თევზი თავიდან ყროლდებაო... ანუ რას გვაჭმევენ თბილისურ სუპერმარკეტებში...
ხდება, უბნის პატარა მაღაზიებსა და ფარდულებზე რაღა უნდა ვთქვათ?...
მიხარია, რომ პოლიტიკაზე არ მიწევს წერა. ზოგადად არ მიყვარს ისეთ რამეზე მსჯელობა, რაზეც შედარებით მწირი ინფორმაცია მაქვს და ამიტომ შეიძლება არასწორი დასკვნები გამოვიტანო.
სამაგიეროდ ახლა ისეთ რამეზე უნდა დავწერო პოსტი, რაც საკუთარი თვალით ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ არც ბიოლოგი ვარ და არც ვეტერინარული სამსახურის თანამშრომელი, უბრალოდ ვიცი, რომ მაღაზიაში ახალი პროდუქტი უნდა იყიდებოდეს და არა ნაადრევი სიკვდილით მკვდარი და ხრწნადაწყებული...
თან ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთ ყველაზე გაპიარებულ და დიდ სუპერმარკეტში ხდება... ამის შემხედვარე უბნის პატარა მაღაზიებსა და ფარდულებზე რაღა უნდა ვთქვათ?...

როგორც ფოტოზე ხედავთ, უზარმაზარი აკვარიუმი, საიდანაც წესით ცოცხალი კალმახი უნდა იყიდებოდეს, თევზის გვამებითაა სავსე. ზემოთ უკვე ვთქვი, ბიოლოგი და ზოოლოგი არა, მაგრამ საკმაოდ აქტიური მეთევზე ვარ და კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება დიდი ხნის მკვდარი თევზი.
როცა თევზი კვდება, როგორც წესი, ის წყლის ზედაპირზე მუცლით ზემოთ ტივტივებს. რაღაც დროის შემდეგ თევზის სხეული იწყებს ხრწნას (ამ დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წყლის ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე, თევზის ჯიშსა და ზომაზე. თუნდაც იმაზე თუ რა აქვს ნაჭამი...), წყალი მის შიგნეულში აღწევს და გამოდევნის ჰაერს, რომლის დახმარებითაც ის ტივტივებდა. შესაბამისად თევზი თანდათან სიღრმისკენ მიიწევს. ანუ აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდი ხნის მკვდარია და იხრწნება თევზი, მით უფრო ახლოსაა მისი გვამი ფსკერთან...
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ფოტოზე გამოსახულ სიტუაციას ვფიქრობ ზედმეტი კომენტარი აღარ სჭირდება...
ფოტოები დილით, დაახლოებით 10-ის ნახევარზე მაქვს გადაღებული. გამყიდველები და კონსულტანტები ჩვეულებრივად, მშვიდად მიმოდიოდნენ აკვარიუმის მახლობლად. ასე რომ ვასკვნი - ასეთი მოვლენა არც თუ იშვიათია, თორემ ვინმე მაინც შეიცხადებდა, - ნახეთ თევზები დაგვეხოცა, რამე ვიღონოთო... მართალია ეს დასკვნა აბსოლიტურად სუბიექტურია, მაგრამ მაინც სწორი მგონია, მით უფრო რომ ახლო-მახლო დახლებზე ბლომად ვნახე როგორც პორციებად შეფუთული გამოშიგნული კალმახი, ისე უკვე შემწვარი და შებოლილი თევზიც. რატომღაც მგონია, რომ ამ აკვარიუმის აწდახოცილი ბინადარნიც ამ დახლებზე მოხვდებიან... იმედია ვცდები.

პ.ს. პოსტი უკვე დაწერილი მქონდა, როდესაც ერთ-ერთ ჩემ მეგობართან გამართული საუბარი გამახსენდა. მას ჩემსავით მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ერთმანეთს ბავშვებთან დაკავშირებულ ისტორიებს ვუყვებოდით. სხვადასხვა კურიოზს მეგობარმა უცნაური ამბავი მოაყოლა, თურმე მის ვაჟს თევზის გასინჯვის შემდეგ საშინელი ალერგია დამართვია და მას მერე ბავშვს თევზის სუნზეც კი მძაფრი რეაქცია აქვს.
სხვათა შორის, ზუსტად იმ სუპერმარკეტთან შემხვდა რამდენიმე დღის წინ, ქმარ-შვილთან ერთად ის ჩემი მეგობარი... მაშინ ეს ფოტო ჯერ გადაღებული არ მქონდა, თორემ აუცილებლად გავაფრთხილებდი.
გამოხმაურება
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას დაუკავშირდა სუპერმარკეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და მოგვაწოდა კომენტარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გთავაზობთ უცვლელი სახით:
"სავაჭრო ობიექტებზე ცოცხალი თევზის შემოტანა, მომწოდებელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხდება ყოველდღიურად დილის 9-დან 10 სთ-მდე შუალედში.
ტრანსპორტირების განმავლობაში (ხდება სპეციალური ავზებით) თევზის დიდი ნაწილი გაბრუებულია და მოგვაგონებს დახოცილს. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის ასე ვთქვათ "ცოცხლდება". აღნიშნულის დადასტურება ნებისმიერ ზოოტექნიკოსს ან იხტიოლოგს შეუძლია. ამასთან, ტრანსპორტირება-მიღების პროცესში რა თქმა უნდა რაღაც ნაწილი მართლაც იხოცება. აკვარიუმში მოთავსებიდან მაქსიმუმ ნახევარი საათის ფარგლებში ასეთი თევზი ამოყავთ.
ეს არის აპრობირებული, დამტკიცებული პროცედურა, რომელიც სრულად ჯდება სურსათის უვნებლობის მოქმედი სტანდარტების ჩარჩოებში.
იმის გარკვევა, რომ ჩვენს სავაჭრო ქსელში თევზი ყოველდღიურად ახალია იოლად შეიძლება იმითაც, რომ დღის ბოლოსკენ აკვარიუმში ცოცხალი თევზი პრაქტიკულად აღარ რჩება, რადგან დღის ბოლოსთვის ხდება მათი დაკვლა და ყინულში მოთავსება, სადაც თევზის შენახვა 24 საათამდეა შესაძლებელი.
რაც შეეხება ალერგიას, თევზი ისეთივე ალერგიის გამომწვევი პროდუქტია, როგორიც ვთქვათ თხილი, არაქისი და ა.შ. ამიტომ, მისგან გამოწვეული ალერგიული რეაქცია არასასიამოვნო მაგრამ ბუნებრივი მოვლენაა."
ავტორისგან
მადლობა სუპერმარკეტის თანამშრომლებს ოპერატიული განმარტებისთვის.
პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.
ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.
ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge