"გიგი უგულავამ თუ მოიწადინა, იქნებ, თბილისის ჯარიც შექმნას" - კვირის პალიტრა

"გიგი უგულავამ თუ მოიწადინა, იქნებ, თბილისის ჯარიც შექმნას"

თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრძანებით, დედაქალაქში ახალი უსაფრთხოების საქალაქო სამსახური იქმნება, რომელმაც თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების და საჭიროების შემთხვევაში თავად ქალაქის მერისა და სხვა თანამდებობის პირთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ამ გადაწყევტილებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებები, რომელმაც მის პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ფუნქციები მნიშვნელოვნად გაუზარდა.

პრეზიდენტის ერთი ბრძანებულებით, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადაეცა, მეორე ბრძანებულებით კი – პრეზიდენტმა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და შსს-ს მმართველობას დაქვემდებარებული სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო ამ უწყების მართვის სფეროდან გაიყვანა. რას ნიშნავს ეს ინიციატივები და რისთვის ემზადებიან ოპოზიციაში გადასული "ნაციონალური მოძრაობა" და პრეზიდენტი სააკაშვილი?

გვესაუბრება კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც მომავალ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს:

- უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ის ცვლილებები, რაც სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ განახორციელა, ყველანაირად სცილდება დემოკრატიის ჩარჩოებს. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, უარი განაცხდა პრეზიდენტის ფინანსური ხარჯების კონტროლზე, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების კონტროლი დაუქვემდებარა ისეთ სტრუქტურას, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს სამსახურები აქამდე არასდროს ყოფილა და რომელიც პირდაპირ პრეზიდენტის კონტროლს ქვეშააა. ეს არის მცდელობა იმისა, რომ საკუთარი ძალაუფლება და კომფორტი შეინარჩუნოს, რაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია. კიდევ უფრო გაუგებარი და სასაცილოა გიგი უგულავას ეს გადაწყვეტილება.

ქვეყანაში უსაფრთხოებას სისტემურად და ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები. რაიმე დამატებითი სამსახურების შექმნა სრულიად აბსურდული რამაა. რა ვიცი, გიგი უგულავამ თუ მოიწადინა, იქნებ, თბილისის ჯარიც შექმნას. ნებისმიერი სახელმწიფო ობიექტისა თუ თანამდებობის პირის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო და არა ცალკეული მერებისა და გამგებლების მიერ შექმნილი უსაფრთხოების სამსახურები. უგულავას გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და დარწმუნებული ვარ, კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება. ეს გარკვეულწილად წააგავს რაღაც მუნიციპალური სამსახურების შექმნის მცდელობას, რაც ვარდება საერთო სისტემიდან.

ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე აუცილებალდ უნდა გაევლოთ კონსულტაციები მომავალ ხელისუფლებასთან, ეს არ არის მერის გადასაწყვეტი საკითხი. მათი ქცევა პოლიტიკურად აღიქმება, როგორც გამოსვლა დემოკრატიის ჩარჩოდან, სამართლებრივადაც ბევრი კითხვა ჩნდება. ვიმეორებ, ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი კანონსაწინააღმდეგოა. იურისტებს უნდა დავეკითხოთ ამის თაობაზე. მით უფრო, თუ ეს იქნება შეიარაღებული ინსტიტუცია, ის აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს იმ ძალოვან უწყებებს, რომელთაც საქართველოში აქვთ ლეგიტიმური უფლება უზრუნველყონ უსაფრთხოება.

- ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილებები?

- ვფიქრობ, რომ მოქმედი ხელისუფლება ცდილობს, ჯერ კიდევ მათ ხელში არსებული ძალაუფლება კანონიერად თუ არაკანონიერად გამოიყენონ და შეინარჩუნონ ის პრივილეგიები, რაც მათ აქამდე, რიგ შემთხვევაში, სრულიად უკანონოდ ჰქონდათ. პრეზიდენტი ცდილობს, მის ხარჯებზე კონტროლი არ განხორციელდეს. უგულავა კი ცდილობს, რომ გარკვეული სახის უსაფრთხო კომფორტი შეიქმნას. ვპირდებით, ამის საშუალება არ მიეცემათ. ამ ნაბიჯებით სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ, სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოს შექმნან, რასაც ნამდვილად ვერ დავუშვებთ!

- როგორ შეაფასებთ თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსად ახალი უფროსის სასწრაფოდ დანიშვნას?

- ამ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სააკაშვილს, ყოველთვის ახასიათებდათ, რომ ერთს იძახდნენ და მეორეს აკეთებდნენ. არჩევნების შემდეგ გამოვიდა სააკაშვილი და განაცხადა - გადავცემთ ძალაუფლებას გამარჯვებულ ძალასო, თუმცა მეორე ხელით სააკაშვილი აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ისე, რომ საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხებზე არ გადის კონსულტაციებს მომავალ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმურია მისი ეს გადაწყვეტილება, მას აქვს უფლება, დანიშნოს გენშტაბის უფროსი, მაგრამ რამდენად სწორია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ახალი ძალა ემზადება?

იცით, რომ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ირაკლი ალასანია, რომელიც მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს ამ სისტემაზე, შესაბამისად, თუ მას წინასწარ დაუნიშნავენ გარკვეულ პირებს უმაღლეს თანამდებობებზე ისე, რომ ამას არ შეუთანხმებენ, ცხადია, ეს ხელს შეუშლის მას დამოუკიდებელ და ეფექტიან მოქმედებაში. ამიტომ ეს ნაბიჯი ჩემი მხრიდან აღქმულია როგორც არაეთიკური და იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)