„მცენარეს, როგორც ოჯახის წევრს, სიყვარული არ უნდა მოაკლო“
თეონა აქუბარდია პოლიტიკოსებს შორის იმით გამოირჩევა, რომ მცენარეების დიდი მოყვარულია. სიამოვნებს ქოთნის ყვავილების მოვლა და ამ თემაზე სასაუბროდ წელს ჩვენი რესპონდენტიც უკვე იყო. მისი "მწვანე ინტერვიუ" კი, როგორც წლის შედეგებმა აჩვენა, ჩვენი გაზეთის საიტზე ათასობით ადამიანმა წაიკითხა. შესაბამისად, ყველაზე კითხვადი ინტერვიუს რესპონდენტი საახალწლოდაც მოვიწვიეთ სასაუბროდ.
- 2025 წელს განსაკუთრებით რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა, რაც კვლავაც გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. რამდენად ახერხებდით საყვარელი საქმისთვის დროის დათმობას?
თეონა აქუბარდია:
- მართლაც რთული წელიწადი იყო და ჰობისა თუ გართობისთვის დრო და ხალისი ბევრს არ ჰქონდა. თუმცა ჩემი ქოთნის მცენარეების მოვლით შვება მაინც ვპოვე, ასევე ეზოს, ბაღის მცენარეების მოვლითაც. სამი წელიწადია, იპოთეკური სესხით შეძენილი მქონდა ნაკვეთი წოდორეთში, ლისის ტბასთან ახლოს. რაკი შინ ყვავილები აღარ ეტეოდა, გადავწყვიტე, ბინა გამეყიდა და წოდორეთში გადავსულიყავი. ამისთვის პატარა სახლს ვაშენებთ, ასევე 15 კვმ ორანჟერეის აგებასაც ვაპირებ. ჩემს ნაკვეთში მეტ აქცენტს ბაღის მცენარეებზე გავაკეთებ, ხეებსა და ყვავილებზე. ამით სამომავლო პერსპექტივას ვიქმნი, - ის, რაც მიყვარს და მაბედნიერებს, მცენარეების მოვლაა. რთული წლის მიუხედავად, შევძელი და რამდენიმე ნერგი შემოდგომით დავრგე.
ბებიაჩემის სოფლიდან მამამ დაფნის ნერგები ჩამომიტანა. ძალიან მიყვარს დაფნის ხეები. გარდა იმისა, რომ სურნელოვანია, მწერების საწინააღმდეგოა და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს არა მხოლოდ კულინარიაში. ასე რომ, ჩემს 500 კვმ მიწას რამდენიმე ნერგი დაფნაც შევმატე, სადაც იმედია, ბაღნარს გავაკეთებ. მცენარეების მოვლა და შემდგომ შედეგი დიდი სიამოვნებაა, რაშიც, ალბათ, ბევრი მებაღე დამეთანხმება.

- მამა ახსენეთ და, მცენარეების სიყვარული მისგან გამოგყვათ?
- ვფიქრობ, ოჯახიდან, რადგან დედასაც ძალიან უყვარდა ყვავილები, ოღონდ ქოთნის იები ჰქონდა, მერე მე კაქტუსები შევმატე, რომლებიც ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა. მამასაც თავიდანვე უყვარდა მცენარეები... ზუგდიდის ბაზარში მცენარეების ფანტასტიკური ნერგები იყიდება, სადაც ზუგდიდში ყოფნისას მიყვარდა მისვლა. საერთოდ, სამეგრელოში მცენარეების მოვლის მაღალი კულტურაც ახდენდა ჩემზე გავლენას. მახსოვს, გალში, სოფელ ფიჩორში, მშობლებს რომ ჩავყავდი (იმ ტერიტორიაზე ახლა რუსული სამხედრო ბაზაა), ჩემს ნათესავ გოგოს საოცარი ვარდების (დამყნობილი) ბაღი ჰქონდა. ერთ ტოტზე ერთი ფერის ვარდი ხარობდა, მეორეზე - სხვა ფერის. როცა ბებიასთან ვიყავი, დილას ვდგებოდი და ეზოს ფოცხით ვგვიდი, რათა ბებიას (მამის დედა გეგეჭკორის ქალი იყო) დავხმარებოდი, რაც ძალიან მომწონდა.

