რატომ და როგორ ააფეთქეს რუსული შავი ზღვის „გველეშაპი“ - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები - კვირის პალიტრა

რატომ და როგორ ააფეთქეს რუსული შავი ზღვის „გველეშაპი“ - უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები

15 დეკემბერს რუსეთის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომთან უკრაინული წყალქვეშა კამიკაძე-დრონის შეღწევისა და აფეთქების შედეგად, რუსული წყალქვეშა ნავის დაზიანების შესახებ ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში, რადგან ომების ისტორიაში ეს პირველად მოხდა, მაგრამ ახლა ირკვევა დამატებითი ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო უკრაინულ მხარეს ამ უნიკალური ოპერაციის განსახორციელებლად...

უკრაინული წყალქვეშა კამიკაძე-დრონი ოდესის სანაპიროდან რუსულ ნოვოროსიისკამდე ათასამდე კმ-ს თავად ვერ გადალახავდა, ის ნოვოროსიისკის სიახლოვეს, სავარაუდოდ, უკრაინულმა წყალზედა კატარღა-დრონმა მიიყვანა და გაუშვა.

1-gveleshapi-1766566737.png
ეს რუსული „საზღვაო გველეშაპი“- Ил-38Н-ი დიდ პრობლემას წარმოადგენდა შავ ზღვაში მცურავი უკრაინული კატარღა-დრონებისთვის და...

უკრაინულ წყალზედა კატარღა-დრონებზე კი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციას ნადირობა აქვს გამოცხადებული - შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ეკიპაჟები დღედაღამ ეძებენ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინული კატარღა-დრონების ცურვისას წყალში წარმოქმნილ კილვატორულ კვალს, რომლის აღმოჩენა ვიზუალურად შეიძლება. გარდა ამისა, ეს რუსული საფრენი აპარატები, ასევე, იყენებენ საბორტე რადიოლოკატორებსაც, საზღვაო სამიზნეების აღმოსაჩენად.

შესაბამისად, უკრაინული კატარღა-დრონების საბრძოლო ეფექტიანობა შავ ზღვაში რუსული ხომალდების წინააღმდეგ, ისე მაღალი აღარ არის, როგორც ეს მათი საბრძოლო გამოყენების დასაწყისში გახლდათ.

ამის საპასუხოდ, უკრაინელებმა დაიწყეს იმ რუსული Ка-27-ის ტიპის შვეულმფრენებისა და Бе-12-ის ტიპის ამფიბია თვითმფრინავებზე ნადირობა, რომლებსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობა იყენებდა, უკრაინული კატარღა-დრონების აღმოსაჩენად და ჩასაძირად და... გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს - ანექსირებული ყირიმის აეროდრომებზე ააფეთქეს თითო-თითო ასეთი შვეულმფრენი და თვითმფრინავი.

თუმცა რუსული მხარის განკარგულებაში რჩებოდა კიდევ უფრო მძლავრი და ეფექტიანი საშუალება შუა ზღვაში, შორი მანძილიდან უკრაინული წყალზედა კატარღა-დრონების ადრეულად აღმოსაჩენად - ეს იყო რუსული „ზღვის გველეშაპი“...

სწორედ ასე უწოდეს Ил-38Н-ის ტიპის მოდერნიზებულ თვითმფრინავს, რომლის მთავარი საბრძოლო ამოცანაა მოწინააღმდეგის წყალზედა და წყალქვეშა ობიექტების აღმოჩენა, დაფიქსირება და მათ წინააღმდეგ ტორპედოებისა და სიღრმული ბომბების, მათ შორის - თვით ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ბომბების გამოყენებაც კი.

ამ რუსულ „საზღვაო გველეშაპზე“ დაყენებულია რადიოელექტრონული სისტემა „ნოველა“, რომელიც საჰაერო ობიექტების 90 კმ-ზე, ხოლო საზღვაოსი კი - 320 კმ-ზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც უკრაინული კატარღა-დრონებისთვის დიდ დილემად გადაიქცა.

