"ახლანდელ მშობლებს იმდენად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რომ დღევანდელობაზე წუწუნი ალბათ, არ ღირს. ბებიაჩემმა ობლად დარჩენილი 6 შვილი აღზარდა, როცა მთელი მსოფლიო შიმშილობდა"
რას ნატრობს ნინო მუმლაძე მომავალი წლისგან?
"ვინატრებდი, ჩემი შვილი ისეთ ქვეყანაში გაიზარდოს, სადაც ადამიანის ნიჭი და შრომა დაფასდება"
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სირთულეები ვერ აშინებს, ისინი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, ახალ შესაძლებლობებს ხედავენ. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მომხიბვლელი, ნიჭიერი მსახიობი, ნინო მუმლაძე.
- საკმაოდ რთულ დროში ვცხოვრობთ, როცა ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლას ემსგავსება. რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ამის გამო დეპრესიაში არიან?
- გეთანხმებით, რომ ჩვენ ძალიან რთულ, დაძაბულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ როდესაც გულში ამ აზრს გავივლებ, მაშინვე მახსენდება, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინა თაობები. როდესაც ბავშვის აღზრდაზე ვწუწუნებთ, მაშინვე წარმოვიდგენ, რას აკეთებდა ჩვენთვის დედა, რომელიც 90-იან წლებში გვზრდიდა - იმ წლებში, როცა არც შუქი იყო, არც გაზი და დედებს ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდათ, რომ ბავშვი გაეზარდათ.

ახლანდელ მშობლებს იმდენად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რომ დღევანდელობაზე წუწუნი ალბათ, არ ღირს.
ასევე, მახსენდება ბებიაჩემის ცხოვრება, რომელმაც ომი გამოიარა და ობლად დარჩენილი 6 შვილი აღზარდა, როცა მთელი მსოფლიო შიმშილობდა.
ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ძალიან მიჭირს ჩვენს დროზე ვიწუწუნო. ჩემი აზრით, ტკბილი დროება საერთოდ არ არსებობს. ყველაფერი შედარებითია და თუ რომელიმე ძლიერ ქვეყანას, მაგალითად, შვეიცარიას შევედრებით, რასაკვირველია, ჩვენ უფრო რთულ დროში ვცხოვრობთ. შვეიცარიაში ყოველთვის ჩვენზე კარგად ცხოვრობდნენ, მეორე მსოფლიოს ომის დროსაც კი, როცა მთელი დედამიწა დუღდა, ეს ქვეყანა სხვებთან შედარებით, მშვიდად იყო, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ადგილას, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. მესმის, რომ ყოველდღიური სტრესი და უსიამოვნო ამბები დამთრგუნველია, მაგრამ
თუ გარემო პირობებზე ვიქნებით დამოკიდებული, ვერასოდეს გავიხარებთ.

- თქვენ როგორ უმკლავდებით სტრესს და უსიამოვნებებს?
- უბრალოდ, ვცდილობ, სადაც ვცხოვრობ და რაც მაქვს, იმით ვიყო კმაყოფილი. სხვა გზა არ არსებობს, რადგან ჩვენ პატარა ქვეყნის შვილები ვართ და აქ, ამ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ, ძლიერები უნდა ვიყოთ და ჩვენს დროებას უნდა მოვერგოთ.
ჩემი აზრით, სტრესთან საბრძოლველად, ყველაზე კარგი იარაღი იუმორია.
ალბათ, ქართველებს იუმორი და მოხერხება რომ არ გვქონოდა, აქამდე ვერც მოვაღწევდით. ჩვენი გენი ხომ ერთ-ერთი უძველესია პლანეტაზე. ბერძნების გარდა, არ მახსენდება არც ერთი ერი, რომელიც უწყვეტად ცხოვრობს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. თითქმის ყველა სახელმწიფო მომთაბარე ტომების გადასახლების შედეგად ჩამოყალიბდა, ჩვენ კი, გადავრჩით და საუკუნეების განმავლობაში აქ ვცხოვრობთ.
- რა რეაქცია გაქვთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?
- ბევრის მსგავსად, მეც, სხვადასხვა ეტაპი გავიარე: იყო პერიოდი, როცა ყველაფერი მაღიზიანებდა და სოციალურ ქსელში მწვავე პოსტებსაც ვწერდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემს ოპონენტებს კიდევ უფრო ვაღიზიანებდი და კონფლიქტურ სიტუაციებს ვქმნიდი. ყველაფერს ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი. 41 წლის ვარ, ძალიან ბევრი მიბრძოლია და მიკამათია, რომ რაღაც დამემტკიცებინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით ჩემს ნერვულ სისტემას ვაზიანებდი.

მივხვდი, რომ კამათსა და დაპირისპირებაში წლები მიფრინავს და ერთ დასკვნამდე მივედი: ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად წავადგებით თუ ჩვენ-ჩვენს საქმეში ვიაქტიურებთ და მაქსიმალურად დავიხარჯებით.
ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ქვეყანა ასე გავაძლიეროთ.
ცხადია, ეს ჩემი მოსაზრებაა.
ამას ისიც დაერთო, რომ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი საზრუნავი გაჩნდა - ჩემი შვილი, რომელიც უკვე წლინახევრისაა. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ მას უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. ბავშვი ისეთ ასაკში გავაჩინე, რომ ჩემს პასუხისმგებლობას ბოლომდე ვაცნობიერებდი, ამიტომ, ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს, კარგი განათლება მიიღოს და ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს... ეს რომ შევძლო, მაქსიმალურად უნდა ვიშრომო და ბოლომდე დავიხარჯო. 21-ე საუკუნეში უამრავმა ქალმა, ყოველდღიურ საზრუნავთან ერთად, შვილის მოვლის და ფინანსური უზრუნველყოფის ფუნქციაც შეითავსა. დღეს, ქალი ყველა ფრონტზე ერთდროულად იბრძვის და მიხარია, რომ ქართველი ქალები ამ სიტუაციაში საკმაოდ ძლიერები აღმოჩნდნენ.

- ალბათ, მკითხველს აინტერესებს, როგორია თქვენი სცენური ცხოვრება და შემოქმედებითი გეგმები.
- ისევ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ, პარალელურად, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვმუშაობ. სულ ახლახან, თბილისის კამერული თეატრის სპექტაკლში ვითამაშე, რომელიც ახალგაზრდა რეჟისერომა - გიორგი თენაძემ დადგა. სპექტაკლს `კაცია-ადამიანი?!~ ჰქვია და მთავარი როლები მე და ბადრი ბეგალიშვილმა შევასრულეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სპექტაკლზე მუშაობით და საბოლოო შედეგით. როდესაც კლასიკას ეხები, ეს ძალიან სახიფათო საქმეა: თუ მაყურებელს რაღაც განსხვავებული, კარგი ვერსია არ შესთავაზე, შესაძლოა, ვერ მიიღოს. ვფიქრობ, რომ ეს `კაცია-ადამიანის?!~-ს ძალიან კარგი და საინტერესო ვერსიაა.
შობა-ახალი წელი მოდის და ბავშვებს სპექტაკლების გარეშე ხომ ვერ დავტოვებთ? "მოზარდ მაყურებელთა თეატრში" საახალწლო შოუ გაიმართება და ჩვენს პატარებს კიდევ ერთ ლამაზ, საინტერესო სანახაობას შევთავაზებთ.
რაც შეეხება სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, იქ ჩვენს მაყურებელს "ვერის უბნის მელოდიები" დახვდებათ - საოცარი მიუზიკლი, რომელიც ნებისმიერი თაობის ადამიანს მოსწონს და ხიბლავს.

- და ბოლოს, რადგან შობა-ახალი წელი კარს მოგვადგა, რას ინატრებდით მომავალი წლისგან?
- მხოლოდ ერთს: მინდა ჩემი შვილი ისეთ ქვეყანაში გაიზარდოს, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი ღირებულება იქნება, სადაც ადამიანის შრომას, ნიჭს და განათლებას პატივს სცემენ და თუ ეს მოხდება, მეც უბედნიერესი ადამიანი ვიქნები!
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)