“გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთი ციდა სახელმწიფო ვართ. ძალიან ცოტანი ვარ, ამდენი ხალხი კიდევ ქვეყნიდან მიდის, რაც სამწუხაროა...” - რას იხსენებს წარსულზე და მშობლებზე მაკა მახარაძე?
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი მაკა მახარაძე. მან ჩვენი მკითხველის შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიას სტატიის ბოლოს ნახავთ.
ნუნუ:
- რას ნიშნავს, როდესაც ხარ ბალეტის მოცეკვავე და რას მოითხოვს ეს პროფესია ადამიანისგან?
- ბალეტის მოცეკვავე - ეს ურთულესი პროფესიაა. გარედან ჩანს, რომ ყველაფერი მსუბუქი, ნაზი და ლამაზია. არადა, ამაში წარმოუდგენლად დიდი შრომა იდება... რთულია ჩემი პროფესია, მაგრამ თავიდან რომ დამაწყებინა, იმავეს გავაკეთებდი. ბავშვობიდან ეს ჩემი ოცნება იყო. ალბათ ასეა, პატარაობიდან გოგონების 80% - ამაზე ოცნებობს. მათ ზღაპრული სამყარო, სამოსი, ულამაზესი პაჩკა ხიბლავთ...
ამაზე ოცნება რომ დავიწყე, მაშინ საქართველოში ტელევიზიაც არ არსებობდა, რომ ვთქვათ, იქ მენახა და იქიდან შემყვარებოდა... რაც შეეხება თეატრში სიარულს, თეატრი ჩემთვის რუსთაველის თეატრი იყო. იქ ფიზიკურად არ დავბადებულვარ, თორემ ჩემი მთელი ბავშვობა იქ გავატარე. სულ იქ ვიყავი, იქ ვიზრდებოდი, დედაც იქ მუშაობდა და მამაც. ვმონაწილეობდი სპექტაკლებშიც. 5 წლისა პიესაში "ფილოსოფიის დოქტორი“ გერმანელი ბიჭი გახლდით. სცენაზე დედაჩემი ჩემი პერსონაჟის დედა იყო. მამა და დედა სპექტაკლში გაცილებულ წყვილს თამაშობდნენ - თითქოს წინასწარმეტყველება იყო... მოკლედ, დედას სხვა უყვარდა და ამ როლს რამაზ ჩხიკვაძე თამაშობდა. როგორც წესი, სცენაზე ისინი სულ წყვილი იყვნენ და სულ სასიყვარულო ამბები ჰქონდათ...
მერე "ჭინჭრაქაში“ მთვარე ვითამაშე და ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვარ, რომ ჩემი მშობლების უახლოესი მეგობრები საოცარი არტისტები იყვნენ. თეატრში "მოხარშული“ ბავშვისთვის მართლა ოჯახია ასეთი სიტუაცია. "ჭინჭრაქაში“ თამაშობდნენ - დედა, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, ზინა კვერენჩხილაძე, ბელა მირიანაშვილი, კარლო საკანდელიძე. მერე შეიცვალნენ მსახიობები და სპექტაკლში შემოვიდნენ - კახი კავსაძე, ელდარ სახლთხუციშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, რომელმაც ამ სპექტაკლში ამპლუა შეიცვალა. მანამდე სულ შეყვარებული, ლამაზი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივად მღეროდა. "ჭინჭრაქაში“ კი ქოსიკო იყო, თავზე თმა არ ჰქონდა... მოკლედ, არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი - ჩემთვის სახლი, ოჯახი და დიდი ბედნიერება. რაც მთავარია, იყო ჩემი ბავშვობა, რასაც ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებულად იხსენებს. ვრცლად