ქართველების "უხილავი" და ერთ-ერთი მთავარი მტერი ანუ გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ ბობკოვი - დიდი "სპეცოპერაცია": ვახოცინოთ ქართველებს ქართველები - კვირის პალიტრა

ქართველების "უხილავი" და ერთ-ერთი მთავარი მტერი ანუ გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ ბობკოვი - დიდი "სპეცოპერაცია": ვახოცინოთ ქართველებს ქართველები

თუ ადრე, დეკემბრის ბოლო დღეები ახალი წლის დადგომისა და საზეიმო განწყობის მაუწყებელი იყო, 1991 წლის 22 დეკემბრის შემდეგ სევდანარევი მოგონებები უფრო მძლავრობს. ასეა ახლაც: ზუსტად 34 წლის წინ საქართველოში ძმათამკვლელი ომი დაიწყო, რომელმაც მრავალი მოუშუშებელი იარა, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემა დაგვიტოვა.

მართალია, ის თავიდან თბილისს და რუსთაველის პროსპექტს არ გასცილებია, თუმცა 1992 წლის იანვრიდან უკვე მთელი ქვეყანა, უპირველესად კი - დასავლეთი საქართველო მოიცვა. მაშინაც და ახლაც ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სამოქალაქო ომი, „ცხინვალის კონფლიქტი“ და „აფხაზეთის ომი“ საბჭოთა/რუსეთის იმპერიის ინსპირირებული იყო და ერთი სტრატეგიული გეგმის შემადგენელ საფეხურებს წარმოადგენდნენ. „კრემლის“ მიზანი მაშინაც და ახლაც ერთია: დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო არ უნდა არსებობდეს! უნდა ითქვას, რომ ჩვენმა მტერმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი შეიცვალოს, არასტაბილურობამ წაგვლეკოს, შიდადაპირისპირება გაღვივდეს და “მართვადი ქაოსის” რეჟიმში, მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიოს.

საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ავი და დაუნდობელი მოდარაჯე “ნაგაზი” კა-გე-ბეს მეხუთე სამმართველო იყო, რომელსაც შემოკლებით “იდეოლოგიურსაც” უწოდებდნენ. სწორედ ის ახორციელებდა საბჭოთა მწერლებისა და ჟურნალისტების, მსახიობებისა და სპორტსმენების, ექიმებისა და მეცნიერების, მღვდლებისა და ათეისტების, დისიდენტებისა და კომკავშირლების, პროფესორებისა და სტუდენტების გადაბირებას. არ დარჩენილა სფერო, სადაც მათ აგენტები, სანდო პირები და ინფორმატორები არ ჰყოლოდათ. 1970-იანი წლების დასაწყისიდან მოსკოვი წარმატებით ნერგავდა თავის აგენტურას, საქართველოში მოქმედ დისიდენტურ მოძრაობაში, არალეგალურ პოლიტიკურ პარტიებსა და ახალგაზრდულ-პატრიოტულ ჯგუფებში. 1980-იანი წლების ბოლოდან კი საბჭოთა (შემდეგ რუსეთის) სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების სამიზნე უკვე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა გახდა.

