17 ტყვია და დაუსრულებელი ოპერაციები - ცხოვრება ომის ნამსხვრევებით - კვირის პალიტრა

17 ტყვია და დაუსრულებელი ოპერაციები - ცხოვრება ომის ნამსხვრევებით

17 ტყვია, ოცამდე ოპერაცია, შერყეული ჯანმრთელობა და ოპერაციიდან ოპერაციამდე სამკურნალო თანხის დაუსრულებელი მოლოდინი - ასეთია აფხაზეთის ომის ვეტერანის, კაპიტან ლევან ბლუიშვილის არასრული ბიოგრაფია.

ომში 19 წლისა წავიდა და ერთ-ერთი შეტაკების დროს, სასიკვდილოდ დაიჭრა. დედამ თანამებრძოლების დახმარებით, გაგრის მორგში მიაგნო. "ჩემს "მკვდარ" შვილს მოფერებისას არტერიაზე ხელი დავადე და უფეთქავდა... ელდისგან თავზარდაცემული ვიყავი, მაგრამ მაინც ვიგრძენი", - იგონებს ჩვენთან საუბარში ზაირა ბლუიშვილი. სასწრაფოდ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ზოგი - საქართველოში, ზოგიც - საზღვარგარეთ. მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს. თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს. თუმცა, დაზიანებული წვივების მიუხედავად, დამოუკიდებლად გადაადგილდება. ვინაიდან დიდი თანხაა საჭირო, მკურნალობა ვეღარ დაასრულა...

- 19 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სხვანაირი განწყობილებით ვიყავით, სამშობლოს სიყვარული ალალად, ყველანაირი ქვენაგრძნობის გარეშე გვესმოდა და მიგვაჩნდა, რომ ვისაც მკლავში ძალა ჰქონდა, უნდა წასულიყო, მერე ერთმანეთისთვის თვალებში თამამად რომ შეგვეხედა. ამ განწყობით ბევრი წავიდა აფხაზეთში, მაგრამ ომის სისასტიკემ რეალობა სხვაგვარად დაგვანახვა...

სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სამსახურს ორთაჭალის სამხედრო სამმართველოში ვიხდიდი, იქიდან კი პირდაპირ ომში, "შავნაბადას" ბატალიონის შემადგენლობაში წავედი... მახსოვს, გამთენიისას გემით განთიადში უნდა შევსულიყავით. 3 საათი ვცდილობდით შესვლას. იქ აფხაზური მხარის დიდი ძალები დაგვხვდა. გაგვიჭირდა, მაგრამ გაგრის ბატალიონი და "ლესელიძელების საძმო" (თუ არ ვცდები, ასე ერქვა ლესელიძელების ერთ-ერთ შენაერთს) შემოგვეშველა, თან აფხაზებს ჩვენზე უარესი შეიარაღება ჰქონდათ. ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იარაღისა და ტყვიის ნაკლებობა არ გვიგრძნია, მაგრამ შემდეგ, როგორც კი ბრძოლა აქტიურ ფაზაში შევიდა, პრობლემებიც დაიწყო. ეს პრობლემა მე არ შემხებია, მაგრამ ჩემი თანამებრძოლი ბიჭებისგან გამიგონია, როცა ინტენსიური შეტაკებები იწყებოდა, მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად ტყვია-წამალი არ გვყოფნიდაო.

- ვეტერანების თქმით, იყო სხვა პრობლემებიც, - ინფორმაციის გაყიდვა, აღებული სტრატეგიული ადგილების დათმობა...

- დიახ, ხშირად იყო ასეთი ფაქტები, - ერთხელ სოფელ კოლხიდაში სტრატეგიული სიმაღლე ავიღეთ, რამდენიმესაათიანი უმძიმესი, ორმხრივი სროლების შემდეგ პოზიცია დავიკავეთ ისე, რომ ერთი კაცი არ დაგვიკარგავს, თუმცა რამდენჯერმე უკან დახევა მოგვიწია. არადა, ამ დროს მსხვერპლი ყოველთვის დიდია... ბიჭებისგან ვიცი, რომ ასე ხშირად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი მოტივაცია გვქონდა. უჭმელობა, უძილობა და ფსიქოლოგიური სტრესი თავისას შვრებოდა, მაგრამ სულიერად მაინც არ დავცემულვართ. ყოველდღე ვაწყდებოდით ხელმძღვანელთაAშეცდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლე ეწირებოდა. იმ ომში ძალიან ცუდი როლი ითამაშა ქართული მედიის არასწორმა მუშაობამ.

