"ქართველ ებრაელებს ოთახის მთელი ინვენტარი მიჰქონდათ კი და იქ ზუსტად ისე აწყობდნენ ინტერიერს, როგორც საქართველოში. უყვარდათ საქართველო და ქართული დღესაც იციან"
ამ ახალგაზრდა ქალს მამა ქართველი ჰყავს, დედა - ებრაელი. კარგა ხანს მუშაობდა დიდ, ებრაულ სტუდენტურ ორგანიზაციაში და, ფაქტობრივად, ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ახალგაზრდული კუთხით.
ქეთევან ჩიკვილაძე ორივე ერის სიყვარულს აერთიანებს, მაგრამ ის რომ ებრაელია, ამას თავიდან ვერ აცნობიერებდა. მისი ბებიის მშობლები ანუ დიდი ბებია-ბაბუა, 1930-იანი წლების დასაწყისში სტალინურ რეპრესიებს შეეწირნენ. დიდი ბაბუა მთის ებრაელების მე-7 თაობის რაბინი იყო და რელიგიური საქმიანობის გამო სდევნიდნენ. ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე საუბარი ქეთევანმა ბებიის ისტორიით დაიწყო.
ქეთევან ჩიკვილაძე:
- ბებიაჩემის თავს დიდმა ქარტეხილებმა გადაიარა. ბავშვობაში ცხოვრობდა ქალაქ ნალჩიკში (ჩრდილო-კავკასია). მშობლების დახვრეტის შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, 4 წლიდან და არანაირი რელიგიური მიმართულება არ ჰქონდა. საბჭოთა კავშირში ანტისემიტიზმი არსებობდა და რადგან ბებიას დაბადების მოწმობაში ეწერა „ებრაელი“, მუდმივად ეუბნებოდნენ: „შე ებრაელოო“ ან „ჟიდოვკას“ ეძახდნენ. ბებია როგორც კი გათხოვდა, თავისი ეროვნება რომ გადაეფარა, პასპორტში „სომეხი“ ჩაიწერა, სომეხი მეუღლე ჰყავდა. ნალჩიკში მიმოსვლა და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის ნათესავებთან, მაგრამ ამას არ აფიშირებდა.

დედა ჩემი პედაგოგია, სკოლაში მუშაობდა რუსთავში, ჩვენ რუსთაველები ვართ. დედას ბევრი ებრაელი მოსწავლე ჰყავდა. მოგეხსენებათ, მეტალურგიული ქარხნის ასაშენებლად მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ და მათ შორის ებრაელებიც იყვნენ. მერე მათი შვილები სკოლაში შევიდნენ. ერთხელ, 1980-იან წლებში, მოსწავლეებმა დედას პასექის დღესასწაულზე მაცა (პურის კვერი) მიუტანეს. დედაჩემმა არ იცოდა, რა იყო, ცოტა გაუკვირდა, რა ფირფიტა მომცესო და სახლში წამოიღო. ბებიას ეუბნება: - აი, ეს რაღაცა მომცესო... რას ჰქვია რაღაცა, მაცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებიაო. „ჩვენთვის“ - ბებიამ ასე მოიხსენია. რუსთავში დაფუძნდა ებრაული ორგანიზაცია და ბებიაჩემმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ გაწევრიანებულიყო. მეც წამიყვანა, 15-16 წლისა ვიყავი. მაშინ დამეწყო ჩემი იდენტობის აღქმა, ეს იყო სისხლის ყივილი. თუმცა, ამაზე ბებიაჩემთან არ მისაუბრია. იმ ორგანიზაციიდან მოვხვდი თბილისში, ათდღიან „სოხნუთის“ (ებრაული სააგენტო) ბანაკში, სადაც ზღვა მასალა გაგვაცნეს ისრაელზე, ებრაელობაზე, ტრადიციებზე. შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც ძალიან საინტერესო სამყაროში მოვხვდი. ეს იყო პირველი ბიძგი... ბებია 18 წლის წინ გარდაიცვალა, მაშინ 18 წლისა ვიყავი.
- როდის ჩახვედით პირველად ისრაელში?
- 17 წლის ვიყავი და საზღვარგარეთ პირველად აღმოვჩნდი. მაშინ ბებიაჩემმა გამატანა წერილი თავის უახლოეს ნათესავთან, ბიძაშვილთან. ეს კაცი არის ნაზარეთის მთის ებრაელების თემის მთავარი რაბინი. მან ჩაუყარა იმ ქალაქში საფუძველი მთის ებრაელების სინაგოგას. წერილში რა ეწერა არ ვიცი, მაგრამ ცენზურა გაიარა დედაჩემის და დეიდაჩემის მხრიდან, იმიტომ, რომ ეშინოდათ, ბებოს რამე არ ეთხოვა. დავრეკე და ბიძაშვილის შვილმა მომაკითხა წერილის წასაღებად. თავად ბიძაშვილი ვერ მოვიდოდა, რადგან პარასკევი დღე იყო და შაბათის წესებს იცავდა, მანქანით ვერ იმოძრავებდა.
- ქართველი ებრაელები ისრაელში რეპატრიაციისას ითხოვდნენ კომპაქტურად დასახლებას და საქართველოსთან კავშირს არ წყვეტდნენ. ალბათ, ეს გამოარჩევდა მათ სხვა ქვეყნებიდან ჩასული ებრაელებისგან.
- ცნობილ ფაქტს გეტყვით. არათუ, ვთქვათ უკრაინელმა ებრაელმა, უზბეკმა, ბელარუსმა ან სხვამ, სწორედ ქართველი ებრაელების 18-მა ოჯახმა მისწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1969 წლის 6 აგვისტოს წერილი, სადაც ითხოვდნენ დახმარებას საბჭოთა კავშირიდან ისრაელში რეპატრიაციისათვის. ამ 18 ოჯახიდან 13 ქუთაისელ ებრაელთა ოჯახი იყო. ფაქტობრივად, ქართველი ებრაელების დამსახურებაა საზღვრების გახსნა. აქედან წასულებს, ისრაელში ძირითადად უშვებდნენ ამ ქალაქებში: აშდოდი, აშკელონი და ხულონი. არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ქართველ ებრაელებს მიჰქონდათ ოთახის მთელი ინვენტარი, ისიც, რაც კედლებზე ეკიდათ და იქ ზუსტად ისე აწყობდნენ ოთახებს, როგორც საქართველოში. რა თქმა უნდა, უყვარდათ საქართველო და ვიცნობ ქართველ ებრაელებს, რომლებიც ბავშვობაში წავიდნენ ისრაელში და დღესაც ქართული იციან. იქ დაბადებულ ბავშვებს, შეიძლება ყველა არა, მაგრამ ზოგი უღვივებს საქართველოსადმი სიყვარულს და ქართულ ენასაც ასწავლიან. ეს არის საოცრება. ფრანგ ან სხვა ევროპელ ებრაელებს ასეთი მიჯაჭვულობა არა აქვთ იმ ქვეყნების მიმართ, საიდანაც ჩავიდნენ ისრაელში. ქართველი ებრაელები აქედან სულ ტირილით მიდიოდნენ და აქაური მეზობლებიც გულდაწყვეტილები იყვნენ. ბევრს ახლაც აქვთ კონტაქტი.