საბჭოთა სპეცსამსახურები ძალზე მიზანმიმართულად მუშაობდნენ ქართული ეროვნულ მოძრაობის გასახლეჩად, რისთვისაც ახორციელებდნენ აგენტურის ჩანერგვასა და გადაბირებას, სოკოებივით მომრავლებულ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. მანამდე კი კარგად ჰყავდათ შესწავლილი გადაბირების ობიექტები: მათი ოჯახური მდგომარეობა, წარსული, ძლიერი და სუსტი მხარეები, ხელთ ჰქონდათ მათი მაკომპრომეტირებელი კონკრეტული ფაქტებიც. 1978 წლის სასამართლო პროცესების შემდეგ საქართველოში დისიდენტური მოძრაობა იმდენად გაიხლიჩა, ლიდერები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ორგანიზებული დისიდენტური მოძრაობა, ფაქტობრივად, დასრულდა. ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა ქართველი დისიდენტების დისკრედიტირების ოპერაციებს, მათ შორის - 1978 წელს ზ. გამსახურდიას ცნობილი"სატელევიზიო მონანიების” სცენარების მომზადებას, პირადად გენერალ-ლეიტენანტი (შემდეგ კი არმიის გენერალი) ფილიპ ბობკოვი უწევდა კონტროლს. საქართველოში კი ამ პროცესებს უშუალოდ სუკის თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი ინაური ხელმძღვანელობდა. მაშინ წარმოქმნილმა უნდობლობამ კი წლების შემდეგ იჩინა თავი. ამიტომაც იყო, რომ სამოქალაქო ომს წინ უძღოდა ორი შეურიგებელი პოლიტიკური ბანაკის: „მრგვალი მაგიდისა“ და „ეროვნული კონგრესის“ ჩამოყალიბება, რამაც მთლიანად ქართული საზოგადოების გახლეჩვა გამოიწვია. საბჭოთა/რუსეთის აგენტურა ორივე ბანაკში მრავლად იყო და სწორედ ისინი ბლოკავდნენ შერიგების ყველა მცდელობას.

picture1-1766474250.jpg

გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ ბობკოვი

გავიხსენოთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში “ერი და ბერი” არნახულმა ერთიანობამ მოიცვა. მთავარი იყო, თუ რა გზას აირჩევდა საზოგადოება (რომელიც ხშირ შემთხვევაში “ბრმად” მიჰყვებოდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს): ზომიერს, გონივრულს თუ ყველაზე რადიკალურს. ვითომ შემთხვევითობა იყო, რომ “უხილავმა ძალამ” სწორედ რადიკალური ლოზუნგებისა და მოქმედებების („დაუმორჩიელებლობა-ბოიკოტების“) მომხრე პოლიტიკური ლიდერები დაუპირისპირა 1990 წლის ოქტომბერში კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას და შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებით გაუკაფა გზა „პუტჩისტებს“, ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად?

საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობისთვის, ძირითადად, სამ კლასიკურ ხერხს იყენებდნენ და იყენებენ:

1. ქმნიან ახალ პოლიტიკურ პარტიას და სრულად აკონტროლებენ მას;

2. უკვე მოქმედ პარტიაში “ნერგავენ” ფარულ თანამშრომლებს და აგენტურას ან უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად კომპრომატების, მატერიალური დაინტერესების და კარიერული წინსვლის გამოყენებით ახდენენ ახალგაზრდა თუ “სტაჟიანი” პოლიტიკოსების გადაბირებას;

3. მათი სპეცსამსახური საფარად იყენებს ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ თავის აგენტურას, რომლებიც პოლიტპარტიებში მოქმედებენ.

ამიტომაც იყო, რომ კა-გე-ბეს შეფებს: ანდროპოვს, ჩებრიკოვსა და შემდეგ - კრიუჩკოვს, დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს დისიდენტურ და ეროვნულ მოძრაობაში გაერთიანებული პარტიების, მათი ცალკეული წევრებისა და ლიდერების შესახებ. ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული "ოპერატიული კომბინაციების" მიზანი იყო, ჩამოეგდოთ განხეთქილება და შუღლი ქართველ დისიდენტებს შორის. შედეგსაც მიაღწიეს: საქართველოში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა არნახულად აირია, ურთიერთდაპირისპირებას შემდეგ სამოქალაქო ომი მოჰყვა, ამას კი - აფხაზი და ოსი სეპარატისტების გაძლიერება. ასე რომ, საბჭოთა კავშირის (შემდგომ რუსეთის) სპეცსამსახურებმა შეძლეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის დაპირისპირების შეტანა და ქვეყნისთვის დამღუპველი სამოქალაქო ომის ინსპირირება.

