ილია მეორე: "ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება" - აქამდე უცნობი ამბები საქართველოს პატრიარქზე - კვირის პალიტრა

ილია მეორე: "ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება" - აქამდე უცნობი ამბები საქართველოს პატრიარქზე

"ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება" - ილია მეორე. 47 წლის წინ, როდესაც, ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, კრძალავდა რელიგიას. იხურებოდა ეკლესიები, სასულიერო პირებს აძევებდნენ მონასტრებიდან. ადამიანებს, ვისაც ღმერთის სწამდა, ლოცვა მალულად უწევდათ. ილია მეორემ ეტაპობრივად დაიწყო პრობლემების მოგვარება...

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარი: - ილია მეორემ 1978 წლიდანვე დაიწყო მოგზაურობა საქართველოს ყველა კუთხეში.­ მე მახსოვს მისი ჩასვლა სოხუმში, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა. ხალხი ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვხვდე­ბოდა. ყველა გრძნობდა, რომ ერის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეპოქა. უწმინდესის ავტორიტეტი ნელ-ნელა იზრდებოდა. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალგაზრდების მიმართ. წირვის დასრულების შემდეგ თავისივე ხელით ფურცელზე დაწერილ "მამაო ჩვენოს" არიგებდა. სულ ახალგაზრდებს აცმევდა სტიქარს, მათ შორის, მეც შემომთავაზა და ეს დიდი სიხარული იყო. უწმინდესი მტკიცე და შეუპოვარი იყო ეპარქიების აღორძინებისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საქმეში და არასოდეს არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების ე.წ. რეკომენდაციებს.

მახსოვს, ალავერდობა დღეა და პატრიარქი ტაძარში მიდის, რომ წირვა ჩაატაროს. მთავრობამ უცებ გადაკეტა შლაგბაუმი. უამრავი ხალხი ვართ უკან - მრევლი, სტიქაროსნები... ყველა გადავედით და მოვხსენით ეს შლაგბაუმი. ასე შევიყვანეთ პატრიარქი ტაძარში. მთავრობა ხვდებოდა, რომ მის უკან ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ...

იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი),­ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი: - უწმინდესმა ნელ-ნელა დაიწყო ეპარქიების შესწავლა და მოადგა ჯავახეთის მხარესაც. ეს ის პერიოდია, ჯავახეთი სასაზღვრო ზონად რომ ითვლებოდა, რადგნ თურქეთთან ახლოს იყო და ორივე მხარეს ჯარი იდგა. აი, ამ პირობებში, უწმინდესმა გადაწყვიტა ფარავნის ტბაზე ჩამოსულიყო და მოენახულებინა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილი, რომელიც არავის არ ახსოვდა და სრულიად მიტოვებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი იყო, ისე შეამოწმეს, როგორც რიგითი ადამიანი... როცა ეს დანგრეული ტაძარი მოინახულა, ილოცა და დაიწყო ფიქრი, როგორ დაეარსებინა მონასტერი და გაეცოცხლებინა ჯავახეთი. 1988 წელს უწმინდესმა სახლი შეიძინა და დააარსა წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაული, რომელიც პირველად 1989 წლის პირველ ივნისს აღინიშნა. სახლთან ერთად, მაშინდელ მთავრობას სთხოვა მიწის ნაკვეთი ტბასთან, სადაც დაასახლა რამდენიმე მორჩილი, რომლებიც გმირულად უძლებდნენ მკაცრ პირობებს, გასაკუთრებით, ზამთარში. ასე ნელ-ნელა გახსნა პატრიარქმა გზა ჯავახეთისაკენ... არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად დავესწარი წირვას უწმინდესთან ერთად. მას მერე, სანამ შეეძლო, ყოველ პირველ ივნისს მობრძანდებოდა აქ და წირავდა...

