"კარის მეზობელს მოუკლავს" - ცნობილია, ვინ არის ზუგდიდში მოკლული მამაკაცი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავთანდილ ქობალია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დანაშაული ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში მოხდა. სავარაუდოდ, მამაკაცს ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ადგილობრივები არ საუბრობენ. ერთ ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დამნაშავე დაკავებულია. “პირადად ვიცნობდი ავთოს, ხელოსანი კაცი იყო, აფხაზეთიდან დევნილი, ისე ძირი კორცხელიდან აქვს, პატიოსანი, კარგი ადამიანი. როგორც გავიგე, დღეს კარის მეზობელს მოუკლავს. ისინი ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში ცხოვრობენ. დევნილები და ადგილობრივები ცხოვრობენ იქ და მათ შორის მოკლული და მკვლელი. მე პირადად დამნაშავეს არ ვიცნობ. ამბობენ, რომ დამნაშავეს აქვს ფსიქიური პრობლემები. თურმე კლინიკაში იწვა და სამი დღის გამოსული ყოფილა საავადმყოფოდან. რატომ მოკლა ავთო, არ ვიცი. მეზობელმა იცის მითხრა, ნებისმიერ ადამიანს მოკლავდა, ვინც შეხვდებოდაო. როგორც შევიტყვე, ავთოს მრავლობითი ჭრილობები აქვს დანით მიყენებული. ეტყობა ავთოს მეუღლე შეესწრო ამ შემზარავ ფაქტს და სცადა ქმრის დახმარება, ისიც დაჭრილია, მასაც მიაყენა ჭრილობა. ავთანდილის მეუღლეც გადაყვანილია კლინიკაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეზობლები ძალიან განიცდიან მომხდარს. ბევრი ხალხია ახლა ტრაგედიის ადგილას და პოლიცია აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ”,- მითხრა ადგილობრივმა.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ზედა ეწერში. ირაკლი თორდია ამბობს, რომ დეტალების გარკვევას ახლა ცდილობს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ერთი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა, მისი მეუღლეს კი თავის არეში მიაყენა დაზიანებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია - 1993 წელს დაბადებული ტ.ზ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა 1960 წელს დაბადებულ ა.ქ. ხოლო, მის მეუღლეს - 1963 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.დ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)