კა-გე-ბესთან ერთად (რომელიც ძირითადად პოლიტიკურ პარტიებში მუშაობდა) არ უნდა დაგვავიწყდეს საბჭოთა/რუსეთის იმპერიის სამხედრო დაზვერვის, გე-ერ-უს ოპერაციებიც. ორივე სპეცსამსახურის ოპერატიულ-აგენტურული დაინტერესების ობიექტები დაპირისპირებული ძალების ლიდერები და მათი უახლოესი გარემოცვა, ასევე, ოფიციალური და არაოფიციალური შეიარაღებული ჯგუფები იყვნენ. დღეს საქართველოს სამოქალაქო ომში გე-ერ-უს მრავალმხრივ ჩართულობა-მონაწილეობაზე ვისაუბროთ. საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში განსაკუთრებით აქტიურობდა გე-ერ-უს „სპეცნაზი“ (სპეციალური დანიშნულების რაზმები), რომელიც სისხლისღვრის გასაგრძელებლად ორივე მხარეს ეხმარებოდა.

picture2-1766474250.jpg

ჯაბა იოსელიანი (1926-2003) და თენგიზ კიტოვანი (1938-2023)

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო - გე-ერ-უ, სხვა ქვეყნების ანალოგიური სპეცსამსახურებისაგან მართლაც, რომ ბევრი კომპონენტით (აქ დადებითიც იგულისხმება და უარყოფითიც) იყო და არის გამორჩეული. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა 1918 წლის 21 ოქტომბერს შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციები განვლილ პერიოდში დიდად არ შეცვლილა, ესაა: სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული დაზვერვა; სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის მოპოვება; კოსმოსური და ელექტრონული დაზვერვა, სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩატარება მოწინააღმდეგის ზურგში და სხვ. საინტერესოა, რომ გე-ერ-უ საბჭოთა/რუსეთის სხვა სპეცსამსახურებთან შედარებით, ყოველთვის უფრო საიმედო და შედეგიან უწყებად ითვლებოდა და ამჟამადაც ასეა. მის რიგებში ყოველთვის უფრო ნაკლები მოღალატე იყო და თანაც მისი სადაზვერვო “პროდუქცია" უფრო მაღალი ხარისხითაც გამოირჩეოდა.

საბჭოთა კავშირი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც სპეციალური დანიშნულების დანაყოფები (ე.წ. სპეცნაზები) შეიქმნა. “ზენიტი”, “ვიმპელი”, “კასკადი”, “ალფა”, “ომეგა”, “კობალტი”, “ვიტიაზი”, “რუსიჩი”, „ლეტუჩაია მიშ“ – ეს საბჭოთა “სპეცნაზების” არასრული ჩამონათვალია. იმ პერიოდში ამ სახის დანაყოფები მხოლოდ კა-გე-ბეს (საგარეო დაზვერვას) და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა.

1957 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სტრუქტურაში ჩამოყალიბდა 43-ე სპეციალური დანიშნულების ბატალიონი და მისი დისლოკაციის ადგილად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე -ლაგოდეხი შეირჩა. ექვსი წლის შემდეგ ამ ბატალიონის ბაზაზე კადრირებული სპეცდანიშნულების ბრიგადა შეიქმნა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა სამხედრო “სპეცნაზის” ყველა ოპერაციაში. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოში არც ერთ რამდენადმე სერიოზულ ომს და სამხედრო კონფლიქტს არ ჩაუვლია საბჭოთა “სპეცნაზის” მონაწილეობის გარეშე. მიზნის მისაღწევად ისინი არაფერს თაკილობდნენ. პოლიტიკური მკვლელობები, დივერსიები, ტერორისტების მომზადება, სეპარატისტული რეჟიმების შექმნა და ა.შ. თუმცა ამ ბინძური საქმიანობის “მარგალიტების გვირგვინში” ცალკე “გამორჩეული” ადგილი უკავია საზღვარგარეთ და საბჭოთა კავშირში ფაშისტური ორგანიზაციების შექმნას და ეროვნებათაშორისი შუღლის პროვოცირებას. ვიეტნამი, ანგოლა, ეთიოპია, მოზამბიკი, ნიკარაგუა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც საბჭოთა იმპერია სამხედრო ძალით და სადაზვერვო-დივერსიული მეთოდებით საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობდა, მაგრამ მისთვის საბედისწერო ავღანეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და მრავალწლიანი სამოქალაქო ომის პროვოცირება გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ: სასიკვდილო "მესიჯი" პუტინისგან "მოძმე ერს" - ბიზნესმენის საეჭვო გარდაცვალება: ბურუსით მოცული ტრაგედია თუ გამოცხადებული შურისძიების ქრონიკა?!

