„ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი პოლიტიკური ჯგუფის ან ოპოზიციური პარტიების თუ ენჯეოს „ვარსკვლავბიჭუნა“, თუმცა...“ - ინტერვიუ ლევან იოსელიანთან - კვირის პალიტრა

„ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი პოლიტიკური ჯგუფის ან ოპოზიციური პარტიების თუ ენჯეოს „ვარსკვლავბიჭუნა“, თუმცა...“ - ინტერვიუ ლევან იოსელიანთან

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან­ იოსელიანი 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახელებს. მისი შეფასებით, მოქალაქეების უკანონო დაკავება, ფინანსური სანქციები და დისკრიმინაციის ფაქტები იმ პრობლემებს შორისაა, რომლებიც სისტემურ ყურადღებას საჭიროებს. ინტერვიუში იოსელიანი ასევე საუბრობს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შესაძლო დევნის შემთხვევებსა და შეკრებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობის გამკაცრებაზე.

- ჩემი ყოველწლიური ანგარიში ყოველთვის იწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასებით, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობით. მიმაჩნია, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ტერიტორიების­ ოკუპაცია და მოქალაქეების უკანონო დაკავება, სამწუხაროდ, 2025 წელსაც გაგრძელდა. წლის განმავლობაში უკანონოდ დააკავეს ორმოცდაათზე მეტი კაცი. მათი დიდი ნაწილი გათავისუფლდა, თუმცა ნაწილი კვლავ უკანონო პატიმრობაშია. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრიორიტეტული იქნება, ამ თანამდებობაზე ვიქნები. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებთან. ადამიანები ერთ დღეს გადიან სახლიდან და უკან ვეღარ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ მიწის ნაკვეთზე გადაადგილებისას ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს, ეს კი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე საქართველოს კონსტიტუციას.

- როდესაც ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო­ რეჟიმი აკავებს, რა ვითარებაში უწევთ­ მათ ყოფნა?

- წინა წლებთან შედარებით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები ნაკლებად ფიქსირდება, თუმცა გაიზარდა ფინანსური სანქციების ოდენობა. პრაქტიკულად ყველა ჯერზე მოქალაქეების გათავისუფლება უკავშირდება კონკრეტული ჯარიმების გადახდას, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას მძიმე ტვირთად აწვება.

- შეიძლება თუ არა 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მივიჩნიოთ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები?

- თუ ამ მიმართულებით რამე შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გარკვეული განცხადებები მივიღეთ. მოქალაქეები მიუთითებდნენ, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო იქნენ გათავისუფლებული სამუშაო ადგილებიდან. აღნიშნული განცხადებები სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა.

რიგ შემთხვევებში დავადგინეთ განსხვავებული მოსაზრებების გამო გათავისუფლების ფაქტები. ასევე, სხვა საქმეზე გავეცით რეკომენდაცია, რათა საქართველოს პარლამენტს ხელახლა შეესწავლა რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლის საქმე, სადაც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო.

- რა ტიპის დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი?

- ლაპარაკი იყო თანასწორობის პრინციპის დარღვევასა და არათანაბარ მოპყრობაზე.

ერთ-ერთ უწყებაში ხელმძღვანელმა პირმა თანამშრომლებზე პრემიები­ გასცა ისე, რომ არ იხელმძღვანელა თანასწორობის პრინციპით და სხვადასხვა ნიშნით გამოარჩია, რის გამოც დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

- თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაადგინოთ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი?

- ეს ნამდვილად შესაძლებელია. რამდენიმე დღის წინ ერთ მოქალაქეს შევხვდი, რომელიც მიუთითებს, რომ ერთ-ერთი კერძო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პროცესის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ეს საქმე ამჟამად შესწავლის პროცესშია.

- როგორ ფიქრობთ, იზღუდება თუ არა ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები?

- "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები რამდენიმე ეტაპად იქნა მიღებული. ჩვენ მივმართეთ ეუთო/ოდირს, რომ შეეფასებინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ეს ცვლილებები საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ამჟამად ამ შეფასებებზე დაყრდნობით, მათ შორის ცვლილებების სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე.

საკმარისი სამართლებრივი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ სასარჩელო მოთხოვნას.

