„გია ყანჩელთან ურთიერთობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეიძლება წარმოუდგენელი ოცნებაც კი აგიხდეს“
"ძალიან მინდა ვიყო აფხაზეთში, ჩემს სახლში... პატარა ვიყავი, როდესაც დევნილი გავხდი, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი სახლი, აივანი, რომელიც ზღვას გაჰყურებდა. მახსოვს, როგორ ვიძინებდი ზღვის ხმაზე... სულ დაბრუნების იმედი მაქვს", - ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე. როგორ იხსენებს გია ყანჩელთან მუშაობის პერიოდს, რა ისწავლა გენიალური კომპოზიტორისგან და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი. დედაჩემი კი იბრძოდა, მომღერალი ვყოფილიყავი. სცენაზე დგომა მეც მინდოდა, ოღონდ ჩემი სურვილი იყო მელაპარაკა (მაშინ მსახიობობას ასე ვხსნიდი) და არა მემღერა. მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, ოპერის ბავშვთა გუნდში ვმღეროდი. გამიმართლა, რომ თეატრში თითქმის ყველა სპექტაკლში ვმღერი.
- გია ყანჩელთან გაქვთ ნამუშევარი, ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
- არც ვიცი, მსახიობისთვის და მომღერლისთვის ამაზე დიდი გამართლება რა უნდა იყოს. გია ყანჩელთან მუშაობის ბედნიერება წილად რამდენჯერმე მხვდა - "მარია კალასი. გაკვეთილი", "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები", სპექტაკლში "დაკანონებული უკანონობა" - მისი დაწერილი სიმღერები შევასრულე. დღემდე მგონია, რომ სიზმარი იყო და არა რეალობა.
- ვიცი, რომ მისგან დიდი კომპლიმენტებიც მიიღეთ.
- ისეთი ფრაზები აქვს ნათქვამი, გამეორების მრცხვენია. უზომოდ მადლიერი ვარ, მასთან მუშაობის საშუალება რომ მომეცა. სანამ მსახიობი გავხდებოდი, ცეკვაზე, სიმღერაზე იმიტომ ვიარე, რომ ამ პროფესიას სჭირდებოდა.

- გია ყანჩელისგან რა ისწავლეთ?
- სიმღერაში ხასიათი როგორ უნდა ჩადო. მასთან ყოველი შეხვედრა, თითოეული ბგერის აღება დიდი მასტერკლასი იყო. სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, რამდენად გენიალური იყო, როგორი თავმდაბალი და იმავდროულად მომთხოვნი. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ვიოცნებებდი, სიხარულისგან ტირილამდე მივდიოდი. მასთან ურთიერთობის შემდეგ დავრწმუნდი, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და წარმოუდგენელი ოცნებაც კი აგიხდეს.
- ჩემზე ამბობენ...
- მოღიმარი გოგოაო. მიუხედვად იმ პრობლემებისა, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონია, ვცდილობ ვიყო მხიარული, პოზიტიური, ღიმილიანი, ადამიანებს სიყვარული, სითბო ვაჩუქო. სულ ვცდილობ, რამე თუ მაწუხებს, შინ დავტოვო და გარეთ მხიარული გავიდე.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- იმავე გზას გავივლიდი, იმავე გულისწყვეტებითა და ბედნიერი მომენტებით. სამყაროს მადლიერი ვარ.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო რუსთაველის თეატრში მოხვედრა. როცა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი გქვია, ეს უკვე წარმატებაა.
- 2025 წელს თქვენი მთავარი ამბავი რა იყო?
- მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, შემოქმედებითად დატვირთული და ნაყოფიერი წელი იყო, მაყურებლისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდით.
- ახალ წელს უჩვეულო გარემოში აღმოჩენილხართ?
- სტუდენტობის დროს მეგობრებმა გადავწყვიტეთ ახალი წლის ღამეს გვემუშავა, შემოსავალი რომ გვქონოდა. მაშინ "ერისიონში" ვცეკვავდი. პროგრამა გავაკეთეთ და ერთ-ერთ რესტორანში ვიცეკვეთ. შრომა სათაკილო არ არის, ამიტომ ამ მომენტს სიამაყით ვიხსენებ.
ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები, შემდეგ მეგობრები მცირე დროით ქალაქგარეთ გავდივართ. თეატრში რეპეტიციები მალე გვეწყება. ზოგჯერ დღეში 3 სპექტაკლის თამაშიც კი გვიწევს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს საუკეთესო მეგობრები, დედა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მქონოდა. ჩვენ რთული ცხოვრება გვქონდა, მაგრამ დავდიოდით ყველგან, სადაც შეიძლებოდა რომ მევლო, რამე მესწავლა და გამეკეთებინა. თვითკრიტიკული ვარ და მქონია პერიოდები ფარ-ხმალი დამეყარა, მაგრამ ამ დროს დედაჩემი მშველოდა. იმდენად თვითკრიტიკული ვარ, მეგობრები მეუბნებიან, ნამეტანიაო.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ჩემი მუსიკალური მონაცემები, სავიზიტო ბარათია ის ძალისხმევა, რომელიც საკუთარი თავის განვითარებაში ჩავდე. არ მინდა, ვინმემ ეს ამბიციურობაში ჩამითვალოს.
- ვერ ჩაგითვლიან, იმიტომ რომ ხართ მსახიობი, რომელიც თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობთ.
- კი, ასეა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- მეტი გავაკეთო. ჩემი პროფესიით იმდენს მივაღწიო, მქონდეს საშუალება, დავეხმარო ადამიანებს. ჩემი საქმით მეტი სიყვარული გავცე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- მებრძოლი ვარ. შეიძლება ეს გარედან არ მეტყობა, მაგრამ ასეა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ზედმეტი თვითკრიტიკულობა ცოტათი მოვიშორო. ამ თვისების გამო მუდმივი ღელვა მაქვს. წლებია, ბატონ რობერტ სტურუასთან ვმუშაობ, მაგრამ ახალ პიესას რომ ვიწყებთ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად ვარ რეპეტიციაზე და ეს ხანდახან ხელს მიშლის.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- რომ ყველას არ უნდა ვენდო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყველა ადამიანში კარგი მინდა დავინახო. ხანდახან უარყოფითსაც ვნახულობ, მაგრამ ასეთი ბევრი შემთხვევა არ მქონია.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- აფხაზეთში, ჩემს სახლში... პატარა ვიყავი, როდესაც დევნილი გავხდი, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი სახლი, აივანი, რომელიც ზღვას გაჰყურებდა. მახსოვს, როგორ ვიძინებდი ზღვის ხმაზე... სულ დაბრუნების იმედი მაქვს. აფხაზეთში 2 სახლი გვქონდა, ერთი მალევე მიწასთან გაასწორეს და მეორე წერეთლის ქუჩაზე იყო, როგორც ვიცი, იქ ხალხი ცხოვრობს, მაგრამ დეტალების გაგება არ მინდა, ძალიან მტკივნეულია.
- პატიება შემიძლია...
- თუ ვგრძნობ, რომ ადამიანი თავის შეცდომას ხვდება, აღიარებს. ისე ძალიან ცუდი თვისება მაქვს, წყენას ვერ ვივიწყებ, იმ ადამიანს ვეღარ ვიღებ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...
- ბევრი მოთმენის შემდეგ შეიძლება, მერე ცუდად ვიქცევი, ძალიან ცუდად და არ მინდა ხოლმე ხშირად დამემართოს.
- სიყვარული, ეს...
- ამას ვინმე ხსნის? როგორ? ცხოვრების არსია, აზრია, სხვას ვერაფერს ვიტყვი.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- უცნაური თვისება მაქვს, იმ ადამიანისთვის შეიძლება გამარჯობაც არ მეთქვა, ვერ მეთქვა. არასდროს მეტყობა, რომ შეყვარებული ვარ. რისი ბრალია, არ ვიცი, ალბათ, კომპლექსების. არადა, ადამიანს უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს, შეიძლება ამ მიდგომით ბევრი დაკარგო.
