"პაციენტებისთვის ინსტრუმენტებს "ვედროში" ვასტერილებდი, ევკალიპტის ხის ქვეშ კოცონს ვანთებდი. ზამთარში, როცა წყალი არ გვქონდა, თოვლს ვადნობდი. მძიმე დღეები გავიარეთ" - მოგონებები სოხუმზე
პირველი ლექსი - „ჩემი ლამაზი სოხუმი მინდა“ მშობლიურ ქალაქზე ნოსტალგიამ და სიყვარულმა დააწერინა. მერე ლექსების რაოდენობამ 80-ს მიაღწია და პატარა კრებულიც გამოსცა, დაარქვა - „სიყვარული მარადიულია“.
ექიმი ეთერ გოგუა აფხაზეთის ომის დროს, საქართველოს გვარდიის 23-ე ბრიგადის წევრი გახლდათ. 2000 წელს, აფხაზეთის დამსახურებული ექიმის წოდება მიანიჭეს. 75 წლის ქალბატონი ეთერი აქტიურად ცხოვრობს - მუშაობს, წერს ლექსებს, ხატავს, მეგობრებს ხვდება... სოხუმზე ფიქრი კი მუდამ თან დაჰყვება.
„ის ევკალიპტი როგორ დგას / ჩემს ფანჯარასთან, გადარჩა? / თუ მოეფერა ვინმე მას? / ხომ მოიშუშა იარა...“ - ეს კუპლეტი მისი ლექსიდანაა.
ეთერ გოგუა:
- ჩემი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ბაბუა იქ არის დაკრძალული. სოხუმში ვცხოვრობდით ტურბაზასთან, კერძო სახლი გვქონდა. ჩემმა ოჯახმა მთელი ომი სოხუმში გაატარა. მე სტომატოლოგი ვარ, ჩემი მეუღლე - გიორგი დოლბაძე ტრავმატოლოგი-ქირურგი იყო. ორივე დღედაღამ ხალხს ვემსახურებოდით, ის საავადმყოფოში მუშაობდა და სახლში თითქმის არ მოდიოდა. მე პორტის პოლიკლინიკაში ვმუშაობდი, გვარდიის წევრები იყვნენ ჩემი პაციენტები. ისეთი განცდა მქონდა, რომ ქალაქში მხოლოდ მე ვიყავი სტომატოლოგი, ყველა ჩემთან მოდიოდა. დაბომბილი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა უფუნქციოდ იდგა.

მძიმე დღეები გავიარეთ, არ იყო შუქი, წყალი. ინსტრუმენტებს ვედროში ვასტერილებდი, ევკალიპტის ხის ქვეშ კოცონს ვანთებდი. ზამთარში როცა წყალი არ გვქონდა, თოვლს ვადნობდი. სამსახურში ფეხით დავდიოდი. რამდენჯერ გადავურჩი დაბომბვას, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში. ჩემმა მეუღლემ სოხუმი 27 სექტემბერს დატოვა თეთრი ხალათით, ბოლო გემით. ომის ჭრილობა ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული.
როგორ წამოვედით
- ჩემი პოლიკლინიკის ფანჯრიდან ყოველდღე ვხედავდი ხალხი როგორ ტოვებდა სოხუმს. მე ვფიქრობდი: არა, უნდა დავრჩე, ბოლომდე უნდა დავრჩე... 24 სექტემბერს ჩვენი ქუჩა აიღეს და სახლში ვეღარ დავბრუნდი. დედამთილი, მამამთილი, სამი შვილი - ლაშა (წინა ხაზზე იბრძოდა), მე-9 კლასელი გია, მე-2 კლასელი ქეთი და მე, წამოვედით აგუძერაში, სადაც 3-4 დღე დავყავით.
ერთ დღეს, გემით ვაცილებდით ბავშვებს და გამოჩნდა თვითმფრინავები. გემის კაპიტანმა წყალში ჩახტომის ბრძანება გასცა. მე და ჩემი გია იმ ბავშვებს ვიჭერდით და ნაპირზე გაგვყავდა. გემმა დატოვა იქაურობა. უცნობი და ნაცნობი ბავშვები დავაწყნარე. იქვე სიმინდის ყანა ვნახე და ბავშვებს ვუთხარი: ახლა თქვენ ფიჩხები მოაგროვეთ, მე და გია სიმინდებს მოვიტანთ-მეთქი. დავანთეთ ცეცხლი და ტყვიების ჩასაწყობ ყუთში მოვხარშეთ სიმინდი. ყველას დავურიგე... ახლაც თვალწინ მიდგას ის სურათი, როგორ ჭამდნენ სიმინდს. ასე დავაპურე ისინი. მერე მაღალი ლეღვის ხე ვიპოვეთ, ბავშვები ხელში ამყავდა და ისე წყვეტდნენ ლეღვს...
რამდენი რამეა გასახსენებელი. ერთი თვე სენაკში ვიყავით, ბავშვები სკოლაში რომ მივიყვანე, მითხრეს: სკამი მოიტანე და კლასში დავსვამთო. სკამს საიდან მოვიტანდი? წამოვედით თბილისში. ძნელი პერიოდი გვქონდა. ზოგი გვეკითხებოდა, რატომ წამოხვედითო?.. ომი რა არის, წარმოდგენა არ ჰქონდათ. მაგრამ ბევრმა კარგად მიგვიღო, რაღაცებს გვჩუქნიდნენ.
მერე გარდაიცვალნენ დედამთილი, მამამთილი, მეუღლე, სიძე, მეზობელი, ჩემი შვილების ნათლიები... ბევრი რამ გადავიტანეთ, მიჭირს გახსენება.
