"ისეთი ფრაზებიც კი ისმის, რომ მებაჟეები მძღოლებს ეუბნებიან, წადით და ზანგეზურით იარეთო....თუ ეს მართალია, ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს" - გია ხუხაშვილი
„თუ ასე მოქცევა გავაგრძელეთ, რეალურია, რომ გეოპოლიტიკური ფუნქცია დავკარგოთ“,- ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს დერეფანში აზერბაიჯანული საწვავის გატარებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.
როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა სომხეთში საწვავის პირველი პარტია გაგზავნა. ტვირთი აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით გავიდა. თუმცა, 7 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო პროდუქტის გატარებაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ საქართველოში ტარიფების პრობლემა არ მოგვარდება, ბიზნესი აზერბაიჯანიდან იმპორტისა და ექსპორტის ალტერნატიულ გზებს მოძებნის. ამასთან, ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის.
აღსანიშნავია ისიც, რომ 7 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ქართული მხარე მეორე დღესვე გამოეხმაურა. როგორ მაშინ პრემიერმა განაცხადა, ქვეყნის დერეფანი აზერბაიჯანული საწვავის პირველ პარტიას, ერთჯერადად, უსასყიდლოდ გაატარებდა. მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობამ სპეციალური დადგენილებაც გამოსცა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, თუ საქართველოს მხრიდან ადეკვატური პოლიტიკა არ გადატარდა, არსებობს რისკი, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენი მიმართულება საერთოდ ჩაიკეტოს.
“თუ ასე მოქცევა გავაგრძელეთ, როგორც ვიქცევით, სამწუხაროდ, რეალურია, რომ დავკარგოთ ის გეოპოლიტიკური ფუნქცია (დომინანტის როლი, ლოჯისტიკურ სქემებთან დაკავშირებით), რომელსაც რეგიონში ვინარჩუნებდით. მითუმეტეს, ვიცით, რომ ზანგეზურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში შევა მალე, როგორც ჩანს, იქ უსაფრთხოებისა და სხვა თემებიც ლაგდება, რაც ძალიან არ მოსწონს რუსეთს.
მე რატომღაც მაქვს ასეთი საფუძვლიანი ეჭვები, რომ ის პრობლემები, რომელიც აზერბაიჯანს და სომხეთს ლოჯისტიკურ კავშირთან დაკავშირებით ექმნება გარდამავალ ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში პროვოცირებულია რუსეთის მიერ. იმიტომ, რომ რუსეთისთვის და ირანისთვის ეს ზანგეზურის დერეფანი არის კატეგორიულად მიუღებელი.
მართალია, არც ჩვენი ინტერესებისთვის არის ეს სასიკეთო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები და მაქსიმალურად ფაქიზად მივუდგეთ ამ საკითხს. დავრჩებით თუ არა ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა, დამოკიდებულია სწორედ ჩვენი პოლიტიკის ადეკვატურობაზე. ერთია, როდესაც ჩვენი მიმართულება საერთოდ ჩაიკეტება და ამის რისკები ძალიან მაღალია, მეორეა, რომ მოხდება დივერსიფიცირება - ჩვენ მიმართულებას ექნება თავისი ფუნქცია და ზანგეზურს თავის. სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რაც დაძაბულობას იწვევს ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, უფრო დიპლომატიურად უნდა წყდებოდეს და არა ხისტი, მიუღებელი მეთოდებით, რასაც სამწუხაროდ, ადგილი აქვს. ამის შესახებ ჩვენ ამ ორი ქვეყნის მედიიდანაც ვიგებთ, ისეთი ფრაზებიც კი ისმის, რომ მებაჟეები მძღოლებს ეუბნებიან, წადით და ზანგეზურით იარეთო. მე არ ვიცი ეს ინფორმაცია რამდენად, სწორია, მაგრამ თუ ასეთი რამ ნამდვილად ხდება, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს“,- ამბობს გია ხუხაშვილი.