- რაში გამოიხატებოდა "არასწორი მუშაობა"?

- როგორც კი ქართული დესანტი რომელიმე სტრატეგიული ადგილის დაკავებას დააპირებდა, ამ ინფორმაციას ჩვენი ტელევიზიები ოპერატიულად გადასცემდნენ და იმ ადგილას მობილიზებული მოწინააღმდეგე გვხვდებოდა... ერთ შემთხვევას მოგიყვებით: განთიადში დესანტი უნდა გადაესხათ. დავალების შესასრულებლად, მეც ვიყავი წასული და ჩვენი ჟურნალისტების "ოპერატიული მუშაობა" საკუთარ თავზე ვიწვნიე. მოწინააღმდეგის მხარეზე გამთენიისას, მალულად უნდა გადავსულიყავით, მაგრამ ჩვენი გეგმა ტელევიზიით ცნობილი გახდა და აფხაზური მხარე მომზადებული დაგვხვდა...

- თქვენ სად დაიჭერით?

- 1992 წლის 30 აგვისტო იყო. გაგრაში, კოლხიდაში შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დღის თორმეტი ან პირველი საათი იქნებოდა, მივიღეთ ინფორმაცია - რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10-მდე კაცის დახოცვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ. ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა.

ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა: სამი "ესვედე" (სნაიპერული შაშხანა. - ავტ.), ერთი სნაიპერის ტყვია და, როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის" ავტომატიდან მთელი ჯერი "გადამატარეს"... რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევები მომხვდა... სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო... ორმხრივი შეტაკებისას, თანამებრძოლებს ჩემი გამოყვანა გაუჭირდათ, მაგრამ "შავნაბააის" ბატალიონში ნამდვილი მეომრები იყვნენ და როგორღაც გამომიყვანეს. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება. თუმცა იქ მიყვანიდან რამდენიმე დღეში, სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები დამადგნენ თავს.

- რატომ?

- ჩემ წინააღმდეგ, დეზერტირობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მაშინ, როცა აფხაზეთში ვიბრძოდი, დიდუბე-ჩუღურეთის შტაბის სამხედრო კომისარმა თენგიზ წიკლაურმა, სამხედრო პროკურატურას "გადამცა" - აფხაზეთის ომში წასვლისგან თავის არიდებაში მადანაშაულებდა. არადა, როცა სახლში უწყება მომივიდა, მე უკვე გაგრის საავადმყოფოში, მძიმეს დაჭრილი ვიწექი... სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებმა, დეზერტირობაში ეჭვმიტანილი კაცი ტყვიებით დაფლეთილი რომ მნახეს, გაოცდნენ... ერთი სიტყვით, საქმე დაიხურა. მას შემდეგ დაიწყო დაუსრულებელი ოპერაციები და მკურნალობა.

- ვიცი, რომ ახლაც გჭირდებათ ერთი ოპერაცია...

- დიახ, ნაღმის ნამსხვრევები, რომლებიც წლებია სხეულში მაქვს, სიმსივნური წარმონაქმნებად გადაიზარდა და ამოღება მჭირდება. ნეკნებშიც აღმომაჩნდა. თითო ნამსხვრევის ამოღება 60-70-80 ლარამდე ჯდება, ანუ გააჩნია მის ზომას.

ჩვენს საუბარში ლევანის დედა, ზაირა ბლუიშვილი ჩაერთო:

- ამას ემატება გამოკვლევები და მკურნალობის ხარჯები. მთლიანობაში 5 ათას ლარამდე თანხა გვჭირდება... ლევანი წინააღმდეგი იყო, მისი ანგარიშები გამოქვეყნებინა, ხალხს ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვსო, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს...

დახმარების მსურველთავის ვაქვეყნებთ საბანკო რეკვიზიტებს, რომლის მიწოდებაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, შეფერხდა. როგორც გავარკვიე, კორსტანდარტბანკს კლიენტთან შეუტანხმებლად შეუცვლია ანგარიშები. გთავაზობთ გადამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებს:

მიმღების ბანკი: საქართველოს ბანკი  BAGAGE22

მიმღების დასახელება: ბლუიშვილი ლევან

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE77BG0000000982726600

ტელ. ნომერი: 598 474519 ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)