„სხვებს ჰგონიათ დავბერდი, მე კი ახლა ავმღერდი“
- ჩემი სპეციალობით 33 წელი ვიმუშავე, ახლა ტიბეტურმა მედიცინამ დამაინტერესა და ამ მიმართულებით ვმუშაობ. ლექსების წერა 60 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე არაფერი დამიწერია. დროც არ მქონდა: სამი შვილი, სახლი, სამსახური. სოხუმზე მოგონებების წერა ძალიან მიჭირს. ერთმა ახლობელმა მთხოვა რამე დაწერეო, ორი გვერდი დავწერე და ცუდად გავხდი, მთელი დღე ვტიროდი. ლექსების პატარა კრებული გამოვეცი და პრეზენტაციაზე მოსული ხალხი ჩემ ლექსებს რომ კითხულობდა, მიხაროდა.
ხატვაზე სიარული ორი წლის წინ დავიწყე არაჩვეულებრივ კლუბში „60+“, სადაც პენსიონერებისთვის ყველაფერს აკეთებენ, რომ თავისუფლად ვიგრძნოთ თავი, არაფერზე ზრუნვა არ გვჭირდება და სიყვარულით ვართ გარემოცული. ჩემი პირველი ნახატი იყო ზღვა. სოხუმის მე-6 ქართული სკოლა დავამთავრე, რომელიც ზღვის პირზე იყო და გაზაფხულზე ფიზკულტურის გაკვეთილები ზღვაზე გვიტარდებოდა. ამასწინათაც დავხატე სოხუმის ზღვა, ყველას მოსწონს. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს, სოხუმი ძალიან გვენატრებაო და იმათთვის ერთი ნახატი სპეციალურად დავხატე.
დავდივარ ცეკვაზეც, იქ სიარული ხატვაზე ადრე დავიწყე. ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ წრეზე გვასწავლიან ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს. ჩვენი საცეკვაო ნომრებით გამოვსულვართ მწერალთა სახლში, კათარზისში, კავკასიურ სახლში... კარნავალებსაც ვატარებთ.
ეპიზოდები ლექსებიდან
- სოხუმი რომ დავტოვეთ, კაცები დარჩნენ და ჩვენი 5 ქართველი მეზობელი დახვრიტეს. იმათ მივუძღვენი ლექსი, სადაც სახელებს ვახსენებ, მაგრამ ერთის სახელი რიტმში არ ჩაჯდა და მისი მეუღლე მეუბნება: ჩემი ქიში რატომ არ ახსენეო? ვუთხარი, რომ ქიშის მაგივრად გელა დავწერე-მეთქი. როცა ამ ლექსზე ვსაუბრობ, ყველას ვეუბნები, ვისი ხსოვნისთვის დავწერე და სახელებსაც ჩამოვთვლი ხოლმე.
ჩვენმა ერთმა ექიმმა აფხაზეთიდან წერილი მიიღო, სადაც წერია „Где вы, наши красивые грузинчики“, ქალმა ყველას გვაჩვენა ცრემლით დანამული წერილი, წაგვაკითხა და ამ ფრაზამ დამაწერინა ლექსი „სოხუმი“.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვნახე კლდეზე ამოსული ყვავილი და ლექსი „სიცოცხლის ჟინი“ დავუწერე ყვავილს.
ნაწყვეტს გეტყვით:
„ქვები მიყურებენ, / სულ რომ დამცინიან. / მათ ხომ არა სჯერათ, / მე რომ ყვავილი ვარ... / და თუ არ მომხედავ, / და არ შემიყვარებ, / მაინც ვიყვავილებ, / მაინც ვიყვავილებ.“
ჩვენი აფხაზები
- ბევრი მადლიერი აფხაზი პაციენტი მყავდა, ჩემთან სულ რიგი იდგა. აფხაზი მეზობლებიც მყავდნენ, რამდენიმემ გამაფრთხილა კიდეც - წადით, აქ არ დარჩეთო... ჩვენმა აფხაზებმა ქართული იცოდნენ, მაგრამ ახალ თაობას ქართულს ვინ ასწავლის? მათ არა ჰყავთ ქართველი მეგობრები, მაგრამ ვიცი, მშობლები ეუბნებიან, რომ ჩვენ კარგი ხალხი ვიყავით. მართლა კარგები ვიყავით მათთვის. აფხაზებს პრივილეგიები ჰქონდათ, თანამდებობებზე მათ ნიშნავდნენ, ქართველები მხოლოდ მოადგილეები იყვნენ. თბილისში კონსერვატორიაში აბარებდა ჩემი და, მასთან ერთად აფხაზიც ჩამოვიდა. ჩემი და არ მიიღეს იმიტომ, რომ ის აფხაზი უნდა მიეღოთ. რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვუკეთებდით აფხაზებს და რით გადაგვიხადეს? ისინი ვერ მიხვდნენ, რომ მათ ატყუებდნენ.
ზოგჯერ ვამბობ ხოლმე - „სახლში, იქ სოხუმში“ და უცებ ვიტყვი: „აუჰ, არა, თბილისში“... ბათუმში რომ ჩავედი პირველად, ზღვაში ვერ შევედი იმიტომ, რომ ვემდუროდი - ჩვენმა ზღვამ გაგვიმეტა და იქიდან გამოგვაგდო. რამდენიმე დღე ვერ შევდიოდი და როცა შევედი, ცუდად გავხდი. ქართველებს გვინდა, რომ ერთად ვიყოთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ჩვენც და აფხაზებმაც, რომ ხიდი აღვადგინოთ.
„ნეტავი როგორ მიმიღებთ? / ძნელია, ალბათ, ლოდინი. / ეს განშორება, იწამეთ, / გულზე მაწვება ლოდივით.“
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)