შეძლებს თუ არა უკრაინის არმია მეორედ კუპიანსკის სრულ დეოკუპაციას?! - კვირის პალიტრა

შეძლებს თუ არა უკრაინის არმია მეორედ კუპიანსკის სრულ დეოკუპაციას?!

ახალი წლის წინა დღეებში, მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დიდი ნაწილის ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, შეძლებს თუ არა უკრაინის არმია კუპიანსკის მთლიანად განთავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან და ამას მხოლოდ წმინდა სამხედრო მნიშვნელობა როდი აქვს...

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ახალ წლამდე ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას უნდა შეხვდეს და თუკი მას ხელში ეჭირება დიდი კოზირი(რასაც ტრამპი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს) კუპიანსკის სრული დეოკუპაციის სახით, მაშინ ამერიკულ-უკრაინული მრავალთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები შედარებით კარგი პოზიციიდან შეიძლება წარიმართოს ოფიციალური კიევისთვის, რადგან ზელენსკი ტრამპს ფაქტს წინ დაუდებს-მუდმივ თავდაცვაში ყოფნის მიუხედავად უკრაინის არმიას შესწევს წარმატებული კონტრშეტევების განხორციელება და ოკუპირებული უკრაინული ქალაქების განთავისუფლებაო...

1-kup-1766744635.jpg
კუპიანსკიდან რუს ოკუპანტებს უკრაინული არმია მეორედ აძევებს...

უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსეთის საზღვრიდან 35 კმ-ში მდებარეობს და ამიტომაც არ იყო გასაკვირი,რომ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ღია რუსული სამხედრო აგრესიის დროს კუპიანსკი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 27 თებერვალს დაიპყრეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, თუმცა ქალაქის მაშინდელმა მერმა თეთრი დროშა გამოფინა და კუპიანსკი რუს ოკუპანტებს თითქმის უბრძოლველად ჩააბარა, რისთვისაც ის მეორე დღესვე უკრაინის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო ღალატისთვის დააპატიმრეს.

კუპიანსკს რუსულ ოკუპაციაში ცხოვრება ნახევარი წელი მოუწია-2022 წლის 8 სექტემბრის წარმატებული კონტრშეტევის დროს უკრაინის არმიამ რუსი დამპრობლებისგან გაანთავისუფლა კუპიანსკის ჯერ დასავლეთ ნაწილი, ხოლო 16 სექტემბრისთვის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიც.

2-kupi-1766744763.png
კუპიანსკს მდინარე ოსკოლი, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიედინება, შუაზე ყოფს...

2024 წლის ოქტომბრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებიდან მძიმე ბრძოლებით წაწევა კუპიანსკისკენ და 2025 წლის ნოემბრის ბოლოსკენ შესძლეს კუპიანსკის დასავლეთ ნაწილში შეღწევაც, რაც რუსმა გენერლებმა თავის პრეზიდენტს პუტინს კუპიანსკის სრულ დაპყრობად წარმოუჩინეს და ფაქტობრივად მწარედაც მოატყუეს, რადგან 12 დეკემბრიდან მოყოლებული გრძელდება წარმატებული უკრაინული კონტრშეტევა და მოწინააღმდეგე გადადევნილია კუპიანსკის დასავლეთი ნაწილიდან და ახლა დღის წესრიგში დგას მდინარე ოსკოლის ფორსირება და კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილის განთავისუფლებაც, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის 8-16 სექტემბერს...

კუპიანსკის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურება იმაშია, რომ ის გაშენებულია მდინარე ოსკოლის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე, რაც ამ ქალაქის დაცვის და დაკავების ოპერაციებს განასხვავებს.

კუპიანსკის მარჯვენა ნაწილის განთავისუფლების შემთხვევაში, უკრაინული საარმიო დანაყოფები შეძლებენ გამაგრებას კუპიანსკის აღმოსავლეთ საზღვართან, რაც მათ მნიშვნელოვან ტაქტიკურ უპირატესობას მისცემდა...

3-kup-1766744735.png
ISW-ს ოპერატიული რუკის მონაცემებით რუსი ოკუპანტები კუპიანსკის დასავლეთ ნაწილში(მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპირო) ინარჩუნებენ(ან ფაქტობრივად ალყაში არიან) იმ პატარა ფართობს, რომელიც ყვითელ-ყავისფერ ფერებშია დაშტრიხული,ხოლო მდ. ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე,ჩრდილო-დასავლეთით, მათი მიერ ოკუპირებული ტერიტორია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რჩება...

კუპიანსკის ოპერაცია რაღაცით წააგავს ხერსონის განთავისუფლებას სამხრეთ ფრონტზე-ხერსონი რუსეთის საოკუაპციო ძალებმა ჯერ კიდევ 2022 წლის 3 მარტს ანუ უკრაინაზე თავდასხმიდან ერთ კვირაში დაიპყრეს, თუმცა 2022 წლის 29 აგვისტოს ხერსონის ოლქში დაწყებული კონტრიერიშების შედეგად უკრაინელებმა 9 ნოემბრისთვის შესძლოს ქალაქ ხერსონის განთავისუფლება, ხოლო 11 ნოემბრისთვის სრულად გადადევნეს რუსი ოკუპნტები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე...

ამ ორ კონტრშეტევით ოპერაციას შორის კი ის მთავარი განსხვავებაა, რომ ხერსონი მთლიანად მდებარეობს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და ამ შემთხვევაში 350 მ-მდე სიგანის დნეპრი დამატებით ბუნებრივ თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენს ხერსონის დამცველებისთვის,მაშინ როდესაც კუპიანსკს მდინარე ოსკოლო შუაზე ყოფს და ამ ქალაქის მარჯვენა ნაწილის დაცვა/განთავისუფლება მეტად პრობლემატურია უკრაინის არმიისთვის...