ამბავი "საწყალი პატარა მდიდარი ქალისა"... - კვირის პალიტრა

ამბავი "საწყალი პატარა მდიდარი ქალისა"...

1920-30-იანი წლების ევროპულ-ამერიკული საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხუთი და-ძმა მდივანი. მათი ხშირად მოიხსენიებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა: პოლა ნეგრის, მეი მიურეის, ლუიზა ასტორის, დევიდ კონან-დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალისა და სხვათა გვერდით გახმაურებულ ამბებში, ელიტარულ ქრონიკებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში. მათ აქებდნენ, ეპითეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ერთი ეპითეტი კი ყველას საერთო ჰქონდა: "მექორწინე მდივნები".

ბოლო ათწლეულში მდივნების შესახებ უამრავი მასალა გაჩნდა ინტერნეტში და ქართულ პერიოდიკაშიც. დეილ კარნეგის გახმაურებულ წიგნში "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე" და რუსი მწერლის, ლევ ლუბიმოვის რომანში "ყარიბობა" მექორწინე მდივნების შესახებაც მოგვითხრობენ. მათ არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის წიგნიც მიეძღვნა, 1987 წელს მათზე გადაღებული ჩარლზ ჯეროტის მინისერიალი "საწყალი პატარა მდიდარი ქალი" კი პოპულარობას დღესაც არ კარგავს.

მაგრამ მდივნებზე სრულ წარმოდგენას ვერც ერთი ჩამოთვლილი ნაწარმოები თუ ფილმი ვერ შეგვიქმნის, თუ საფუძვლიანად არ შევისწავლეთ მათი ხასიათის ის თვისებები, რის წყალობითაც წლების განმავლობაში მდივნების სახელები მსოფლიო პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. აუცილებელია ქართული ემიგრანტული პრესისა და საარქივო მასალის გათვალისწინებაც, რადგან უცხოური უმეტესად ტენდენციურია, ინტერნეტის მასალა და თარიღები კი - არასწორი.

მდივნების მამა იყო ცნობილი ქართველი გენერალი ზაქარია (შაქრო) მდივანი. მათი წინაპარი სოლომონ მდივანი ერეკლე II-ის თანამებრძოლი გახლდათ, მაგრამ დიდად ეწინააღმდეგებოდა მეფეს კავკასიაში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით. მისი პატრიოტიზმი და ერისადმი თავდადება მემკვიდრეობით გადაეცა შთამომავლობას. გენერალმა ზაქარია მდივანმა პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე საკმაოდ გრძელი საბრძოლო გზა განვლო. მისი კარიერა დივიზიის უფროსობიდან დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობით დასრულდა.

საქართველოს მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე თავის მოგონებებში გენერალ მდივანს ახასიათებს, როგორც ძალიან მიმზიდველ და სასიამოვნო ადამიანს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი თავისი ოჯახით, სხვა დევნილებთან ერთად, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. 1922 წელს პარიზში გადასახლდა, მრავალ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ემიგრანტის გაჭირვებულ ყოფას თავი ვერ დააღწია. შაქროსა და მის ცოლს, ნახევრად ქართველ და ნახევრად პოლონელ ელისაბედს ხუთი ულამაზესი შვილი ჰყავდათ - სერგო, დავითი, ნინო, რუსუდანი და ალექსი, რომელთაც კარგი განათლება მისცეს ჯერ თბილისში, პეტერბურგსა და ვარშავაში, სადაც ზაქარია ერთხანს ვარშავის კომენდანტი იყო, ოკუპაციის შემდეგ კი - ევროპაში.

ახალგაზრდებმა მალე დაიმკვიდრეს ადგილი ჯერ საფრანგეთის, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში. მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა მას ლექსიც კი მიუძღვნა ("გამოთხოვება"). 1925 წელს ნინო ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, სახელგანთქმულ მწერალ ართურ კონან-დოილის ვაჟს, დენის კონან-დოილს გაჰყვა ცოლად და მწერლის თხზულებების გამოცემის უფლება მემკვიდრეობით მიიღო, რამაც იგი ელიტარული ქრონიკის ინტერესის საგნად აქცია. დენისის დაღუპვის შემდეგ, 1955 წელს ის მესამედ გათხოვდა ენტონი ჰერვორდზე.

ამერიკაში გადასახლების შემდეგ კალიფორნიაში ძმებს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის მოუხდათ ტრიალი. სამივე გამორჩეული იყო სილამაზით, განათლებით, დახვეწილობითა და არისტოკრატიზმით. თავადის წოდება, ფრანგული გამოთქმით Prince, მათ სამეფო სახლის შთამომავალთა რიგში აყენებდა. როცა მათ მამას, ზაქარიას, ამ ტიტულით მიმართავდნენ, იცინოდა: "მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისგან მიიღოო". წოდება და "ძმები მდივნების ჯადო" ძალიან იზიდავდა დაბალი წარმოშობის მდიდარ ამერიკელებს. სერგის პირველი ცოლი იყო მუნჯი კინოს ვარსკვლავი პოლა ნეგრი, მეორე - საოპერო მომღერალი და ჰოლივუდის ვარსკვლავი მერი მაკკორმიკი, მესამე - თავისივე ძმის ცოლყოფილი ლუიზა ასტორი.

