"ნინი მანქანიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავის არეში... მონატრებული, ულამაზესი გოგონა აღარ ჰყავს. როგორ უნდა ანუგეშო ასეთი დედა?"- რას წერენ ავარიის გამო გარდაცვლილ 20 წლის გოგონაზე? - კვირის პალიტრა

"ნინი მანქანიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავის არეში... მონატრებული, ულამაზესი გოგონა აღარ ჰყავს. როგორ უნდა ანუგეშო ასეთი დედა?"- რას წერენ ავარიის გამო გარდაცვლილ 20 წლის გოგონაზე?

თბილისში მომხდარ უმძიმეს ავარიას 20 წლის გოგონას, ნინი ბურდულის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა გოგონა საქმროსთან და მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, როცა ისინი მამკოდის გზაზე ავარიაში მოყვნენ. მანქანაში მყოფი ოთხივე დაშავებული სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ყველაზე მძიმე ნინი ბურდულის მდგომარეობა იყო. მას სამწუხაროდ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"ძალიან დიდი უბედურება მოხდა. ულამაზესი და უსაყვარლესი ნინი, რომელიც საქორწილოდ ემზადებოდა, ავტოავარიამ იმსხვერპლა. ამ ავარიის დროს დაშავდა მისი რჩეული, გეგიც, რომელიც ახლა კლინიკაშია და უფალს შევთხოვთ ის და მისი მეგობრები მაინც გადარჩნენ. უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი ნინის და გეგის. უნდა ებედნიერათ, გვიხაროდა ამ ლამაზ წყვილს რომ ვხედავდით და უცებ ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მოუშუშებელი ტკივილია ამ საყვარელი გოგოს გარდაცვალება. ნინის დედა ემიგრაციაში იყო, გერმანიაში მუშაობდა და როგორც კი ეს ამბავი გაიგო, მაშინვე აიღო ბილეთი და ჩამოვიდა, ორი წლის უნახავი ჰყავდა თავისი ქალიშვილი. ახლა საშინელი რეალობის წინაშეა. არც ერთ დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. მონატრებული, ულამაზესი გოგონა აღარ ჰყავს. როგორ უნდა ანუგეშო ასეთი დედა? რა უნდა უთხრა მამას, რომელიც გახევებული და თავზარდაცემულია. როგორც ვიცი, მანქანა, რომელშიც ნინი იჯდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა, ნინი მანქანიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავის არეში, სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს. ყველა ვლოცულობდით და იმედს არ ვკარგავდით. არ ვუშვებდით ცუდს, ახლა არ ვიცი რა ვთქვა, თავზარდაცემული ვარ. ულამაზესი გოგონა აღარ გვყავს. ის ბიჭიც საავადმყოფოშია, ულამაზესი წყვილი იქნებოდნენ, ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, უნდა ეხარათ ერთად ყოფნით და უცებ ეს დატრიალდა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს”, -ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ყველა ემშვიდობება ამ ლამაზ გოგონას.

“ვერაფერს ვამატებ ჩემი" გაზრდილი" შვილის სულის კივილს.. გაგვიფრინდა ჩვენი პეპელა გოგო, რა მწარე ხარ... რა მწარე...10 წუთით ვერ მოგისწრო შენმა მონატრებულმა დედამ... 10 წუთით”, - წერს ემოციურ სტატუსს ნინის თანაკლასელის დედა.

სოციალურ ქსელში შეყვარებული წყვილის ერთად გადაღებული ფოტოც ვრცელდება წარწერით:“სიყვარული რომელიც ისტორიას დარჩება და ვერც სიკვდილი დააშორებთ! ნინი იქედან დაიფარე შენი გეგი”- წერს სოციალურ ქსელში მათი ახლობელი.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ნინის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)