ორი სცენარი, როდესაც რუსეთი ომში დამარცხდება - ავღანეთის "აჩრდილი" პუტინისთვის?! - კვირის პალიტრა

ორი სცენარი, როდესაც რუსეთი ომში დამარცხდება - ავღანეთის "აჩრდილი" პუტინისთვის?!

ბრიტანული გაზეთის - „ინდეფენდენტის“ (The Independent) 21 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია სათაურით: „უკრაინა საბრძოლო სულს აჩვენებს, რასზედაც მისმა მოკავშირეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - მათ პუტინი ისეთ მდგომარეობამდე უნდა მიიყვანონ, რომ კრემლი იძულებული გახდეს, ომი შეწყვიტოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელებმა თავიანთი ევროპელი მოკავშირეების ფრთხილ და გაუბედავ მოქმედებას მეომრული სულის დემოსტრაციით უპასუხეს, მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინას მხოლოდ 90 მილიარდი გამოუყო - იმდენი, რამდენიც საჭიროა რუსეთის არმიის შესაკავებლად, მაგრამ არასაკმარისია რუსეთის იძულებით უკანდასახევად. კიევმა ბრიუსელს მხედრული მაგალითი უჩვენა: მან დაარტყა იმ ტანკერს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ითვლება და რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა. თანაც დაარტყა მას და ააფეთქა ლიბიის ნაპირებთან, ბრძოლის ველიდან ორი ათასი კილომეტრის მოშორებით.

უკრაინულმა დრონებმა დარტყმა მიაყენეს, აგრეთვე, კასპიის ზღვაში მცურავ რუსეთის საპატრულო ხომალდს და საზღვაო საბურღ პლატფორმას, ფრონტის ხაზიდან ასეული კილომეტრის დაშორებით.

უკრაინის ასეთი გააქტიურება, რომელიც სახმელეთო ომის პარალელურად, საზღვაო ომშიც იგრძნობა, არის ღირსეული ნაბიჯი მოკავშირეთა გაუბედაობისა და ვლადიმერ პუტინის იმ ოთხსაათიანი მონოლოგის მიმართ, როცა მან ტელეეთერში, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა გასულ კვირაში, პარასკევს, „პირდაპირი ხაზის“ დროს და სიტუაცია თავის სასარგებლოდ წარმოადგინა. ეს იყო, აგრეთვე, თანხვედრა იმ რუსულ-ამერიკული სამშვიდობო მოლაპარაკებისადმი, რომელიც ფლორიდაში მიმდინარეობს და ერთგვარი პასუხი უკრაინის მოკავშირეების („დახმარების მსურველთა კოალიციის“) ანტირუსულ მოქმედებაზე.

ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების დროსაც კი არ წყვეტს თავდასხმებს საბავშვო ბაღებსა და საცხოვრებელ შენობებზე, ამიტომაც უკრაინელებმა არ უნდა შეიკავონ თავი რუსეთისადმი დარტყმებზე, კანონიერი სამიზნეების მიმართ.

ევროპელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გარღვევა მოხდებოდა და ცეცხლი შეწყდებოდა, როცა რუსეთს სამშვიდობო გეგმა შესთავაზეს, თუმცა „ინდეფენდენტი“ დარწმუნებული იყო, რომ ვლადიმერ პუტინი სინამდვილეში დაინტერესებული არ არის მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ კრემლის მშვიდობისაკენ სწრაფვას, როცა მოსკოვი უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების რეალურ გარანტიებზე დათანხმდება.

„სადაზვერვო მონაცემები ყოველთვის მოწმობდნენ, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო მეტის მიღება სურს“, - განაცხადა შაბათს მაიკლ კუიგლიმ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა წევრმა.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის საომარმა განწყობამ თავისუფალ ერებს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ განაგრძონ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, სამართლიან ბრძოლაში.