მამას ძალიან უყვარს მცენარეები, მისი ნაჩუქარი რამდენიმე მცენარე სახლში მაქვს. რამდენიმეც მე ვაჩუქე. ძალიან უყვარს სხვებისთვის მცენარის ჩუქება და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მათ მოვლაზე... როდესაც აქტიურად დავკავდები ეზოს გამწვანებით, ამ საქმეში მამაც ჩაერთვება.
არ ვფიქრობ, რომ მცენარე ნივთია, თუ მზრუნველობა არ აჩვენე, არ მოგცემს სასურველ შედეგს. ოჯახის ნამდვილი წევრები არიან და როდესაც ავადობენ, ისევე განვიცდი, როგორც ოჯახის წევრებისას. ვწუხვარ, რომ ჩემი ორი კატა მათ ემტერება, მაგრამ ვერც ერთს ვერ შეველიე...

- ბოლო დროს დაფნას ბევრი აშენებს.
- ჩემს ეზოს მინდა ცოცხალი მწვანე ღობე ჰქონდეს შემოვლებული და გამოვიყენო სხვადასხვა მარადმწვანე კულტურა, ამისთვის ვარჩევ რამდენიმე დასახელების მცენარეს, შესაბამის ჯიშებს. არის კვიპაროსები, დაფნაც. ეზოს ცოცხალ კედელზე ბევრს ვკითხულობ, ვეცნობი. ესეც განტვირთვის ერთ-ერთი გზაა.
- საჩუქრად ქოთნის მცენარე მახარებსო, მითხარით...
- საჩუქრად მირჩევნია ქოთნის მცენარე და სხვებსაც ამას ვურჩევ, რადგან ის მერე იმ ადამიანთან არის ხოლმე ასოცირებული. ორანჟერეა მინდა მინის კედლებითა და სახურავით იყოს, გათვლილი მაქვს, როგორი მცენარეები იქნება იქ, როგორ მოვუვლი ზამთარ-ზაფხულს. სანამ ამ პროექტის ასრულებას შევძლებ, კიდევ მეტ ცოდნას დავაგროვებ. მოწიფულობის ასაკში ჩემი თავი წარმომიდგენია ბევრი ყვავილის გარემოცვაში. ეს სიმწვანე მომცემს შესაძლებლობას, რომ თავი ვიგრძნო ცოცხალსა და მყუდრო ბინაში.
სამეგრელოდან ჩემი შვილების სოფელში, ზედა საზანოში, იმერეთში, შარშან ფეიხოას რამდენიმე ნერგი, მანდარინი და ლიმონი ჩემი ხელით დავრგე. ზამთარი მშვენივრად გადაატარეს, ასევე ზაფხულიც, იმედია, ნაყოფსაც მოგვცემს. ადრე იმერეთში არ იყო ასეთი მცენარეები, ბოლო წლებია ხარობს.

- პარლამენტში მუშაობისას გქონდათ კაბინეტში მცენარეები?
- რუსთაველზე ერთი ქალი ყიდდა ყვავილებს და მისგან ვიყიდე მონსტერა. მერე კაბინეტში მქონდა, ვუვლიდი. რომ წამოვედი, წამოვიღე. კიდევ ერთი მონსტერა თელავის ბაზრობაზე შევიძინე, პატარა, ერთ მტკაველ ქოთანში იყო და ქალი 10 ლარად ყიდდა. 2020 წელს იქ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოვხვდი...
- წინა ინტერვიუდან გაირკვა, რომ კაქტუსები განსაკუთრებით გიყვართ.
- კი... დეკემბერა, რომელიც აგრეთვე კაქტუსია, ახლა გადარეულია, ისე ყვავის. მთელი ზაფხული მქონდა გარეთ და კიდევ გარეთ არის, უხვად ყვავილობს. მთავარია, წყალი ჰქონდეს. მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს, უხდება ბანანის ქერქის ნაყენი. წამიკითხავს, რძეც უხდებაო, თუმცა არ დამისხამს. შავი ბრილიანტის სითხეს ვყიდულობ ხოლმე. სასუქს ორ კვირაში ერთხელ ნოემბრამდე ყველა ყვავილს ვუსხამ.
მცენარეებს ბრინჯის ნაყენიც უხდება. მოუხარშავს ცივ წყალს ვასხამ, ლამბაქს ვაფარებ, მერე ვწურავ და ვასხამ. მოხარშული კვერცხის დანაყილი ნაჭუჭის ნაყენიც სასარგებლოა. დანაყილი ნაჭუჭიც შეგიძლიათ ნიადაგს მოაყაროთ. ამით კალცით ვამდიდრებთ.
- არადა, ბევრს უჭირს ერთი ქოთნის გახარებაც კი...
- დაიწყონ ყველაზე ადვილად მოსავლელი ყვავილით. თავიდანვე ნაკლებად პრეტენზიული მცენარე შეიძინონ. ჩემთვის ასეთია კაქტუსი, სულ რომ დაგავიწყდეთ წყლის დასხმა, არ მოიწყენს. მთავარია, ფანჯრის რაფაზე მზის გულზე იყოს და სხვას არაფერს ითხოვს...
მცენარის მორწყვა რეგულარული უნდა იყოს. წესი მაქვს მყარად შემუშავებული - შაბათ დილას ჯერ ყვავილებს ვრწყავ. თუ საჭიროა, თვეში ერთხელ ფოთლებს ვუწმენდ ან ვბან. მაგალითად, მონსტერას ფოთლების გასუფთავება სჭირდება. საზოგადოდ, ზამთარში კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია.

