როდის დაიწყება დიდი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში?! - ირაკლი მელაშვილი: "2008 წლის ომის შემდეგ 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი გამოდგა..."
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ირაკლი მელაშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 22 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- 2008 წლის ომის შემდეგ 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი გამოდგა - საქართველომ მოახერხა და გაიფუჭა საგარეო ურთიერთობები ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. დაძაბულობა შეიმჩნევა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობაში ბოლო დროს გამოიკვეთა.
მეორე და დიდი უბედურება ის არის, რომ ეს წელი დაახლოებით 150 პოლიტპატიმრის გაჩენის წელია. საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული არასოდეს გვყოლია ამდენი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი. იმ დღეს ვკითხულობდი პრეზიდენტად მომუშავე მიხეილ ყაველაშვილის არა მარტო უცნაურ, უსინდისო განცხადებებს პოლიტპატიმრებზე. ადამიანი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ძალაუფლებაში და ახლა ამით ტკბება, რაღაც ისეთი ზემდგომი ტონით ამბობს, ჯერ აღიარონ და მერე ვიფიქრებ, შევიწყალო თუ არაო, თითქოს მართლა თვითონ შეეძლოს რამის გადაწყვეტა.
მესამე, რა თქმა უნდა, არის ის შეუპოვრობა, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას. არც ხელისუფლება, არც ჩვენი მეგობრები ქვეყნის გარეთ, არავინ ელოდა, რომ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდებოდა აქციები. ხელისუფლებამ ვერანაირი რეპრესიული კანონებით ვერ შეძლო მისი შეჩერება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, რაც ბოლო დღეებში მათი განცხადებებით დასტურდება, ყოფილა "დიფ სთეითთან" ბრძოლა. ამას ამბობენ დეპუტატები, პოლიტიკური თანამდებობის პირები. ჩემი აზრით, ეს ფსიქიატრიული მიმართულების განცხადებებია - პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ ფიქრობენ, რომ მთავრობის ამოცანა წარმოსახვით "დიფ სთეითთან" ბრძოლაა და არა ის, რომ ამ ქვეყანას მეტი მეგობარი, მხარდამჭერი ჰყავდეს, მართლაც შავ დღეში ვყოფილვართ. ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის მთავრობის დანიშნულება.მიუხედავად ამისა, არ მაქვს იმედი, რომ მომავალ წელს სიტუაცია გამოსწორდება. პოზიტიური მოლოდინი უფრო იმას უკავშირდება, რომ ბევრად დასუსტდება რუსეთი, უკრაინაში ომი დასრულდება ისე, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში. ამ საგარეო ფაქტორების ერთობლიობამ უფრო შეიძლება შეცვალოს საქართველოში პროცესები, ვიდრე იმან, რომ ხელისუფლება ჭკუაზე მოვა და გონივრული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს.
საქართველო ახლა ამოვარდნილია დასავლური სამყაროს დღის წესრიგიდან. ჯერ მიშვებული ჰყავთ საქართველოს მთავრობა. მნიშვნელოვანია, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ ფაქტზე, რაც BBჩ-ის ფილმში ვნახეთ. ეს ხელისუფლების პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ თქვეს, გამოძიება დასრულებულია, სუს-მა გამოიძია ყველაფერი და არაფერიც არ მომხდარაო. თუმცა ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, რომ მათი მომხრეებიც კი გააოცა სუს-ის გამოძიებამ. რას გადაწყვეტს ამაზე ევროკავშირი, შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და უპირველესად მთავრობისთვის. სამწუხაროდ, მომავალი წლისთვის კარგს ვერაფერს ვხედავ საქართველოსთვის. არ მჯერა, რომ ხელისუფლებას გონება გაუნათდება და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. რომც დანიშნოს, ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, მაინცდამაინც დიდი შედეგის მიღწევის შესაძლებლობასაც ვერ ვხედავ.
- ოპოზიციური პარტიების გაუქმებისთვის სარჩელი უკვე შეტანილია. ფიქრობთ, რომ მართლაც აკრძალავენ? თუ ასეა, რა მოხდება ოპოზიციურ ველზე?
- თუ გააქტიურდება ეს საკითხი, შეიძლება ეს უარესიც იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან 13 წლის განმავლობაში საფრთხობელად ჰყავდათ "ნაცმოძრაობა". თუ გააუქმებენ, მაშინ ეს საფრთხობელა აღარ იარსებებს. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ხელისუფლება რას იზამს, არამედ ის, რომ საქართველოში შეიქმნას ალტერნატივა, გაჩნდეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად ისაუბრებენ მოსახლეობის პრობლემებზე და არ ექნებათ ასეთი დამოკიდებულება, რა დროს მოსახლეობის პრობლემებია, აგერ, ევროინტეგრაცია შეჩერებულია, ვიზალიბერალიზაციას ვკარგავთო და ა.შ. თუ ოპოზიცია არ შემოტრიალდა საზოგადოებისკენ და არ დაიწყო საუბარი მის პრობლემებზე და არ აჩვენა ხალხს, რომ ხელისუფლების შეცვლა მდგომარეობის გაუარესებას კი არა, გაუმჯობესებას მოიტანს, და არ გაითვალისწინა ამ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები, მაშინ არაფერი შეიცვლება.
გაჩნდება თუ არა ახალი ოპოზიციური ძალა?!
- გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია შეძლებს ალტერნატივის გამონახვას?
- ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ ცვლილებებია საჭირო. ოპოზიციაში ბევრი ცდილობს რაღაცები დაალაგოს და შეკრიბოს ხალხი, რომელიც უპირველესად ჩამოაყალიბებს იმ ალტერნატიულ ხედვებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებაში იმედი გაჩნდეს. მაგრამ ვიმეორებ - ეს ძალიან რთული პროცესია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოუწევს ყველას ბრძოლა ხელისუფლების წნეხის გამო. მართლა ხომ არ გვჯერა, რომ ხელისუფლება მხოლოდ "ნაცებს" ებრძვის, ის ებრძვის ნებისმიერ ოპოზიციურ აზრს, რომელმაც შეიძლება ხელისუფლება შეცვალოს და ცდილობს დაასუსტოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება პრეტენზია და შანსი ხელისუფლების შეცვლისა.
ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილის პროგნოზი: რა ელის საქართველოს 2026 წელს, პოლიტიკური "ანომალიების" დილემა, აკრძალავენ თუ არა პარტიებს და როდის დასრულდება მძიმე კრიზისი?!
ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორზე, იმაზეც, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. ბოლო თვეებში ჩანს ნიშნები, რომ ეკონომიკაში არის გარკვეული სტაგნაცია და შემოსავლების შემცირება. მაგრამ შეუძლებელია ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში რაიმეს პროგნოზირება. უბრალოდ, გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული იმის გამო, რომ დღეს ვიღაც კარგ ხასიათზე ადგა, ან ვიღაცამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ან ვიღაცამ ცუდი თუ კარგი სიზმარი ნახა. არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საქართველო მთელ ცივილიზებულ სამყაროს წაეჩხუბა, გაიფუჭა ურთიერთობა ყველა მეზობელთან ამა თუ იმ ფორმით. ამის არანაირი ობიექტური რეალობა არ არსებობდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისთვის ჩვენ გამოვსულიყავით ხელის შემშლელი ფაქტორი და ამითი დაგეძაბა ურთიერთობა ერთთანაც და მეორესთან, მაგრამ ეს მაინც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ამიტომ ახლა რაიმე სერიოზული ანალიზი, თუ რას იზამს ეს ხალხი, სრულიად წარმოუდგენელია.