მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება ანუ "ფოკუსნიკი" ელისეის სასახლიდან - რა ხდება ევროკავშირის კულუარებში?! - კვირის პალიტრა

მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება ანუ "ფოკუსნიკი" ელისეის სასახლიდან - რა ხდება ევროკავშირის კულუარებში?!

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი ბელგიაში, ბრიუსელში), აქვეყნებს სტატიას სათაურით: „როგორ დაჩრდილა ყველა მაკრონმა“ (ავტორი - ნიკოლას ვინოკური). სწორედ ემანუელ მაკრონმა შეასრულა საკვანძო როლი იმაში, რომ ევროკავშირის ლიდერებმა რუსული აქტივების გამოყენების ნაცვლად, უკრაინას ფულს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მისცემენ. პარიზს ჰქონდა ალტერნატიული „გეგმა „ბ“, რომელიც წინასწარ კონფიდენციალურად განიხილა ვიქტორ ორბანთან“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„გეგმა „ბ“-დან პუტინთან მოლაპარაკებამდე

ემანუელ მაკრონს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება სურს. ევროკავშირის სამიტი დასრულებული არ იყო, რომლის დროსაც მან თავისი „გეგმა „ბ“ მიაღებინა მოკავშირეებს [როგორც ჩანს, რუსეთის წინასწარ საამებლად], რომ საფრანგეთის ლიდერმა მოულოდნელად წამოაყენა იდეა - ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების მიზნით და რომელსაც ევროპელი ხელმძღვანელების უმრავლესობა რამდენიმე წელია, თავს არიდებენ.

ყველას, ყველას, ყველას! ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი მიესალმება დიალოგის განახლებას რუსეთთან და რომ მოლაპარაკება სრული გამჭვირვალობის პიორობებში გაიმართება.

დინების წინააღმდეგ

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როდის შედგება პრეზიდენტების შეხვედრა, მაგრამ, ცხადია, რომ საფრანგეთის მეთაურის განცხადება რუსეთთან თანამშრომლობის განახლების თაობაზე, ბევრ ევროპელ ხელმძღვანელს აშკარად არ მოეწონა. მათი აზრით, პუტინთან მოლაპარაკება, სულ მცირე, უაზრობაა, არაფერი რომ ვთქვათ თვით იდეის დამღუპველობაზე. საინტერესოა, გავიხსენოთ, რომ ემანუელ მაკრონმა თვითონ გაწყვიტა კონტაქტები რუსეთის ლიდერთან, სამი წლის წინ, ხოლო გასულ ზაფხულს მან პუტინთან ტელეფონით ორი საათის განმავლობაში ისაუბრა.

ის, რომ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მაკრონისეული „გეგმა „ბ“-ის რეალიზება თავდაპირველად ნაკლებად მოსალოდნელი იყო [ყველა ასე ფიქრობდა], მოულოდნელად ის მთავარ საკითხად გადაიქცა. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყველაზე მეტად აქტიურობდა, რომ უკრაინისათვის სარეპარაციო კრედიტად სწორედ რუსული აქტივები მიეცათ, 200 მილიარდზე მეტი ევროს ოდენობით, მაგრამ ემანუელ მაკრონმა სასწორის პინა გერმანიის საწინააღმდეგოდ გადაწონა. ბერლინის პოზიცია გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმაც.

„ლიდერი ევროკავშირის სამიტზე სათადარიგო გეგმის გარეშე არ უნდა წავიდეს“, - თქვა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომლითაც ემანუელ მაკრონის ნაბიჯი გაამართლა.

მასტერკლასი: „ვიქტორ, რაღაც მინდა გითხრა...“

ემანუელ მაკრონმა თავისი წინადადების განსამტკიცებლად საკითხი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეათანხმა. მათ ისაუბრეს ვეტოს თაობაზე, რომელსაც უნგრეთი რუსული აქტივების გამოყენების გერმანულ ინიციატივას დაადებდა.

