"აპოკალიფსური" პროგნოზი და მწარე სიმართლე ომზე: „მიტოვებული უკრაინა მშიშარა დასავლეთს პუტინისაგან იცავს" - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"აპოკალიფსური" პროგნოზი და მწარე სიმართლე ომზე: „მიტოვებული უკრაინა მშიშარა დასავლეთს პუტინისაგან იცავს" - The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სამხედრო ექსპერტის, ჰემიშ ბრეტონ-გორდონის სტატია სათაურით: „უკრაინა, მარტოდმარტო მიტოვებული რუსეთის წინაშე, ბრძოლას აგრძელებს და მშიშარა დასავლეთს პუტინისაგან იცავს“. ავტორი გადმოცემს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას ზამთრის პერიოდში, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ - სცივათ, შიათ და სწყურიათ, როცა რუსული რაკეტები და დრონები ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. დასავლეთი კი ამ დროს შობისა და საახალწლო დღესასწაულების საზეიმოდ აღნიშვნისათვის ემზადება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლოვდება დონალდ ტრამპის მიერ დადგენილი მორიგი ვადა რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტს კი, როგორც ჩანს, ფლორიდის საზღვაო ფარვატერები და მისი სახელობის პირობითი სამხედრო ხომალდების რაოდენობა უფრო აინტერესებს, ვიდრე - უკრაინაში მიმდინარე ომის მწარე რეალობა.

ამასობაში კი უკრაინა ბრძოლას განაგრძობს - იზოლირებული უკრაინა, შეზღუდული და არასაკმარისი რესურსებით, რომელიც, ალბათ, ხშირად იხსენებს დასავლეთის მტკიცე დაპირებას, რომ კიევი არ იქნება მიტოვებული მარტოდმარტო, აღმოსავლურ ტირანიასთან დაპირისპირებაში... სამწუხაროდ, დღეს დასავლელი მოკავშირეები თავგანწირულ უკრაინელთა ბასტიონს ეფარებიან, ვლადიმერ პუტინის სამხედრო მანქანის შიშით.

რუსეთის პრეზიდენტმა ქრისტიანული ფასეულობების გროტესკულ პაროდიას მიმართა: იმის ნაცვლად, რომ შობის მოახლოების კვალობაზე, ცეცხლი შეესუსტებინა, პირიქით - გააძლიერა შეტევები უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე. რუსული რაკეტები და დრონები სპეციალურად არიან დაპროგრამებულები და დამიზნებული უკრაინის ელექტროსისტემის გასანადგურებლად, საცხოვრებელი სახლების სიბნელეში და ყინვაში დასატოვებლად, როცა ციმბირიდან წამოსული ცივი ქარი მთელ ქვეყანაში დაქრის.

რეალობა ამჟამად მკაფიოდ არის გამოკვეთილი: ევროპა უკრაინელების ბოლო იმედს წარმოადგენს, რომ ვლადიმერ პუტინის დამყრობლური პოლიტიკა იქ შეჩერდეს, სადაც მისი არმია ახლა იმყოფება. თუ უკრაინას სუვერენული სახელმწიფოს სახით გადარჩენა უწერია, ეს ალბათ, იმიტომ, რომ ევროპელებმა ბოლო დროს მოქმედება გადაწყვიტეს.

ზოგიერთები ისევ ეჭიდებიან იმის ილუზიას, რომ ვლადიმერ პუტინი მხოლოდ უკრაინით დაკმაყოფილდება და ნატოსთან (ანუ უკრაინის დასავლეთ საზღვართან) მიახლოებისთანავე გაჩერდებაო. მათი ასეთი რწმენა წინასწარგანზრახული უმეცრებაა, რასაც ისინი საკუთარ თავს უნერგავენ. ისინი იგნორირებენ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის თანახმად, რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა ყოფილიყო. ისინი, ასევე, იგნორირებენ და არ ითვალისწინებენ ვლადიმერ პუტინის სიცრუის პოლიტიკას, იმ ტყუილებს, რომლებსაც იგი 2022 წლის იანვარში, უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე აცხადებდა - თითქოსდა ბელარუსში რუსეთის ჯარების გადასროლა სამხედრო წვრთნების ფარგლებში მიმდინარეობსო. ვინც რუს დიქტატორს უჯერებს, ის უახლესი ისტორიის ყველა გაკვეთილს იგნორირებს.

მოკლედ, რა შეიძლება გაკეთდეს ამჟამად?