"თქვე იდიოტებო, რატომ შემომიგდეთ დედალი კატა?" - ამბავი ფისოზე, კა-გე-ბეზე და შერცხვენილ "ოტოებზე"

არშემდგარი დიდი სკანდალი ანუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოსა და ისრაელს შორის?!

"ზვიად გამსახურდია მოგონებებში იხსენებს: "მაშინ ხელისუფლებამ ჩემი დაკავება მაინც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელე საქმიანობა"... კა-გე-ბეს მიზნად ჰქონდა ქართველი დისიდენტები "იმპერიალიზმის აგენტებად", "ფაშისტების მეხოტბეებადაც" წარმოეჩინა"

1980 წლის 29 თებერვალს ლაგოდეხში დისლოცირებული 12 ბრიგადის შემადგენლობაში შეიქმნა 173-ე სპეცდანიშნულების ცალკეული რაზმი, რომელიც ავღანეთში 1984 წელს შეიყვანეს. ავღანეთიდან 1988 წლის ნოემბერში გამოყვანის შემდეგ მისი დისლოკაციის ადგილი როსტოვის ოლქი იყო. ეს დანაყოფი უშუალოდ მონაწილეობდა თბილისსა და ბაქოში მშვიდობიანი დემონსტრაციების სისხლიან დარბევაში, ყარაბახის ომში, ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტში და ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ ოპერაციებში. ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ სამხედრო “სპეცნაზის” მოქმედებების არეალი საბჭოთა კავშირის ტერიტორია და დამოუკიდებლობის მსურველი რესპუბლიკების “მორჯულება” გახდა. დადასტურებული ფაქტია, რომ იმ პერიოდის ყველა ტრაგიკული მოვლენა: თბილისში, ბაქოში, ვილნიუსსა და რიგაში, სამხედრო “სპეცნაზის” უშუალო მონაწილეობით მოხდა. ისინი უწყობდნენ ხელს, აგრეთვე, ყარაბახის ომის ესკალაციას და აზერბაიჯანი-სომხეთს შორის მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვას. საბჭოთა კავშირის დაშლის აგონიური პროცესები სამხედრო “სპეცნაზის” აქტიურობით მიმდინარეობდა.

picture3-1766474250.jpg

თბილისი სამოქალაქო ომის შემდეგ

აზერბაიჯანში ელჩიბეის ეროვნული ხელისუფლების ალიევით, ხოლო საქართველოში - გამსახურდიას შევარდნაძით ჩანაცვლებას რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე არ ჩაუვლია. კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, სამოქალაქო ომი, ასევე, მათ მიერ იყო პროვოცირებული. გე-ერ-უ და მისი “სპეცნაზი” ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში იმ პერიოდში მომხდარი ყველა სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორი და აქტიური მონაწილე იყო. საბრძოლო და სადაზვერვო-დივერსიულ ოპერციებსაც ისინი გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. გე-ერ-უს “სპეცნაზი” მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის და შემდგომ - რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა ოფიციალურ შეიარაღებულ კონფლიქტში და ფარულ სპეცოპერაციაში. ეს სპეცსამსახური და მისი სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ და განხორციელებულ, როგორც “ღია” ოპერაციებში (პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტები), ასევე - მრავალ, ჯერ კიდევ გაუხმაურებელ სპეცოპერაციაში.

picture4-1766474250.jpg

„ტავარის“ საყიდლად მისულ თენგიზ კიტოვანს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი და და სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ივანენკოვი მასპინძლობენ.

