოვს, ბაბუა როგორ იწყებდა გარდაცვლილთა სახელების ჩამოთვლას, ყველას ახსენდება. კაცები აუცილებლად ფეხზე დგებოდნენ, ქალები და ბავშვები ჩაცუცქულები უნდა ყოფილიყვნენ, ბებიაც თავისებურად ბუტბუტებდა, ხელში ჭიქა ეჭირა.

შემდეგ ბაბუა ალავერდს სიმბოლურად ჩემთან გადმოდიოდა. გვერდით დამიყენებდა და მასწავლიდა, როგორ უნდა მესაუბრა. სულები რომ მობრძანდებოდნენ, მათ კარი აუცილებლად ღია უნდა დახვედროდათ... ერთი კვირის შემდეგ, შაბათ დღეს, იმ მამაკაცების სულები, რომლებიც ჯანმრთელები დაიღუპნენ, ლალხორში უფალთან­ შეკრებაზე მიდიან, სადაც თითქოს ყველა ოჯახის მომავალი წელი იგეგმება. იქ უფალს შესთხოვენ გვაშოროს უბედურება, მოგვმადლოს სიხარული, სიმრავლე, ძეობა, სიკეთე... იმ დღეს, როდესაც "ჯანმრთელი სულები" ლალხორში მიდიან, შინ რჩებიან მოხუცების, ბავშვების, უძლურებაში გარდაცვლილების სულები... საღამოს ყველანი მოგუზგუზე ღუმელთან ვიკრიბებოდით და ბებია გვთხოვდა მოგვეყოლა ზღაპრები, გვემღერა, გვეცეკვა, რომ სტუმარი სულები გაგვემხიარულებინა. გარდაცვლილი ბავშვების სულებისთვის ცალკე რძეს დგამდნენ, მათ შესანდობარს არა არყით, არამედ რძით ამბობდნენ.

გვჯეროდა, რომ ეს მართლაც ასე იყო, მრავალშვილიანი ოჯახი ვიყავით, მაგრამ იმ დღეებში კამათი, ბავშვებს შორის ჩხუბი გამორიცხული იყო. ოჯახებში 6-ის ნახევარზე დგებოდნენ და იმ სულებს აუცილებლად ახვედრებდნენ ცხელ ფაფას - ლალხორში უფალთან შესახვედრად წასული სულები ოჯახებში მეორე დღეს უთენია ბრუნდებიან, გათოშილები იქნებიან და გათბებიანო. ერთი კვირის განმავლობაშIი სუფრა ყოველ დილას და საღამოს ახლდებოდა, ერთი ახალი კერძი მაინც ემატებოდა, არ იყო სავალდებულო აუცილებლად სვანური კერძი ყოფილიყო.

- ახლა ამ რიტუალს კვლავ ატარებთ?

- რა თქმა უნდა. ჩემი მეუღლეც ძალიან სერიოზულად მოეკიდა - მარიამი თბილისში დაბადებული და გაზრდილი სვანია. ტრადიციული სვანური ოჯახები ამ რიტუალს თბილისშიც ატარებენ.

კვირის ბოლო დღეს ხდება სულების გაცილება. ლანგარზე ვდებთ ტკბილეულს, ღვინოს და არაყს, ბავშვებისთვის რძეს, ლოცვას ჯერ შინ წარმოვთქვამ, შემდეგ შინიდან გამოვდივარ და ჭიშკრისკენ მივდივარ, უკან სულები მომყვებიან და ასე ვაცილებ...

ისეთი ლიფაანალი არ მახსენდება, იმ დილით არ ჩამოეთოვოს. საოცარია, მაინცდამაინც სულების გაცილების დროს თოვა რატომ ემთხვევა? გადმოცემის თანახმად, ადრინდელ დროში მიცვალებულების სულები ხილულები იყვნენ, მაგრამ ერთხელ შვილგარდაცვლილ დედას სულების გაცილებისას თავი ვერ შეუკავებია, შვილს ფეხებზე მოხვევია, არ უშვებდაო. ამბობენ, იმ დღის შემდეგ მსგავსი რამ კიდევ რომ არ განმეორებულიყო, უფალმა სულები უხილავი გახადაო. მაშინ, როცა ხილულები იყვნენ, ოჯახებიდან გაცილების შემდეგ სულები თოვლზე ყოველთვის ნაკვალევს ტოვებდნენო. მე ამის მჯერა.