საინტერესო ისტორია გვქონდა ველისციხეში, მე ამას სასწაულს ვეძახი. ზოგადად, კახეთში არც ერთი ებრაული ძეგლი არ იძებნება. მერე წყაროების მიხედვით გავარკვიეთ, რომ იქ სინაგოგები არ ჰქონდათ, სახლებში ლოცულობდნენ, სალოცავ სახლებს ეძახიან. ასევე, წყაროებზე დაყრდნობით გავიგეთ, რომ ველისციხეში დიდი ებრაული თემი ყოფილა და სოფელში ჩავედით 2021 წელს. დიდი სოფელია, ქალაქს უფრო ჰგავს. ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ყველას ვეკითხებოდით, თუ იცოდნენ სადმე სასაფლაოს არსებობის შესახებ. მხოლოდ - არა, არა გვესმოდა, მერე თქვეს - აქვე, შაშიანში არის პატარა სასაფლაოს ნაშთებიო. ერთმა მიგვასწავლა, რომ ზოიას (მგონი ასე ერქვა) აქვს ურთიერთობა აქედან წასულ ებრაელებთანო. გაგვიმართლა, რომ ქალი სახლში იყო, მან გვითხრა: აშდოდელი მეგობრები მყავს, ისინი 70-იან წლებში წავიდნენ, შემიძლია ახლავე დავურეკო მესენჯერშიო. ცოტა გაგვიკვირდა იმიტომ, რომ ისრაელში შუადღისას არავის სცალია, მუშაობენ, მაგრამ იმ ქალბატონმა, გვარად შათაშვილმა უპასუხა. მან დეტალურად აგვიხსნა, სად იყო სასაფლაო. მე და ჩემი მეგობარი წავედით, თუმცა ადგილზე არაფერი დაგვხვდა. იქვე, გზაზე უზარმაზარი მაყვლის ბუჩქი იდგა, იქაც შევიხედეთ... და ვნახეთ საფლავის ქვა. ნელ-ნელა 6 საფლავის ქვა მოვაგროვეთ და საელჩოს ხელშეწყობით პატარა მემორიალი დავდგით.