2-gveleshapi-1766566736.png
თანამგზავრული ფოტო - აზოვის ზღვის პირას, ეისკის სამხედრო აეროდრომზე მდგარი რუსული Ил-38Н-ი

უკრაინის დაზვერვამ ასეთი რუსული Ил-38Н-ი აღმოაჩინა აზოვის ზღვის სანაპიროზე, ეისკის სამხედრო აეროდრომზე და მის გასანადგურებლად გამოიყენა თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონის სპეციალურად მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც სტანდარტული ფუგასური საბრძოლო ქობინის ნაცვლად დაუყენეს საზენიტო რაკეტიდან მოხსნილი ქობინი, რომელიც აფეთქებისას 2-ათასამდე გამზადებულ დამაზიანებელ ელემენტს გასტყორცნის და ზრდის მათი მიზანში მოხვედრის ალბათობას.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს უკრაინული დრონის მიფრენა ეისკის აეროდრომზე მდგარ რუსულ „ზღვის გველეშაპზე“, რის შემდეგაც აფეთქებამ დააზიანა ამ რუსული Ил-38Н-ის ძირითადი რადიოელექტრონული აპარატურა, რადარის ჩათვლით და ერთი ტურბოხრახნიანი ძრავაც, რამაც ეს „ზღვის გველეშაპი“ დიდი ხნით გამოიყვანა მწყობრიდან ან შეიძლება, საერთოდ ჩამოსაწერიც კი გახადა.

3-gveleshapi-1766566736.jpg
სწორედ ასე იდგა ეისკის აეროდრომზე რუსული „საზღვაო გველეშაპი“, როდესაც ის უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა საზენიტო რაკეტის ქობინის ორი ათასი ნამსხვრევით დაცხრილა...

მართალია, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის განკარგულებში შვიდი ასეთი Ил-38Н-ი ირიცხებოდა, მაგრამ შავ ზღვას მხოლოდ ერთი მათგანი „ემსახურებოდა“ და ისიც აეროდრომზევე ააფეთქეს და, თურმე, ოპერატიულადაც...

ასევე დაგაინტერესებთ: "ტრამპის სუპერხომალდები" - ამერიკის პრეზიდენტის მორიგი იმპერატორული ამბიციები

ნადირობა რუს გენერლებზე: კობზონთან კიდევ ერთი მაღალჩინოსანი "გაფრინდა" - როგორ აკითხავთ სახლში რუს დამნაშავეებს უკრაინული შურისძიება

საბოლოოდ რას პროგნოზირებს ამერიკის დაზვერვა-რუსეთი შეუტევს თუ არა ევროპას?

სამ ზღვაში რუსულ ტანკერებზე დაწყებული ნადირობა...

როგორც ახლა ირკვევა, როდესაც უკრაინული დაზვერვა გეგმავდა ნოვოროსიისკის ბაზაში რუსული წყალქვეშა ნავის აფეთქებას, წყალქვეშა კამიკაძე-დრონით, ის უფრთხოდა, რომ რუსულ „საზღვაო გველეშაპს“ ჯერ კიდევ შუა ზღვაში არ აღმოეჩინა ამ წყალქვეშა კამიკაძე-დრონის გადამტანი წყალზედა კატარღა-დრონი, რისთვისაც ჯერ სწორედ „საზღვაო გველეშაპი“ გაანეიტრალა და შემდეგ დაარტყა წყალქავეშა ნავს - ეს იყო მრავალმიზნობრივი სპეცოპერაცია, მიმართული, რომ უკრაინის ქალაქებისკენ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები ერთი წყალქვეშა ნავი მწყობრიდან გამოეყვანათ...

რუსულ „ზღვის გველეშაპზე“ საჰაერო დარტყმის ვიდეოკადრები, გადაღებული უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ, აფეთქებამდე...