- მაკვირვებს...
- ერთი ადამიანი მეორეს რომ არ იცნობს, არასდროს უნახავს, ცუდად რატომ მოიხსენიებს, ცუდ კომენტარებს რატომ უწერს? ალბათ თავისი პირადი არ გააჩნია, უსაქმურია. საზოგადოებაში დიდი აგრესიაა, ვწუხვარ ამის გამო.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- საყვარელმა ადამიანებმა, პროფესიამ, მაყურებლის აპლოდისმენტებმა.
- კომპლიმენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- გია ყანჩელის ერთი კომპლიმენტია, რომელსაც ხმამაღლა ვერ ვიტყვი.
- აუცილებლად უნდა მითხრათ...
- მრცხვენია (პაუზის შემდეგ), არ მეშვებით. ყანჩელმა ძალიან ცნობილი უცხოელი მომღერალი დაასახელა, მე ასე კარგად მხოლოდ მასთან ერთად ვიმუშავებდიო. იმ მომღერალს ვერ დავასახელებ, ძალიან მეუხერხულება. ეს რომ მოვისმინე, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ამდენ მადლობას და ბოდიშს ნუ იხდიო. დედაჩემს ვგავარ, ისიც ასეთია.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ფართო საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი, როგორც საოპერო მომღერალი. იმედია, გავბედავ. მხოლოდ სპექტაკლებში ვმღერი და ამით ვკმაყოფილდები.
- ვიტყუები...
- ზოგჯერ, როცა ვამბობ, "კარგად ვარ" და ამ დროს კარგად არ ვარ...
- როცა მარტო ვარ...
- ძალიან ბევრს ვფიქრობ. პერიოდულად განმარტოება მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. ზოგადად მსახიობებს მოგვწონს მარტოობა, რაღაც დოზით ეს საჭიროც არის.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ნიჭიერ ადამიანებს დავეხმარებოდი. საკუთარ თავსაც იგივეს გავუკეთებდი, პროფესიულ განვითარებაში ჩავდებდი. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებსაც დავეხმარებოდი, ვისაც ამის საჭიროება ექნებოდა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- მდგომარეობიდან გამოსვლაში ჩემი პროფესია მეხმარება. რეპეტიციები რომ არ მქონდეს, ძალიან გამიჭირდებოდა. ყველაფერს გარეთ ვტოვებ და თეატრში ისე შევდივარ. მაყურებელთან ურთიერთობა უდიდეს ძალას მაძლევს, ხანდახან ვამბობ, რომ ჩემმა საქმემ გადამარჩინა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავასრულე, 2 კვირის შემდეგ ამიყვანა ახალგაზრდა რეჟისორმა, რომელიც სტუდენტი იყო და საგამოცდო სპექტაკლი უნდა ჩაებარებინა. იმ მომენტში ვიორჭოფე, განა ის, რომ მასთან თამაში არ მინდოდა, საკუთარი თავის შემეშინდა. როცა სწავლობ, პედაგოგი გეხმარება, მერე უკვე მარტო რჩები და შევშინდი. თან გავიგე, რუსთაველის თეატრში უნდა ეჩვენებინა. ვფიქრობდი - შევძლებ? მაშინ დედაჩემმა მითხრა, მაგარი თუ ხარ, გააკეთე, ხომ უნდა სცადოო. ვცადე და მადლობა ღმერთს, რომ საკუთარ თავში ამის ძალა ვიპოვე. რეზო შატაკიშვილის სპექტაკლის "ზღაპარი" რეპეტიციებზე მნახა ბატონმა რობერტმა და ამის შემდეგ აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. შიშს რომ ავყოლოდი, შეიძლება ამ თეატრში ვეღარც მოვხვედრილიყავი. კასტინგზე მსახიობი ხშირად საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სათანადოდ ვერ ახერხებს.
- დაბოლოს გეტყვით...
- ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით, გთხოვთ. ყველას გილოცავთ და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე