"მოვუსმინოთ ამ ბრძენ კაცს, რომელიც გვთხოვს, რომ ერთმანეთი შევიყვაროთ" - კვირის პალიტრა

"მოვუსმინოთ ამ ბრძენ კაცს, რომელიც გვთხოვს, რომ ერთმანეთი შევიყვაროთ"

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა­ და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების დღეა. პატრიარქს 93 წელი უსრულდება. "კვირის პალიტრა" დიდი სიყვარულით, მოწიწებითა და უდიდესი პატივისცემით ულოცავს იუბილეს მის უწმინდესობას და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

ძალიან დიდი ხნის წინ უწმინდესმა შემოიკრიბა და შემოიმტკიცა ხალხი, ჯერ პირჯვრის სწორად გადაწერა ასწავლა, მერე საეკლესიო წესები... ყველას ქედი მოუხარა და ამ დიდი თავმდაბლობის შედეგად დაიწყო დიდი გამოღვიძება, რომელსაც თვითონვე უწოდა "მზიანი ღამე". მოსესავით, ცოდვით აზვირთებული ოკეანიდან გამოიყვანა სამწყსო და დღემდე წინ მიუძღვის დედაეკლესიას. ის ყოველთვის ადამიანების მხარესაა, არა აქვს მნიშვნელობა, მორწმუნეა თუ ათეისტი, ის ყველას პატივს სცემს. ერთხელ მუსლიმი შეიხი ეწვია ოჯახით, ხელზე ემთხვია უწმინდესს¬ და ასე მიმართა:

"მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩემი ოჯახისთვის ხართ წმინდანი! ამიტომ გაახლეთ ჩემი ოჯახის წევრებიც, რომ ისინი გემთხვიონ ხელზე"... უწმინდესის სიყვარულმა, მოწყალებამ, სულგრძელობამ და სიბრძნემ მძიმე წლებში არაერთხელ გადაარჩინა საქართველო დაღუპვას. ამ წლების განმავლობაში რამდენი განსაცდელი, დარდი და ტკივილი დაითმინა მისმა გულმა. როცა მის გვერდით ხარ, გგონია,­ შენთან ამქვეყნად ყველაზე ახლოსაა და ყველაზე მეტად ესმის შენი. ბევრი გადაიტანა და ახლაც გადააქვს, მაგრამ გაუძლო ჩვენ გამო, თითოეული ადამიანის გამო, უფალმა ის ჩვენთვის გამოარჩია.

"იმ მაღალჩინოსანს მიუტრიალდა და უთხრა, ესენი ჩემი ბიძაშვილები არიანო..."

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე:

- პატრიარქი ჩემს ცხოვრებაში ადრეული ბავშვობიდან შემოვიდა. 70-იანი წლების ბოლო იყო. მახსოვს მამაჩემი, დათო რაზიკაშვილი, სახლში გახარებული მოვიდა, ჩვენი ნათესავი, ჩვენებური კაცი გახდა საქართველოს სულიერი­ მოძღვარიო. მაშინ სხვა დრო იყო, კომუნისტები ეკლესიას ებრძოდნენ და სულიერი მოძღვარი ავტორიტეტად არ ითვლებოდა, მაგრამ ჩემი ოჯახისათვის ეს ადამიანი იყო ავტორიტეტი! იმდენად გახარებული იყო მამაჩემი, მახსოვს ჩემს ძმას ეუბნებოდა, იქნებ სასულიერო სემინარიაში შეხვიდე და ამ მიმართულებით წახვიდეო.

საიდან წამოვიდა ეს ამბავი? პავლე რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას მამა, თავის­ მოგონებებში წერს: "მე ჩემი წინაპრები­საგან, მამაჩემისაგან გამიგონია, რომ ღუდუ­შაურები­ ვართ და იქიდან წამოვედით". სხვათა შორის, ჩვენი გვარი ამ ინფორმაციით მოდის უკვე მესამე თაობაა... არა მარტო მე და ჩემი ოჯახის წევრები ვამაყობთ ამით, არამედ პატრიარქიც ყველა შეხვედრისას ამას უსვამს ხაზს, ჩემი ბიძაშვილები მოვიდნენო. ჩემი ადრეული სტუდენტობიდან მოყოლებული, როდესაც პატრიარქი თავად იდგა ხოლმე ორშაბათის­ და სამშაბათის საღამოს ლიტურგიაზე, თვითონ გვაცხებდა ზეთს და ატარებდა პარაკლისს. არც ერთი პარაკლისი არ გამომიტოვებია, მისი მადლით გახარებული და იმ განცდით, რომ ის ჩემიანი იყო, მუდმივად ვიდექი სიონში.

მოგეხსენებათ, ჩვენ წინა ხელისუფლება გვდევნიდა. ერთხელ მის უწმინდესობასთან მივედით მე და ჩემი ძმა. ჩვენზე წინ მისულა­ ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც­ დიდი წვლილი მიუძღოდა ჩვენს დევნაში. მე არ ვიცი, უწმინდესმა იცოდა თუ არა ჩვენი გასაჭირი, ჩვენ არაფერი გვითქვამს, უბრალოდ, მივდიოდით ხოლმე კურთხევის მისაღებად. გაიღო კარი და იმ მაღალჩინოსანთან ერთად გამობრძანდა პატრიარქი. რომ დაგვინახა, მიუტრიალდა იმ კაცს და ეუბნება, ესენი ჩემი ბიძაშვილები არიან! ვაჟა ჩემი ბიძაშვილია და რაზიკაშვილები ჩემი ბიძაშვილები არიანო, და გაიღიმა... არ ვიცი, რა ჩადო იმ გულცივი ადამიანის­ გონებაში, მაგრამ თითქოს ჩვენი გულისთქმა წაიკითხა უწმინდესმა და უნდოდა რაღაცით შეგვშველებოდა. გახარებულები შევედით, არაფერი გვითქვამს, კურთხევა მივიღეთ და წამოვედით. მას მერე ეს გვიცავს...

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, სიკეთე, სიხარული, დიდხანს სიცოცხლე მისცეს! მარტო ჩვენ, რაზიკაშვილები კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობა უწმინდესის იმედითაა. მიყვარხართ და განსაკუთრებით უყვარხართ რაზიკაშვილებს! იხარეთ!

"გაიხსენე,­ რა მაქვს მე ცხოვრებაში გამოვლილიო"

qetidolidze.jpg

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- პატრიარქის ინტრონიზაციის შემდეგ სიონში იყო წირვა. მაშინ იქ პირველად რეზო თაბუკაშვილმა მიმიყვანა. მახსოვს, როგორი ახალგაზრდა და ლამაზი იყო... მას შემდეგ პატრიარქს არ მოვცილებივარ. მთელი ჩემი ცხოვრებაა მასთან დაკავშირებული. 1993 წელს მისმა უწმინდესობამ ბოდბეში ჩამიყვანა და ასე ვთქვათ, ჩამაბარა დედა თეოდორას. მას მერე ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, გავივლიდი ლილოში, ვიყიდდი ერთ საბანს, ერთ ბალიშს, ერთ ლეიბს და წავიდოდი. მერე გამოჩნდა ერთი მეცენატი, შემდეგ მეორე და ახლა საოცარი მონასტერია.

ერთ-ერთი ვიზიტის დროს პატრიარ­ქთან ვზივარ ძველ რეზიდენციაში და ვსაუბრობ. ამ დროს დაახლოებით 100-მდე ქალმა გამოიარა.არ მინდა ვთქვა "ვისი­სტები "იყვნენ, და დაუშინეს ქვები ფანჯარას. კიდევ კარგი, რიკულები ჰქონდა. მახსოვს, პატრიარქი, ფაქტობრივად, გადამეფარა. ასე ვიყავით, სანამ იმ გაავებულმა, სახედაკარგულმა ქალებმა არ ჩაიარეს.

- ყველაზე დიდი ნუგეში როდის იგრძენით მისგან?

- როცა თეატრიდან გამიშვეს. ვერ გავბედე მისვლა და ამასობაში გავიდა ერთი წელი. ერთი წლის მერე, შორენას ვთხოვე­ და საღამოს დამიბარეს. დავიჩოქე და მის კალთაში ავტირდი. ჩამიხუტა და მითხრა, შენ რომ ასეთ ხასიათზე იქნები, გაიხსენე,­ რა მაქვს მე ცხოვრებაში გამოვლილიო... ახლა უკვე მერიდება შეწუხება... ჩემთვის და მთელი საქართველოსათვის დალოცვაა ჩვენი პატრიარქი. ღმერთმა ასეთი პატრიარქი რომ მოგვივლინა, იმიტომ გადავრჩებით...

"ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, უწმინდესის ნაჩუქარი ბეჭედი მიცავს... დღესაც მაქვს მისი ნაჩუქარი თბილი წინდები"

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად დავინახე უწმინდესი. 7-8 წლის ვიქნებოდი. მე ბებიასთან ვიზრდებოდი. მისი სახლი დღევანდელი ქარვასლის ადგილას იდგა, სიონის 8 ნომერში და ბავშვები სულ ვთამაშობდით სიონის ეზოში. მახსოვს, მაშინ ტაძარში მხოლოდ ასაკოვანი მრევლი დადიოდა. მერე იმატა და იმატა ხალხმა. ახალგაზრდები გამოჩნდნენ.

ერთხელ შევედი ტაძარში და ვხედავ, საოცარი სილამაზის, სინათლის, სიკეთისა და სიმაღლის ადამიანი დგას. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო უწმინდესი - ეს არის ჩემი ბავშვური პირველი შთაბეჭდილება, რაც უწმინდესთან მაკავშირებს. მამაჩემის საწერ მაგიდაზე სულ იდო უწმინდესისა და დედამისის ფოტო. მახსოვს მამას საოცარი დამოკიდებულება, სიყვარული, აღტაცება, პატივისცემა უწმინდესის მიმართ. მახსოვს ის სიხარული, როდესაც დარეკავდნენ საპატრიარქოდან და როგორი ბედნიერი მიდიოდა ხოლმე. როდესაც მორისი სამთავროს დედათა მონასტერში დაიკრძალა, კიდევ უფრო სხვა კავშირი გამიჩნდა ეკლესიასთან. ახლა ის ჩემი მეორე სახლია.

როდესაც მორისი აღარ იყო და პირადი შეხება მქონდა უწმინდესთან, ეს იყო ჩემთვის სიამაყის, ბედნიერების, სიმშვიდისა და დაცულობის განცდა. ახლაც, აი, ეს ბეჭედი, რომელიც მიკეთია და ურომლისოდაც გარეთ არ გავდივარ, უწმინდესმა მაჩუქა. ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, მიცავს.

ისეთი განცდა მაქვს, რომ უწმინდესი ციდან არის დაშვებული. მას სიცოცხლით, სილამაზით ტკბობის, აღფრთოვანების საოცარი ნიჭი აქვს. არასოდეს ჰქონია დოგმატური ხედვა და აზროვნება. არასოდეს უყურებს ადამიანს, როგორც ცოდვილს, რენტგენში გატარებს და ხედავს სიკეთის თუ სისუფთავის იმ პატარა მარცვალს, რაც აქვს. თავისი დიდბუნებოვნებით შანსს გაძლევს, რომ უფრო გაკეთილშობილდე. მისი დიდი განათლებისა და დიდი ნიჭის გამოც არის, რომ სხვა მრწამსის ხალხი დიდ პატივს სცემს. ყველა ხედავს მის სულიერ სინათლეს.

- მასთან შეხვედრებიდან რაიმე რჩევა ხომ არ გახსენდებათ?

- დიდი ადამიანები რჩევებს არ იძლევიან. ისინი მიგანიშნებენ პატარა დეტალით იმას, რაც ადამიანს სჭირდება თუნდაც იმ წუთში. ბევრი მქონია უწმინდესთან მსგავსი რამ. ყოველთვის ხვდება რა უჭირს ადამიანს. ყოველთვის, როცა მივდიოდი, იმწუთას რაც მაკლდა, იქნებოდა მორალური, ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დახმარება, მაძლევდა იმას, რაც მჭირდებოდა. მახსოვს, ზამთარი იყო, ციოდა, გადაღებებიდან, რომელიც ქუჩაში იყო, მივედი მასთან. თითქოს იგრძნო და ჩურჩხელა გამომიტანა, დღესაც მაქვს მისი ნაჩუქარი თბილი წინდები, თავსაბურავი და თბილი მოსასხამი.

აქვე მინდა აღვნიშნო, როგორი დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ დედა ანასტასია ეუბნება უწმინდესს, ახლა ბასა მონაზვნად უნდა აღვკვეცოთო, უწმინდესმა შემომხედა, ბასა, არ დაუჯერო, არა ხარ შენ სამონაზვნოო, ისეთი იუმორით, სიყვარულით თქვა ეს... ერთხელ გადაღებაზე ვარ, არ ვიყავი ისე ჩაცმული, როგორც ვიცვამ ხოლმე და ამ დროს მირეკავენ,­ უწმინდესს შენი ნახვა უნდაო. მაშინე გავვარდი. რომ შევედი, უთხრეს, ბასა სადღაც იყო გადაღებაზე, ვეღარ მოასწრო გამოცვლა და ნერვიულობსო. მერე რა, ძალიან ლამაზად ხარ ჩაცმული, ძალიან გიხდებაო, მითხრა უწმინდესმა. აი, ასეთ ფორმალობებს, რაღაც წესებს ის არ აქცევს ყურადღებას.

- რაიმეს ხომ არ გაიხსენებთ მამაზე?

- რთული პერიოდი იყო საქართველოში, ძალიან მიჭირდა სულიერადო, მიამბობდა მამა. მარტო ვიყავი სახლში და უცებ ისეთ ცუდ ფიქრებში წავედი, აღარ მინდოდა სიცოცხლე, ამ საშინელებაში აღარ მინდოდა ყოფნაო, და ამ დროს თურმე გაისმა ტელეფონის ზარი. სხვათა შორის, მამა არასოდეს პასუხობდა ტელეფონს. მაგრამ მითხრა, არ ვიცი, მაშინ რატომ ვუპასუხეო, და Yთურმე უწმინდესი ურეკავდა, მოდიო. მამა ხშირად ამბობდა, მან გადამარჩინა ძალიან ცუდი განზრახვისაგანო. მამას სულ მფარველობდა. ყველას მფარველობს, თითოეულ ადამიანს, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, მისთვის ყველა ერთია, ყველა უზარმაზარი სიყვარულით უყვარს.

- ვიცი, რომ სულ ახლახან შეხვდით...

- ოცნება იყო ჩემი, მენახა. დიდი ხანია მასთან არ ვყოფილვარ, არ მინდოდა შემეწუხებინა. რამდენჯერმე შორიდან მოვიკითხე და შევუთვალე, არ მოვდივარ, რომ არ შეგაწუხოთ-მეთქი.

და აი, ერთ დღეს, როცა ძალიან მიჭირდა, იმიტომ, რომ ძალიან სანერვიულო და საპასუხისმგებლო პროექტზე ვმუშაობდი, ამ დროს საპატრიარქოდან მირეკავენ. რომ მივედი, ისეთივე სინათლეს, სიკეთესა და სიმაღლეს ასხივებდა, როგორსაც პირველ შეხვედრაზე. უწმინდესი ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორიც პირველად ვნახე. უბედნიერესი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და იმედია, კიდევ დიდხანს მექნება.

"ბევრს ეშლებოდა მასთან, მაგრამ მე მომსწრე ვარ, რომ საპასუხოდ უწმინდესს ისინი დაუჯილდოებია, რომ მათი სინდისი გაეღვიძებინა"

თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი:

- 2011 წელს უწმინდესის ინიციატივით საქართ­ველოში მოქმედი ძირითადი რელიგიების წარმომადგენლები უნდა შეკრებილიყვნენ გარკვეული ორგანიზებული საქმიანობისთვის. უწმინდესმა მთხოვა, ამ რელიგიათშორის ჯგუფში საპატრიარქოს წარმომადგენელი მე ვყოფილიყავი. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო.

უამრავი პროექტი განვახორციელეთ ერთად და გამორჩეულად დიდი ყურადღება დაეთმო ნარკომანიის პრობლემას. უწმინდესი აქტიურად ჩაერთო მუშაობაში: ჩავწერეთ სოციალური რგოლები, რომლებიც საზოგადოებრივ არხზე გადიოდა, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები­, უფასოდ მკურნალობდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს­ ჩვენს ნარკოლოგიურ ცენტრში. ამას მოჰყვა ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვის პრობლემებზე მუშაობა.

უწმინდესი ყოველთვის პროგრესის ფლაგმანი იყო. მახსოვს, როდესაც ევროპის დღეები იწყებოდა, უწმინდესი ამბობდა,­ რომ საქართველო დაწყებული თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, მისი სულისკვეთებით, ევროპული კულტურის ნაწილია. ეს იყო ძალიან პროგრესული განაცხადი მართლმადიდებელი ეკლესიის მესაჭისგან.

- იქნებ გაიხსენოთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების შეხვედრა მასთან...

- საოცარი შეხვედრა იყო. როდესაც მისმა უწმინდესობამ საუბარი დაიწყო, ეს იყო თითოეული მათგანის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამოხატულება.

იმხელა სითბოს ასხივებდა, თითოეული სასულიერო ლიდერის სახეზე სიხარულისა და ბედნიერების დანახვა შეიძლებოდა. სხვათა შორის, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალ-უვ-ისლამ ალლაჰ შუქურ ფაშა ზადეს ჯერ კიდევ საბჭოური პერიოდიდან ძმური და ახლო ურთიერთობა ჰქონდა უწმინდესთან. ის პერიოდულად ჩამოდიოდა მასთან და ყოველ ჯერზე ამბობდა ხოლმე, მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი, რომ მუსლიმური რელიგიის შეიხი მართლმადიდებელ პატრიარქს ხელზე ეამბორება და აღიარებს მას სულიერ მამად. ჩვენი ოჯახისთვის თქვენ ცოცხალი წმინდანი ხართ, ჩემს შვილიშვილს თქვენი სახელი ჰქვია და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ თქვენთან ჩემი ოჯახით მოვიდეო.

- წარმოუდგენელია, ასეთ დროს შეხვედრებზე რაიმე კამათი არ ყოფილიყო...

- ჩვენს მოძმე კონფესიებთან რელიგიურ ნაგებობებზე სადავო საკითხები გვქონდა, ბუნებრივია, ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და გასაოცარი იყო უწმინდესობის ურთიერთობის კულტურა და ტაქტი, რომელიც გამოსჭვიოდა მისი მზერიდან, ხმის ინტონაციიდან, მიმართვის მანერიდან. ეს იყო სიყვარულით, შემწყნარებლობით, უმაღლესი ქრისტიანული ღირებულებებით გამსჭვალული დამოკიდებულება, რაც სრულიად სხვა სულისკვეთებასა და განწყობას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, ვის რა ეშლებოდა მასთან, მე მომსწრე ვარ, რომ საპასუხოდ უწმინდესს ისინი დაუჯილდოებია, რომ მათი სინდისი გაეღვიძებინა.

ვულოცავ მის უწმინდესობას, ჩვენი ერის მამას 93-ე დაბადების დღეს. მე მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომლისთვისაც დღედაღამ ლოცულობს მისი უწმინდესობა, არ მოჰკლებოდეს მისი ლოცვა-კურთხევა. მინდა ვუსურვო უწმინდესს მისი სურვილები აღსრულებოდეს მის ქვეყანას და ამის შემსწრე ყოფილიყოს თავად.

"ერთხელ მაინც რომ მოგვესმინა მისთვის, ასე არ ვიქნებოდით!"

ზურა ყიფშიძე (მსახიობი):

- ჩვენს ყველაზე, ყველაზე საყვარელ ადამიანს, ამხელა პიროვნებას, ასეთ დიდ მამას, ვულოცავ დაბადების დღეს! მე წილად მხვდა ბედნიერება, მთელ ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი მიწვეული მის უწმინდესობასთან. ისეთი დაბნეული ვიყავი, მგონი მისი ღვინოც მე დავლიე. მთელი ჩემი ოჯახი დალოცა წრფელი გულით. მის ფასს, ალბათ, ძალიან დიდი ხნის შემდეგ უფრო მეტად გავიგებთ. მისი არსებობა იმხელა წყალობა, იმხელა სიხარულია ჩვენი ერისთვის! მოვუსმინოთ ამ ბრძენ კაცს, რომელიც გვთხოვს, რომ ერთმანეთი შევიყვაროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ, მიმტევებლები ვიყოთ. ერთხელ მაინც რომ მოგვესმინა მისთვის, ახლა ასე არ ვიქნებოდით! მე ვერ წარმომიდგენია, უწმინდესის გარეშე ჩვენი ყოფა! მიყვარხართ და გისურვებთ დღეგრძელობას, რათა ჩვენ, ურჩებს, თქვენი ლოცვით გონება გაგვინათდეს და თქვენი ნაკარნახევი გზით, სიყვარულით ვიაროთ!

რუსუდან შაიშმელაშვილი