"ტრამპის სუპერხომალდები" - ამერიკის პრეზიდენტის მორიგი იმპერატორული ამბიციები - კვირის პალიტრა

"ტრამპის სუპერხომალდები" - ამერიკის პრეზიდენტის მორიგი იმპერატორული ამბიციები

ამერიკელებს ერთი ტრადიცია აქვთ-თავიანთი პრეზიდენტების სახელებს არქმევენ სამხედრო ხომალდებს, მათ შორის ყველაზე დიდ ატომურ ავიამზიდებსაც, მაგრამ ამას მხოლოდ გარდაცვლილი და ცოცხალი ექსპრეზიდენტების საპატივცემულოდ აკეთებენ და აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მოქმედი პრეზიდენტის სახელი მიენიჭებინათ...

თუმცა, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ამ ტრადიციასაც არღვევს და გუშინ ფლორიდაში ჩატარებულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის „ოქროს ფლოტს“... „ტრამპის კლასის“ სუპერხომალდებით გააძლიერებს, რომლებიც „100-ჯერ უფრო ძლიერნი იქნებიან“ და ამგვარი ხომალდები აშშ-ს 1994 წლის შემდეგ აღარ აუშენებიაო...

ის, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გადაიარაღება თანამედროვე სამხედრო ხომალდებით რთულად მიმდინარეობს, ეს ისედაც იყო ცნობილი, ისევე ისიც,რომ ჩინეთი გასაოცარი სისწრაფით აშენებს ახალ-ახალ სამხედრო ხომალდებს, მათ შორის ავიამზიდებსაც და მალე არათუ დაეწევა, არამედ გადაუსწრებს მსოფლიოში, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი სამხედრო ფლოტის მქონე აშშ-ს.

შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან დაწყებული კამპანია ამერიკული „ოქროს ფლოტის“ შესაქმნელად, რომელიც კვლავ უძლიერესი უნდა დარჩეს დედამიწის ოკეანებსა და ზღვებში, სრულიად გასაგებია, თუმცა ისიც ნათელია,რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს სწრაფი ტემპებით „უვითარდება“ იმპერატორული ამბიციები და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა და მსოფლიო ისტორიაში შესვლა სურს. შეიძლება იმიტომაც, რომ ხვდება-თუკი უზარმაზარ ავიამზიდებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების სახელები-ფრანკლინ რუზველტი, დუაიტ ეიზენჰაუერი, თეოდორ რუზველტი, აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ჰარი ტრუმენი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში, ჯონ კენედი და ჯერალდ ფორდი უწოდეს მათი გარდაცვალების შემდეგ, ტრამპის სახელის ავიამზიდის ჩაშვების დიდი იმედი მას არ უნდა ჰქონდეს, მას შემდეგ,რაც სამ წელში დატოვებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს...

ტრამპის გაღიზიანების განსაკუთრებულ საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ გეგმაში არის, რომ 82-ე და 83-ე ამერიკულ ატომურ ავიამზიდებს, რომელთა მშენებლობა მომავალში დაიწყება, შესაბამისად ეწოდოს ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუში-უმცროსის სახელები, სწორედ იმ ბილ კლინტონისა, რომელსაც ტრამპი ყველაზე მეტად აკრიტიკებს...

რას შეიძლება წარმოადგენდეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაანონსებული „ტრამპის კლასის“ სუპერხომალდები?

ეს უნდა იყოს 30 ათასს ტონაზე მეტი წონის ხომალდები შეიარაღებულნი მძლავრი რელსური ქვემეხებით, ჰიპერბგერითი რაკეტებითა და ლაზერული იარაღით, რომლის მსგავსი სახაზო ხომალდები აშშ-ს 1994 წლის შემდეგ არ აუშენებია. ჩვენ თავდაპირველად ორ ხომალდს ავაგებთ, შემდეგ კი ათს, ოცს და ოცდახუთსაც - ჩვეულ სტილში წაიტრაბახა პრეზიდენტმა ტრამპმა.

სახაზო ხომალდს ამერიკელები Battleship-ს ეძახიან და ის თავისი წყალწყვითა და შეიარაღებით კრეისერებზე მაღლა იდგა, თუმცა ჩამოუვარდებოდა ძირითად ავიამზიდებს, მაგრამ ამ სახაზო ხომალდების აშენება ამერიკელებმა 1994 წელს კი არ შეწყვიტეს, არამედ ჯერ კიდევ 1944 წელს, როდესაც წყალში ჩაუშვეს 58 ათასი ტონა წყალწყვის „მისური“ (სწორედ მის ბორტზე მოეწერა ხელი იაპონიის კაპიტულაციას 1945 წლის 2 სექტემბერს, რაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების თარიღად იქცა) და რომელიც სწორედ 1994 წლის ბოლოსთვის ჩამოწერეს - ტრამპს ტრადიციულად ისევ აერია წლები და მოვლენები...

განაგრძე კითხვა: ნადირობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება

საბოლოოდ რას პროგნოზირებს ამერიკის დაზვერვა-რუსეთი შეუტევს თუ არა ევროპას?

სამ ზღვაში რუსულ ტანკერებზე დაწყებული ნადირობა...

პუტინის „ორეშნიკებმა“ ლუკაშენკოს ბელარუსიდან ევროპა მიზანში ამოიღეს - რას დაუპირისპირებს ამ იარაღს დასავლეთი?!

ანუ მეორე მსოფლიო ომის ბოლოდან ამერიკა აღარ აშენებდა უზარმაზარ შეჯავშნულ სახაზო ხომალდებს, რაც შემთხვევითი არ გახლდათ-ჯერ ავიაციისა და შემდეგ სარაკეტო შეიარაღების სწრაფმა განვითარებამ 300 მ სიგრძის ეს სახაზო ხომალდები(რომლებიც 406 მმ კალიბრის უძლიერესი ქვემეხებით იყვნენ აღჭურვილნი) ადვილ საზღვაო სამიზნედ გადააქცია თავისი გაბარიტებისა და სუსტი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამო.

2-xom-1766479594.png
„ტრამპის კლასის“ სუპერხომალდის სავარაუდო ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებია-წყალწყვა 35 ათას ტონაზე მეტი, სიგრძე 270 მ, ცურვის სიჩქარე 56 კმ/სთ, შეიარაღება:ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებისა და საზენიტო/ანტისარაკეტო რაკეტების გამშვები 12 და 128 ვერტიკალური შახტა შესაბამისად, ერთი ელექტრომაგნიტური რელსური ქვემეხი, ორი ძლიერი ლაზერული დანადგარი სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად...

მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები ძირითადად კომპლექტდებიან კორვეტის ,ფრეგატისა და კრეისერის კლასის წყალზედა სამხედრო ხომალდებით, მაგრამ როგორც ჩანს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს სურს სახაზო ხომალდების დაბრუნება და ამ კლასისთვის საკუთარი გვარის მინიჭება, თუმცა...

ტრამპს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობის სამი წელი დარჩა(თუმცა,თუკი ასე გააგრძელა, დიდი შანსი აქვს იმპიჩმენტსაც გამოჰკრას ხელი), კონსტიტუციის თანახმად, მას მესამედ პრეზიდენტად აღარ აირჩევენ და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ამ სამ წელში „ტრამპის კლასის“ ერთი სუპერხომალდის აშენება ,წყალში ჩაშვება და მისი შეიარაღებაში მიღებაც კი მოესწროს, ხოლო ტრამპის „ჩამოპრეზიდენტების“ შემდეგ, რა აზრზე იქნება აშშ-ის 48-ე პრეზიდენტი, სხვა თემაა...