პუტინს ლუკაშენკოსთვის „ორეშნიკი“ მხოლოდ ოთხ კმ-ზე „შეუწევია“...
ბირთვული ქობინების გადამტანი რუსული სარაკეტო სისტემა Орешник-ის ბელარუსში ჩატანისა და განთავსების ინფორმაციამ ერთი კვირის წინ ძალზე ააფორიაქა მთელი ნატო და ევროკავშირი, რადგან საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კლასში გამავალი „ორეშნიკის“ რაკეტა 5 500-6 000 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მიფრინავს და ბელარუსიის ტერიტორიიდან „ფარავს“ მთელ ევროპას და სწვდება „ბებერი ევროპის“ ყველა ქვეყნის დედაქალაქს...
დასავლეთის დაზვერვის მთავარი ამოცანა ამ ბოლო დღეებში იმაში გახლდათ, რომ სასწრაფოდ აღმოეჩინათ ბელარუსში ის ადგილი, სადაც რუსეთმა განათვასა თავისი „ორეშნიკი“.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამი დღის წინ განაცხადა, რომ თითქოს უკრაინის დაზვერვამ გაარკვია რუსული „ორეშნიკის“ ადგილმდებარეობა ბელარუსის ტერიტორიაზე და ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაუზიარა ევროპელ კოლეგებსო.
თავის მხრივ დასავლეთელმა სამხედრო ბლოგერებმა თავისი ინიციატივით დაიწყეს ამ მხრივ მუშაობა და კომერციული თანამგზავრების მიერ გადაღებულ ბელარუსის ტერიტორიის მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე სავარაუდოდ ზუსტად განსაზღვრეს რუსული „ორეშნიკის“ საიდუმლო დისლოკაციის ადგილი.
ამისთვის მათ ერთი ეშმაკობა გამოიყენეს-ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში „პიონერის“ ტიპის საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსები (საბჭოთა გენშტაბის კლასიფიკაციით 15П645,ხოლო ნატოს კლასიფიკაციით კი SS-20) ბელარუსის ტერიტორიაზე 15 სხვადასხვა პოზიციაზე იყო განთავსებული.
პუტინის „ორეშნიკი“ კი ბრეჟნევის „პიონერის“ ერთგვარი „შვილიშვილია“, რადგან ისიც იმ საკონსტრუქტორო ბიუროშია შექმნილი, რომელსაც საბჭოთა პერიოში ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე ხელმძღვანელობდა და რომლის თაოსნობით საშუალო სიშორის РСД-10 Пионер-ის (მოქმედების რადიუსი 5 000 კმ) გარდა დაპროექტდა და სერიულ წარმოებაში ჩაეშვა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Темп-С(ამ რაკეტებით შეიარაღებული სარაკეტო პოლკი საქართველოში,საგარეჯოს რაიონში, გომბორში იყო დისლოცირებული 12 მობილური გამშვები სარაკეტო დანადგარით, რომლებსაც თითო-თითო 500 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინის „გაგზავნა“ კახეთიდან 900 კმ-ში შეეძლოთ) და საკონტინეტშორისო მობილური სარაკეტო კომპლექსები- Темп-2С (მოქმედების რადიუსი 10 500 კმ) და РТ-2ПМ То́поль (რაკეტის გაშვების მაქსიმალური სიშორე 11 000 კმ).
დასავლეთელმა დამოუკიდებელმა სამხედრო მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მიტოვებულ საბჭოთადროინდელ სამხედრო აეროდრომებს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბელარუსის მოგილიოვის ოლქში მდებარე ძველი აეროდრომის Кричева-6-სთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზი ახალი აღდგენილი გახლდათ, ხოლო უშუალოდ აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე აშენდა დაცული რკინაბეტონის ნაგებობები, რაც გამორიცხავდა ამ ყოფილი აეროდრომის თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებას, მაგრამ სამაგიეროდ, აგებული ბეტონის შენობები ძალიან წააგავს იმას, როგორებშიც საბჭოთა პერიოდში ინახავდნენ ნადირაძის „პიონერებს“...
ოღონდ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რომელიც ბევრ რამეს ხსნის-ბელარუსის ამ აეროდრომიდან რუსეთის საზღვრამდე მხოლოდ ოთხიოდე კმ-ი თუა,რაც სამხედრო თვალსაზრისით სრულიად არაფერს იძლევა,თუკი რუსეთის გენერალიტეი ამავე „ორეშნიკებს“ იმავე ოთხი კმ-ით აღმოსავლეთით, უშუალოდ რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქში დატოვებდა...
ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პოლიტიკური პიარის ელფერი-პუტინი ერთი შეხედვით თითქოს ბირთვულ „ორეშნიკებს“ ანდობს მთავარ მოკავშირეს-ლუკაშენკოს, რომ მთელ ევროპას ისიც დაემუქროს, მაგრამ ამასთანავე ბოლომდე არ ენდობა მას და „ორეშნიკები“ რუსეთის საზღვრიდან ოთხ კმ-ზე უფრო ღრმად არ შეჰყავს ბელარუსში...
ამასთან, ბელარუსულ ყოფილ აეროდრომზე აგებულ ნაგებობში მხოლოდ 2-3 „ორეშნიკის“ განთავსება თუ შეიძლება და არც მათი ბირთვული ქობინების შესანახი მიწისქვეშა სპეციალური საცავებია მოწყობილი.
„ორეშნიკის“ მობილური დანადგარის ეკიპაჟს ბელარუსიდან რუსეთში სასწრაფოდ დასაბრუნებლად მხოლოდ ის დრო დასჭირდება, რაც ამ ოთხიოდე კმ-ის გასავლელადაა საჭირო...