თენგიზ კიტოვანი რომ ამიერკავკასიის სარდლის უფროსის მოადგილე გენერალ-ლეიტენენტ სუფიან ბეპაევისგან (1937-2022) ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ყიდულობდა იარაღსა და ტყვია-წამალს, კარგად იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ბევრ მკითხველს აღარც ახსოვს სუფიან ბეპაევის სკანდალური ინტერვიუ (იხ. „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ 20.12.1992), სადაც ის შემდეგ აცხადებდა: „ომის კულმინაცია ორ დღეს - 24 და 28 დეკემბერს დადგა. 24 დეკემბერს გამსახურდიას მომხრეებმა რუსთაველის პროსპექტიდან გამოდევნეს ოპოზიციონერები. კიტოვანი მზად იყო თამაშიდან გასულიყო და გაქცეულიყო... სიტუაცია კრიტიკული იყო და რომ არა რუსეთის პატარა სამხედრო დანაყოფის დახმარება, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები დამარცხდებოდნენ. 28 (დეკემბერს) ოპოზიციონერები ვერ ახერხებდნენ ეთერში გასვლას: ამისთვის საჭირო იყო ტელეანძის ხელში ჩაგდება. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი...“

სამწუხაროდ, მაშინ რუსეთის სპეცსამსახურების ძირითად დასაყრდენს კიტოვანი-გიორგაძე-კვირაიასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და ეროვნული გვარდიის წევრებიც იყვნენ. ბევრ მათგანს, პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, გულწრფელად სჯეროდა, რომ „იუდა შევარდნაძე“ უშლიდა ხელს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მისი ლიკვიდაციის შემდეგ მოახდენდნენ „კანონიერი ხელისუფლების“ აღდგენას და „საქართველოც გაბრწყინდებოდა“. რუსეთის სპეცსამსახურებიც ყველანაირად აღვივებდნენ მათ ამ მოლოდინს და ილუზიებით კვებავდნენ „ზვიადისტებს“. ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის იყვნენ საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული პირები, რომლებიც ერთგულად ასრულებდნენ მათ დავალებებს.

picture5-1766474250.jpg

სუფიან ბეპაევი

აწ გარდაცვლილი, „ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი როზლანდ (გურამ) ლაკია (1944-2021) ერთ-ერთ ინტერვიუში („თბილისელები“, 2019 წლის 28 დეკემბერი) იხსენებდა: „21-ში ჩემი 350 კაცით, ეროვნული გვარდიის წევრებითა და მოხალისეებით, დავიკავე უზენაესი საბჭოს შენობა... ჩვენ არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დაპირისპირება. ტყვია-წამალს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისგან ვყიდულობდით“.

გ. ლაკიას ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსეთი, ასევე, ზვიად გამსახურდიასაც ამარაგებდა. ამაზე მეტი რაღა „აღიარებითი ჩვენება“ სჭირდებოდათ გამსახურდიას მომხრეებს, რომ დარწმუნებულიყვნენ: რუსეთის პროვოცირებით დაიწყო სამოქალაქო ომი, ისინი აქტიურად იბრძოდნენ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ამიტომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობის საარტილერიო დაბომბვაში, თბილისის ტელეანძის აღებაში და სხვა ოპერაციებშიც, თუმცა ამაზე თვალებს ხუჭავდნენ და ყველაფერს მაშინ მოსკოვში მყოფ შევარდნაძეს აბრალებდნენ.

ორი წლის შემდეგ კი ისინი იმ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, რომლებმაც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ასე რომ, ორივე მხარე შეიარაღებასა და ტყვია-წამალს რუსეთის სამხედროებისგან ყიდულობდა: ქართველი - ქართველს კლავდა და თან ამაში ორივე მხარე რუსეთს დიდ ფულს უხდიდა! არ იფიქროთ, რომ იარაღით ვაჭრობა ამ გენერლების მხოლოდ პირადი ბიზნესი იყო, არა, ეს რუსეთის ხელისუფლების ნებართვით ხდებოდა, რათა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო სამოქალაქო ომი. ვითომ ამას ვერ ხვდებოდა გამსახურდიას ხელისუფლება ან პუტჩისტები? რა თქმა უნდა, ხვდებოდნენ, თუმცა მაინც რუსეთს მიმართავდნენ დახმარებისთვის. მართლაც, ოდესმე გვეშველება რამე?!