ნადორობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება - კვირის პალიტრა

ნადირობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება

მოსკოვში რუსეთის გენშტაბის მორიგი გენერალი ააფეთქეს...

22 დეკემბრის დილას მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქდა „კია სორენტო“, მას შემდეგ, რაც ის მძღოლმა დაძრა... ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის წინანაწილის ძირში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად მძღოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1-bom-1766395465.png
მოსკოვში 22 დეკემბრის დილას აფეთქებული რუსი გენერლის - სარვაროვის „კია სორენტო“...

იქიდან გამომდინარე, რომ ამ კორპუსში, ძირითადად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრების ოჯახები ცხოვრობდნენ, აფეთქების შედეგად დაღუპული მძღოლიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო სამხედრო... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მართლაც ასე გახლდათ, თუმცა დაღუპული აღმოჩნდა არა საშუალო რგოლის ოფიცერი, არამედ - გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი...

ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, თუ რა თანამდებობას იკავებდა ის - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი - ადვილი მისახვედრი ხდება, რომ ამ კონკრეტულ რუს გენერალზე შემთხვევით არ „ნადირობდნენ“ და ის მიზანმიმართულად ააფეთქეს...

56 წლის ეს რუსი გენერალ-ლეიტენანტი, რომელსაც არა ერთ შეიარაღებულ კონფლიქტსა (ოსეთ-ინგუშეთი) და ომში (ჩეჩნეთის, სირიის, ასევე, სავარაუდოდ, აგვისტოს ომშიც) მიუღია მონაწილეობა, რუსეთ-უკრაინის ომში ხელმძღვანელობდა რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების იმ სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მომზადება-გადამზადების პროცესზე და, შესაბამისად, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა უკრაინული სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. ასეთი სამიზნეების სია, რუსი გენერლების გვარებით კი საკმაოდ დიდი აქვთ კიევში, რასზეც მეტყველებს რუს გენერლებზე გამოცხადებული პირდაპირი „ნადირობა“, რადგან დღეს აფეთქებული გენერალ-ლეიტენანტი სარვაროვი ამ სიაში პირველი ნამდვილად არ ყოფილა...

2-bom-1766395477.png
ლიკვიდირებული გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი გენშტაბბში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მოსამზადებლად უკრაინის წინააღმდეგ ომში...

ერთი წლის წინ, 2024 წლის 17 დეკემბერს, მოსკოვის ცენტრში მიზანმიმართულად აფეთქებული და ლიკვიდირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალჩინოსანი - რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი. უკრაინულმა „ეს-ბე-უმ“ ლიკვიდაციამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის გენშტაბის გენერალი კირილოვი ოფიციალურად დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მისი ბრძანებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არანაკლებ 4,8- ათასჯერ გამოიყენეს К-51-ის ტიპის ქიმიური ხელყუმბარა, რომელიც შეიცავს CN-ის ტიპის გამაღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებას. ის არალეტალური მოქმედებისაა და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო რაზმების მიერ დემონსტრაციების დასაშლელად, მაგრამ აკრძალულია მისი მოხმარება საბრძოლო მოქმედებების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ბევრად საშიში და ლეტალური შეიარაღება გამოიყენება.

გენერალ კირილოვის აფეთქებამდე, მოსკოვში, 2024 წლის 12 დეკემბერს, ლიკვიდირებული იქნა საკონსტრუქტორო ბიუროს - „მარსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - მიხაილ შატსკი, რომელიც მოდერნიზებას უტარებდა „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის იმ მართვად ფრთოსან რაკეტებს, რომლებითაც „პუტინის არმია“ სისტემატურად ბომბავს უკრაინას - კილერმა მისთვის ტყვიები არ დაიშურა, აქაც გამოჩნდა უკრაინული „ეს-ბე-უს“ ან სულაც - გენერალ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვის ლიკვიდატორების ხელწერა...

2024 წლის 13 ნოემბერს ოკუპირებული სევასტოპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე დღისით-მზისით აფეთქდა ავტომობილი, რომელში მყოფმა მძღოლმაც ქვედა კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო და სისხლის დიდი მოცულობის დაკარგვის შედეგად დაიღუპა... დაღუპული აღმოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდებისა და კატარღების 41-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, პირველი რანგის კაპიტანი - 47 წლის ვალერი ტრანკოვსკი... მისი სახელი და გვარი უკვე დიდი ხანია, შეტანილი იყო უკრაინული ინტერნეტსაიტის - „მიროტვორეცის“ ბაზაში, როგორც სამხედრო დამნაშავე, რომლის ბრძანებითაც, 2022 წლის ივლისში გაშვებულმა „კალიბრის“ ფრთოსანმა რაკეტამ უკრაინულ ქალაქ ვინიცაში 29 მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა.