ერთ-ერთი ბრიტანელი მოქალაქე, რომელიც ამ მორალური იმპერატივით პირადად ხელმძღვანელობდა, არის 31 წლის ეიდენ ესლინი, ნოტინჰემიდან. თავის დროზე იგი იბრძოდა ქურთების მხარეს, პეშმერგაში (ერაყის ქურთისტანის არმიაში) იმიტომ, რომ გრძნობდა - რაღაც უნდა გაეკეთებინა „დაიშის“ („ისლამური სახელმწიფოს“) წინააღმდეგ, რომლის ბოევიკები იეზიდ ქალებზე ძალადობდნენ და იმონებდნენ. შემდეგ იგი მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის არმიაში, როცა რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინას თავს დაესხა. ეიდენ ესლინი ტყვედ ჩავარდა, იგი აწამეს და ტყვეთა გაცვლის პროგრამით გაათავისუფლეს, შემდეგ კი მან სამსახური ისევ უკრაინის ჯარში გააგრძელა.

„ვფიქრობ, რომ რუსეთზე გამარჯვება შესაძლებელია“, - ასე ეუბნება ეიდენ ესლინი ინტერვიუში სემ კაილის, ჩვენი გაზეთის რედაქტორს საერთაშორისო საკითხებში, - „ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი საშუალება, რომელთა გამოყენებით რუსეთის ეკონომიკა შეიძლება გამოიფიტოს და დაინგრეს. რასაკვირველია, ეს ერთ საათში ან ერთ და ორ თვეში არ მოხდება, მაგრამ რაღაც მომენტში თავის ნაყოფს გამოიღებს... რუსები ფარულად ამბობენ, რომ [დასავლეთმა] რუსეთი უნდა აიძულოს, რომ ომი დაასრულოს. კრემლის ხელისუფლება სუსტდება. არის ბევრი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი სულ უფრო დესტაბილიზებული ხდება“.

ბუნებრივია, მისტერ ეიდენ ესლინს ვერ მოვთხოვთ იმას, რომ ყველაფერი იცოდეს რუსების მორალური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ სამაგიეროდ მან ძალიან კარგად იცის უკრაინელების საბრძოლო სულზე, მათ მხედრულ განწყობაზე, რომელთა გვერდით იგი იბრძვის. ეიდინ ესლინი მართალია, როცა ამბობს, რომ ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება და რუსი ხალხი ომის საშინელებას ვეღარ აიტანს. ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციის დროს სწორედ ამის ნიშნები გამოვლინდა - რუს საზოგადოებაში მისი მხარდაჭერა მცირდება. პრეზიდენტს ისეთ შეკითხვებს უსვამდნენ, რომლებიც უფრო კომენტარებს ჰგავდა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიმართ, ვიდრე - კითხვებს.

ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალი კრემლში: პუტინის მეგობარი, რომელიც ომს ეწინააღმდეგებოდა - დიმიტრი კოზაკი: "მზად ვარ დაპატიმრებისა და სიკვდილისთვის"

სკანდალური სტატია თეთრ სახლზე: "დონალდ ტრამპი ტოვებს "ლოთი ადამიანის შთაბეჭდილებას" - მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს ილონ მასკი? არის თუ არა პრეზიდენტი სპირტიანი სასმელების მოყვარული? - რას ჰყვება BBC-თან ადმინისტრაციის უფროსი

"ეს მკაცრ და შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებად ჟღერს... „ევროპა დაცემას განიცდის? ეს მისთვის კარგია“ - The New York Times

სკანდალური სტატია: ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთს ომის მოახლოებაზე აფრთხილებს?! - "სიტუაცია ძალიან სახიფათოა და..."

აი, რატომ უნდა გააკეთონ უფრო მეტი უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა, რატომ უნდა მისცენ უფრო მეტი ფული უკრაინას: იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, როცა ის დაინტერესებული აღარ იქნება ომის გაგრძელებით.

მისტერ ეიდინ ესლინი უკრაინისათვის ნუგეშს ხედავს ავღანეთის პრეცედენტში, საბჭოთა კავშირისა და ნაპოლეონის გამოცდილებაში. იგი ამბობს, რომ ომების დროს, ხშირ შემთხვევებში, ქვეყნის დამცველი იგებს. ასე მოხდა, როცა მოსკოვი იძულებული გახდა, ავღანეთიდან თავისი ჯარი გაეყვანა; ასე მოხდა, როცა ნაპოლეონი თავს დაესხა რუსეთს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა. ამჯერადაც მისი ნათქვამის სისწორე, ალბათ, უნდა დადასტურდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო