"დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას!" - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ ახალი წლის დღეებში პიროტექნიკისგან დაზიანება არ მიიღოთ - გუგა ქაშიბაძის რჩევები
ზამთარში სეზონურად ჯანმრთელობის კუთხით ადამიანები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან. უმეტესობა გაუფრთხილებლობის გამო ხდება. რა პრობლემებია ეს, როდის და რატომ ხდება ისინი - ამ საკითხებზე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ პროექტში „სახალხო ინტერვიუ“ დაწვრილებით ისაუბრა.
- მოყინული კიდურებით წლის განმავლობაში რამდენი პაციენტი გაკითხავთ და რა რისკებს შეიცავს ეს დაზიანებები?
- მოყინვა ძალიან სერიოზული დაზიანებაა, საბედნიეროდ, ჩვენთან ხშირი არ არის, თუმცა წელიწადის განმავლობაში, ამ პრობლემით, 20-30 პაციენტი გვყავს ხოლმე და ესენი ძირითადად ზამთრის პერიოდში არიან. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელია მინუს გრადუსი იყოს, რომ მოყინვა მივიღოთ. არადა, +3-5 გრადუსზეც, როცა მაღალი ტენიანობაა, ეს შესაძლებელია მოხდეს, რაც ძირითადად ალპინისტებში, მონადირეებსა და უსახლკაროებში გვხდება.
როცა ადამიანებს გარეთ დაბალ ტემპერატურაზე უწევთ გათენება, ეს ზოგჯერ კიდურების და თითების ამპუტაციითაც მთავრდება. ამიტომ ზემო და ქვემო კიდურებისთვის ეს სახიფათო დაზიანებაა. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, რა დროის გატარება უწევთ ადამიანებს გარეთ სიცივესა და ყინვაში. გააგრძელეთ