- ერთ-ერთი უცნაური აკრძალვა ამ წლის განმავლობაში იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვა. ხშირად გამვლელებს ჩხრეკდნენ და ვისაც სამედიცინო ნიღაბი აღმოაჩნდებოდა, აჯარიმებდნენ. ეს ყველაფერი რამდენად კანონიერია?

- ნიღბის აკრძალვის თაობაზე ჩვენ თავის დროზე განცხადებაც გავაკეთეთ და ეს რეგულაცია უარყოფითად შევაფასეთ.

ნიღაბი არ წარმოადგენს მარტო სავარაუდო დანაშაულის დაფარვის საშუალებას. ადამიანები ნიღაბს იყენებენ სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, მათ შორის ვირუსული დაავადებებისგან თავის დასაცავად, ამიტომ მე არ ვიზიარებ ამ აკრძალვას, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს.

შესაძლოა არსებობდეს სრულიად ობიექტური მიზეზი, რის გამოც აქციის მონაწილისთვის ნიღბის ტარება აუცილებელიც კი იყოს. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა და ნიღაბი დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. შესაბამისად, ნიღბის აკრძალვა შეკრებისა და მანიფესტაციის კონტექსტში არაპროპორციული შეზღუდვაა. ეს საკითხიც იქნება ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეკრება არ გულისხმობს მხოლოდ პარლამენტის წინ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს. შეკრება ნიშნავს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ სხვადასხვა სოციალური საკითხის შესახებ აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას. ეს კანონი ყველა ასეთ შეკრებას ეხება. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები არა მხოლოდ არ აუმჯობესებს, არამედ ამძიმებს კიდეც ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ადმინისტრაციული პატიმრობის ნაგულისხმევ სანქციად დაწესება, 60 დღემდე დაკავება რამდენად შეესაბამება პროპორციულობის საერთაშორისო სტანდარტს?

- სამოც დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობაზე ცალსახად იმის თქმა, რომ ის უკანონოა, არ იქნება სწორი. ამის მიზეზი ის არის, რომ არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, სადაც ანალოგიური პრაქტიკა მოქმედებს და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კიდევ უფრო ხანგრძლივია. აქ მთავარი საკითხი არ არის მხოლოდ ვადა, არამედ ის სამართლებრივი საფუძვლები და პირობები, რომლებშიც ხდება ადამიანის დაკავება. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად აქვს დაკავებულ პირს რეალური შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს, მიაღწიოს დაკავების სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების შეფასებას.

- თქვენი დაკვირვებით, დამოუკიდებლად მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება იმ საქმეებში, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე ან პროტესტებთან დაკავშირებულია?

- სასამართლო გადაწყვეტილებების მონიტორინგს ჩვენ არ ვახორციელებთ, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ არსებულ ტენდენციებზე. მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, 2023-2024 წლებში ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სასჯელის ფორმა, სასამართლოებში შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა, 2025 წელს კი როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების რაოდენობა, ისე მისი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ წინა წლებში სასამართლო ხშირად შემოიფარგლებოდა გაფრთხილებით ან ჯარიმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმების ოდენობაც - თუ ადრე ჯარიმა 500 ლარს შეადგენდა, დღეს ის 5.000 ლარამდეა გაზრდილი. ჯარიმების ასეთი არაპროპორციული ზრდა, ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე.

- აქციებზე დაკავებული პირები ამბობენ, რომ ციხეებში აუტანელი პირობებია. იყო თუ არა ამაზე ომბუდსმენის რეაგირება?

- პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის ერთიანად შეფასება რთულია და არასწორიც, საქართველოში მოქმედებს 13 პენიტენციარული დაწესებულება და მდგომარეობა ყველგან განსხვავებულია. ზოგ დაწესებულებაში პირობები ძალიან კარგია და შეიძლება სანიმუშოდაც ჩაითვალოს, მაგალითად, მე-16 დაწესებულება, ლაითურის ახალი 1-ლი დაწესებულება. ამავე დროს, არის დაწესებულებები, სადაც მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, მაგალითად, მე-17 დაწესებულებაში - ქსნის მე-10 დაწესებულება და სხვა. რაც შეეხება მე-12 დაწესებულებას, პირობების თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერია, თუმცა არის რიგი გამოწვევები, რომლებიც საყურადღებოა, მაგალითად, იქ არ არის ყოველდღიური შხაპის მიღების შესაძლებლობა. პატიმრებს შხაპის მიღება კვირაში ორჯერ შეუძლიათ, რაც განსაკუთრებით რთულია ზაფხულის პერიოდში. პატიმრებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ ზაფხულის პერიოდში შხაპის მიღების დამატებითი დღე დაემატებინათ და ჩვენი ჩართულობით ეს პრობლემა მოგვარდა. თუმცა, თუ ზოგადად ვსაუბრობთ პატიმრების მდგომარეობაზე 21-ე საუკუნეში, სასურველია, ყველა დაწესებულებაში თითოეულ საკანს ჰქონდეს საკუთარი შხაპი. ეს, ბუნებრივია, დამოკიდებულია დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, რაც ბევრ შემთხვევაში ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ადმინისტრაციამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდადებულებს ჰიგიენური ნორმები ჰქონდეთ დაცული და შესაბამის პირობებში იმყოფებოდნენ. რამდენიმე დაწესებულებაა, სადაც ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებულია, რომ უკეთესი იქნებოდა მათი დახურვა და მათ ნაცვლად ახალი დაწესებულებების აშენება.

- როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა თქვენთან შეხვედრა ითხოვეს. რა იყო მათი მოთხოვნა?

- მას პროკურორის სპეციალური გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს კომუნიკაცია მესამე პირებთან, გარდა ადვოკატისა და სახალხო დამცველისა. შესაბამისად, მას ნებისმიერ დროს აქვს სახალხო დამცველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს, ჰქონდათ მასთან შეხვედრის სურვილი და სწორედ ამ მიზნით მოგვმართეს. ოჯახი მოსული იყო იმ იმედით, რომ სახალხო დამცველის აპარატი შეძლებდა დახმარებას.

ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთეთ პროცესში და ავუხსენით, რა ფარგლებში და რა შესაძლებლობებით შეგვიძლია დახმარება. მე თავადაც ვიყავი საკანში ლევან ხაბეიშვილთან და მას პატიმრობის პირობებზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

- ალეკო ელისაშვილი თუ მოინახულეთ და თქვენი აზრით, სამართლიანია მისი გასამართლება ტერორიზმის მუხლით?

- ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული­ და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, მე ვიყავი მასთან საკანში, ის მეექვსე პენიტენციარულ დაწესებულებაშია. ადგილზე გავეცანი მისი პატიმრობის პირობებს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს. ამასთან, მინდა საზოგადოებას არ დარჩეს განცდა, თითქოს ალეკოს საქმეს, ვინაიდან ის ჩემი მეგობარია, განსაკუთრებულად ვეკიდები. ჩემთვის არც ერთი მსჯავრდადებული და ბრალდებული არ არის არც ალეკოზე ნაკლები და არც მეტი. ყველას მიმართ თანაბრად ვავრცელებ ჩემს უფლებამოსილებას. ალეკოს მონახულების პარალელურად მეექვსე დაწესებულებაში სხვა პატიმრებიც მოვინახულე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზეც მქონდა კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციასთან. პატიმრების მიმართ სახალხო დამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს თანასწორი, არ შეიძლება სახალხო დამცველს ფავორიტი ან პრივილეგირებული პატიმრები ჰყავდეს, პირადი შეხედულებით იხელმძღვანელოს. ეს სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს მათშიც და საზოგადოებაშიც.

- 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა იყო ბი-ბი-სის სკანდალური სტატია. როგორც ვიცი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს და შესაბამისად, საინტერესოა, თავად რა ვერსიაზე შეგიძლიათ საუბარი? თქვენი შეფასებით, რამდენად სამართლიანად ჩატარდა გამოძიება და როგორ გგონიათ, უნდა ჩაერთონ თუ არა საქმეში საერთაშორისო ექსპერტები?

- სიმართლე გითხრათ, საპროტესტო აქციებზე "კამიტის" გამოყენების რაიმე მტკიცებულება მე არა მაქვს. იმ პერიოდში, როდესაც სპეციალური ღონისძიებების შედეგად მომიტინგეები დაშალეს, მე რამდენიმე ასეული დაზარალებული მოვინახულე როგორც საავადმყოფოებში, ისე წინასწარი დაკავების იზოლატორებში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ მათგანს ჩემთან არ განუცხადებია რაიმე ტიპის ტოქსიკური მოწამვლისთვის დამახასიათებელი ჩივილების შესახებ და არც ჰქონიათ ეჭვი რაიმე ტოქსიკური ნივთიერების გამოყენებაზე. მე სამედიცინო პერსონალსაც ვესაუბრებოდი საავადმყოფოებში და ასეთი ეჭვი არავის გამოუთქვამს.

იმ დროს ყველაზე დიდი პრობლემა იყო ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობა და ცემის ფაქტები, რაც ყველამ ვიხილეთ და რაზეც მე ძალიან მკაცრი და კრიტიკული რეაგირება მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე არ მოსულა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციების დაშლისას "კამიტი" გამოიყენეს, მაშინვე გავგზავნეთ წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში და მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა სპეცსაშუალებები იქნა გამოყენებული, მათ შორის რა ნივთიერებები იყო შერეული წყალში, რომელსაც მიტინგების დაშლისას იყენებდნენ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი არ მიგვიღია.

- 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ თქვენ მზად იყავით ჩვენება მიგეცათ პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ, მაგრამ მაშინ ამის შესაძლებლობა არ მოგეცათ. რის თქმას აპირებდით და დღეს როგორ შეაჯამებთ 4 ოქტომბრის მოვლენებს?

- მე ვაპირებდი სასამართლოსთვის ჩვენება მიმეცა იმ გარემოებების შესახებ, რაც 4 ოქტომბერს პაატა მანჯგალაძის მონაწილეობას და ჩემს მასთან კომუნიკაციას უკავშირდება. ეს მის სასარგებლოდ იქნება თუ არა გათვალისწინებული, უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც დავინახე, რომ ადამიანები პრეზიდენტის სასახლეში შედიოდნენ, პაატას დავურეკე, რადგან ძალიან კარგად მესმოდა, რა მძიმე სამართლებრივი შედეგები შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. პარლამენტში მუშაობის შემდეგ პაატასთან მქონდა ნორმალური ურთიერთობა და სწორედ ამ კონტექსტში გავაფრთხილე. ვუთხარი, რომ ის ქმედებები და მოწოდებები, რასაც აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს გადასცემდნენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო. პაატა დამეთანხმა, მითხრა, რომ სრულად იზიარებდა ჩემს პოზიციას და ასეთი რამ ნამდვილად არ შეიძლებოდა მომხდარიყო. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა. ეს არის ის გარემოება, რის თქმასაც ვაპირებდი სასამართლოში და დღესაც მზად ვარ ამისთვის. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ჩემი და პაატა მანჯგალაძის კომუნიკაციის ეს ეპიზოდი საქმისთვის მნიშვნელოვანია, მზად ვარ შესაბამისი ჩვენება მივცე.

- გასულ წელს აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთნაირად ცდილობდნენ ყოფილიყავით მხოლოდ მათი ინტერესების დამცველი და თითოეული მხარე ცდილობდა მათ ნარატივში ჩამჯდარიყავით. წელს რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით?

- მგონი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, როგორი პოლიტიკა აქვს სახალხო დამცველს ამ მიმართულებით. სახალხო დამცველი არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველი ან მისი ნარატივის გამზიარებელი, ძალიან მკაცრ შეფასებებს ვაკეთებ მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ხდება ძალის გადამეტება, თუმცა პარალელურად ვაფასებ იმ შემთხვევებსაც, როდესაც თავად აქციის მონაწილეები გადასცდებიან ხოლმე მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას. ამიტომ ჩემი პოზიციები ხშირად ორივე მხარისთვის მაქსიმალურად მიუღებელია. ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა გავმხდარიყავი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თუ ენჯეოს "ვარსკვლავბიჭუნა", რომელიც ყველაფერში მათ შეფასებებს გაიმეორებდა, ან კიდევ უფრო გაამძაფრებდა, თუმცა ეს არ არის სახალხო დამცველის ფუნქცია. სახალხო დამცველის ობიექტური შეფასებები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც აფასებენ იმას, რომ სახალხო დამცველი არ ექცევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გავლენის ჯგუფის ნარატივის გავლენაში.

ხათუნა ბახტურიძე