"გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას" - სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
სხდომას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი უძღვება. პროცესს არ ესწრება ვრალდებული გროგოლ ლილუაშვილი.
„მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას. ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი“, - წაიკითხა სხდომაზე ადვოკატმა გრიგოლ ლილუაშვილის წერილი, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ციტირებს.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"