სააკაშვილი გენშტაბს არ თმობს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი გენშტაბს არ თმობს

8 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამასთანავე შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარმოადგენს, მოულოდნელად შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი გიორგი (გიგი) კალანდაძე დანიშნა.

მოულოდნელად იმიტომ, რომ გაერთიანებული შტაბის უკვე ყოფილ უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს ამ თანამდებობაზე ყოფნის ახალი ვადა რამდენიმე თვის წინ გაუგრძელეს.

მეორეს მხრივ ის გარემოება, რომ გაერთიანებულ შტაბს ბოლო ორი წელი რეალურად სწორედ გიგი კალანდაძე და არა მისი უფროსი დევი ჭანკოტაძე მართავდა, სამხედრო საქმეში ჩახედულთათვის დიდ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენდა.

ამის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ კალანდაძე დაახლოებული იყო ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან და არცთუ იშვიათად ისე წყდებოდა მნიშვნელოვანი საკითხები, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე ამას პოსტფაქტუმ იგებდა.

გაერთიანებულ შტაბში ორი არაოფიციალური დაჯგუფება იყო შექმნილი. პირველში შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და მისი მოადგილე - პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი შედიოდნენ. მეორეს, ახალგაზრდულ ჯგუფს კი გიგი კალანდაძე მეთაურობდა და მას ძირითადად სამხედრო აკადემიის კურსელები ჰყავდა თავმოყრილი.

ამ ორი ჯგუფიდან გამარჯვებას გიგი კალანდაძის გუნდი აღწევდა, რადგან მას  პროტეჟეობას თავად მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია უწევდა, თუმცა ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად შაშკინის მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა, რადგან მის მოადგილედ დათა ახალაია იყო დანიშნული.

დღეს თავდაცვის სამინისტროში არც ერთი ახალაია აღარ არის და შაშკინის მინისტრობის ხანაც დღე-დღეზე დამთავრდება, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნებისთვის" არც გაერთიანებული შტაბის (რომელსაც სავარაუდოდ მალე ძველი სახელი - გენერალური შტაბი დაუბრუნდება) დათმობას აპირებს და შესაბამისად არც შეირაღებულ ძალებზე გავლენას თმობს.

როგორც წესი, გენშტაბის უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად თავდაცვის მინისტრი წარუდგენს პრეზიდენტს და ძალზე რეალურია, პარლამენტის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცებულმა ირაკლი ალასანიამ გენშტაბის უფროსის ახალი კანდიდატურის დანიშვნა მოითხოვოს.

გამომდინარე იქიდან, რომ გიგი კალანდაძის გაერთიანებული შტაბის უფროსად დანიშვნის მეორე დღესვე თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანიას სახელით, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე ესტუმრა, სწორედ ის იქნება "ქართული ოცნების" რეალური კანდიდატი გენშტაბის უფროსის პოსტზე.

დღემდე ვახტანგ კაპანაძე საგარეო დაზვერვაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. იგი არის აფხაზეთის ომის მონაწილე. მეთაურობდა ბრიგადას, ხოლო 2004-დან 2005 წლის აგვისტომდე უკვე იყო გენშტაბის უფროსი, ეს თანამდებობა მან მაშინდელი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა.

თუკი თავდაცვის მინისტრის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ მართლაც წარუდგინა პრეზიდენტს გენშტაბის ახალ უფროსად ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურა, ხოლო სააკაშვილმა უარი თქვა მის დანიშვნაზე და ისევ გიგი კალანდაძე დატოვა ამ პოსტზე, ეს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ურთიერთობაში ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის.

(სპეციალურად საიტისთვის)