"ჩემს ძმას, ლეოს ვეუბნებოდი: რეჟისორი რომ გამოვალ, შენ მოგცემ როლს, სადაც ყველა მოქმედებაში დროშა გეჭირება ხელში, ტექსტი არ გექნება და მეფის უკან ივლი - სამაგიეროს ასე გადაგიხდი-მეთქი" - რას ჰყვება რეჟისორი გია ანთაძე?
მისი შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ახალი დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი, როცა მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს სპექტაკლის დასადგმელად, მერე იყო რუსთავის დრამატული და რუსთაველის თეატრები. წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთში, ანკარის ბილქენთის უნივერსიტეტში, მიწვეული იყო ქალაქებში - იზმითი და ადანი. რეჟისორი გია (გიორგი) ანთაძე წელს 85 წლისა გახდა.
აღსანიშნავია, რომ იგი მსახიობ ლეო ანთაძის ძმა გახლავთ.
წუხს იმაზე, რომ წლებია სპექტაკლი არ დაუდგამს და თითქმის ყოველ ღამე ესიზმრება, რომ რეპეტიციას ატარებს. ჩვენს საუბარს წარსულის გახსენებასთან ერთად, არც ბატონი გიას იუმორი აკლდა.
გია ანთაძე:
- მარჯანიშვილის თეატრში 24 წლისამ დავდგი პირველი სპექტაკლი, გიორგი მდივნის პიესა "კონსული მოიპარეს“ - კომედია. მონაწილეობდნენ გივი ბერიკაშვილი, ზაზა ლებანიძე, ჩემი ძმა ლეო... წლების შემდეგ ეს პიესა რუსთავის თეატრშიც განვახორციელე. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები კარგად განეწყვნენ ჩემს მიმართ და თეატრის ხელმძღვანელმა არჩილ ჩხარტიშვილმა დამტოვა რეჟისორად. სანდრო ჟორჟოლიანი როცა შემხვდებოდა, ასე მეუბნებოდა: ბიჭო, ნახე რამე საცინო (ეს სიტყვა დღემდე მახსოვს) სიტყვებიანი პიესა, მათამაშე მე და წარმატება გექნებაო. ჩემთან ახლოს იყვნენ ვასო გოძიაშვილი, ვერიკო, სესილია... ძალიან ვუყვარდი სესილიას.
თეატრში მუშაობასთან ერთად, მალევე გავხდი თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, მსახიობის ოსტატობას ვასწავლიდი გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფს. იმ პერიოდში კათედრის გამგე მიშა თუმანიშვილი იყო, არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი კაცი. თუ რამე ვიცი, ეს ცოდნა მისგან მივიღე, მიშასთან ვსწავლობდი. მისაღებ გამოცდებზე 80 კაცი ვაბარებდით ხუთ ადგილზე, კომისიაში იყვნენ დოდო ალექსიძე და მიშა თუმანიშვილი. მაგათ მიმიღეს. ჩემი რაღაც უცნაურობები მქონდა. მაგალითად, როგორც პედაგოგი კათედრის შეკრებას არ ვესწრებოდი, რომელიც საბჭოთა პერიოდში აუცილებლად თვეში ერთხელ ტარდებოდა. სხდომებს მიშა ატარებდა, მას ვუთხარი ხუმრობანარევი სერიოზულობით, რომ შეკრებებს არ დავესწრებოდი, რადგან ბრბოს ვერ ვიტან-მეთქი. და მიშა სხდომას ასე იწყებდა: ყველა მოვიდა გია ანთაძის გარდა, რომელიც ბრბოს ვერ იტანსო. თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად ვიმუშავე 30 წელი, ჩემი მოწაფეები იყვნენ თათული დოლიძე, ტრისტან სარალიძე, ნანკა კალატოზიშვილი, დუტა სხირტლაძე...
- თეატრალურში ჩაბარების დროს, სამსახიობო თუ სარეჟისორო - ასეთი არჩევანი არ გქონიათ?
