"ჩვენი დაბალი" - კვირის პალიტრა

"ჩვენი დაბალი"

ესეც ასე...

დამთავრდა ”ნაცმოძრაობის” საქართველო - ჩემი ყურით მოვისმინე, სააკაშვილმა რომ თქვა, ოპოზიციაში გადავდივართო!

მერე გადავახვიე და კიდევ მოვისმინე... მერე კიდევ...

გგონიათ, მიხარია ამის მოსმენა და იმიტომ ვამეორებინე? სულაც არა, პირიქით - ამათ რომ შევარდნაძე ”გადააიმასქნეს”, მაშინაც ვერ ვიყავი ხასიათზე, რადგან ”პროვოკატორობა” ისეთი საქმეა, ”შეჩვეული ჭირი” რომ სჯობს - უკვე იცი, ეს რისი გამკეთებელი და რა სისულელის ჩამდენია. ეგ კი არა, ხანდახან, წინასწარაც შემეძლო დამეწერა: მიშამ გადაწყვიტა ახალი ქალაქი ააშენოს! ან: პრეზიდენტმა ყველაზე გრძელი, მაღალი და განიერი ხიდი გახნა და მასზე ტრაქტორის საჭესთან მჯდარმა გაიარა! და მეორე დღეს მართლა ასე ხდებოდა... ცხრა წელიწადი დიდი დროა; მანამდე შევარდნაძეს ვუყურებდი ასი წელი.

ახლა ”ბიძინა ენდ კომპანის” შეწავლა უნდა დავიწყო და საჩხიკინ-საქილიკო მოვძებნო... თუმცა, რა ვიცი, იქნებ სულაც არ დამჭირდეს დიდი დრო და დაკვირვება...

მიშა, ეგ რა დაგემართა, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი... ახლა გიყურე კიდევ - მაჟორიტარულ ოლქებშიც ვერ ”გავქაჩეთო” (ხარატიშვილის კანტორას გულისხმობდი ალბათ), - როგორი მშვიდი, წყნარი და ნორმალური იყავი.

ეგრე რა, შე კაიკაცო, მაინც და მაინც არჩევნები უნდა წააგო, რომ ადამიანურად გველაპარაკო?! მეტსაც გეტყვი: შენ და შენს ”სასტავს” რომ აქამდეც ასე გელაპარაკათ და ”ნულოვანი ტოლერანტობა” და ”საყოველთაო გაკბილიანების პროგრამა” არ გეძახათ, იქნებ ახლა ”სამაღარიჩო სუფრის” ირგვლივ მსხდარიყავით.

ისე, მიყვარს არჩევნები. მიყვარს რა, ადრე მიყვარდა: ყუთების გატაცებები, დევნა, პანჩურები, მოწინააღმდეგის კოორდინატორების დაშინება-გადაბირებები... მოკლედ, თრილერი იყო რა! ახლა ვერ გამოვიდა ისეთი საინტერესო - ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოეხეტა და მხოლოდ ხაშურში, გორში და სამხრეთ საქართველოს სომხურენოვან რაიონებში იყო ”ძველი, კეთილი” თრილერისა თუ ვესტერნის ელემენტები; ახლა უფრო ”საავტორო კინოს” ჰგავდა, ხოლო ”ავტორი” ეგ შენი ხარატიშვილი იყო! სხვათა შორის, ესეც ძალიან ”საინტერესო კინო” გამოვიდა და სწორედაც ”მხატვრული” ფილმი და არა ”დოკუმენტური”, რადგან ”ოცნება” კი არის ახლა გახარებული გამარჯვებით, მაგრამ პირველი არხის მიერ გამოგონილი ექსიტპოლების ”შედეგების” მიხედვით დაკარგული რამდენიმე მანდატი, იქნებ სანანებლად გაუხდეთ, როდესაც კოალიცია დაიშლება (არ მითხრათ ახლა, საიდან იცი, რომ დაიშლებაო) და ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია (და არა პარლამენტის უმრავლესობა) ისევ ”ნაცმოძრაობა” იქნება!

აი, ეგ იქნება, რაც იქნება! ექვსი ან შვიდი პარტია და ერთმანეთის ჭამა-კბენა - მაშინ მექნება, თუ მექნება საპროვოკაციო მასალა!

ჰმ, ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ქდმ-ზე ხუმრობა აღარ იქნება აქტუალური - არადა, კარგი იყო, ისეთი გემრიელი საშაყირო იყო...

”ნაციონალების” ოპოზიციაში გადასვლას რაც შეეხება: უკვე პოზა დაიჭირეს და ”ცივილიზებული” ოპოზიციის როლის შესასრულებლად ემზადებიან! ახლა სერიოზულად ვამბობ, ყოველგვარი პროვოკატორობისა და ღლაბუც-შაყირის გარეშე მივმართავ ახალ ხელისუფლებას: არა რევანშიზმისა და ბოღმის გამო, არამედ სამართლიანობისთვის, თქვენ თუ ყველა დამნაშავეს, მინისტრი იქნება ის, თუ პარლამენტის წევრი, წინასწარი ორთვიანი პატიმრობის სიმყრალეს მაინც არ აყნოსინებთ (დაუფიქსიროს სასამართლომ დანაშაული და მერე ჯანდაბას, გაუშვას პირობითი სასჯელით, მაინც ლმობიერი კაცი ვარ), მერე ნახეთ, რეებს გაგიხსენებთ - მეც მაქვს ჩემი ”არქივი”!

P.S. არასოდეს მითქვამს, არც მიამაყია და არც საავტორო უფლება მომითხოვია ოდესმე (მით უმეტეს, რომ ვინც იყენებს ახლა ამ ტერმინს, ძალიან კარგად და გემოვნებიანად აკეთებს თავის საქმეს), მაგრამ ტერმინი ”ჩვენი მაღალი” პირველად ”პროვოკატორმა” გამოიყენა. ჰოდა, ახლა ახალი პერსონაჟი იქნება უფრო აქტუალური და იმედია, წინამორბედივით არ დაიბოღმება, როდესაც მასზე ვიხუმრებთ ხოლმე, თუნდაც ”ჩვენი დაბალი” რომ ვუწოდოთ ხანდახან...

P.P.S. ეეჰ, სიმაღლეში რომ არაფერი ყრია, ხომ გაირკვა... ასე რომ ”ჩვენი მაღალი” იქნება თუ ”ჩვენი დაბალი”, ”ჩვენი მსუქანი” თუ ”ჩვენი გამხდარი”, მთავარია - ჩვენი იყოს, ნაღდად ჩვენი და რომც არ ივარგოს, ”ჩვენ გლახას ჩვენ მივხედავთ!” (ციტატის ავტორი, ცხადია - ბებიაჩემი)

პროვოკატორი