რამდენ შოკოლადს მიირთმევენ საქართველოში
ახალი წელიწადი შოკოლადის გარეშე ხომ წარმოუდგენელია და მარკეტებიც შოკოლადის განსაკუთრებული და ძვირად ღირებული მარაგით ივსება. წელს შოკოლადის ფასმა შოკურ ფასებს შეჩვეული მყიდველიც კი გააოცა.
საიდან შემოდის საქართველოში შოკოლადი, რატომ მიაღწია მისმა ფასმა კოსმოსურ ნიშნულს, ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტს ნოდარ რუსიძეს ვესაუბრეთ:
- ბატონო ნოდარ, შოკოლადი ვის არ უყვარს, რომელიც აქამდეც ძვირი ღირდა და ბევრი ვერ ახერხებდა შეძენას, საახალწლოდ კი ფასებმა რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. შეგვიძლია ეს ამბავი "ახალ წელს ყველაფერი იყიდებას" მივაწეროთ?
- შოკოლადის ფასის მკვეთრი მატება არა მხოლოდ წინასაახალწლოდ დაიწყო, არამედ ბოლო თვეებში, რაც შოკოლადის მოყვარულებმა მაშინვე შეამჩნიეს. თუმცა წინასაახალწლოდ ფასები მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადასცდა.
კაკაოს მთავარი მწარმოებელი დასავლეთი აფრიკა და ბრაზილიაა, სადაც კლიმატმა ნიადაგი ისე გამოაშრო, რომ ნაკლები მოსავალი მოვიდა და კაკაოს ფასმაც აიწია. თუმცა არა იმდენად, რამდენადაც ჩვენში. ზოგადად, გამაოგნებელი ფასები ქართული რეალობაა, უცხოელებსაც კი ვაოგნებთ არაადეკვატური ფასებით. იტალიელი სტუმარი მყავდა და თავბრუ დაეხვა. ყველა მარკეტიდან გამოსვლისას მეკითხებოდა, ხალხო, რა იშოვეთ ამდენიო.
- იუმორი რომ არ იყოს, მართლაც რა გვეშველებოდა. შოკოლადს მივუბრუნდეთ. საქართველოში დღემდე რუსული შოკოლადი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- იმიტომ, რომ გემო შეუნარჩუნდა! სხვათა შორის, დღეს რუსეთში შოკოლადის წარმოებას უკვე უცხოური კომპანიები მართავენ. მართალია, მოგება რუსეთისაც არის, მაგრამ წარმოება უცხოეთისაა, ძველი რეცეპტებით. ევროპული წარმოების შოკოლადი ჩვენშიც შემოდის, მათ შორის სუფთა სახით და ბევრად უკეთესიც რუსულზე, მაგრამ გაცილებით ძვირი, 200-300%-ით მეტი ღირს.
- მაინც რომელი?
- მაგალითად, ძალიან ძვირი ღირს ევროპული შოკოლადის საბავშვო ასორტები. ამას წინათ ვნახე 100-გრამიანი ბელგიური "ჰარი პოტერის" შოკოლადის ჯოხი 25 ლარად და სიმართლე გითხრათ, ცდუნებას ვერ გავუძელი და შევიძინე შვილისთვის. ამას სიძვირით აზიური შოკოლადებიც არ ჩამოუვარდება. მოგეხსენებათ დუბაის შოკოლადის პოპულარობა, კილოგრამის ღირებულება 25 ევრომდეც ადის. ეს კიდევ არაფერია, შოკოლადის ძვირად ღირებულ La Madeleine au Truffe-სთან შედარებით, რომელიც ცალი 250 დოლარი ღირს.
- ვისაც შოკოლადი უყვარს, შოკოლადის დაგემოვნებას მაინც ვერ მოიშლის. როგორც ჩვენში ამბობენ, სახლ-კარიც რომ გაყიდოს, შოკოლადს მაინც იყიდის საახალწლოდ. ვინ გვაწვდის კიდევ შოკოლადს?
- არაერთი ქვეყანა, მათ შორის ბელგიაც.
ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით გემრიელია. ჩვენს მარკეტებში იხილავთ გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, თურქულ, უკრაინულ შოკოლადებს. რუსეთის შოკოლადი მაინც პირველია მოხმარებით. სხვათა შორის, რუსეთის შემდეგ უკრაინის შოკოლადია მასობრივი, თურქეთი მომდევნოა. ამ ორთან შედარებით შოკოლადში თურქეთს ნაკლებად ვწყალობთ.
შოკოლადი ჩვენთან ძალიან უყვართ. თუ არ ვაჭარბებ, დაახლოებით 22-23 ტონას გეახლებით წელიწადში.
- მგონი ჩვენთვის დიდი რიცხვია.
- სულაც არა. გინდათ გითხრათ, რომელ ქვეყანაში ჭამენ ყველაზე მეტ შოკოლადს? შვეიცარიაში! თითოეული შვეიცარიელი წელიწადში თითქმის 9 კილოგრამამდე შოკოლადს გეახლებათ. შვეიცარიის შემდეგ შოკოლადის ჭამაში ყოჩაღობენ Gგერმანია-ავსტრია და ინგლისი. სხვათა შორის, ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი შოკოლადის მოყვარული ქვეყნების ტოპათეულში შედიან.
- საინტერესო ამბავია. როგორც ვიცი, სომხეთიდან ჩვენც შემოგვაქვს შოკოლადი.
- არა მხოლოდ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდანაც. თუმცა შოკოლადი ჩვენც გაგვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში, დაახლოებით 300 ტონამდე. გაგვაქვს სინგაპურში, თურქეთში, ერაყსა და ისრაელში.
ხარისხიანი შოკოლადი ბევრი ქვეყნის ნაციონალური სიამაყეა, მათ შორის, ამერიკისაც და ინგლისისაც. რამდენიმე წლის წინ ინგლისში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ინგლისური ნაციონალური შოკოლადის წარმოება კინაღამ გადავიდა ამერიკელების ხელში და მაგაზე აუღელვებელი ინგლისელები ლამის გაგიჟდნენ. მათმა ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზეც კი დაწერა, თუ საჭირო გახდა, ვიბრძოლებთ ჩვენი ბავშვობის გემოს დასაცავადო.
- ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ ქართული შოკოლადისთვის.
- გეთანხმებით. ქართული შოკოლადის ექსპორტი ბოლო წლებში გაფართოვდა. მათ შორის ევროპაშიც და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ.
10 ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადი მსოფლიოში
1. Aficionado’s Collection Chocolates si. მხოლოდ ერთი შეფუთვა - 275 დოლარი
2. eLafée-ს ოქროს შოკოლადის შეფუთვა - 504 დოლარი
3. Michel Cluizel’s-ის Box of Assorted Treats - 895 დოლარი
4. Royal Collection-ის "ოქროსა"“ და "ბრილიანტის"“ შოკოლადები - 1 250 დოლარი
5. Wispa Gold შეფუთული შოკოლადი - 1.628 დოლარი
6. Fritz Knipschildt-ის შოკოპოლოგია - 2.600 დოლარი
7. Swarovski Studded Chocolates - 10.000 აშშ დოლარი
8. ოქროს წვეთიანი კვერცხი - 11.107 დოლარი
9. გაყინული Haute Chocolate - 25.000 აშშ დოლარი
10. Le Chocolate Box - 1,5 მილიონი დოლარი