გია ხუხაშვილის პროგნოზი: რა ელის საქართველოს 2026 წელს, პოლიტიკური "ანომალიების" დილემა, აკრძალავენ თუ არა პარტიებს და როდის დასრულდება მძიმე კრიზისი?! - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის პროგნოზი: რა ელის საქართველოს 2026 წელს, პოლიტიკური "ანომალიების" დილემა, აკრძალავენ თუ არა პარტიებს და როდის დასრულდება მძიმე კრიზისი?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 22 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ეს წელი, შეიძლება ითქვას, ძალიან მძიმე იყო. ფაქტობრივად, ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმშია - ის თვითონ სდებს ბრალს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და სინამდვილეში თვითონ უწყობს ერთგვარ პერმანენტულ გადატრიალებას იმით, რომ ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ხელისუფლებისგან ითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ევროპულ სტრუქტურებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრების დასაჩქარებლად, ხელისუფლება კი უკვე შეუქცევად ხასიათს აძლევს ქვეყნის იზოლაციის პროცესს.

ეს წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმიდან დიქტატურის ფაზაში გადავიდა, პოლიტიკურმა დევნამ ლეგალური ხასიათი მიიღო. კანონმდებლობით მყარდება ერთპარტიული სისტემა, რომელიც გამორიცხავს ალტერნატიულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობას.

- რა პირობებს ქმნის ეს ყველაფერი მომავლისთვის?

- მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი, რადგან დღეს სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანს. ამასთან, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე გავლენას. ეს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასაც უკავშირდება. უნდა გვესმოდეს, რომ ამ დიდ გლობალურ პროცესში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ჯერ ბევრი რამ ბუნდოვანია და ვფიქრობ, ეს საქართველოზეც დიდ გავლენას ახდენს.

როგორც დალაგდება ყველაფერი იქ, ალბათ, სინქრონულად დალაგდება საქართველოშიც. თუმცა, ბუნებრივია, შიდაპოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებაც საჭიროა, აქ კი უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს. რეალური ძალა, რომ ამ პოლიტიკურ ომში დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, არ ჩანს. ომი ხომ მაინც რესურსებით იზომება?

- რისი ბრალია, რომ არ ჩანს? რაც დრო გადის, ეს პრობლემა უფრო მეტად იკვეთება. თითქოს გვყავს აქტიური საზოგადოება, ოპოზიციაც, ასე თუ ისე, არსებობს, მაგრამ ეს ძალა რატომ ვერ ჩნდება?

- ძალიან მარტივი მიზეზით - ეს პროტესტი, რომელიც ძალიან მასშტაბურია, ძალიან დაქსაქსულია სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფში. ბევრჯერ მითქვამს, ნებისმიერ ომში არმიას გამარჯვებისთვის სარდლობა სჭირდება. ვიღაცამ უნდა გააერთიანოს ეს დაქსაქსული ჯგუფები, უნდა მოახდინოს ამის კაპიტალიზაცია და აი, ეს მხარე არ ჩანს. არ ჩანს ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ეს დიდი ენერგია კალაპოტში მოაქციოს. ხელისუფლების ამოცანაა, პირიქით, რაც შეიძლება მეტად დააქუცმაცოს ეს ყველაფერი და სამზარეულოებში შერეკოს.

- "ოცნება", ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გაუქმებას აპირებს და მომავალ წელს რას უნდა ველოდოთ?

- პარტიების აკრძალვის საკითხი ჯერ გამოკიდებულია ერთგვარ სავაჭრო თემად. თუმცა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა ე.წ. სუვერენული დემოკრატიის, რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრება, რომელიც არ გულისხმობს რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას, რომელიც გულისხმობს მხოლოდ დომინანტურ პარტიას და მის სატელიტ ოპოზიციას ანუ ხელის ოპოზიციას. ხელისუფლებას ბუნებრივია, არ აწყობს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ არიან მართულები. არ არის აუცილებელი მხოლოდ პარტიების გაუქმება, ვიღაცას მოისყიდიან, ვიღაცას დააშანტაჟებენ და ა.შ. ალბათობა იმისა, რომ "ნაცმოძრაობას" და "ახალს" გააუქმებენ, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება "ლელოს", შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს შეუნარჩუნონ სახე და ამ პარტიასთან დაკავშირებით რაღაც სხვა გადაწყვეტილება­ მიიღონ, ან სულაც არ მიიღონ. ყველაფერი თანდათან გამოჩნდება, თანაც პარალელურად, როგორც გითხარით, საგარეო პროცესი მიდის და შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება ვაჭრობის საგანიც გახდეს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეს დიდი გლობალური პროცესი.

- საგარეო ფაქტორი ახსენეთ და, ბოლო დღეებში თითქოს რიტორიკა კიდევ უფრო გამკაცრდა ტრამპის მიმართ, რადგან ის "დიფ სთეითს" ვერ ამარცხებს"...

- ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ეს, ასე ვთქვათ, თავის დაზღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად გამოასწოროს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, რათა ტრამპმა, ბოლოს და ბოლოს თქვას, კი ბატონო, ესენი მამაძაღლები არიან, მაგრამ იყვნენ, ჯანდაბას, ჩემი მამაძაღლები არიანო. მაგრამ, როგორც ჩანს, იქ არ მიდის საქმე იმდენად ოპტიმისტურად ამათთვის და თავს იზღვევენ, აი, ტრამპიც დაამარცხა "დიფ სთეითმაო".

- ვადამდელი არჩევნების შანსს თუ ხედავთ მომავალ წელს?

- პოლიტიკური ლოგიკით აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ორივე შემთხვევაში. რა არის ეს ორივე შემთხვევა? - ჩვენ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში, ან ქვეყანა უბრუნდება ევროპული განვითარების გზას. ორივე შემთხვევაში არჩევნები გარდაუვალია, იმიტომ, რომ თუ რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით, მაშინ 78-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოსაღებია და დღევანდელ კოჭლ პარლამენტს ამის შესაძლებლობა არა აქვს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ხელისუფლებას სჭირდება აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში და ამას თავისთავად სჭირდება არჩევნები. მეორე მხრივ, თუ ვუბრუნდებით ევროპულ გზას, ევროპული გაგებით ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად, ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად სჭირდება არჩევნები. ასე რომ, ორივე ამ პოლიტიკური ლოგიკით არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს. თუმცა საქართველოში ყველაფერი არ ხდება პოლიტიკური ლოგიკით და ანომალიები საკმაოდ ხშირია.

- დავუშვათ, ჩატარდა. ოპოზიცია ან საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მზად არის ამ არჩევნებისთვის?

- მზად რომ არ არის, ვიცით. ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის არათუ განახლება, ჩვენ გვჭირდება საერთო აფგრეიდი, ანუ სისტემური გადატვირთვა ოპოზიციაში. ვფიქრობ, უნდა გაიხსნას სივრცე ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის. ახლებურად მოაზროვნე ახალი ლიდერები გვჭირდება და რაც მთავარია, ნაკლებად კომპრომეტირებული.

წაიკითხე ვრცლად