მახსენდება 2002 წლის პირველი ივნისი. იმ წელს უამრავი ხალხი ჩამოვიდა ჯავახეთში. ასევე იყვნენ ადგილობრივებიც. მამათა მონასტერში, ზედ ამ ტბასთან გაშლილია ღია ტრაპეზი. დაიწყო მსახურება. ადილობრივი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი არ იქცეოდა კარგად - კენჭებს ისროდნენ ქალბატონებისკენ. ჩამოსული სტუმრებიდან ერთმა ვერ მოითმინა და ატყდა ჩხუბი. დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ერთს თავი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა... უცბად ვხედავთ, მთელი სოფელი ფეხზე დადგა და ჩვენკენ მორბიან. ამ დროს უწმინდესს მიჰყავს მსახურება, რომელიც არ შეუწყვეტია. ეს ადამიანები, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა, შემოიყვანა სტიქაროსნების შუაში და ამ სტიქაროსნებს გარედან სამღვდელობა დაუყენა. უკან ვდგავართ დედები და მრევლი. ამასობაში­ სოფლის ხალხი მოგვიახლოვდა და ელოდება მსახურების დამთავრებას, რომ დავიშალოთ, მოძებნონ ის ბიჭები და დასაჯონ. უწმინდესმა აუღელვებლად, დინჯად, როგორც სჩვევია ხოლმე, წირვა ჩაატარა, გვაზიარა ყველა და ბოლოს მოგვმართა: მოდი, ახლა გადავინაცვლოთ სახლის ეკლესიაში და იქ ჩავატაროთ პარაკლისიო. აი, როგორც ვიყავით შეკრულები, ზუსტად ისევე დავიძარით. გავიარეთ ამ გაშმაგებულ ხალხში, შევედით ტაძარში და უწმინდესმა გადაიხადა პარაკლისი - ილოცა ხანგრძლივად. ამასობაში წვიმა წამოვიდა, სოფლის ხალხს მოჰბეზრდა გარეთ დგომა, გაბრაზებამაც გადაუარა და მშვიდად გაეცალნენ იქაურობას. მერე ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა ტრაპეზი და უწმინდესმა აქაც გვითხრა, მოდი, ტრაპეზზეც ყველა ერთად წავიდეთო და მართლაც ისე ჩავსხედით მანქანებში და დავიძარით, არაფერი მომხდარა...

მეუფე დანიელი (დათუაშვილი), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი: - 47 წლის წინ უწმინდესმა ჩაიბარა სულიერად ძალიან დამძიმებული საზოგადოება. მისი მოღვაწეობის პირველივე დღიდან გასაგები გახდა, რომ ის ბოლომდე იტვირთავდა ამ ჯვარს. უწმინდესი ზრუნავდა არა მარტო ეკლესია-მონასტერების აღდგენაზე, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. იქნებოდა ეს მეცნიერება, კულტურა, მედიცინა თუ პოლიტიკური პროცესები. ყველგან გამოხატავდა თავის აზრს. მოსახლეობაში გაჩნდა დიდი ნდობა. პირადად მე მასში ვხედავდი დიდ ძალას, მისი იმედით გადავდგი ეს ნაბიჯი და დღემდე ვგრძნობ, რომ ღვთის მსახურის მოვალეობის შესრულებაში პატრიარქი მეხმარება. მისი დახმარების გარეშე ჩემი ერთი დღეც კი ვერ წამომიდგენია. ის შენს შინაგან სამყაროს ხედავს, თანაგიგრძნობს, გეხმარება, ზუსტად იმ რჩევას გაძლევს, რაც გჭირდება და სანამ კითხვას დაუსვამ, მანამდე გპასუხობს. პატრიარქი განიცდის ყველაფერს და თანაუგრძნობს ყველა ადამიანს, არა მარტო იმას, ვინც მასთან ახლოსაა, უცხოსაც. საპატრიარქოში სადილის დროს გვეძახის და გვეუბნება: ჩადით კარიბჭესთან და ნახეთ, ვიღაც უნდა იყოს. მართლაც, იქ მდგომ გაჭირვებულ ადამიანს დააპურებენ დედები, საჩუქარს მისცემენ და ისე ისტუმრებენ. იყო შემთხვევები, როცა უწმინდესი ტრაპეზზეც გვერდით სვამდა ასეთ უცხო ადამიანებს. უწმინდესი ხედავს ყველაფერს, მათ შორის, ჩვენს გულებსაც. არის ჩვენთან და იმავდროულად, არის მუდმივად ღმერთთან. ეს ისეთი ფენომენია, ძნელია აღწერო.

წაიკითხე ვრცლად