ზამიოკულკასი ერთ-ერთი მარტივად მოსავლელი მცენარეა. უყვარს მზე და წყალი ზამთარში სამ კვირაში ერთხელ უნდა. ფანჯრის რაფიდან ცოტა მოშორებით უნდა იდგეს. სწრაფად იზრდება და ფოთლებს უნდა ხოლმე გაწმენდა ან ჩამობანა. საერთოდ, სანამ მცენარეს შევიძენთ, მასზე ინფორმაცია უნდა მოვაგროვოთ. მთავარი ამ საქმეში მაინც სიყვარულია. ასევეა მცენარეებისა და შინაური ცხოველების შემთხვევაშიც. ჩემი შვილები, ორი გოგონა მყავს, მეუბნებოდნენ, ყვავილები უფრო გიყვარს, ვიდრე ჩვენო. მცენარეს თუ რამე აწუხებდა, ვღელავდი, ან თუ სადმე მივდიოდი, ან რომელიმეს წლის დასხმა ავიწყდებოდა, ამაზე ვჩხუბობდი. ახლა მიხარია, ჩემს შვილთან ზაფხულში უცხოეთში რომ ვიყავი, ქოთნის ყვავილები აქვს და უვლის. არ მეგონა, თუ მცენარეს მოუვლიდა. წიწვოვანი მცენარეებიც დავურგე იქ... ასე მგონია, ვისაც მცენარეები უყვარს, გულში ბოროტება არ ექნება.
როდესაც ოთახის მცენარე ნაყოფს იძლევა, ამ სიხარულს ვერ გადაწონის ვერანაირი მორთმეული თაიგული. ეს არის ჩვენი ზრუნვისა და მოვლის დაფასება.

დაფესვიანებისთვის ასევე აუცილებელია კორნევიტი. რაც ეს აღმოვაჩინე, წყალში აღარ ვდებ დასაფესვიანებლად მცენარეს. ამას წინათ ახლობელთან ეზოში ვნახე ნოემბერში მოყვავილე ვარდი. ავაჭერი კალამი, კორნევიტში ჩავდე, ფესვი გამოიტანა და გაიხარა. მოკლედ, ვარდს ფოთლები აქვს გამოტანილი და სიხარულით დავფრინავ. გაზაფხულისთვის იმედია, კარგად იქნება და დიდ ქოთანში გადავიტან.
ეს ყველაფერი დადებით ემოციას გაძლევს და გიბიძგებს, მეტი სიკეთე გააკეთო. მცენარეებზე საუბარიც კი პოზიტივის მომცემია, ცხოვრება რაც არ უნდა რთული იყოს, იხალისებ. ახალი ფოთლის ან ახალი ყვავილის გამოტანა მაბედნიერებს და, ალბათ, ერთგვარად ძალასაც მაძლევს მეტი კარგი საქმისთვის. ბედნიერების მოპოვება შეგიძლია არა მხოლოდ სადმე მოგზაურობით ან ახალი ნივთების შეძენით, არამედ აქვე, შინ ქოთნის ყვავილის მოვლით. არანაირი ძვირფასი ნივთი არ შემიცვლის იმ ბედნიერების განცდას, იმ ურთიერთობას, რაც მე ჩემს ყვავილებთან მაქვს.