- არა, ეტყობა მამის პროფესიამ გადაწონა. მამაჩემი დიომიდე თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო, დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი. რეჟისორად მუშაობდა ჯერ „მუშა-ახალგაზრდობის“ თეატრში, მერე გადავიდა მარჯანიშვილში (რამდენიმე სპექტაკლი დადგა) და შემდეგ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გააგრძელა მოღვაწეობა. კოტე მარჯანიშვილი აფასებდა მას, როგორც კარგი მონაცემების მქონე ახალგაზრდას. დედაჩემი იყო მსახიობი მარიამ სიდამონ-ერისთავი. ლამაზი ქალბატონი გამოირჩეოდა კეთილმოსურნეობით, მეგობრებისადმი ერთგულებით და მხიარული ხასიათით. ლეო გახდა მსახიობი, დედის გზა აირჩია. სამი ძმა ვართ, ლეო უფროსია, მერე - მე და უმცროს ძმას დევი ჰქვია, ის გეოლოგი გახდა.
- თქვენი და ბატონი ლეოს ურთიერთობაზე საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ, რომელი უფრო ცელქი იყავით?
- მე და ლეოს ერთ ოთახში გვეძინა, მან შემაყვარა თავისი გამოგონილი გმირი „ჯონი ედი ფიფლ“ - ასე დაარქვა (კოვბოური ფილმები მოსწონდა). ამ გმირზე ისტორიას მიიყვანდა გამოუვალ მდგომარეობამდე და მერე მეუბნებოდა, ახლა უნდა დავიძინოო და აღარ მიყვებოდა. ძალიან ვბრაზდებოდი... მანამდე ტანსაცმელს გამახდევინებდა ხოლმე და მთელი ის ტანსაცმელი თავის სკამთან ერთად მიექანებოდა ლეოსკენ. საწყალი მამაჩემი შემოვიდოდა ჩვენთან და წამიყვანდა თავის ოთახში. ლეოს ვეუბნებოდი: მე რეჟისორი რომ გამოვალ, შენ მოგცემ როლს, სადაც ყველა მოქმედებაში დროშა გეჭირება ხელში, ტექსტი არ გექნება და მეფის უკან ივლი, ასე გადაგიხდი სამაგიეროს-მეთქი.
სასაცილო ის იყო, რომ ლეოს მართლა მოუწია სერგო ზაქარიაძის უკან სიარული დროშით ხელში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „კახაბერის ხმალი“. ეს იცოდა ჩვენმა ბებიამ ნინო ნაკაშიძემ და ლეო სახლში რომ მოდიოდა ამ სპექტაკლის შემდეგ, ყოველ საღამოს მიდიოდა პაექრობა, მეორდებოდა ერთი და იგივე. ნინო ეკითხება, თან პასიანსს შლის: რა ქენი, ბიჭი, ითამაშე? ლეო საჭმელს მიირთმევს: ვითამაშე! -ტაში დაგიკრეს? -კი, დამიკრეს! - სერგოს?.. -კი. -უყურე შენ! ამბობდა ბებია და კითხვების სერია სხვა მსახიობების მიმართაც გრძელდებოდა. აქ მთავარი იყო იმის აღნიშვნა, რომ ტაში სერგოსაც დაუკრეს.
- როლზე მუშაობისას ბატონი ლეო რასაც გთავაზობდათ, ყოველთვის ეთანხმებოდით? როგორც გამოცდილ მსახიობს უთმობდით ხოლმე?
- უფრო პირიქით იყო. ისე, ყოველთვის მთავარ როლს ვაძლევდი. სხვათა შორის, გუშინ სიზმარიც ვნახე ამის შესახებ, ეტყობა ამ შეკითხვას ველოდი. დამესიზმრა, რომ ვითომ სპექტაკლს ვდგამ მარჯანიშვილის თეატრში, მსგავს სიზმარს სულ ვხედავ. ლეო გამოდის სცენაზე პიჯაკით, ბანტი უკეთია. კულისებში მყოფი მსახიობები ელოდებიან, რა შენიშვნას მივცემ ლეოს და მას ვეუბნები: ყველა ადამიანში არის უამრავი კარგი (ადამიანური) თვისება, მაგრამ ამავე დროს ბევრია ცხოველურიც. შენ ყველაფერი გაქვს ძალიან „სვეტსკად“, ძალიან გონივრულად, მაგრამ... მოიცაო, მითხრა და მსახიობებს დაუძახა. ყველას გასაგონად ვთქვი, რომ იმ კონკრეტულ მიზანსცენაში ცხოველური თვისება უნდა წარმოგვეჩინა. როგორო? იკითხეს და ვიღაც პატარა ტანის კაცმა დაიძახა: ვაფ, ვაფ... ყველამ დაიწყო ყეფა-ღრენის ხმებით „საუბარი“. აი, ხომ გეუბნებოდით-მეთქი. ეს იყო სიზმარი.