2024 წლის 20 ოქტომბერს რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ სუპონევოში ვაშლის ბაღში აღმოჩენილი იქნა მამაკაცის გვამი, რომელსაც თავში ჩაქუჩი ჰქონდა ჩარტყმული...ის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შაიკოვკის 52-ე მძიმე ბომბდამშენების პოლკის(სწორედ ამ პოლკის Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდ-ბომბდამშენები ბომბავდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართულ ქალაქებს და ერთი მათგანი ჩამოვაგდეთ კიდეც) ესკადრილიის შტაბის უფროსი და სამხედრო მფრინავი დმიტრი გოლენკოვი აღმოჩნდა, რომელსაც ბრალდებოდა სამხედრო დანაშაულის ჩადენა- 2022 წლის 27 ივნისს უკრანული ქალაქის კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე Ту-22М3 რაკეტმზიდ-ბომბდამშენიდან Х-22 ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის გაშვება, რასაც 22 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ასევე 2023 წლის 14 იანვარს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლზე რაკეტის მოხვედრა, რის შედეგადაც 46 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

2024 წლის 16 ოქტომბერს რუსეთის სოლნეჩნოგორსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მელენკიში, საკუთარ ავტომობილში, რვა ტყვიით მოკლული იქნა რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს -„გე-ერ-უს“ 44 წლის ოფიცერი ნიკიტა კლენკოვი, რომელიც მონაწილეობდა „შაჰიდების“ კამიკაძე-დრონებისთვის უკრაინის ქალაქებში სამიზნეების მონიშვნაზე.

ყველაზე დიდი რეზონანსი კი გამოიწვია კრასნოდარის ერთ-ერთ პარკში, 2023 წლის 10 ივლისს, დილის ვარჯიშზე გამოსული ადამიანის მკვლელობის ვიდეოკადრებმა, როდესაც მას სხვა ადამიანი მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლებით დაცხრილა... როგორც შემდეგ გაირკვა, მოკლეს შავი ზღვის ფლოტის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავის - „კრასნოდარის“ ყოფილი მეთაური, მეორე რანგის კაპიტანი, 42 წლის სტანისლავ რჟიცკი, რომლის წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა „კალიბრებმა“ უკრაინის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ: საბოლოოდ რას პროგნოზირებს ამერიკის დაზვერვა-რუსეთი შეუტევს თუ არა ევროპას?

სამ ზღვაში რუსულ ტანკერებზე დაწყებული ნადირობა...

პუტინის „ორეშნიკებმა“ ლუკაშენკოს ბელარუსიდან ევროპა მიზანში ამოიღეს - რას დაუპირისპირებს ამ იარაღს დასავლეთი?!

სოფლიოში პირველი "ჭკვიანი" პისტოლეტი მხოლოდ პატრონის "ერთგული" რჩება - ჯერ თვალებში "ჩახედავს" და თითების ანაბეჭდს შეუმოწმებს...

ეს არის იმის არასრული ჩამონათვალი, თუ როგორ უსწორდებიან „მოსადის“ მეთოდებით უკრაინული სპეცსამსახურები იმ კონკრეტულ რუს მაღალჩინოსან სამხედროებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების ჩადენაში და, როგორც ჩანს, ეს სია კიდევ გაგრძელდება...

მკითხველთა შორის შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი კითხვა - ბომბის დადებით ადამიანის აფეთქება და მკვლელობა არის თუ არა ტერორიზმი? - ეს შეფასდება ტერორისტულ აქტად, თუკი ასეთი აფეთქებების შედეგად დაიღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ როდესაც აფეთქებენ მიმდინარე ომში მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო მოსამსახურეებს და მათ შორის - გენერლებს, ეს ფასდება, როგორც დივერსიული აქტი, განხორციელებული მტრის სამხედრო შესაძლებლობების შესამცირებლად...

3-bom-1766395485.jpg
სადარბაზოდან გამოსვლისთანავე მძღოლი-თანაშემწე და მის უკან მიმავალი გენერალი კირილოვი დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს, რომელიც სადარბაზოსთან მიყუდებულ ელექტროველოსიპედში იყო ჩამონტაჟებული...

4-bom-1766395494.png

ოკუპირებულ სევასტოპოლში ლიკვიდირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდებისა და კატარღების 41-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურის, პირველი რანგის კაპიტან ვალერი ტრანკოვსკის აფეთქებული მანქანა...