დავითის ცოლი ცნობილი კინოვარსკვლავი მეი მიურეი იყო. 1944 წელს დავითი "სინკლერ ოილის" პრეზიდენტ ჰენრი სინკლერის ქალიშვილ ვირჯინიაზე დაქორწინდა, კალიფორნიაში ნავთობის ჭა შეიძინა და ბიზნესში ჩაერთო. პოლოს გუნდის კაპიტანი, შესანიშნავი სპორტსმენი და მომხიბვლელი პიროვნება ალექსი მდივანი კემბრიჯის კოლეჯში სწავლის წლებშივე გახდა პოპულარული. კოლეჯის შემდეგ ალექსი ნიუ-იორკის "სიტი ბანკის" პარიზულ ფილიალში მიიწვიეს. ბანკის საქმეებზე 1931 წელს ამერიკაში ჩასულმა მეგობრის, ბეწვეულის მაგნატ ვან ასტორის ოჯახი მოინახულა და მშვენიერ ლუიზა ასტორზე დაქორწინდა. იმავე წელს პარიზში საქართველოს ლეგაციის მდივანიც გახდა და 24 წლის ალექსი სამშობლოს სამსახურში ჩადგა.

მალე გამომჟღავნდა მისი დიპლომატიური ნიჭი, ევროპული განათლება, დიდი პატრიოტიზმი და ქველმოქმედება. ინახავდა მოხუც მამას, ახლობლებს, ქართულ ორგანიზაციებს, საქართველოსთან დაკავშირებით ხვდებოდა დეპუტატებს, პოლიტიკოსებს, დელეგატებს თავისი ხარჯით აგზავნიდა კონგრესებზე, მათ ჩაცმულობაზეც კი ზრუნავდა. თუ საჭირო იყო - თვითონაც მიდიოდა.

1933 წელს ალექსი მეორედ დაქორწინდა უმდიდრეს ქალზე, "უნივერმაღების მეფის", ვულვორთის იმპერიის მემკვიდრე ბარბარა ჰატენზე. ქორწინების მერე ალექსი ცოლის ფულსაც ხარჯავდა ქველმოქმედებაში. ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, საფრანგეთსა და ბელგიაში 15 ხელმოკლე ქართველ სტუდენტს დაუნიშნა სტიპენდია. იაპონელთა ოკუპირებული ჰარბინიდან ლტოლვილ ქართველებს შანჰაიში ექვსსართულიანი სახლი უყიდა და სტიპენდიები იქაც დააწესა. ფუფუნებაში გაზრდილი ლუიზა ასტორისა და ბარბარა ჰატენისთვის ამგვარი ქველმოქმედება გაუგებარი იყო. ალექსიმ და მისმა ოჯახმა კი თავად განიცადა ემიგრანტული გაჭირვება და კარგად იცოდნენ თანადგომის ფასი. სხვა და-ძმებიც იჩენდნენ ხელგაშლილობას. როგორც ამბობდნენ, 1929-33 წლების დიდი დეპრესიის ჟამს გაჭირვებული ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი პარიზში მდივნების ხარჯზე ცხოვრობდა.

და-ძმებს შორის მხოლოდ რუსუდან (რუსი) მდივანი დაქორწინდა ერთხელ. ის ნიჭიერი მოქანდაკე იყო და პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. ფოტოც კი აქვს მათთან ერთად გადაღებული. მის შემოქმედებაზე შეგვიძლია მის მიერ პარიზში შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის ბიუსტით ვიმსჯელოთ. 25 წლის რუსუდანი განთქმული ესპანელი მხატვარ-მონუმენტალისტის, 50 წლის ხოზე-მარია სერტის მოწაფე გახდა, რომელიც პიკასოს გამოჩენამდე პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა. სერტის ცოლი ნიჭიერი პიანისტი, დიდი ალღოს მქონე მეცენატი, რენუარისა და ტულუზ-ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოქტოს გმირების პროტოტიპი, მიზია გოდებსკა, მიჩვეული იყო ქალების ვიზიტებს ქმრის სახელოსნოში. ამჯერად კი საფრთხე იგრძნო და მტკიცე გადაწყვეტილებით გაეშურა ახალგაზრდა მეტოქესთან შესახვედრად, მაგრამ ეს მაღალი, ქერა გოგონა ნაცრისფერ-მომწვანო თვალებითა და ანგელოზური ღიმილით სხვებს არ ჰგავდა. ის ისეთი უშუალო იყო, ისეთ უმწიკვლოებასა და სიწმინდეს აფრქვევდა, რომ მიზიამ მასში მტერი ვერ დაინახა. როგორც ჩანს, რუსუდანსაც ჰქონდა ძმების მსგავსი მომხიბვლელობა და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი უნარი, ანუ ე.წ. "ძმები მდივნების ჯადო" გააჩნდა. მან მეტოქე მალე უფროს მეგობრად გაიხადა.

მიზიამ კი ახალგაზრდა ხელოვანი თავისი სამეგობროს წევრად აქცია. ანრი გიდელი წიგნში "კოკო შანელი" მიიჩნევს, რომ 53 წლის მიზიას, რომელსაც სამ ქმართან შვილი არ ჰყოლია, რუსუდანისადმი დედობრივი გრძნობა გაუჩნდა. ალბათ, მნიშვნელოვანი როლი საერთო პოლონურმა ძირებმაც ითამაშა. სერტიც და მიზიაც აღმერთებდნენ რუსის. ორივეს თავისებურად უყვარდა გოგონა. სერტი გაეყარა მიზიას და რუსუდანზე დაქორწინდა. ქორწილი 1928 წლის 18 აგვისტოს ჰააგაში გადაიხადეს. თუმცა ამ ქორწინების შემდგომაც მიზია სერტის ახლო მეგობრად და მისი შემოქმედების ყველაზე ზუსტ შემფასებლად დარჩა. უცნაურია, მაგრამ ქმრისგან მიტოვებულმაც კი შეინარჩუნა მეტოქის სიყვარული - ეხმარებოდა საქორწინო სამზადისში, რუსუდანისთვის კაბა კოკო შანელს აარჩევინა, ქმარს კი ნიშნობისთვის ლალისთვლიანი ბეჭედი და ლალისავე გულსაკიდი აყიდვინა. ამ სასიყვარულო სამკუთხედმა არაჯანსაღი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. ის დაედო საფუძვლად ჟან კოკტოს პიესას "წმინდა ურჩხულები".

ესპანეთში, პალამოსში რუსუდანს ქმარმა სასახლე აუშენა, სადაც თავს იყრიდა პარიზული ბომონდი. ზაფხულობით სახელგანთქმული ძმები და ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ჩადიოდნენ. საზოგადოების სული და გული, ახალგაზრდა დიასახლისი საერთო სიყვარულით სარგებლობდა. სალვადორ დალი თავის უახლოეს მეგობრებად ასახელებდა "პარიზის ყველაზე ფანტასტიკურ ქალებს" ბეტინა ბერჟერს, კოკო შანელსა და რუსი მდივანს, რომელთანაც ხშირად მიდიოდა სტუმრად მეუღლესთან, გალასთან ერთად. 1935 წელს "გალა და მე იქ ერთი კვირის გატარებას ვაპირებდით. ზაფხულის მიწურულს იქ მთელი პარიზული ჯგუფი გაეშურა. ჩვენ იქ რამდენიმე დღე გავატარეთ, რომლებმაც მხოლოდ ნოსტალგიური მოგონება დაგვიტოვეს ბრწყინვალე, შეუდარებელ ომის შემდგომი პერიოდისა. მოჯადოება მონანავე ესპანური ცეკვების მუსიკითა და კოსტა-ბრავას მთელი საზღვაო მშვენიერებით, სამწუხაროდ, შეწყვიტა პალამოსიდან ფიგეიროსის გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ, რომელშიც დაიღუპნენ თავადი ალექსი მდივანი და ბარონი ტისენი"... - წერდა სახელგანთქმული მხატვარი თავის მოგონებებში.

ალექსის დაღუპვა მდივნების ოჯახის ტრაგედიის დასაწყისად იქცა: ერთი წლის შემდეგ, ფილმის გადაღებისას, ფლორიდაში ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა სერგი. "რუსიმ ვერ გადაიტანა მწუხარება და ჩაიფერფლა ოთხი წლის შემდეგ... რომ დავამტკიცო რამდენად მიყვარდა, საკმარისია უბრალოდ ვთქვა, რომ რუსი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა "ლა ჰაიეს" მუზეუმში დაცულ ვერმეერის ნორჩი ქალიშვილის პორტრეტს", - შენიშნავდა სალვადორ დალი.

ძმების სიკვდილით შეძრული, ჭლექით დაავადებული რუსუდანი მიზიამ და კოკო შანელმა სამკურნალოდ შვეიცარიაში წაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს - 1938 წელს გარდაცვალა 32 წლისა. მიზიამ გულით დაიტირა რუსუდანი, ხოლო მედალიონი მისი გამოსახულებით სასიკვდილო სარეცელზეც კი არ მოუხსნია...

რუსუდან დაუშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”