სკანდალური განცხადება: "არ არის გამორიცხული, გრიგოლ ლილუაშვილმა ისიც თქვას, რომ ბაჩო ახალაიასთანაც კავშირში იყო და პაატა ბურჭულაძესთანაც" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი
სუსის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის პროცესებს საქართველოში ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ პირებთან. გამოძიების თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან დაკავებამდე, სხვადასხვა პირს შორის ჯამში 343 ინტერნეტკომუნიკაცია დაფიქსირდა, მათ შორის - მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან, პაატა მანჯგალაძესთან, ლაშა ბერიძესთან და ირაკლი ნადირაძესთან. სუსის შეფასებით, კომუნიკაციების ქრონოლოგიური თანხვედრა ძალადობრივი ქმედებების დაწყებასთან და განვითარებასთან, უტყუარ საფუძველს იძლევა იმის დასადგენად, რომ მოვლენებს ცენტრალიზებულად მართავდნენ. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბაჩო ახალაია დაკავებულია, ხოლო საქმე შემდგომი გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ამ თემაზე ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
- ის, რაც ბრიფინგზე მოვისმინეთ, რეალურად მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გარკვეულ პირებს შორის არსებობდა ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ადამიანები ისედაც არ უარყოფდნენ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ზოდელავა, საერთოდაც, ახალაიას მეზობელია. ჩვენ ვერ მოვისმინეთ საუბრის შინაარსი და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. ზარები თავისთავად არაფერს ამტკიცებს. თუ ადამიანი შენი ახლობელია ან ნაცნობია და ხედავ, რომ ის შარში ეხვევა, სრულიად ლოგიკურია, დაურეკო და დაინტერესდე, რა ხდება. ეს ავტომატურად დანაშაულში მონაწილეობას არ ნიშნავს
- სუსის ინფორმაციით, ეს კომუნიკაციები ემთხვეოდა ძალადობრივი მოვლენების განვითარებას. ეს ფაქტორი თქვენს შეფასებას არ ცვლის?
- არა. მე არავის ვამართლებ, მაგრამ სუსის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იმის თქმა, რომ ბაჩანა ახალაია იყო 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი, მით უმეტეს - ამის საფუძველზე ადამიანის დაკავება, არალოგიკური და არასწორია. ვარაუდი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვარაუდი არ არის მტკიცებულება...
ჩემი აზრით, პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა. 4 ოქტომბრის მოვლენები თავად ოპოზიციამ უნდა გამოიკვლიოს. უნდა დაისვას კითხვები, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ აღმოჩნდა პროცესში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთი მხრივ, ბოიკოტს აცხადებდა, მეორე მხრივ კი - პირდაპირ ან ირიბად ამ მოვლენებში ჩართული იყო.
ჩვენ, ანალიტიკოსები და ექსპერტები, დიდი ხნით ადრე ვამბობდით, რომ მზადდებოდა პროვოკაცია და საჭირო იყო სიფრთხილე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები არავინ გაითვალისწინა. დღეს მხოლოდ იმის თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადახერხილი იყო, საკმარისი არ არის.
- პასუხისმგებლობა ვის ეკისრება ამ ვითარებაში?
- ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღემდე უპასუხოდ რჩება. პაატა ბურჭულაძემ ორჯერ თქვა, რომ მას უღალატეს. იმავე თემაზე საუბრობდა ხაბეიშვილიც. კითხვა მარტივია: ვის ჰქონდა იმედი, რას ელოდნენ და რა შეიცვალა ისე, რომ ყველაფერი ასე დასრულდა? თუ მართლაც მოხდა ღალატი, მაშინ უნდა გაირკვეს, ვინ უღალატა, რატომ და რა შედეგი მოჰყვა ამას. თუ ღალატი არ ყოფილა, მაშინ როგორ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა?
პრობლემა ის არის, რომ 4 ოქტომბრის საკითხს დღეს ოპოზიცია ბოლომდე არ იკვლევს. არ სვამენ მთავარ კითხვას, საიდან მოდიოდა პროვოკაცია და ვის ინტერესებში შედიოდა ის. ეს აუცილებელია, თორემ იგივე შეცდომები განმეორდება. ამის გაანალიზება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ყოველთვის გამოიყენებს მსგავს თემებს, ოპოზიციური სპექტრის რეპრესიებისთვის.
- როდესაც პაატა ბურჭულაძემ ღალატის შესახებ ისაუბრა, მალე გავრცელდა ინფორმაცია, ის გრიგოლ ლილუაშვილს გულისხმობდა. ორიოდე დღის წინ ლილუაშვილიც დააკავეს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მომავალში ლილუაშვილის საქმეში 4 ოქტომბრის ამბებიც "გაჩნდება"...
- ჯერჯერობით, ლილუაშვილის პირდაპირი კავშირი 4 ოქტომბერთან არ ჩანს, ამ ეტაპზე საუბარია ქოლცენტრებზე, ფინანსებზე და ოპოზიციური მედიის დაფინანსებაზე. ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება ამ მოცემულობის გამოყენებას. თუ "ტვპირველისა" და "ფორმულის" დახურვას ვერ შეძლებენ, პროპაგანდისტული თვალსაზრისით მაინც შეეცდებიან ამ თემის წინ წამოწევას. დანარჩენი, ყველაფერი პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ლილუაშვილმა ისიც თქვას, რომ ახალაიასთანაც კავშირში იყო და ბურჭულაძესთანაც.
- თქვენი პროგნოზით, გაგრძელდება თუ არა დაკავებები?
- ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება პროცესის გაღრმავებას, პროტესტის ჩახშობას და ქუჩიდან „სამზარეულოებში“ გადატანას. უკვე ერთი წელია, ამას ცდილობენ და ჯერჯერობით არ გამოსდით. რა შედეგამდე მივა ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, თუ ოპოზიცია შეცდომებს დაუშვებს, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში იქნება. სამწუხაროდ, მე არ მაქვს გარანტია და არც იმედი, რომ ოპოზიცია ისევ არ დაუშვებს შეცდომებს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)