- წლების განმავლობაში ისრაელში გამოდიოდა ქართული გაზეთი, ჟურნალი... მერე შეწყდა. ახლა რა ხდება ამ კუთხით?
- გაზეთზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ ქართული რადიო მუშაობს, რომელსაც უძღვება მერი ამშიკაშვილი. ის ხშირად იწვევს გადაცემებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, არა მარტო ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს, არამედ - აქაურებსაც. სხვათა შორის, მეც რამდენჯერმე ჩავერთე მასთან.
- 2024 წელი ძალიან მძიმე იყო ისრაელისთვის, თქვენ იყავით ჩასული?
- ივლისში ვიყავი, საკმაოდ რთულ დროს ჩვენთვის - ებრაელებისთვის. კონფერენციას ვესწრებოდი იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრში (იად ვაშემი). მისი მიზანი იყო ჰოლოკოსტზე ფართო განათლება მიეღოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, არ იყო აუცილებელი ებრაელი ყოფილიყო. კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კუთხითაც, რომ მას მერე, რაც ჰამასი თავს დაესხა ისრაელს და ომი დაიწყო, მსოფლიოში კატასტროფულად აიწია ანტისემიტიზმის დონემ. მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებს ვერ შეედრება. მაგალითად, გერმანიას, ბელგიას... იქაურ ებრაელებს ძალიან ეშინიათ იდენტობის გამოჩენის. ახლა იტალიაში ვიყავი და ჩემი მეგობრები მაფრთხილებდნენ, დავითის ვარსკვლავი არავითარ შემთხვევაში არ გამოაჩინოო. ვუთხარი, რომ გამოვაჩენ-მეთქი (მათი მიზანიც ხომ ეს არის) და არც დამიმალავს, არანაირი ინციდენტი არ მქონია.

- არ მეგონა, თუ საქართველოსაც ახსენებდით...
- ჩვენთან ანტისემიტიზმი, ასე ვთქვათ, ჩაბუდდა უნივერსიტეტებში და სკოლებში. წლებია, ამ თემაზე ვმუშაობ, მაგრამ ისრაელიდან ახალი ინფორმაციის წამოღება საკმაოდ სასარგებლო იყო. იქიდან მოყოლებული, მაგალითად, სამჯერ ჩავატარე ერთი ან ორდღიანი ინტერნეტ-სემინარი, ძირითადად, მასწავლებლებისთვის იმიტომ, რომ ამ ცოდნას ისინი მოსწავლეებთან გაავრცელებენ.

- კიდევ რა მიმართულებით მუშაობთ?
- საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მხოლოდ ტრადიციული იუდაიზმის მიმდინარეობა. ზოგადად, მე-17 საუკუნიდან გერმანიაში საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმდინარეობას - რეფორმისტულ იუდაიზმს, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩვენ გადავწყვიტეთ (მე, ჩემი მეუღლე და სამი მეგობარი ვართ) და საქართველოში 2023 წელს დავაფუძნეთ „პროგრესული იუდაიზმის ცენტრი“, რომელიც არის „ევროპული პროგრესული იუდაიზმის კავშირის“ ნაწილი. ერთ წელიწადში მივაღწიეთ საერთაშორისო აღიარებას. თემში 120 წევრი გვყავს, როგორც საქართველოში მცხოვრები, ასევე, უცხოელებიც. გვაქვს სხვადასხვა აქტივობა: ტრადიციულად - ლოცვა, საგანმანათლებლო თემები...
- ვიცი, რომ ებრაელებს გიყვართ საჩუქრების გაცემა და აი, მეც მივიღე თქვენგან ჭიქა. ამიხსენით მისი დანიშნულება.
- ეს არის სარიტუალო ჭიქა, ვიყენებთ ღვინის და ყურძნის წვენის კურთხევისთვის, რა დროსაც, ლოცვას ვკითხულობთ. ამ რიტუალს აუცილებლად ვატარებთ ნებისმიერ დღესასწაულზე. კიდეშის ჭიქას ეძახიან და სხვადასხვა ფორმა აქვს.

- ოჯახი გაგვაცანით და საუბარი ებრაული დალოცვით დავასრულოთ.
- მყავს ებრაელი მეუღლე მიშა გრიშაშვილი (დედით ბელარუსი), ორი შვილი - ბენიამინი და ესთერი. ვცხოვრობთ თბილისში.
დალოცვას რაც შეეხება, „ბარუხაშემ“ - ნიშნავს, ღმერთმა დაგლოცოს! ბარუხ - დალოცვა, აშემ - გამჩენი.
და მეორე, ძალიან ცნობილი დალოცვა ან მილოცვაა - „მაზალტოვ“. მაზალ - ბედი, ტოვ - კარგი.
სხვათა შორის, ბევრი ქართველი იყენებს სიტყვას - მაზალო, რაც ებრაულად იღბლიანს ნიშნავს.
ნანული ზოტიკიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)