რას უნდა ველოდეთ ფინეთში? - კვირის პალიტრა

რას უნდა ველოდეთ ფინეთში?

12 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფინეთში ითამაშებს. ეს იქნება მესამე შეხვედრა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს, 1:0 აჯობა ბელარუსს და 0:1 დამარცხდა ესპანეთთან.

ფინეთი, ესპანეთი და ბელარუსი ვახსენეთ. მათ გარდა ჩვენს ჯგუფშია საფრანგეთი და თუ იმასაც შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ორი ნაკრები გადის, იოლი წარმოსადგენი იქნება - ფინეთს, საქართველოსა და ბელარუსს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე ესპანეთსა და საფრანგეთს. ეს შესარჩევის დაწყებამდეც კარგად ვიცოდით, თუმცა ჩვენმა გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელად ეფექტურად დაიწყო შეჯიბრება. მოულოდნელი მხოლოდ უცხოელებისთვის როდი იყო, ზოგი ქართველი ბელარუსთან ფრესა და ესპანეთთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხებას წინასწარ დადებით შედეგად თვლიდა.

საქართველოს ნაკრებმა კი ბელარუსებს თორნიკე ოქრიაშვილის ეფექტური გოლით მოუგო, ხოლო ესპანელთა თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს ათქმევინა: "ქართველებმა ექსტრაორდინარული თამაში დაგვიპირისპირეს. გადაგვიკეტეს როგორც ფლანგები, ასევე ცენტრი. ასეთი ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია" გოლის ავტორმა სოლდადომ კი ჩვენი გუნდი კედელს შეადარა, რომელსაც მისმა ნაკრებმა 85 წუთის განმავლობაში ერთი ღრიჭო ვერ უპოვა.

***

სწორედ "ექსტრაორდინარულმა" თამაშმა გაგვიღვივა მომავლის იმედი, რომელიც ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩების შემდეგ ბურუსში იყო გახვეული. ამას დაერთო შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები...

ახალ შესარჩევში მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უარი თქვა გამოცდილი ალექსანდრე იაშვილის გამოძახებაზე. მასთან ერთად არც ლევან კობიაშვილს იწვევდა (მანამდეც, ვიდრე გერმანიაში დისკვალიფიკაციას მისცემდნენ). დღესაც ვფიქრობ, რომ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა ეხმარებოდნენ გამოცდილები, თან ისეთები, რომლებსაც ბუნდესლიგაში არაერთი სეზონი აქვთ მაღალ დონეზე ჩატარებული. თუმცა მწვრთნელმა მათ გარეშე წარმატებით დაიწყო შესარჩევი. ასე რომ, ჯერჯერობით გააჩუმა ჩემნაირი სკეპტიკოსები.

როცა საკალათბურთო ნაკრებში ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და ლაშა გამყრელიძე არ მიიწვიეს, დავწერე - ეს შეცდომაა-მეთქი. ამოსავალი წერტილი კი ერთი იყო: საქართველოს ნაკრები (საფეხბურთო იქნება, სარაგბო, თუ საკალათბურთო) ყოველთვის ოპტიმალური შემადგენლობით უნდა თამაშობდეს. თემურ ქეცბაია ბევრ ისეთ ფეხბურთელს არ იწვევს, რომლებსაც გუნდის დახმარება ნამდვილად შეუძლიათ. სექტემბერში არ გამოიძახა ლევან ყენია, რითაც ფეხბურთელს გული დასწყვიტა. თუმცა ოქტომბერში მწვრთნელმა ლევანი კვლავ შეიყვანა ნაკრების განაცხადში, რაც უთუოდ მისასალმებელია. ნამდვილად არ შეიძლება რაიმე სახის წყენაზე ლაპარაკი, როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს, ქვეყნის ღირსებას ეხება.

***

საინტერესოა, რის ხარჯზე მოახერხა მწვრთნელმა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელის არყოფნის კომპენსირება? მეტსაც გეტყვით: გვჯერა, რომ ქართველებს ფინეთში გამარჯვებაც შეუძლიათ, მაგრამ საკითხავია, რამ გამოიწვია ასეთი ოპტიმიზმი?

პასუხისთვის ფინელთა მწვრთნელის მიქსუ პაატელაინენის სიტყვები უნდა მოვიშველიოთ:

- საქართველოს ნაკრები ნახევრად ყრუ დაცვას მიმართავს. ნახევარდაცვაში მოთამაშე ექვსი ფეხბურთელი მეტოქეს სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავს. ქართველები სავარაუდოდ ასე ითამაშებენ ყველა გასვლით შეხვედრაში.

თამაშს დაცვა იგებსო, ამბობენ. დაცვის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. ვფიქრობ, აქამდე სწორედ ეს კომპონენტი იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სუსტი წერტილი და ამიტომაც არ გვქონდა შედეგი. დელ ბოსკემ ჩვენს დაცვას ორგანიზებული უწოდა, რაც უთუოდ ღირებული შეფასებაა. სწორედ ესაა თემურ ქეცბაიას ნაკრების მთავარი პლუსი.

მეორე დადებით თვისებად დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა უნდა მივიჩნიოთ. ყიფიანი-ძოძუაშვილის ფორმაციის ნაკრებს ეს კარგად გამოსდიოდა, კლასიკური მაგალითი ლიტვაში თამაში იყო, რომელშიც 4:0 გავიმარჯვეთ. მას მერე დაცვიდან შეტევაში გადასვლა ყველაზე უკეთ სწორედ დღევანდელ ნაკრებს გამოსდის.

...და მესამე, რითაც ქეცბაიას გუნდი წინამორბედებისგან გამოირჩევა - ფლანგების სრულყოფილად ათვისებაა. მწვრთნელმა მოძებნა ორი ახალგაზრდა მოთამაშე, ოქრიაშვილი და თარგამაძე, რომლებსაც არც ტექნიკა დაეწუნებათ, არც სისწრაფე, ერთი მარცხენა ფლანგზე გაამწესა, მეორე - მარჯვენაზე. აუტის ხაზის გასწვრივ მორბენალი ფეხბურთელები მოწინააღმდეგის დაცვას მოედნის მთელ სიგანეზე წელავენ და, შესაბამისად, თავისუფალი ზონებიც ხშირად ჩნდება. ამ დუეტს გოლების გატანაც რომ შეუძლია, უკვე დაგვარწმუნეს.

ჯანო ანანიძემ ესპანეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მის არყოფნაში მოედნის ცენტრში ბურთის დამჭერი არ გვყავდა (თუმცა პირენეელებთან ცენტრის კონტროლი ანდრეა პირლოსაც კი უჭირს), ფინეთთან კი ჯანოც იქნება, ყენიაც და შეტევები უფრო გამრავალფეროვნდება.

***

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 12 ოქტომბერს და ვნახოთ, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრები, ისე, როგორც მისგან ველით. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)