"კართაგენი უნდა დაინგრეს" - კვირის პალიტრა

"კართაგენი უნდა დაინგრეს"

ანტიმონოპოლიური სამსახური თუ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო? უკვე წლებია, საქართველოში არც ანტიმონოპოლიური სამსახური მოქმედებს და არც კანონდებლობა, რომელიც კომპანიებს ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვებაში შეუშლიდა ხელს. მართალია, მომავალი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის შემადგენლობის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, სამაგიეროდ, კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური უწყების შექმნაა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ახალი პარლამენტი შეკრების შემდეგ ერთ-ერთ პირველ კანონპროექტს, რომელსაც განიხილავს, იქნება კანონი თავისუფალი კონკურენციის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ მოამზადა და პარლამენტი მუშაობის დაწყებისთანავე შეუდგება მის განხილვას. კანონის მიღების შემდეგ კი შეიქმნება თავისუფალი კონკურენციის სააგენტო. "ეს სააგენტო იქნება უფლებამოსილი, აკონტროლოს ბაზარი და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი იარაღი ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად", - განაცხადა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ ჩამოაყალიბა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ეს უფრო ბუტაფორიული უწყება იყო, ვიდრე ქმედითი სამსახური. შესაბამისად, "ქართული ოცნების" განცხადების შემდეგ, რომელიც აღნიშნული უწყების "გაცოცხლებას" გულისხმობს, ნაცვლად იმისა, რომ ახალი ანტიმონოპოლიური უწყება შექმნას, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "მთავარია არსებობდეს შესაბამისი პოლიტიკური ნება, ხოლო ინსტიტუტები მეორადია და ამ პოლიტიკური ნების გამომხატველი. თუ ინსტიტუტი შეიქმნა შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე, ის ფაქტობრივად არაფერს გააკეთებს. 1936 წელს მიღებულ იქნა ე.წ. სტალინური კონსტიტუცია და იყო ერთ-ერთი პროგრესული მაშინდელ მსოფლიოში, რადგან მასში ბევრი ჰუმანური იდეა იყო ჩადებული, მაგრამ სოციალისტური ბანაკიდან ხალხი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.

ასე რომ, მთავარია პოლიტიკური ნება, რომლითაც აღჭურვილია თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ამა თუ იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ევალება. ერთი და იგივე კანონის, კოდექსის, კონსტიტუციის პირობებში, ხელმძღვანელის ცვლილება შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული შედეგების მომტანი იყოს. დღეს ვხედავ, რომ საზოგადოების მიერ მანდატმინიჭებულ ძალას აქვს ასეთი პოლიტიკური ნება. ამიტომ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა იქნება ეს კონკურენციის სააგენტო თუ ანტიმონოპოლიური სამსახური. ლაპარია იმაზე, რომ "კართაგენი უნდა დაინგრეს" და დაინგრევა კიდეც".

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის" ექსპერტი: "ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ სამსახურს - ანტომონოპოლიური თუ კონკურენციის სააგენტო. მთავარია, რა არის მიზანი და რა უნდა გააკეთოს ამ სააგენტომ. სიმართლე გითხრათ, ამ სამთვარობო ცვლილებებამდე, ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბების აზრს ვერც ვხედავდი.

აბსოლუტური უაზრობა იქნებოდა ისეთი უწყების არსებობა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში იქნებოდა და მისი ფუნქცია კარტელურ გარიგებაში მყოფ კომპანიებთან, ოლიგოპოლიურ ბიზნესებთან, რომლებიც მთავრობის პირდაპირი ან არაპირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობენ, ბრძოლა იქნებოდა. რა გამოვიდოდა, რომ მთავრობა ერთი ხელით შექმნიდა მონოპოლიებს, ხოლო მეორე ხელით შეებრძოლებოდა მათ? ამიტომ, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ასეთი სამსახურის შექმნას აბსოლუტურად არაეფექტური სახე ექნებოდა.

გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ გავრცელებული განცხადებებით, დღის წესრიგში დგება ბაზრის ყველა მოთამაშისთვის თამაშის საერთო წესების დადგენა. ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და ყველა უნდა იყოს თანაბარ პირობებში. მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, ხოლო, რას დავარქმევთ სამსახურს, რომელიც ამ ყველაფერს აღასრულებს, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რა სტრუქტურით აეწყობა, რა ფუნქციების მატარებელი იქნება ეს უწყება. მსოფლიოში ანტიმონოპოლიური უწყებების რამდენიმე მოდელი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომელ მოდელს შევარჩევთ. როგორი იქნება ამ უწყების რეაგირების ხარისხი - ის შეძლებს მხოლოდ დასკვნა დაწეროს და შემდეგ რეაგირებისთვის გადასცეს სასამართლოს, თუ რეაგირების უფლებაც ექნება.

- ანტიმონოპოლიური სამსახურის და შესაბამისი კანონდებლობის ამოქმედება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა...

- ჩვენ გვჭირდება რეალური, ქმედითი უწყების ჩამოყალიბება, რომელიც რეალურადვე გადაჭრის პრობლემას. იმიტომ კი არ უნდა შევქმნათ რამე უწყება, ევროკავშირში რომ არ გვიშვებენ.Aანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გარდა კიდევ ბევრი მიზეზია, რის გამოც ჩვენ ამ სივრცეში არ გვიშვებენ. გარდა ამისა, ამ სამსახურის ფუნქციები და კანონმდებლობის ფორმულირება შესაძლებელია ისე ჩამოყალიბდეს, რომ ევროკავშირიც კმაყოფილი იყოს და ჩვენც. მით უფრო, რომ ევროკავშირისთვის ფორმა არ არის გადამწყვეტი, მისთვის მნიშვნელოვანია უწყების, კანონის შინაარსი და რამდენად პასუხობს ესა თუ ის გადაწყვეტილება რეალურ, ქმედით ნაბიჯებს.

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ანტიმონოპოლიური სამსახურები რეალურად ემსახურება თავისუფალი კონკურენციის პირობების შექმნას: ყველა ბიზნესის მიმართ არსებობს ერთნაირი, თანაბარი მიდგომა, ხდება ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირება, კომპანიების ერთმანეთთან კონკურენციის პირობების შესწავლა, მთავრობასთან ურთიერთობის თუ სხვა უამრავ საკითხში თანამშრომლობის შეფასება და ანალიზი. ამიტომ, მიზანი ამ სამსახურის ჩამოყალიბების უნდა იყოს არა ის, რომ ვიღაცას ძალიან მოწონს, არამედ რეალურად იმ ამოცანების გადაჭრა, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაწუხებს.

1 ოქტომბრამდე, ქვეყანაში იყო არაკონკურენტული გარემო ბიზნესისთვის.Yბიზნესის ყველა რენტაბელური სექტორი, პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. სახელმწიფოს ძალაუფლებით ამ ბიზნესების პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეგულირება ხდებოდა. ეს უნდა მოიშალოს, რაშიც მთავარია პოლიტიკური ნება, აღსრულების საკითხები კი ტექნიკური მხარეა, მათ შორის უწყების სახელწოდებაც".

(სპეციალურად საიტისთვის)