- რუსთაველის თეატრში ვინ მიგიწვიათ?
- მანამდე რუსთავის თეატრში ვმუშაობდი და როცა მარჯანიშვილის თეატრში დააბრუნეს მსახიობები გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად, მე დავრჩი რუსთავის დრამატულ თეატრში, გავხდი მთავარი რეჟისორი. რუსთაველის თეატრში ვაკანტური იყო რეჟისორის ადგილი. ამ თეატრის მსახიობებს ჩემთან მუშაობის სურვილი ჰქონდათ და კაკო ბაქრაძეს (დირექტორს) უთხრეს - გია ჩვენთან გადმოვიყვანოთო, ფაქტობრივად კაკომ მიმიწვია. რუსთაველის თეატრში პირველად დავდგი „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი“, სადაც იზა გიგოშვილი, გოგი ხარაბაძე, ეროსი... იყვნენ მთავარ როლებში. თეატრში მუშაობის პერიოდში ირკუტსკში მიმიწვიეს და ჩავედი სპექტაკლის დასადგმელად, ჩავიტანე ალბომი „რუსთაველის თეატრი 100 წლისაა“. იმათ მაჩვენეს წიგნი, სადაც ეწერა, რომ ირკუტსკის თეატრი 175 წლისაა, თურმე დეკაბრისტებს დაუარსებიათ. იქ დავდგი დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“, თავად აირჩიეს ეს ნაწარმოები და უნდოდათ, რომ ქართველ რეჟისორს ემუშავა.
- თურქეთში 1990-იანი წლების მეორე ნახევარში წახვედით...
- ჩემს სტუდენტებთან დადგმული სადიპლომო სპექტაკლი „ტარტიუფი“ თეატრალურმა ინსტიტუტმა გააგზავნა მოსკოვში სადიპლომო სპექტაკლების ფესტივალზე. ამ დადგმაზე ეთერ გუგუშვილმა სტატია დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ „ტარტიუფი“ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოსო. მოსკოვში სპექტაკლი (18 ქვეყანა მონაწილეობდა) ყველაზე საუკეთესოდ აღიარეს. მერე „ტარტიუფი“ აჩვენეს ცნობილ თურქ მსახიობს ჯუნეით გოქჩერს, რომელმაც მოინდომა ჩემი „ხელში ჩაგდება“, რასაც სამი წელი მოანდომა (არ მივდიოდი). მას სიცოცხლეში დაუდგეს ძეგლი ანკარის ოპერის წინ, ის იყო ბილქენთის უნივერსიტეტში თეატრალური განყოფილების დამაარსებელი. მისივე თაოსნობით, 1996 წელს თურქეთში პირველად გაიხსნა თეატრალური რეჟისურის მიმართულება.
სადიპლომო სპექტაკლების მორიგი ფესტივალი თბილისში ჩატარდა. იმ წელს აქ ჩამოვიდნენ არგენტინელები. ისინი შემითანხმდნენ, რომ არგენტინაში გოგოლის „ქორწინების“ დასადგმელად წავიდოდი, მაგრამ სწორედ მაშინ მივიღე მიწვევა თურქეთიდან. საქართველოში ფინანსური გაჭირვება იდგა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე მარინე ჩერქეზიშვილი (ივანე მაჩაბლის შვილთაშვილია) წავედით თურქეთში. 13 წელი ვმუშაობდი ბილქენთის უნივერსიტეტში, ვკითხულობდი ლექციებს მსახიობის ოსტატობაში და ვდგამდი სადიპლომო სპექტაკლებს. უნივერსიტეტმა საუკეთესო წარმოდგენისთვის ორჯერ დამაჯილდოვა და სამახსოვრო სიგელები გადმომცა.

- როდის დაბრუნდით და მერე სად მუშაობდით?