უპირველეს ყოვლისა, ევროპა უკრაინას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში უნდა დაეხმაროს. ომის დროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ჟენევის კონვენციებით არის დაცული, მაგრამ რუსეთი კონვენციებს ფარატინა ქაღალდად თვლის და საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, ენერგეტიკის ობიექტებს, საავადმყოფოებს ანგრევს. ეს რომ რუსეთმა ვერ შეძლოს, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები სჭირდება. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კიევისთვის გადაცემა ომის ესკალაციას არ ნიშნავს, ისინი თავდაცვის საშუალებებს განეკუთვნება. ევროპას აქვს ამის შესაძლებლობები - თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, საზენიტო არტილერია... რათა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსების შეტევებისაგან დაიცვას.

მაშ, რატომ არ იჩენს სერიოზულ ძალისხმევას პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და „უკრაინის დახმარების მსურველთა ევროპული კოალიცია“, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად, უკიდურეს შემთხვევაში - ზამთრის პერიოდში მაინც?

ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ძალის ფაქტორს ითვალისწინებს, ის კი ხედავს, რომ დღეს ევროპა გაუბედავია და ამით ხელმძღვანელობს თავის მოქმედებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობაში, რუსულთან შედარებით. ირანს რუსული სისტემების „ფარი“ ჰქონდა, რომლებიც დასავლური წარმოების რაკეტებმა და თვითმფრინავებმა იოლად გადალახეს.

ჩვენ ადრეც ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეაქცია, როცა იგი დასავლური იარაღის რეალური გამოყენების წინაშე იდგა, ეს განსაკუთრებით ეხება ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს - „ტომაჰავკებს“. კრემლს მათი ეშინოდა. პუტინი პროტესტს აცხადებდა და წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ამერიკას ამ ტიპის რაკეტები უკრაინისათვის მიეწოდებინა. დონალდ ტრამპი უკან იხევდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რომ ათასი ან ცოტა მეტი „ტომაჰავკი“ ჰქონდეს, ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი დაბომბვებს ვერ გაბედავდა.

ასევე დაგაინტერესებთ: მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება ანუ "ფოკუსნიკი" ელისეის სასახლიდან - რა ხდება ევროკავშირის კულუარებში?!

ორი სცენარი, როდესაც რუსეთი ომში დამარცხდება - ავღანეთის "აჩრდილი" პუტინისთვის?!

კანდალი კრემლში: პუტინის მეგობარი, რომელიც ომს ეწინააღმდეგებოდა - დიმიტრი კოზაკი: "მზად ვარ დაპატიმრებისა და სიკვდილისთვის"

სკანდალური სტატია თეთრ სახლზე: "დონალდ ტრამპი ტოვებს "ლოთი ადამიანის შთაბეჭდილებას" - მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს ილონ მასკი? არის თუ არა პრეზიდენტი სპირტიანი სასმელების მოყვარული? - რას ჰყვება BBC-თან ადმინისტრაციის უფროსი

იმ დროს, როცა ტელეკომპანიები გაწამებულ უკრაინელ ჯარისკაცებს აჩვენებენ, როცა ეკრანებზე ღამის სროლებით შეშინებულ სამოქალაქო მოსახლეობას ვხედავთ, ევროპელი ლიდერები საშობაო სადღესასწაულო ზეიმის ჩატარებაზე ზრუნვით არიან დაკავებულები. მაგრამ ომებს საზეიმო არაფერი აქვთ. ვლადიმერ პუტინს რომ ოდნავ მაინც ჰქონდეს სინდისი, ის ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებდა, 24 საათით მაინც. მაგრამ კრემლი ამას არასდროს გააკეთებს.

მოსკოვის მოქმედება ჩვენც არჩევნის წინაშე გვაყენებს: ან ევროპა გამოიჩენს მორალურ სიმამაცეს და გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს, ან უფრო დაეცემა და ღრმად ჩაიძირება ამორალურობის ჭაობში. სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა-გათბობის შენარჩუნება თოვლიან ზამთარში და რუსეთისათვის საჰაერო ტერორიზმის აღკვეთა - ეს ომის ესკალაცია და მისი გაღვივება კი არ არის, ეს მორალური ლიდერობაა.

თუ უკრაინა დამარცხდება, კრემლის შემდეგი მსხვერპლი ევროპა იქნება, და თუ ჩვენც ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას რუსეთს, მაშინ ისტორია ისევ დააფიქსირებს, რომ ტირანია დემოკრატიის გაუბედაობისა და სისუსტის გამო აქტიურდება.

წყარო