სტუდენტობის წლებში თბილისიდან სვანეთში რომ ვბრუნდებოდი, სულ ვცდილობდი უფროსებთან მქონოდა ურთიერთობა. შეკითხვებს ვუსვამდი, ყოველთვის რაღაცნაირი აურითა და დიდი სიბრძნით გამოირჩეოდნენ. მახვშები მაგარი კაცები იყვენ.

"თეატრალური სარდაფის" 10-წლიანი სიგიჟე

- ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი წლებია, ახალგაზრდული სიგიჟეებით, მიზანდასახულობით, უდიდესი სითბოთი გამორჩეული. სულ მახსენდებიან ჭოლა, კაბუ, დუტა, ზუკა პაპუაშვილი... ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.

ძველად სვანეთში ოჯახში 30-40 ან 70 სულიც კი შეიძლება ყოფილიყო, რომ მრავლდებოდნენ, ვეღარ ეტეოდნენ და ახალ კოშკს აშენებდნენ.

სულ ვამბობდი, ერთ მაჩუბში (სვანური სახლი) გაზრდილი ბიჭები და გოგოები ვართ-მეთქი. ერთმანეთით ვსუნთქავდით, ერთმანეთის გვტკიოდა, ტკივილებსაც ერთად ვაყუჩებდით, თანადგომას საოცარი ძალა აქვს. ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით. ყველა ჩვენთან იყო: ხელოვანი, მამაძაღლი, ქურდი, პროფესორი, ძველი ბიჭი, პოლიციელი...

სვანური ახალი წელი

- სვანეთში განსაკუთრებულად ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. ოჯახში სუფრა 14 იანვარს დილიდან იშლება, მეკვლემ ბარაქის და ხვავის სიმბოლოდ ხორბალსა და ტკბილეულთან ერთად ოჯახში აუცილებლად ფული უნდა მიიტანოს, უნდა დაილოცოს.

ჩემი ბავშვობის ახალი წლები არასდროს დამავიწყდება, ყოველთვის მეკვლედ მივდიოდი, წინაღამეს დედაჩემი რეპეტიციას გამატარებდა, ოჯახში შესული როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ბავშვობაში მოფერებით "დეუკას" მეძახდნენ, დევი ბიჭი ხარო, ამბობდნენ, დევებს კარგი ფეხი აქვთო. წესით, ერთი ოჯახის მეკვლე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ოთხ ოჯახში მიწევდა მისვლა. პატარა ბიჭი ეშმაკობებს მივმართავდი. წინასწარ მანეთიანებს ვაგროვებდი, სადაც მივდიოდი, დათვლილი მქონდა, იმ ოჯახში რამდენი უფროსი იყო, გემრიელად დავილოცებოდი, ყველას მივეფერებოდი, შემდეგ სათითაოდ ჩამოვუვლიდი, ბაბუიდან ვიწყებდი, მას რომ მანეთიანს ვაძლევდი, სულ ცოტა, სამმანეთიანს მაინც მიბრუნებდა. ზოგიერთთან უფრო მეტს მჩუქნიდნენ და ახალ წელს 400-500 მანეთს ვაგროვებდი, მერე იმ თანხით ყოველ გაზაფხულზე ახალ ველოსიპედს ვყიდულობდი. ამ ეშმაკობას ბავშვები ქუჩაშიც მივმართავდით. გამვლელს თუ შევატყობდით, სავარაუდოდ, ფულიანი იქნებოდა, დავუძახებდით, ბიძია! ბიძია! გაჩერდებოდა, მივცვივდებოდით, სვანურად დავილოცებოდით, ბედნიერ წელს ვუსურვებდით, წინასწარ მომარაგებულ მანეთიანებს მივცემდით, ის თუმნიანს მაინც გვჩუქნიდა და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ვიცოდით, სვანი კაცი ბავშვთან არ შერცხვებოდა.

თამუნა კვინიკაძე