- 2010 წელს ჩამოვედი, სიმართლე რომ გითხრათ, არ მომინდა არსად მისვლა. თეატრებში რაც ვნახე, ჩემი თვალსაზრისით მოსაწონი არ იყო. მენანება, ერთი პიესა რომ არ დავდგი, რომელიც ერლომ ახვლედიანთან ერთად დავწერე. „უცნობი“ დავარქვით და ამ პიესაში რაც ხდება, ზუსტად ჰგავს ჩვენ დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას, გეგონება გულთმისნები ვიყავით. ჩვენ ვმეგობრობდით, ერლომი ფანტასტიკური პიროვნება იყო. ერთხელ ეგ და მისი ორი ძმაკაცი რუსთაველზე მიდიან. ლაღიძის ხაჭაპური უნდათ, მაგრამ ფული არა აქვთ. უცებ ერლომმა მაღაზიის წინ ბევრი ფული იპოვა, იმდენია, რომ ორ-ორი ხაჭაპურიც მოუვათ და წყალიც... ჩავიდნენ ლაღიძეში და ერლომს ეკითხებიან: თითოსთვის ორი ხაჭაპური შევუკვეთოთო? ეს ეუბნება: ფული არა მაქვსო. -კი მაგრამ, ახლა არ იპოვეო? -ვიპოვე და ისე გამიხარდა, რომ ვიფიქრე, სხვა რომ იპოვის, ალბათ, რა ბედნიერი იქნებაო... და ფული დაუგდია. ხომ არის გენიალური კაცი? ერლომთან ერთად 9 თვე ვწერდი პიესას. მერე რუსულად თარგმნა ტატა თვალჭრელიძემ. კულტურის მინისტრის მოადგილემ ნოდარ გურაბანიძემ გვითხრა, ამას მოსკოვში ვერ გავაგზავნი, მეც დამიჭერენ და თქვენცო. იმათ ხელში უნდა გაევლო ყველაფერს. თბილისში იყო ჩამოსული ცნობილი სცენარისტი, რეჟისორი, დრამატურგი რუსტამ იბრაგიმბეკოვი. მან გაგვიცნო ერლომი და მე, ნახა ჩვენი პიესა და გვითხრა: მოსკოვში ჟურნალ „თეატრში“ დავაბეჭდვინებო, თუმცა ეს საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.
- სპექტაკლებზე მუშაობის პერიოდიდან ვის და რას გაიხსენებთ?
- სიამოვნებით ვმუშაობდი მხატვრებთან - მამია მალაზონია, აივენჰო ჭელიძე, კოკა იგნატოვი... აი, კოკამ ის ნახატი მაჩუქა (კედელზე მიჩვენებს), დეკორაციას ერთად ვქმნიდით. ჩემი მუშაობის სტილი ის იყო, რომ რატომღაც ჯერ დეკორაციას ვიგონებდი და სპექტაკლს მერე ვუსადაგებდი. რეპეტიციებზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარდა, ეტყობა მსახიობური ნიჭი მეც მქონდა, უმეტესად სცენაზე ვაჩვენებდი ჩემ ჩანაფიქრს და ხელად გებულობდნენ. შემომრჩა სპექტაკლ „ლამანჩელის“ პროგრამა, მე და ნუგზარ გაჩავამ ვიმუშავეთ ერთად. ამ დადგმაში ლეო და ოთარ მეღვინეთუხუცესი შესანიშნავ ტანდემს ქმნიდნენ. დღემდე ვმეგობრობ ჟანრი ლოლაშვილთან, ვახლობლობდი გიზო სიხარულიძესთან, ვგიჟდებოდი რეზო ხობუაზე, ზაზა ლებანიძე იყო ძალიან ნიჭიერი... ერთმანეთის მიყოლებით გამომაკლდნენ მეგობრები, ვისთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდიოდი და ძალიან განვიცადე. წლებია სპექტაკლი რომ არ დამიდგამს, ამაზეც ძალიან მწყდება გული.
- მაგიდაზე გადაშლილი გაქვთ ლეო ანთაძის წიგნი „საფეხურები“, რომელ მონაკვეთს კითხულობდით?
- ჩემი სპექტაკლების სახელებს ვიხსენებდი...
ნანული ზოტიკიშვილი