საკვანძო მომენტი მაშინ დადგა, როცა ვიქტორ ორბანმა ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა აღუთქვა - იგი დაეთანხმებოდა პარიზის წინადადებას, რომლის მიხედვით, უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან განხორციელდებოდა. სლოვაკეთიც და ჩეხეთიც მზად იყვნენ იგივე გაეკეთებინათ, ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი ფინანსურად მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ ანუ მათ არაფერი დაეხარჯებოდათ.

შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად სავარაუდო ვარიანტი მოულოდნელად ერთადერთ შესაძლებელ ნაბიჯად გადაიქცა.

„ხუთეულმა - ვიქტორ ორბანმა, ბარტ დე ვევერმა (ბელგიის პრემიერმა), ანდრეი ბაბიშმა (ჩეხეთის პრემიერმა), რობერტ ფიცომ (სლოვაკეთის პრემიერმა) და ჯორჯა მელონიმ თავისი იმიტომ გაიტანეს, რომ მათ მხარი დიდწონიანმა საფრანგეთმა დაუჭირა. ეს ემანუელ მაკრონის მასტერ-კლასი იყო“, - ასე შეაფასა ფრანგი პრეზიდენტის გამბიტი ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ: ორი სცენარი, როდესაც რუსეთი ომში დამარცხდება - ავღანეთის "აჩრდილი" პუტინისთვის?!

სკანდალი კრემლში: პუტინის მეგობარი, რომელიც ომს ეწინააღმდეგებოდა - დიმიტრი კოზაკი: "მზად ვარ დაპატიმრებისა და სიკვდილისთვის"

სკანდალური სტატია თეთრ სახლზე: "დონალდ ტრამპი ტოვებს "ლოთი ადამიანის შთაბეჭდილებას" - მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს ილონ მასკი? არის თუ არა პრეზიდენტი სპირტიანი სასმელების მოყვარული? - რას ჰყვება BBC-თან ადმინისტრაციის უფროსი

"ეს მკაცრ და შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებად ჟღერს... „ევროპა დაცემას განიცდის? ეს მისთვის კარგია“ - The New York Times

„ფოკუსნიკს" ელისეის სასახლიდან დენთი ჯერ კიდევ აქვს“

ევროკავშირში ემანუელ მაკრონის გავლენის სისუსტეს ბოლო დროს მისი რთული საშინაო-პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებდა. შექმნილი ვაკუუმის შევსება ფრიდრიხ მერცს მოუწია. გერმანიის კანცლერი სულ უფრო მეტად შედიოდა როლში და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ევროკავშირის სახელით უკვე ამაყად ლაპარაკობდა. მაგრამ თავის მხრივ, როგორც ვნახეთ, ემანუელ მაკრონსაც ჰქონდა ტუზი შენახული...

ამჟამად, როცა ატლანტის ორივე ნაპირების ურთიერთობა დაძაბულია (გავიხსენოთ დონალდ ტრამპის შეფასებები ევროპის ლიდერების მიმართ!), როცა რუსეთი ევროპის სიმტკიცეს ამოწმებს, ბებერი კონტინენტის ცენტრში ერთი ქვეყანა აღმოჩნდა: საფრანგეთი - ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო.

დიახ, პარიზი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის უპირველესი ქვეყნის როლს ასრულებდა უსაფრთხოების საკითხებში, ახლა თავის დონეზე ვერ არის. საფრანგეთის ხაზინა ცარიელია, ქვეყნის თავზე პოლიტიკური კრიზისის „დამოკლეს მახვილი“ ჰკიდია, ჯერ კიდევ გასული წლის ვადამდელი არჩევნებიდან მოყოლებული. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი კი ფიქრობს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 2027 წელს ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.

მაგრამ, როგორც ამბობენ, დენთი მაკრონს ჯერ კიდევ აქვს. ასე რომ, იგი როგორც ევროკავშირის ლიდერთაგან ყველაზე გამოცდილი - "ფოკუსნიკი" ელისეის სასახლიდან - ალბათ, კიდევ ბევრ სანახაობას შემოგვთავაზებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო